რასაც ვერ გააცოცხლებ, თავად უნდა ეწვიო

8297scan0034 copy
წინათქმა: მე გვიან მივხვდი.

მე არ მიყვარდა ირაკლი ჩარკვიანი. გამოქლიავებული ნარკომანი “მუსიკოსი”, რომელიც საკუთარ თავს “მეფეს” ეძახის, ხოლო უზრდელი სიტყვების ბოდიალს – “სიმღერას”. დიახ, მე არ მიყვარდა ირაკლი ჩარკვიანი და ამის მიზეზი მქონდა.

აქ არ დავიწყებ პატარა ბიჭის მსოფლმხედველობაზე გარემოცვის ზეგავლენაზე საუბარს, არც ზემოხსენებული მუსიკოსის ქება-დიდებას მოვყვები. მე ჩემი პატარა სათქმელი მაქვს და ვეცდები, მართლა პატარა მოსაყოლი იყოს.

მე მიყვარს მუსიკა და მისი სიყვარულის სამ საფეხურს გამოვყოფ, ზრდადობის მიხედვით: მსმენელს, შემსრულებელს და კომპოზიტორს. მე პატიოსნად მეორე ვარ და თავიც რომ მოვიკლა, კომპოზიტორივით ვერ მეყვარება – ასეთი უნდა დაიბადო. დაახლოებით 20 წელია, მუსიკა ჟანგბადს ჩემთვის უფრო საინტერესოს ხდის და მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი, მეტი გამეგო. თუ 2003 წლის მაისში მარია კალასი ყველაფრის დასაწყისი და დასასრული იყო, ორი წლის შემდეგ იგი ლუჩანო პავაროტიმ შეცვალა. მერე მაღალი ნოტების ბატალიებში ჩავერთე, შემდეგ ყველაფერი კლასიკამ გადაფარა, გამოჩნდა ჯაზიც, შანსონებიც, საუნდტრეკებიც. შარშან კი როკის კარზე დავაკაკუნე და “Radiohead”-მა გამიღო.

ყოველივე აქედან კი (ანუ ბახიდან ტომ იორკამდე) დავასკვენი, რომ ყველა ჟანრის მუსიკის (რაც მომისმენია, რაც წინ მელოდება და რაც მომავალში შეიქმნება) მოსასმენად/აღსაქმელად/შესაფასებლად გჭირდება შესაბამისი “ყური”. შეუძლებელია, მოუსმინო “Led Zeppelin”-ს მოცარტის შემდეგ ისე, რომ ტვინში მიქშერი შესაბამის ჟანრზე არ გადააწყო. თუ ასე არ მოიქცევი, შენი შეფასება არასდროს იქნება ჭეშმარიტი – იგი შეიძლება მხოლოდ დაემთხვეს ჭეშმარიტებას.

დავუბრუნდეთ ჩარკვიანს (გეგონათ, მასზე საუბარს ასე მალე მოვრჩი? :) ). მასაც, ისევე, როგორც დიდ ადამიანებს ემართებათ ხოლმე, დიდებამ სიკვდილის კარიბჭესთან მიუსწრო. შედეგად მივიღეთ გაღმერთებული მეფე, რომელსაც ვერავინ ვეღარასოდეს ვეღარ იმღერებს. რომ მისი შესრულება ხელმეორედ მოკლავს მუსიკოსს და, საერთოდ, ხელები შორს ირაკლი ჩარკვიანისგან!

ასეთი “მსმენელების” გასაგონად მინდა, ვთქვა:

თქვენ ხართ გონებით ყრუები და თავს იტყუებთ, რომ ერთფეროვნებას ვერ იტანთ. თქვენ ნაწარმოებს “მაგარია” და “ძაან მოაქვს” კრიტერიუმებით უსმენთ და არ ინტერესდებით, რისთვის დაიწერა იგი. თქვენთვის კარგი მუსიკით გადმოცემული ამბავი მხოლოდ ერთი ყურიდან მეორეში გასაშვები ფრაზების კომბინაციაა, რომლისგანაც ლამაზი ექო რჩება. თქვენ არ ხართ ჭეშმარიტი მსმენელი, რაც თქვენს შეფასებას სრულიად ზედმეტს ხდის. თქვენთვის მთავარია, არსებობდეს (ხშირად სიკვდილის მერე აღიარებული) მეფე მუსიკოსი და ვინც მისი ნაწარმოებების “გადაკეთებას” გაბედავს, ის უკვე დასაცინია…

ნინო ჩხეიძეს ისევე ვერ გადააკეთებ, როგორც ტაბურეტკას ვერ აქცევ სამეფო ტახტად. არ გაძლევს ამის არანაირ საშუალებას და იმიტომ! მაგრამ როცა ჩარკვიანის დონის მუსიკოსის შემოქმედება გაქვს, სადაც ტექსტი ცალკე ფანტაზიას  გიღვივებს, მუსიკა ცალკე ინტერპრეტაციებს გთავაზობს და დრამატურგია საერთოდ სპექტაკლს დაგადგმევინებს, მაზოხისტი უნდა იყო, რომ ამ შესაძლებლობით არ ისარგებლო და ამდენი იქსის ამოხსნას არ ეცადო. და ორმაგად მაზოხისტი, რომ სხვა ნიჭიერი ადამიანის მიერ ნიჭიერად ამოხსნილი დაიწუნო იმიტომ, რომ მეფეს ვერავინ გაიმეორებს.

შეეგუეთ: ჰენდრიქსს, კობეინს, ელვისს, ცოის, ჩარკვიანს ვერ გააცოცხლებთ. და თუკი მაინცდამაინც მათი ცოცხლად მოსმენა გსურთ, თავად უნდა ეწვიოთ.

ამას ჩემთვის დავიდებ. ჩემი ბლოგია და რასაც მინდა, იმას ვიზამ :d

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “რასაც ვერ გააცოცხლებ, თავად უნდა ეწვიო

  1. მარი

    მიდი ახლა, წაიკითხე “მშვიდი ცურვა” და “ჯინსების თაობა” და უფრო მეტად შეგიყვარდება :d დიდი მსმენელი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მისი მუსიკა თუნდაც იმის გამოა მაგარი, რომ საფლავში არ გაუყოლებია და დღემდე მღერიან, თან სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით. ეგ უხანგრძლივებს მუსიკას სიცოცხლეს და არა ფირფიტაზე ჩაწერილი ორიგინალის საუკუნოდ შენახვა.

    1. zurriuss Post author

      ჰო და მგონია, რომ პირიქით – მოეწონებოდა ეგეთი რამ. ქეთათომაც ეგ თქვა და გელამაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »