ვსაუბრობთ ჭეშმარიტ რონდაზე

Me in Ronda რონდა

სიმართლე გითხრათ, ეს ადგილი ჩემი მეგობრის დაჟინებული მოთხოვნით ჩავსვი. აი, იმის, ვინც ეს მოგზაურობა დამაგეგმინა. დავგუგლე და, როგორც კი ფოტოები ვნახე, მივხვდი, რომ ის ის იყო და მე – მე. რონდა არ არის უბრალოდ ლამაზი ქალაქი, იგი რომელიმე ფენტეზის ჟანრის მითიური ადგილია პაწაწკინტელა, რომელიც მდინარის ხეობაში ამოზრდილ უზარმაზარ კლდოვან ბორცვებზე წამომართულა. ქალაქის ორი ნაწილი ერთმანეთს სამი ხიდით უკავშირდება, რომელთაგანაც ერთ-ერთი, პუენტე ნუევო, უზარმაზარი, თვალუწვდენელი და ულამაზესია. მისი მთავარი ქუჩა, სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა სახელით იცვლება: ჩრდილოეთიდან ჯერ ხერესია, მერე ვირხენ დე ლა პასი და, ხიდს იქით, არმინიანი.

რონდა მზის ამოსვლისას

რონდა მზის ამოსვლისას

ნერხადან რონდაში ტრანსპორტი პიდაპირ არ მიდის, ასე რომ, გადაჯდომა მალაგაში მომიწია, მაგრამ, დროის სიმცირის გამო, ქალაქის დათვალიერება ვერ მოვასწარი. სამაგიეროდ, სადგურში 4,5 ევროდ ამოვსკდი ტაპასებით, ლუდით და ტინტო დე ვერანოთი. მერეღა მივხვდი, რომ ტაპასების ზომაც წინასწარ უნდა მეკითხა. სამაგიეროდ, იმდენნაირი და ისეთი გემრიელებია, ჩამოთვლა-აღწერას აზრი არა აქვს. კიდევ ერთხელ გეტყვით, ესპანური მსუბუქი ლუდი ძალიან კარგი მისაყოლებელია. ტინტო უფრო წვენია, ვიდრე ღვინო, მაგრამ ეგეც მაგრად მომენატრება თავის დროზე. ჰოდა, რონდაში ვარ…

ჩემი ჰოსტელი

ჩემი ჰოსტელი

დადგა ჰოსტელში დაბინავების დროც. დავხედე რუკას და… ჰმ, საკმაოდ შორია. ნახევარი საათის შემდეგ, როცა უკვე ქალაქის კარიბჭეს გავცდები, მივხვდები, რომ ყველაფერი წინ მაქვს. არადა შუა დღის თაკარა მზეა. მივარიხინებ ჩემოდანს დახრილ და მიხვეულ-მოხვეულ ქვაფენილზე და გზას დასასრული არ უჩანს. ამასობაში მივიხედე და ის თვალუწვდენელი ხიდი, რომლიდანაც გადმოხედვისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა, შორს, კლდეებზე გაჭიმული მოჩანდა. თვალებს არ დავუჯერე. კიდევ დავხედე რუკას, გუგლ მეფსსაც და ორივე მეუბნებოდა, სვლა განაგრძეო. ამასობაში ტრაფარეტიც გამოჩნდა, Albergue Los Molinos-მდე კიდევ 500 მეტრი დამრჩენოდა. ამოვიოხრე და გავიძურწე. ცოცხალ-მკვდარმა ჩავაღწიე იქ, სადაც ხალხი ფეხით არ დადის და, რაც ყველაზე მთავარია, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ რონდაში ყველაზე იაფი ესაა და 2 ღამეში 30 ევრო გადავიხადე. შენობა შუა საუკუნეებში წყლის წისქვილი ყოფილა (molino წისქვილია ესპანურად). მერე გაარემონტეს და გააჰოსტელეს. საღამომდე ვეგდე ლოგინზე.

თუკი ტრანსპორტით არ ხართ, ეცადეთ, ის უბედური გზა დილით ან საღამოთი გაიაროთ, თორემ სასიცოცხლო ძალებს დაგაკარგინებთ. ან სხვა ჰოსტელში დაბინავდით, ბოლოს და ბოლოს.

პუენტე ნუევო

პუენტე ნუევო

არქიტექტურა

რონდას მთავარი სიამაყე, როგორც გითხარით, პუენტე ნუევოა. თუმცა მის უკან კიდევ ორი, შედარებით მომცრო ზომის და უფრო ძველი ხიდებია. დროის ყველა მონაკვეთში, ყველა მხრიდან და ყველა პოზაში გადავუღე ფოტოები. მერე სულ ქვემოთ, უფსკრულის ძირში ჩავცოცდი, სადამდეც პატარა ბილიკი მიდის და ამ უზარმაზარი ნაგებობის თაღის ქვეშაც გავძვერი. საოცარია, ის პატარა მდინარე ერთ მხარეს დაგუბებული, ბლანტი მწვანე და სუნიანი წყალია, ხოლო მეორე მხარეს კი ცივ და კამკამა ჩანჩქერად ჩამოედინება. მოკლედ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერ ამინდში (სულ თოვლი რომ ეღირსოს ანდალუზიას), ეს ჯადოსნური ქმნილება მაინც გაგაოცებთ.

როცა ხიდების ცქერით თვალებს და ფოტოაპარატებს გადაიტყავებთ, მერე სხვა რამეებსაც შეამჩნევთ. მაგალითად, ვიწრო ქუჩებში გაბნეულ ულამაზეს ეკლესიებს. ამ ძველ და კუშტი გოთიკისგან სრულიად განსხვავებულ ნაგებობებს, თითქოს, მთელი ქალაქის სიტორია ახსვოთ. სხვანარიად როგორ შეიძლება, მოგეჩვენოს, როცა ქალაქის დიდი საათი ღვთისმშობლის ტაძრის სამეკლოა!

ჯვრისწერა რონდას ღვთისმშობლის ტაძარში

ჯვრისწერა რონდას ღვთისმშობლის ტაძარში

ეკლესიებში შესვლა უფასოა, მაგრამ მთავარი ტაძარი კარს 4,5 ევროდ გაგიღებთ. მე სამმაგად გამიმართლა: ჯვრისწერის ცერემონია დამემთხვა და უფასოდ შევედი, ულამაზესი რიტუალის ნაწილიც ვნახე, ტაძარსაც გადავუღე ფოტოები და ცერემონიალის გალობასაც ვუსმინე. როცა სოპრანო მორჩა, კინაღამ ოვაცია ავტეხე, იმდენად ლამაზი ხმით მღეროდა. ნეფე-პატარძლის ერთ მხარეს ნამდვილ ანდალუზიურ ტანისამოსში გამოწყობილი ასაკოვანი ქალი იდგა, მუქი წითელი კაბითა და შავი თავსაბურავით. ვერ დავადგინე, ვისი მხრიდან იყო, მაგრამ ისე იყურებოდა, თითქოს ეს-ეს იყო, მორიგი ხარი დასცა ბეჭებზე. მღვდელს გარნიტურა ეკეთა და მისი ლოცვა მთელს ტაძარში კარგად ისმოდა. თან ისე გულმოდგინედ წარმოთქვამდა ფრაზებს, რომ ჩვენი ზოგიერთი მღვდელმსახური გამახსენდა სრულიად საპირისპირო კონტექსტში.

ყველაზე დიდი კორიდები აქ იმართებოდა.

ყველაზე დიდი კორიდები აქ იმართებოდა.

ხარებთან ბროლის არენა

თუ სწორად მახსოვს, ესპანეთში კორიდას სულ რამდენიმე ცენტრია: სევილია, რონდა, მადრიდი (ან ბარსელონა), გრანადა და სარაგოსა. აქაც გამიმართლა: რონდაში ყველაზე დიდი არენა ყოფილა, რომელიც ვირხენ დე ლა პასზე მდებარეოს და რომლის დიამეტრიც 60 მეტრზე მეტია. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ 6 ევრომდე ღირს ბილეთი თავის აუდიოგიდიანად, რომელიც ინგლისურ ენაზე ჩაგიჭიკჭიკებთ ყველაფერს. ამ ადგილის უნახავად რონდადან არ წახვიდეთ!

ხარებთან ბრძოლის არენა ეს არ არის, უბრალოდ, ხარების ხოცვის ტრადიცია, ეს უდიდესი და ულამაზესი კულტურაა, რომლის პიკიც მე-18 და მე-19 საუკუნეში იყო. პროცესი 3-ეტაპიანია, რომელიც ბოლოს ხარის მოკვლით მთავრდება. მატადორი ვალდებულია, მახვილი პირუტყვის ნეკნებშუა გაატაროს და მხოლოდ ასე დაამთავროს მისი სიცოცხლე. თუმცა მანამდე მიდის ცხოველის გამოწვევის, კაუჭებიანი ისრების ჩარჭობის უკიდეგანოდ დაძაბული პროცესი, რომელსაც ბევრი ბევრი „ოლე“ ახლავს. მოქნილ სხეულზე მოხდენილად ჩაცმული მატადორი ხარის წინაშე გამარჯვებული უნდა დარჩეს. ერთი სიტყვით, კარგია, რომ ტრადიციამ მუზეუმში გადაინაცვლა, მაგრამ ორჯერ უკეთესია, რომ არსებობდა.

ეს იმ ლეგენდარული მანოლეტეს კოსტიუმია, რომელიც ედრიან ბროუდის მიერ ნათამაშები ამავე სახელწოდების ფილმიდან გეცოდინებათ.

ეს იმ ლეგენდარული მანოლეტეს კოსტიუმია, რომელიც ედრიან ბროუდის მიერ ნათამაშები ამავე სახელწოდების ფილმიდან გეცოდინებათ.

ხარებთან ბრძოლის არენის ტრიბუნებქვეშ მდებარე მუზეუმი სავსეა სხვადასხვა ლეგენდარული მატადორის კოსტიუმითა და იარაღებით. იქ ასევე ნახავთ სამეფო ცხენების აღკაზმულობას, რომლებიც იმდენად პომპეზური და მრავალფეროვანია, ცოტათი დამაფიქრა ბრიტანეთის ძლევამოსილებაზე. რაც მართალია, მართალია: ჩემი საყვარელი ბრიტანეთი არასდროს ყოფილა ერთადერთი ძლევამოსილი იმპერია მსოფლიო რუკაზე.

მუზეუმები

სულ სამგან ვიყავი აქ: ნადირობის, ლარასა და მონდრაგონის მუზეუმში. კიდევ ერთია, თუ არ ვცდები, ძირითადი, სახელმწიფო, მაგრამ იქ არ ვყოფილვარ.

Museo Del Bondaleros Ronda რონდა

მონადირეთა მუზეუმი არმინიანზე მდებარეობს და თავისი ექსპონატებით ძალიან შთამბეჭდავია. მტაცებლების, ფრინველების და ასობით რქოსანის ფიტულებს ნახავთ აქ. თან, განა ერთსა და ორს? მაგალითად, 5 სხვადასხვანაირი ლოსის ფიტულა აქვთ, რომელიც ასე იშვიათია. ირმებსა და ანტილოპებზე არაფერს ვამბობ. უცებ საშინლად გავბრაზდი ამდენი მოკლული ცხოველის შემხედვარე. თითქოს, მთელი პლანეტის ფაუნას აქ გაავლეს მუსრი. მართლა მიკვირს, ამდენის დახოცვა როდის მოასწრეს ან როგორღა გადარჩა ველური ბუნება? ჩემი აზრით, ეს მუზეუმი, ალბათ, იმიტომ უნდა ნახოთ, რომ დაფიქრდეთ ჩვენი ბიომრავალფეროვნების მომავალზე. შესვლა  3 ევრომდე ღირს.

Museo Di Lara რონდა Ronda

ლარას მუზეუმი მართლა მაგარი ადგილია, რომელიც სავსეა ესპანური კულტურის, მეცნიერების, ოკულტიზმისა და ინკვიზიციის ნიმუშებით. თავიდან ყველაფერი ლამაზად და რომანტიკულად იწყება: მორთულ-მოკაზმული ულამაზესი მარაოები (ისე, მარაოებს მთელი ესპანეთი მიაქვს. ლამის ხურდაში გამოგაყოლონ), მორთული მუსიკალური საკრავები, თავშლები, პარიკები… შემდეგ მეცნიერების ოთახებს ათვალიერებ, სადაც უამრავი ძველი ხელსაწყოა გამოფენილი. მაშინ ხვდები, XVIII – XIX საუკუნეებში როგორ ვადგენდით რუკებს, ვაკეთებდით ოპერაციებს და ვიღებდით ფოტოებს. როცა ამითაც გულს იჯერებთ, შამანებისა და ათასი ჯურის საზიზღრობის დარბაზში გადაინაცვლებთ. იმდენ გამხმარ გველს, თვალებდათხრილ ყვავს და ქილებში ჩატენილ ქვეწარმავლებს ნახავთ, „ჰარი პოტერის“ ზოგიერთი თავის გადაკითხვა მოგინდებათ, ან პირიქით. J იქვეა ინკვიზიციის დარბაზიც თავისი გასაწელით, საწამებელი სკამით, გალიითა და გილიოტინით. ერთი, ცეცხლს არ შეგინთებენ, თორემ, სხვა მხრივ, კარგად გაგრძნობინებენ, რა მოგელოდათ, თუკი კათოლიციზმს გადაუხვევდით. 17 მაისს, თუ ვინმე იმ დუჟმორეულთა ბრბოში ერიეთ, არ შეხვიდეთ, თუ ღმერთი გწამთ: ტაბურეტკას დასჯერდით.

Museo De Mondragon Ronda რონდა

მონდრაგონის მუზეუმის ბილეთის ფასი არ ვიცი, რადგან წინა დღეს ვიღაც უცხოელი შემომხვდა და ბილეთი გამომიწოდა, მე ნახვას ვერ ვასწრებო. გაახარებს ღმერთი! სადღაც 5 ევრომდე ეღირება ეგეც. კაცმა რომ თქვას, ბევრს არაფერს დაკარგავთ – ესპანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი მოსახლეების თავის ქალები და პრიმიტიული იარაღებია გამოფენილი, რაც თბილისშიც გაგვაჩნია. 1-2 ლამაზი ხედი კი აქვს ეზოს, არ დაგიმალავთ. მაბოდებს ანდალუზიის ეზოებსა და ბაღებში გაბნეულ მარმარილოს პაწაწინა შადრევნებზე, ყურადღებას რომ იქცევენ და თვიანთთვის ჩურჩულებენ!

ღმერთო, ამდენს ვინ წაიკითხავს, მაგრამ გავდივართ ბოლოში…

თუკი იაფად ჭამა გსურთ, El Lechuguita-ში შედით: 5 ევროდ ამოსკდებით ლუდიან ტაპასებიანად. თუ პიცა გინდათ, მიქელანჯელოს ეწვიეთ – უგემრიელესი იტალიური პიცები 5 ევროდან იწყება.

კვირა დილა წმინა სესილიას ეკლესიაში.

კვირა დილა წმინა სესილიას ეკლესიაში.

ჰო, მართლა: ეკლესიებში შესვლისას, სადაც აუცილებლად მოგესალმებიან (სულ მოხუცები არიან, ახალგაზრდები ჯვრისწერის გარდა, არ შემხვედრია) და თქვენც სალამს დაუბრუნებთ, შეიძლება, გკითხონ, სადაური ხარო. ძალიან უხაროდათ, როცა ვპასუხობდი, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. მერე რა, ჩვენ ძმები ვართ და ერთი ღმერთი გვწამსო, მპასუხობდნენ. იგივეს წარმოდგენა ვცადე ქართულ რეალობაში და ფანტაზია არ მეყო.

Ronda at Down რონდა

მოკლედ, სულ ეს არის, რაც რონდაზე ამ პოსტში მინდოდა, მეთქვა. იხეტიალეთ, გაოცდით, გადაირიეთ ზრდილობიანი ხალხით, ესპანურ-არაბული არქიტექტურით და ანდალუზიის ოქროსფერი ხედებით. ეს არის ჭეშმარიტი რონდა.

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “ვსაუბრობთ ჭეშმარიტ რონდაზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »