ზურიუსი ჯარში

თუ ვინმემ ამ სფეროსთან დაკავშირებით წარმოდგენა შემაცვლევინა, ფორესტ გამპი პირველია მათ შორის. როგორ და რატომ? თქვენ რა, ეს ფილმი არ გინახავთ?

ჯარი… ის, რის გამოც 90-იანებში  ჩემზე უფროსები სარდაფებში, ლოგინების ქვეშ ან მეზობლის სახლში იმალებოდნენ. ცალ-ცალი “ბათინკი”, წყალწყალა სუპი, ჩაწყობები, “სახის ახევა” და, ბოლოს, ომში სიკვდილი… ადრე ყველაფერ ამაზე რომ დავფიქრდებოდი ხოლმე, სიტყვა “ჯარი” მეზიზღებოდა. ჩემდა (და კიდევ ბევრის) საბედნიეროდ, ახლა პირობები გაცილებით უკეთესია და არც საპნის დავარდნისა უნდა შეგეშინდეს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჯარში მივდივარ!

არ ვღადაობ, ეს ამბავი მართლაც ჩემს თავს ხდება. საქმე ის არის, რომ თურმე არც ისეთი უგვანო და რაქიტიანი ვყოფილვარ, როგორადაც თავი წარმომედგინა. შემიძლია საშუალო დონეზე სირბილი და საუკეთესო დონეზე სიარული, ვაკეთებ 30-40 “ატჟიმანიას” და არ მაქვს ქრონიკული დაავადებები, რაც საშუალებას მაძლევს, შემდეგი ერთი წელი ჩემი ქვეყნისათვის გადავდო.

მთავარი, რამაც გადამაწყვეტინა (უფრო სწორედ, ჩემს მშობლებს გადააწყვეტინა) ჩემი ჯარში წასვლა, მარტივია: გაისიდან სამხედრო სამსახური 2-წლიანი ხდება, ხოლო გადავადებას 2000 ლარი სჭირდება და ისიც მხოლოდ 25 წლამდე მოქმედებს, ხოლო ხელშეუხებელი 27 წლის მერე ხარ. დარჩენილ 2 წელს კი ისევ სადმე უნდა შეძვრე, რომ არ მოგეკარონ… მოკლედ ბევრი ხლაფორთია. მაგას ისევ ჯარი სჯობს, მით უმეტეს, როცა არც 90-იანი წლების პირობებია და არც ომს უჩანს პირი.

გუშინ თბილისში გახლდით სამედიცინო შემოწმებაზე, რომელმაც 6 საათს გასტანა.

ესეც იგი - ადგილი, საცა მრავალი ჩემნაირი არს და საცა უწყვეტენ, ვარგისიანობას მსახურებად ქუეყნისა

ადგილობრივი თუ რეგიონებიდან ჩამოსული გუნდებიდან ვერც ერთი ნაცნობი ვერ აღმოვაჩინე, გარდა ერთისა. იმ ერთის ნახვამ კი ერთდროულად გამახარა და გამაოცა კიდეც. დათო რობაქიძე!

ტიპი, რომელიც ხასიათს აუცილებლად გამოგიკეთებს :)

დაიწყო სამედიცინო შემოწმების გრძელი პროცედურა. ქუთაისის ნაკადი ბ-ნ ზაზას ჩააბარეს და გავუყევით გზას პირველი დაბრკოლების გადასალახავად :) (ისე, ყველაფერი ეს რაღაცით მართლა ჰგავდა “ბოიარის ციხესიმაგრეს“).

რენტგენი

აქ აპარატს რაღაც დაემართა და ნახევარ საათს ვიცადეთ, მერე ყველაფერი სწრაფად მოხდა. რიგრიგობით დაგვაყენეს და გულმკერდის არეზე გადაგვიღეს – შეგვიმოწმეს ფილტვები და ხერხემალი.

ყელ-ყურ-ცხვირი

სანამ რენტგენს შეაკეთებდნენ, გრძელი დერეფნის ბოლო კარიდან დაგვიძახეს და შევლაგდით. ექიმი შეგვეკითხა, ვინმეს ჩირქოვანი გამონადენები ხომ არ გაქვთ ჩემი მოღვაწეობის ზონაშიო. ყველამ ერთხმად მივუგეთ “არა”. მერე სუნთქვის პრობლემებზე გვკითხა და აქ მე ხელი ავწიე – ცხვირის ძგიდე მაქვს გამრუდებული-თქო. ჩამხედა – სუნთქვა თუ შეგიძლია, ეგ არაფერია, ეგრე ცოტა ყველას აქვსო და გამოგვიშვა.

ოფთალმოლოგი

სანამ ექიმი შეგვიშვებდა, მანამდე დერეფანში ვხორხოცებდით. ვინ თქვა ქუთაისური იუმორი მოკვდაო ან რამე სჭირსო? ახლა აღარ მახსოვს, რაზე ღადაობდნენ, მაგრამ მუცელი ხელით მეკავა… შევედით. გაგვსინჯა, ცოტ-ცოტა პრობლემა რამდენიმეს აღმოგვაჩნდა, მაგრამ უმნიშვნელო. გამოგვიშვეს.

შემდეგ წავედით ზემოთ…. ინტიმური გასინჯვა დაიწყო.

ჰო, ეს ის ოთახია, საიდანაც მხოლოდ "პერანგის ამხანაგით" გამოდიხარ და მთელ კაბინეტებს ასე მოივლი.

გახდილ-ჩახდილები ჯერ სიმაღლეში გაგვზომეს, მერე აგვწონეს, შემდეგ ერთმა პუტკუნა კეთილმა ქალბატონმა, რომელიც ამ პროცესის განმავლობაში ცდილობდა, ჩვენთვის დაძაბულობა მოეხსნა, გულმკერდის გარშემოწერილობა გაგვიზომა. სიმაღლე 180, წონა 75 (აშკარად მოვიმატე და თუ მეტი არ ვარ, ჯანდაბას). ერთი ბიჭი 46 კილოს იწონიდა და რა უნდა ექნათ, “დაბრაკეს”.

უროლოგი

მგონი, “იმას” ეგენი ამოწმებენ. მოკლედ, ვინც არ უნდა იყოს, შემდეგში ყველაზე ინტიმური დრო დადგა. სათითაოდ მივდიოდით ხელზე რეზინის ხელთათმანჩამოცმულ ექიმ კაცთან და გვიმოწმებდა “იქაურობას”. ზოგს 1-2 წუთიც ესაუბრა. მე ისე მალე გამომიშვა, გამიკვირდა კიდეც, რით არ მოვეწონე. მაგრამ თურმე ვინც ცოტა მეტ ხანს დატოვა, იმათ ჰქონიათ რაღაც პრობლემები. ასე რომ, მანდაც ჯანმრთელი ვარ :) ისე, მგონი, აქ ერთი “დაბრაკეს”.

დერმატოლოგი

ამ პროცესის პარალელურად დერმატოლოგი გვამოწმებდა, ვინმეს რაიმე ინფექცია ან საშიში ხალი ხომ არ გვქონდა. აი, აქ “დაბრაკეს” ორი ჩვენიანი. მე, რა თქმა უნდა, გადავრჩი. მე ხომ თვით განსხეულებული ჰერკულესი ვარ! :green:

კბილის ექიმი

დამაკრეჭინეს კბილები, ჩიჩია ვერ მიპოვეს და გამომიშვეს. ისე, დღემდე არ ვიცი, 32 კბილი მაქვს თუ 33. იმდენი ამომივიდა-ჩამივიდა, რომ სათვალავი ამერია. ყველამ წარმატებით გავიარეთ.

ნევროპათოლოგი

მიკვირს, ჩემი ნერვების პატრონი, ამას როგორ გადავურჩი. ჩაქუჩი მიმიკაკუნ-მომიკაკუნა და რომ არც ხელი გავარტყი და არც ფეხი ამოვარტყი, ქე გამომიშვა უკან. ყველანი გადავრჩით.

ფსიქიატრი

სულ მინდოდა, კითხვაზე “ფსიქიატრს გაესინჯე?” “კი” მეპასუხა, მაგრამ ვერ ვისწავლე ეს ოხერი ტყუილების თქმა. ამიერიდან აღარ დამჭირდება, რადგან მე ეს შევძელი. კაბინეტში სათითაოდ შევდიოდით და 2 წუთში გამოვდიოდით. მეგონა, უფრო დიდი და საინტერესო საუბარი მელოდა წინ, მაგალითად, “კატა უფრო ტყემალია თუ სტაფილოკოკი უფრო კარგად დაცურავს?”, მაგრამ კითხვები აგრესიას უკავშირდებოდა: ხომ არ მქონდა შრამები, სიგარეტს ხომ არ ვიწვავდი და ა.შ. ფრიად გაუხარდა, როცა ვუთხარი, რომ არ ვეწევი. მოკლედ, ჩემმა ფსიქიატრიულმა შემოწმებამ შესაშურად ჩაიარა. არც სხვებს გასჭირვებიათ.

კარდიოლოგი

წამოგვაწვინეს, გადაგვიღეს კარდიოგრამა (გამიკვირდა, მხოლოდ ხელ-ფეხზე რატომ მომამაგრეს სენსორი და გულზე რატომ არა). აქაც არაფერი. შედეგი ისედაც ვიცოდი, რადგან კარდიოგრამაც და გულის ექოსკოპიაც თებერვალში გავიკეთე და ჯანსაღი ვარ. ყველამ გადავლახეთ.

ანალიზები

სისხლისა და შარდის ანალიზები… იცით ეს პროცედურა. გვიჩხვლიტეს, მოგვაფსმევინეს და ეგ არის. აქაც პასუხები წინასწარ ვიცოდი, რადგან ანალიზები ახალი გაკეთებული მაქვს და რაიმე უბედურებას ასე უცებ ვერ აღმომიჩენდნენ.

შედეგებს 1 საათზე მეტ ხანს ეზოს მოსაწევ ნაწილში ველოდეთ...

სამედიცინო შემოწმების შემდეგ ქუთაისის 23 კაციდან 17-ნი დავრჩით. ყველას სხვადასხვა ტიპის გაწვევა და კარანტინი ექნება. მე ორკვირიანზე გამიშვებენ, მერე 3-დღეში ერთხელ მომიწევს მორიგეობა თბილისში. ასე რომ, საქმესაც შევუთავსებ. კარანტინს რომ მოვრჩები, შთაბეჭდილებებს აუცილებლად დავწერ. იმედია, ამდენი ტყუილად არ ვწერე და რაიმეში გამოგადგებათ. წარმატებები ყველას. ორიოდ კვირაში ორიოდ კვირით დაგემშვიდობებით ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

34 thoughts on “ზურიუსი ჯარში

  1. გლეხის ბიჭი

    ეგრეც იწერება ეკგ. :D კიდურების პოტენციალთა სხვაობას ნახულობენ ეგრე. მომილოცავს ჯანსაღობა:D თან დროც არ დაგეკარგება, ჯარს ისე მოივლი :)))

  2. კატიე

    ვააა, უყურე შენ, ესე იგი ჯარისკაცი იქნები?

    და ვერ გავიგე, 3 დღეში ერთხელ რას ნიშნავს, ანუ თბილისში იქნები და სადმე საპატიო ყარაულში მოგახდევინებენ?

    1. zurriuss Post author

      ჯ”საპატიო ყარაული” სხვა რამეს ნიშნავს, დანარჩენი ისე იქნება, როგორც თქვი ;)

  3. მარი

    სათაური რომ დავინახე, ეგრევე ავტომატით ხელში, მომღერალი ან მსტვენატი წარმოგიდგინე და კინაღამ გავიგუდე სიცილით :green: მოგიხდება გადაპარსული თავი :d :d

  4. Natalia

    ე, კარდიოგრამაზე გულმკერდზე რატომ არ დაგადეს? პირველად მესმის ეგ. 6 ცალი უნდა დაედოთ თან :დ ეტყობა, მხოლოდ რამდენიმე განხრაში გადაიღეს.
    ეგ კი არა, მე უცებ იმან შემაწუხა, რომ ეკგ დამავიწყდა. უნდა გადავხედო მურაშკოს :დ

    1. zurriuss Post author

      მეც ეგრე ვიფიქრე. ბოლოს და ბოლოს, კარდიოგრამების მეტი რა მინახავს :)

  5. კუდა

    მგონი თავს გადაგპარსავენ :D ნუ, ჩემს მეგობარს გადაპარსეს კარანტინში, ოღონდ 2 წლის წინ იყო.

  6. გოდო

    შენადა აი მაგალითად თვალზე რომ ოპერაცია მაქვს გაკეთებული, აქ რომ დამბრაკონ ფსიქიატრთან მაინც შევდივარ? არ მინდა ხელებზე დამხედოს და მაგით დავიბრაკო :დ

    1. zurriuss Post author

      რამდენადაც მე დავადგინე, გარკვეული თანმიმდევრობა არ არის, ვისთან შეგიყვანენ, ასე რომ, მოგიწევს :პ

  7. Sopo

    ჰაჰაჰა :d ეს რა სიახლეები გქონია შენ თურმე. რამდენი ვიცინე (რომელ ერთზე აღარ). Good Luck

  8. კოპალა

    ზურიუსსს! სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი დაგვიბრუდი!!!

  9. An Na

    მაინცდამაინც ჯი დომენი უნდა მქონდეს რომ ჩემი ავატარი გამოჩნდეს? :დ
    მაშინ გრინმარი რატომ ჩანს თუ ეგაა გადამწყვეტი?:დ;დ;დ;დ რატომ ვიჩაგრები ?

    1. zurriuss Post author

      მაინდამაინც ჩემს ბლოგზე უნდა იწუწუნო მაგის შესახებ? :დ

  10. Dreamar

    წარმატებები ზურა :* დაველოდები შენს მომავალ პოსტებს, ძალიან მაინტერესებს რა პირობებია და საერთოდ რა ხდება ახლა ჯარში. იმედია რამე გამოსწორდა :/

  11. BigCrow

    კაია, კაია…
    მე მეგონა მართლა ჯარზე წერდი, 3 დღეში ერთხელ მორიგეობა რა ჯარია ბიჯო :D მასეთი მე სამუშაო მქონდა ორი წლის წინ :D

    1. zurriuss Post author

      ნუ ახლა რაცაა, ეგეც მაკმარეთ ამ ეტაპზე და თუ გადამეკეტა სამხედრო კარიერაზე, მერე ვნახოთ :დდ

  12. Sophie שרה Golden

    ლოლ სამხედრო კარიერაო, ზურიუს, კი მოგიხდება გენერლობა, ხო იცი :დ ფსიქიატრთან ვიზიტი ყველაზე საკაიფო იყო, შენ მაინც კატა ტყემლად ჩათვალე, თუ სტაფილოკოკად? :პ
    მოიწერე წერილები, გთხოვთ და, რაღა თქმა უნდა, გიყურებთ დანიის მეზობელი ქვეყნიდან :)

    1. zurriuss Post author

      გაიხარეთ, ჩვენც სისტემატურად გადევნებთ თვალს რუსეთის მეზობელი ქვეყნიდან :green:

  13. გვირილა

    ვაი, რამდენი ვიცინე :green:
    მადლობა შენ, რომ შემაჭყიტე მაგ საიდუმლოებით მოცულ ოთახებში, სულ მაინტერესებდა. მსგავსი დეტალებით რატომღაც ძალიან ვინტერესდები, ალბათ იმიტომ, რომ მე ვერ მოვხვდები მაქ ვერასდროს :green:

    ხოდა, შესაბამისად, ველოდები ჯარის ამბების აღწერასაც, ცოტა ჟურნალისტურადაც ;-)

    და ისა, წარმატებები აბა და ფორმიანი ფოტო დაიდოს! :green:

  14. Ibi

    მომეწონა პოსტი ძალიან :D
    რომ ჩამოხვალ მერე ერთი დიდ პოსტს ველოდები :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.