სად არის ბავშვის ადგილი, როცა ოჯახში სტუმარი მოვა?

ოჯახი – ქართული ტრადიციის განუყოფელი ნაწილი, სიწმინდე, სისპეტაკე და ადამიანის ზნეობის განმსაზღვრელი მთავარი კოეფიციენტი. თუ ოჯახი არ გივარგა, რაც უნდა წარმატებული და სასახელო გაიზარდო, ვიღაც მაინც ღვარძლიანად ჩაიბუტბუტებს, მაგის ოჯახი კი ვიცი, რაც არისო.  კარგი ოჯახიშვილობა კი შლეიფივით მოგყვება და ხშირად ისე გიცავს ეჭვიანი თვალისგან, როგორც ქოლგეითი – კარიესისაგან (ერთხელაც იქნება, პროდაქტ პლეისმენტში ფულს მოვთხოვ. ბოლოს და ბოლოს, მე-10 კლასიდან მარტო ამით ვიხეხავ).  ჰოდა, როდესაც ასეთ (ანუ კარგ) ოჯახში სტუმარი მოვა, სად უნდა იყვნენ ამ დროს პატარები?

რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. მე-4 კლასში ვიგრძენი, რომ გონება გამეხსნა და ფლომასტერებით მივცხებდი ხოლმე. ასე ივსებოდა სახატავი რვეულები ძეგლების ჩანახატებით, მეფეების პორტრეტებით და წყალქვეშიდან დანახული მოცურავე გედის სურათებით. ამას იმიტომ ვყვები, რომ სტუმრების მოსვლისას მამაჩემი ჩემი ნამოქმედარის გამოფენას აწყობდა ხოლმე. თვალწინ მიდგას ის მომენტი, როცა ერთ ოთახში გამალებული ვხატავ, მეორეში კი სუფრაა გაშლილი და წუთი-წუთზე ველოდები, როდის მიხმობენ ჩემივე ნახაებიანად. მეც საუკეთესოებს გადავარჩევ და მორიდებულად შევდივარ. რამდენიმე წუთში გაოცებული (არ ვიცი, რამდენად) ბიძები ქებითა და სადღეგრძელოებით მავსებენ. მერე მამაჩემიც თვალით მანიშნებს გადიო და ჩემი წარმოდგენაც სრულდება.

მე-7 კლასში გიტარის შესწავლა დავიწყე და მალე სუფრაზე ჩემი დასწრება გახანგრძლივდა. მორიდებული დავჯდებოდი, თითებს სიმებზე ვაჩხაკუნებდი და ვმღეროდი. თან თვალს მაყურებლებისკენ ვაპარებდი და მეცინებოდა, ზოგი აზრზეც რომ არ იყო, რატომ მოსწონდა ჩემი ნამღერი. მამაჩემს კი, რა თქმა უნდა, ყველაზე ნასიამოვნები მაგრამ მკაცრი სახე ჰქონდა. ძაანაც უსწორდებოდა, რომ შვილით თავის მოწონება შეეძლო, მაგრამ, აპაპაპ, ამას როგორ მაგრძნობინებდა! მერე წავიდოდა თხოვნები, ახლა ეს დაგვიკარიო. მეც, თუკი დამუშავებული მქონდა, ეგრევე ვუსრულებდი, თუ არა და ზრდილობიანი უარით ვტოვებდი ოთახ-არენას. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი უმცროსი ძმა კარატეზე დადიოდა და სტუმრებს შესაბამისი ილეთებით “აოცებდა”.

აი, სულ ეს იყო ჩვენი “მოღვაწეობა”, ოდეს სტუმარი მოვიდოდა. გვიხაროდა, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას რომ გვაძლევდნენ, რითაც მერე კმაყოფილები მივწვებოდით დასაძინებლად. ცხოვრება მშვენიერია და აბა ჰე…

მოიცა, მოიცა!

ანუ გამოდის, რომ ვისაც ცეკვა-თამაშის ნიჭი არ გააჩნია, სტუმრებთან თავი არ უნდა გამოაყოფინონ? ვერ ვხვდები ხოლმე იმ ოჯახების ლოგიკას, სტუმრის მოსვლასთან ერთად ბავშვს რომ გადამალავენ. სცხვენიათ? მაშინ მშობლები ყოფილან დამნაშავე შვილის ცუდ აღზრდაში. ერთმა ისიც კი მითხრა, ჩემს შვილს ისე გავზრდი, რომ, სანამ მე არ ვეტყვი, სტუმარს თვალით არ დაენახოსო. ბავშვი ბავშვია და  ყოველთვის უხარია ყურადღების ცენტრში ყოფნა და სტუმრების წინაშე თავის მოწონება. სტუმარი კი, თუ ბავშვის სიცელქეს ოჯახის მინუსად ჩათვლის, მეორედ შემოსაშვები არ არის. აქედან გამომდინარე, სად არის ბავშვის ადგილი, როცა ოჯახში სტუმარი მოვა?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

15 thoughts on “სად არის ბავშვის ადგილი, როცა ოჯახში სტუმარი მოვა?

  1. ეჩეჩი

    ვერ ვიტანდი ვერასდროს მასეთ გამოძახებებს :green: ბავშვის გადამალვა რა სისულელეა მარა რაღაც სიტუაციებში მაგათი ადგილი ნაღდად არაა :)

    1. zurriuss Post author

      ისეთ სიტუაციებს არ ვგულისხმობ, როცა ბავშვმა მართლა არ უნდა გაიგონოს უფროსების საუბარი.

  2. Natalia

    რა მაგარი სურათია, ჩემი ძმის ბავშვობას მაგონებს :))

    პ.ს ბავშობაში ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარდა და მე თვითონ ვიმალებოდი, როცა სტუმრები მოდიოდნენ :დ

    1. zurriuss Post author

      მე მეგონა, ყურადღების ცენტრში ყოფნა ყველა ბავშვს უყვარდა :|

  3. მარი

    ბავშვი იქ უნდა იყოს, სადაც მოუნდება. როგორ შეიძლება, ოთახიდან გააძევო, ან უფროსებთან ერთად ჯდომა აიძულო? :roll: ვერასოდეს ვიტანდი სტუმრების მოსვლას, რადგან მაიძულებდნენ პიანინოზე დამეკრა, მეცეკვა და ათას იდიოტობას მამღერებდნენ. კლოუნი მეგონა თავი. :|

    1. zurriuss Post author

      აუ, აშკარად მარტო მე გამოვდივარ ისეთ, ვისაც ეგ ყველაფერი სიამოვნებდა :green:

  4. ინგა

    მე არ მმალავდნენ ჩემი მშობლები… მარა, არც მამღერებდნენ, არც მაცეკვებდნენ, არც მახატინებდნენ :)არ ვიცოდი, ასე თუ ხდებოდა…

  5. ყინული

    მეც არ მიყვარდა სტუმრები რომ მოდიოდნენ, მათ გატყაჩუნებაზე უნდა დამეკრა პიანინოზე და მემღერა. დასაკრავ რეპერტუარს კი ძირითადად შოპენის ვალსის მერე მიყოლებული “შალახო” წარმოადგენდა. :) საერთოდ, არ მიყვარს ასეთი “პოპოზნიკობები: :)

  6. ჩორვენი

    არც სიმღერა ვიცოდი, არც ცეკვა და არც რამეზე დაკვრა მაგრამ ლექსების თქმა მიყვარდა : )ისე ხვეწნის გარეშეც ვაკეთებდი მაგას : ) და ოთახს მხოლოდ მაშინ მატოვებინებდნენ თუ საქმიანი საუბარი ან რაღაც გარჩევა იყო : ) სხვა დროს გაფაციცებული ვაკვირდებოდი ყველას : )♥

  7. Toma

    მისი ადგილი იქ არის სადაც უდნა!
    არც ის მომწონს ბავშვებს რომ აძალებენ და აყურყუტებენ მაგიდასთან და ის მთლად არ მომწონს ბავსვს რომ უკრძალავენ სუფრასთან დაჯდომას.

    შესაბამისად მიეცით ბავშვს ქმედების თავისუფლება!

  8. Keti

    აი, ტომას ვეთანხმები. მე მაინც და მაინც არ მაწუხებდნენ ბავშვობაში, რომ სუფრაზე გამომეჩინა თავი და არც სადმე მმალავდნენ. გამიმართლა :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »