რა არის იურმალა?

s1_1

Юрмала – замки на песке.

Падают на счастье к нам с небес звезды.
პაიოტსია ვ პესნი…

ძნელია, არ დაეთანხმო ამ სიტყვებს, განსაკუთრებით მეორე სტრიქონს, როცა წარმოგიდგენია, რამდენი ფულია ამაში გადახდილი. იურმალა ეს რუსების საქეიფო რესტორანია ლატვიაში, სადაც იქ ჩასული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, პლუს ადგილობრივი წარმოების ვაიკულე, გადასარევად ატარებენ დროს და ახალგაზრდა, ზოგჯერ ნიჭიერ მომღერლებსაც უსმენენ ხოლმე.

იურმალაში არის არის ზღვა, რომელშიც, ძირითადად, არ ბანაობენ, პლაჟი, რომელზეც, ძირითადად, არ ირუჯებიან და კონცერტი, რომელსაც, ძირითადად, არ უსმენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 11 წლის მანძილზე, ეს კონკურსი გაცილებით მასშტაბური და ხარისხიანი გახდებოდა. ან კი რა საჭიროა რომელიმე, როცა ისიც გაკმაყოფილებს, რაც გაქვს? მთავარია, შენ, როგორც სახელმწიფო, იდგე მოწოდების სიმაღლეზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ, თუ მოგეპრიანება, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც კი გამართავ შენს კონცერტს.

ფესტივალი იხსნება შენი ქვეყნის სასიქადულო შემსრულებლებითა და საქებარი სიმღერებით,  რომლებიც, აგერ უკვე 20 წელია, ფონოგრამაზე ტრიალებს და მათ მხოლოდ პირის აყოლება დარჩენიათ. შეუძლიათ, ფრაზებიც არ დაამთხვიონ – ეპატიებათ. ისინი უკვე ნაროდნოე დასტაიანიეები არიან და აწი სცენაზე რომც მოფსან (რასაც, რა თქმა უნდა, არ იკადრებენ), ხალხი ამაშიც იპოვის რაღაც დიდებულს.

ცოცხალი და კრუტოი “ლეგენდების” გამოსვლის შემდეგ ჯერი შუა ხნის “მაესტროებზე” დგება. ფონოგრამა გატოვა? ტოგდა ი რას, ი დვა, ნაჩალი… ფესტივალი ნაკურთხია, გზა დალოცილია.

ერთხელ, 2007 წელს, “ნოვაია ვოლნას” ყურებისას დავინტერესდი: რატომ არ ისმოდა რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავების გახშირებული სუნთქვა მიკროფონში, როცა სცენაზე ყირაზე გადადიოდნენ (თორემ ეგენიც იყვნენ საოპერო მომღერლები)? ეკრანს მივუახლოვდი და მეწყინა: არც ერთი მათგანი არ მღეროდა – ფონოგრამა იყო ჩართული. რამდენიმე წუთში კი ყველა ჟიურიში მოსხდა და კონკურსანტების შეფასება დაიწყო. ასე მოხდა შემდეგ და იმის შემდეგ დღეებშიც. ასე მოხდა შემდეგ სეზონზეც, (თურმე) ასე ხდება ყოველთვის. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ამის შესახებ პროტესტი არავისთვის შემიმჩნევია. ვიღაც, ვისაც მომღერლობაზე აქვს პრეტენზია, თვალწინ გატყუებს და მერე მან შენი კონკურსანტი უნდა შეაფასოს – შენ კი ხმას არ იღებ! ნუთუ არ გასჩენიათ მონაწილე სახელმწიფოებს სურვილი, გააპროტესტონ აღნიშნული ქმედება და მოითხოვონ ხარისხი იმათგან, ვინც თავად ითხოვს ხარისხს სხვებისგან (ზოგჯერ ნასვამ მდგომარეობაშიც კი)? მგონი რიტორიკული კითხვა გამომივიდა.

შევეშვათ ჟიურის და გადავიდეთ კონკურსნტებზე. თუმცა კონკურსანტებთან რა მესაქმება, როცა საქმე ორგანიზატორებს ეხება. ვფიქრობ, რომ ხელოვნება (თუკი “ახალ ტალღას” რამე ამდაგვართან აქვს პრეტენზია) არ უნდა წყალობდეს არც ერთ უნიჭოს, არც ჩვენსას, არც რუსეთისას და არც კუბიდან პირველივე გამოქცეულს. პოპ მუსიკასაც აქვს ხარისხის კრიტერიუმები, რომელიც ორიოდე კონკურსანტს გააჩნია მხოლოდ. საუბარია მინიმალურ მოთხოვნაზე – ხმასა და სმენაზე. რატომ არ ითხოვენ გემოვნებასა და შინაგანი მუსიკალურობას-მეთქი, რომ დავწერო, ისევ რიტორიკული კითხვა გამომივა.

მეორე საკითხია, თუ რატომ არ უკრავს ბენდი კონკურსნტებისთვის და, საერთოდ, რატომ არ უნდა სრულდებოდეს ასეთი დიდი მასშტაბის მუსიკალურ ღონისძიებაზე ცოცხალი მუსიკა? რატომ უნდა შეავსოს სცენა ერთმა ადამიანმა ერთი მიკროფონითა და ფონოგრამით? თუ ფინანსები არ ყოფნით, ეგეც თქვან და ყველა ქვეყანა საწევროს დადებს, რომ ნორმალური ბენდის ფული აგროვდეს, რომელიც ცოცხლად დაუკრავს. :)

მესამე საკითხი თანაბრად ნაწილდება კონკურსანტებსა და ორგანიზატორებზე. რატომ დგას ამდენი არაფერზე პრეტენზიის მქონე ახალგაზრდა სცენაზე და რატომ არჩევენ ასეთ “ტალღას” იდეაში იმათ ჩასანაცვლებლად, რომელიც ახლა მართავს შოუ-ბიზნესს?… რაღაც ნამეტანი ბევრი რიტორიკული კითხვა დამიგროვდა. თან ეს პოსტიც დიდად არ მომწონს. მოკლედ, მადლობა, ვინც ამ ხაზამდე ჩამოაღწიეთ. :)

პ.ს. გავიგე, რაიმონდ პაულსი წამოსულა თავისი დაარსებული ფესტივალიდან იმის გამო, რომ ხარისხსა და ტალანტების აღმოჩენას აღარ აქცევენ ყურადღებასო. დაგიგვიანდათ, ბატონო რაიმონდ, მაგრამ უფრო დაგაფასეთ. თუ, რა თქმა უნდა, წამოსვლის რეალური მიზეზი ეს იყო.

პ.პ.ს. ამის მერე ბოლოდროინდელი ქართული მუსიკალური პროექტები და კონკურსანტები კიდევ უფრო დავაფასე.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “რა არის იურმალა?

  1. unaamarga

    გეთანხმები, ნამდვილად ორმაგად დავაფასე ქართული მუსიკალური პროექტები და მონაწილეები! იურმალა კი, აბა რა ვთქვა?! იზ ე ბიგ შით! მიკროფონთან მუსიკის თანხლებით ტუჩების მავარჯიშებელი შოუ-ბიზნესი!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »