უოლტერ კრეინი

მამას უყვარს ხაზვა, მე -ხატვა. უკვე 7 წელი იქნება, რაც “ნეპტუნის ცხენები” ჩვენი სახლის ერთ-ერთ კედელზე ქოშინებენ. მამამ მეგობარი მხატვრის ერთ-ერთ ჟურნალში ნახა, მოეწონა  და რეპროდუქცია მასვე დაახატინა. იმის შემდეგ ყველა მხოლოდ ნახატის ვიზუალით ინტერესდება და არავის მოუფიქრებია, რამე გაეგო მისი ნამდვილი ტყუპისცალის შესახებ. არც ავტორი ვიცოდით.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/Soundtrack_-_Comptine_D_Un_Autre_Ete_L_Ap.mp3|titles=Comptine_D_Un_Autre_Ete_L_Ap]

როგორც სათაურიდან მიხვდებოდით, “ნეპტუნის ცხენები” უოლტერ კრეინს ეკუთვნის. გამოგიტყდებით, ამ ადამიანის სახელი Google-მა მითხრა. პირველად სწორედ ზღვების მეფეს დავუწყე ძებნა და ორიგინალსაც მივაგენი:

როცა კრეინის ბიოგრაფიაში ვიქექებოდი, საკუთარ თავთან ბევრი საერთო აღმოვაჩინე. მაგალითად ის, რომ ბევრი რამე იტაცებდა. იყო მხატვარიც, ილუსტრატორიც და დეკორატორიც. ძალიან უყვარდა რენესანსული მხატვრობა და, განსაკუთრებით, ბოტიჩელი. ფლორენციაში “გაზაფხულისა” და “ვენერას დაბადების” ნახვის შემდეგ თავის ტილოებზე მითიური და სიმოლისტური ფიგრუები უფრო ცხადად გამოიტანა.

"დროის სიკვდილი" 27 წლისამ რომში, თაფლობის თვეებში დახატა. თორმეტი თვე კუბოს მიაცილებს. პროცესიას დრო უძღვება, რომელიც მღვდლის სახით ლოცვებს კითხულობს, მის უკან კი სიყვარული საცეცხლურით ხელში მიაბიჯებს.

უოტერ კრეინი ლივერპულში, მხატვრის ოჯახში დაიბადა 1845 წელს. პირველი მასწავლებელი მამამისი, ტომას კრეინი იყო. 14 წლისას მამა გარდაეცვალა და ოჯახი იძულებული გახდა, ლონდონში გადასულიყო. აქ კრეინმა გრავიურის კეთება შეისწავლა და თავის რჩენას შეუდგა. შემდეგი ათწლეულის განმავლობაში იგი ჩარტისტების გავლენის ქვეშ მოექცა და მათი იდეებით განიმსჭვალა. ყოველთვის ინგლისის იმპერიის კოლონიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა. ასე იქცა უოლტერ კრეინი სოციალიზმის მხარდამჭერად.

ვინაიდან მეუღლე სასტიკად უკრძალავდა მდედრი ნატურების გამოყენებას, "ვენერას დაბადებისათვის" კრეინს ახალგაზრდა ყმაწვილის სახის გამოყენება მოუწია.

იგი ვერ მოესწრო ბოლშევიკების რევოლუციას, რადგან 2 წლით ადრე გარდაიცვალა. თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ძალისმიერი მეთოდებით დამყარებულ სოციალიზმს კრეინი აუცილებლად დაგმობდა. მისი რწმენით, სოციალიზმი დგება მაშინ, როცა მუშათა კლასი საკმარისად განათლებული და გათვითცნობიერებულია, თუ რას წარმოადგენს და რა უნდა. რომ მან თვითონ უნდა მოისურვოს ახალი, თანასწორი წყობილება და არ აყვეს ვიღაცის თავქარიან წამოწყებას.

უოლტერ კრეინი

იცოდა რა ბავშვების ფსიქოლოგია და სიჭრელისადმი ლტოლვა, კრეინმა საბავშვო წიგნების ილუსტრატორობაც დაიწყო. ედმუნდ ევანსი მისი იდეის გამართლებად შეიძლება ჩაითვალოს. იგი პირველი ფერადი საგამომცემლოს მფლობელი იყო და კრეინის იდეა აიტაცა. შედარებით იაფფასიან ქაღალდზე დაბეჭდილი დასურათებული ლიტერატურა ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. კითხულობდნენ, როგორც მდიდრები, ისე ხელმოკლეები, რადგან ფასი მათთვისაც ხელმისაწვდომი იყო. ილუსტრაციებმა კრეინს არა მხოლოდ სტაბილური შემოსავალი, არამედ სახელიც მოუტანა. ამბობდა, რომ მხატვრობის გამოყენებით ხელოვნებად გადაქცევა არ იყო დასაძრახი საქმე.

ახალგაზრდა მეფე ართური კლდიდან ექსკალიბურს აძრობს

Toy Book - ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთი პოპულარული საბავშვო წიგნების გამოცემა

თუკი მხატვრობასა და ილუსტრაციებში კრეინი უხვად იყენებდა რენესანსულ ფიგურებს, ინტერიერის დიზაინისათვის კრეინი ფერთაშეხამებას აქცევდა ყურადღებას. როგორც “არტს-ენდ-კრაფტსის” მიმდევარი, კრეინი ვიტრაჟების შექმაში დახელოვნდა.

უოლტერ კრეინი 1915 წლის 14 მარტს გარდაიცვალა, მეუღლის დაღუპვიდან რამდენიმე თვეში. მის ღვაწლზე ვერ ვისაუბრებ, რადგან წყაროები ამომეწურა. რატომღაც მგონია, რომ ძალიან თბილი და კეთილი ადამიანი იყო. ალბათ, ამიტომაც არ არის სხვა თავქარიანებივით ცნობილი. როგორც უნდა იყოს, ახლა გაცილებით მეტი ვიცი “ნეპტუნის ცხენების” შემქმნელის შესახებ, რომლის ასლიც ჩემს პირდაპირ კიდია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “უოლტერ კრეინი

  1. ტატუ

    (ღირს შენი ბლოგის წაკითხვა ): ))) “ნეპტუნის ცხენებში” რაღაც საოცარი ენერგია ჩანს.

  2. რა აზრი აქვს, ვინც ვარ

    ლამაზი პოსტია. ვაფრენ მითიურ პერსონაჟებზე. ამ მხატვრის შესახებ პირველად გავიგე :)
    ამელის ვალსი :))))) (აქ გულიანი სმაილი)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »