ვსაუბრობთ ჭეშმარიტ მადრიდზე

Madrid

ძალიან მინდა, პოსტების ეს ციკლი მოგზაურობის თემაზე დაწერილი მორიგი ბლა-ბლა-ბლა არ გამოვიდეს. თუ ასე მოგეჩვენებათ, წინასწარ გიხდით ბოდიშს.

რაც საკუთარი თვალით არ ინახავს, არ შეხებიხარ, არ დაგიყნოსავს, არ გაგისინჯავს და არ მოსგისმენია, არ დაიჯერო, რომ მასზე რამე იცი. იმიტომ, რომ შენ ხარ შენ და შეუძლებელია, ყველაფერი ისე აღიქვა და იგრძნო, როგორც სხვა. როცა მეკითხებიან, თუ სად მინდა წასვლა, ხშირად პასუხი არ მაქვს, იმიტომ, რომ ვერაფრით მოვახერხე, წინასწარ მცოდნოდა, რომელი ადგილ უფრო მომეწონებოდა. აქედან გამომდინარე, დავდივარ იქ, სად წასვლაც უფრო ადვილად გამომივა. ასე აღმოვჩნდი მზით გადაცხუნებულ ესპანეთში. ყველაფერი კი ერთი თვით ადრე დაიწყო…

შენიშვნა: ქვედა ორ აბზაცში ესპანეთზე არაფერი წერია, ასე რომ, თუ რამე, გადაახტით, ნუ მოგერიდებათ

მაშინ, როცა მეგობრებთან ერთდ კიევის ქუჩებში დავსეირნობდი, ყველამ ერთდ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომავალი მოგზაურობის ჭიკარტი ბუდაპეშტის რუკაზე დაესობოდა. ერთხელ ცოცხლად მოსმენილი „მიუზის“ კიდევ გამეორება მოგვინდა, ჟიგეტის კუნძულზე უნდა აგვეწყვიტა და გვემხიარულა. თბილისში დაბრუნებულები ენთუზიაზმით შევუდექით მზადებას… გავიდა 10 დღე და, როგორც ხდება ხოლმე, დავიშალეთ “ბითლებივით”. ჯერ ერთმა გვითხრა, ვეღარ წამოვალო და მერე ჩვენი გეგმაც თვალწასული წინდასავით მოირღვა. დავრჩი მე, ხელში დოკუმენტებით და გულში – ვიზის მოლოდინით. ვინაიდან აგვისტომდე ცოტა დრო იყო, მხოლოდ ჰოლანდიის ვიზის აღება მოვახერხე, რაც ნიშნავდა, რომ ბუდაპეშტში იქიდან გადაფრენა კიდევ უფრო ძვირი დამიჯდებოდა, ხოლო ჰოლანდიას ესპანეთი მერჩივნა – ენას გავიხსენებდი (Global Travel-მა ბილეთი თბილისი-მადრიდი – მადრიდი – თბილისი, გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით, 318 ევროდ მიშოვა, რაც წასვლამდე ასე გვიან და ასეთ ცხელ სეზონში შეძენისთვის, საკმაოდ ხელსაყრელი ფასია. საერთოდ, როცა გეჩქარებათ, სააგენტოებს მიაკითხეთ: აქვთ ხოლმე გადანახული იაფი ბილეთები). ასე მარტო მოგზაურობის პირველი პანიკა.

მერე ავდექი, თავს შემოვუძახე, შევახსენე, რომ გენიოსი ვყავარ გამჩენს (საიდუმლოს გიმხელთ და ეგ მეხმარება ხოლმე თვითშეფასების ამაღლებაში, რომელიც წნევასავითაა: ზოგი დაბალს ატარებს, ზოგი მაღალს. მე – დაბალს ვარ მიჩვეული) და შევაგულიანე, რა მნიშვნელობა აქვს, მარტო თბილისის ავტობუსში იმგზავრებ თუ მადრიდისაში – მეთქი.  ხალხი ყველგან ხალხია, თან ამათი ენა ცოტათი მაინც იცი – მეთქი. დამიჯერა და ძალიანაც კარგი ქნა. კი არა და, ვქენით. კი არა და, ვქენი.

თვითმფრინავიდან დანახული ესპანეთი

თვითმფრინავიდან დანახული ესპანეთი

შენიშვნა: აქედან ესპანეთია

სტამბოლში ღამენათევმა და თვითმფრინავში სანახევროდ გამოძინებულმა, დაღლილად მიმოვავლე თვალი ილუმინატორში გამოჩენილ არემარეს და უცებ გავიფიქრე, რომ პილოტმა ტეხასში გაგვიტაცა. უ-დაბ-ნო! ჩამოვფრინდით ეროპორტში (რომელიც ქალაქის ცენტრისგან არც თუ ისე შორსაა) და კიდევ უდაბნო. მოკლედ, კავკასიის მთების შვილისთვის ესპანეთი უდაბნოა, ხალხო. ახლა ერთი რჩევა: თუ ჩემსავით ჰიპერმზრუნველი და პარანოიკი მშობლები არ გყავთ, რომლებსაც, თუ 1 საათით პასუხი დაუგვიანე, გული გაუსკდებათ, მაშინ ღმერთი არ გაგიწყრეთ და აეროპორტში არც მობილურის და არც მობილური ინტერნეტის ბარათი არ შეიძინოთ: 90 ევრო დამიჯდა! იმედი მაქვს, როცა წაიკითხავენ, შერცხვებათ. ისე კი საათივით მუშაობს, მეტროს გვირაბებშიც ხოშიანად იჭერს.

Living Cat's Hostel, მადრიდი

Living Cat’s Hostel, მადრიდი

მადრიდში ერთ კუსკუსა ჰოსტელში დავბინავდი, რომელსაც Living Cat’s Hostel ჰქვია და რომელიც ჩემმა მეგობარმა მარიტამ მირჩია (30 ევრო 2 ღამე). პატარა ალჰამბრა გეგონებათ, ისეთი ლამაზი ინტერიერი აქვს. ყველაფერი სუფთა და მოვლილია, უამრავი უცხოელით და ახალ-ახალი თანამოსაუბრით. დიახ, ეს პირველი ჰოსტელია, რომელშიც კი ოდესმე დავრჩენილვარ ორივე ხელ-ფეხით ვუწევ რეკომენდაციას.

სელფი წითელ შუქზე. რა საჭიროა, ყველას იცნობდე? მთავარია, არავის დაავიწყდე :))

სელფი წითელ შუქზე. რა საჭიროა, ყველას იცნობდე? მთავარია, არავის დაავიწყდე :))

ხომ იცით ქალაქის გაცნობა-შეცნობის ოქროს წესი? მინიმალური ტრანსპორტი და მაქსიმალური ფეხით სიარული. სხვანაირად შანსი არაა, აზრზე მოხვიდეთ და შეიგრძნოთ ქალაქი. მხოლოდ ღირსშესანიშნაობების ნახვა ვერ გიშველით, უნდა იწანწალოთ, იბოდიალოთ და აღმოაჩინოთ.

მე და გოია კი არა და, გოია და მე

მე და გოია კი არა და, გოია და მე

მადრიდი – ხელოვნების ბუდე

მადრიდში უამრავი ღირსშესანიშნაობაა და რაც უფრო მეტს მოივლით, მით უკეთესი თქვენთვის. გუშინდელი დღის ანუ 14 აგვისტოს ნახევარი მუზეუმებს დავუთმე. არ მეგონა, პრადო ასე თუ გადამრევდა. თითქმის ყველა მხატვრის რომელიმე შედევრი მაინც ვნახე: გოია, ველასკესი, ბოტიჩელი, რაფაელი, რუბენსი, სინტორეტო, ფრა ანჯელიკო, ტიციანი, რემბრანტი, ელ გრეკო, ბოსხი.

კარავაჯოს უკანასკნელი ქმნილება

კარავაჯოს უკანასკნელი ქმნილება

ტისენის მუზეუმში, რომელიც მოპირდაპირე მხარესაა, დამხვდა პიკასო, დალი, მონე, რენუარი, ერნსტი, ვაიეტი, შაგალი, კიდევ ბევრი სხვა და, მისი აღმატებულება კარავაჯო! ვცდილობდი, ხმამაღლა არ მელაპარაკა და სლუკუნიც როგორმე დამეფარა. მახსოვს, ერთი-ორჯერ მაინც შემომხედეს მუზეუმის თანამშრომლებმა, რომლებსაც დამთვალიერებლეის ემოციები, წესით, აღარ აკვირვებთ. მოკლედ, თუ გიყვართ ხელოვნება, მადრიდში ამაზე დიდ საჩუქარს საკუთარ თავს ვერ გაუკეთებთ. ოღონდ გაფრთხილებთ, ემოციების მონელება ადვილი არ იქნება. მე 6 საათი მივახარჯე ამას და წამიც არ მინანია, თუმცა, იქიდან გამოსულს, სხვა სილამაზეების აღქმა ცოტათი გამიჭირდა. ჰო, მართლა, ორივე მუზეუმი ერთად, დაახლოებით, 30 ევრო დაგიჯდებათ.

დედოფალ სოფიას მუზეუმში პიკასოს „გერნიკაა“, ხალხო! ჯერ ვერ მოვასწარი დათვალიერება, მაგრამ არც ეგ გამოტოვოთ. ვისაც პიკასო არ გიყვართ, იმათ უფრო გირჩევთ ნახვას: ეგებ მერე მაინც გაგინათდეთ გონება.

ცოტა ხნით უნდა უთხრათ ცელულიტებს და ქოლესტერინებს "კი"

ცოტა ხნით უნდა უთხრათ ცელულიტებს და ქოლესტერინებს “კი”

სამზარეულო

კიდევ ერთი რამ: როცა მოგზაურობთ და, მით უმეტეს, პირველად სტუმრობთ ქვეყანას, სიტყვა „დიეტა“ უარყავით. მით უმეტეს, როცა საქმე ესპანეთს ეხება. კარგად არც მე ვიცი, რაები ვჭამე, მაგრამ იყო უგემრიელესი. პაეია ზღვის პროდუქტებით მზადდება თურმე და გიწევს ხოლმე პირიდან პატარ-პატარა ნიჟარების გამოღება, მაგრამ უგემრიელესია. კიდევ აქვთ ლუდის 250-მილილიტრიანი კათხებიც და ლა სერვესას იქიდან მიირთმევენ. მსუბუქი ლუდია და ძალიან უხდება მისაყოლებელს (8 ევროდ ვჭამე თავის ლუდთან ერთად. ძალიან ნორმალური ფასია. 12 ევროზე მეტს ვინც გახდევინებთ ლუდიან-საჭმელიანად, მეძვირეები არიან). პლასა მაიორთან ნაყინის ბურთულები სეზამისმარცვლებიან შოკოლადის ჭიქაში ჩაადებინეთ – ცხონებაა (3 – 5 ევრო).

ტიპური ფიესტა მადრიდში

ტიპური ფიესტა მადრიდში

დანარჩენი

დანარჩენი იმდენია, რომ ჩამოთვლა-მოყოლას აზრი არ აქვს. იხეტიალეთ და ყველას თქვენი „დანარჩენი“ გექნებათ. დაწყებული ესპანელი მიმტანის გულიანად ნაპასუხები muchas grazias-ით და დამთავრებული სამეფო არქიტექტურით. პირადად მე, ყურსასმენებში მუსიკა თითქმის არ ჩამირთავს – ენას ვაჩვევ ყურს და ვცდილობ, მეტად გავითავისო. უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, თბილისში ჩასვლისთანავე გავაგრძელო ესპანურის შესწავლა და ჩემი საბაზისო ცოდნა გავიღრმაო. ახალი შესაძლებლობების სუნი მცემს აქ.

ასე და ამგვარად, ჩემისთანა ადამიანისთვის მადრიდი სამუდამოდ დარჩება ალბათ ყველაზე დიდ თავისუფლებად, რადგან ზუსტად აქ გავხდი სრულიად დამოკიდებული საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე. რაც მთავარია, ამიერიდან, როცა სადმე წასვლა მომინდება, სხვების დაყოილიება აღარ მომიწევს და ეგ არის ის ჩემი ყველაზე დიდი ბოლოდროინდელი მიღწევა. მომდევნო პოსტში ჭეშმარიტ გრანადაზე გესაუბრებით.

პ.ს. ესპანეთში ძალიან ბევრი სტვენს. ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “ვსაუბრობთ ჭეშმარიტ მადრიდზე

  1. მარი

    ოდესმე, ასეთ პოსტს რომზე, მილანზე ან ფლორენციაზეც რომ დაწერ, იქნებ შურმა მაინც იმოქმედოს და გავეტიო სადმე, ამ ქვეყნის საზღვრებს მიღმა.

  2. Pingback: ვსაუბრობთ ჭეშმარიტ გრანადაზე | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »