ვსაუბრობთ ჭეშმარიტ გრანადაზე

Granada Alhambra

ჭეშმარიტი გრანადა მდებარეობს ანდალუზიაში, სამხრეთ ესპანეთში, მადრიდიდან ავტობუსით 5 საათის სავალზე (18-25 ევრო. გააჩნია, დღის რომელ მონაკვეთში მიდიხარ). გზად ფაქტობრივად სტეპებია, რომლებზეც თითქოს ძალითაა აღმოცენებული სახლები და მცენარეები. სამაგიეროდ, ინფრასტრუქტურა მოწოდების სიმაღლეზეა, ავტობუსში კი კონდიციონერია (ჩვენ რომ ჯერ კიდევ გვიკვირს).

ავტობუსის სადგურიდან (რომელიც ცენტრამდე საკმაოდ შორსაა), ჰოსტელამდე ფეხით ვიარე. სიცხეში, ბარგით. კი დავიღალე, მაგრამ, როგორც წინა პოსტში ვთქვი, თუ გინდათ, ქალაქი კარგად დაიმახსოვროთ და მისი ცხოვრება მალე შეიგრძნოთ, ასე უნდა მოიქცეთ (მთლად ჩემსავით კილომეტრებს ნუ ივლით ტვირთაკიდებული ჯორივით, მაგრამ მაინც).

პლასა ნუევა

პლასა ნუევა

პირველი შთაბეჭდილება

ფეხით სიარულისას გრძნობ, როგორ იცვლება შენ ფეხქვეშ საფარი და როგორ გადადიხარ იაფი სამეწარმეო ბლოკებით დაფარული ტროტუარიდან მარმარილოს მასიურ ფილებზე. ეს უკვე ნამდვილი გრანადაა, რომელიც იმდენად თვითმყოფადია, რომ მადრიდისგან მიღებული შთაბეჭდილებები ზუსტად 15 წუთში გამიქარწყლა.

წმინდა გილისა და წმინდა ანას ეკლესია

წმინდა გილისა და წმინდა ანას ეკლესია

გრანადა მინიმუმ ორი კულტურის შერწყმის ადგილია: მავრიტანულის და ევროპულის. აკვირდები სახლებს, ქუჩებს, არქიტექტურას და ხედავ, როგორ გადაიზრდება ერთმანეთში არაბული თაღები და ევროპული ორნამენტები. როცა უცქერ კათოლიკურ ეკლესიას, რომლის სამრეკლოს მავრიტანული მორთულობა ორგანულად ერწყმის ტაძრის ვიზუალს, ხვდები, რომ პრობლემა კულუტურების შეუთავსებლობის შესახებ არის ხელოვნურად მოგონილი. თავის ნებაზე თუ მიუშვებ, მშვენივრად ასიმილირდება.

ჰოსტელი

Al-Andalus გახლდათ ჩემი ჰოსტელი, რომელიც შიგ ცენტრში, იზაბელა კასტილიელის ძეგლის მიმდებარედ იყო. ამ ქალზე აბოდებდნენ (ალბათ, დღემდეც) ესპანელები, რადგან მან და ფერდინანდ არაგონელმა, ორმა კათოლიკე მონარქმა, განდევნა არაბები გრანადიდან. ჰოსტელს რაც შეეხება, ძალიან მყუდრო და სუფთაა. სველი წერტილები ოთახებშია და რიგში დგომაც არ გიწევს. ორსართულიან ლოგინებზე კარგი გემრიელი მატრასებია და კარგად გამოიძინებთ. ინტერნეტი ურვდა თავიდან და მერე გაასწორეს. ლიფტიც არის. საუზმე დიდად არ აღგაფრთოვანებთ (ჩაი, ყავა, ცხელი-ცივი რძე, წვენი, გახუხული პური, რძეში ჩასალბობი მარცვლები, ორცხობილები, კარაქი), მაგრამ თუ ძაან გშიათ, სულზე მიგისწრებთ. 2 ღამის ფასი 27 ევრო.

ალჰაბრას ცნობილი ლომების შადრევანი

ალჰაბრას ცნობილი ლომების შადრევანი

ალჰამბრა

გრანადის არქიტექტურაზე რა დავწერო, არ ვიცი. უაზრობაა ასეთ სილამაზეზე საუბარი. ჩუქურთმები აღვწერო თუ ელ ბაისინის სახლები? მოკლედ, ვისაც გიყვართ სადა სტილში გადაწყვეტილი არქიტექტურა, გაფორმებული პატარ-პატარა ულამაზესი ორნამენტებით (რომლებიც არსად მეორდება) და ყვავილებით, ეს ადგილი თქვენია.

ალჰამბრა (ესპანურად ალამბრა, არაბულად – ალამერა) კი გრანადის გვირგვინია. იგი სულთანმა მუჰამედ ნასერმა (მუჰამედ ალ-აჰმარმა) ააშენა, როგორც ქალაქის ციტადელი, 1492 წელს კი იზაბელმა და ფერდინანდმა აიღეს. მათმა შთამომავალმა კარლოს დიდმა კი თავისი სასახლე ჩადგა შიგ და ასე შეიკრა ის სამოთხე, რომელსაც ალამბრას კმპლექსი ჰქვია. აგვისტოს სიცხეს აქაური არაბულ-ევროპული ბაღების სიგრილე ისე აქარწყლებს, აღარც გახსოვსთ, გალავნის მიღმა რომ კვლავ ხვატია. ვისაც გაინტერესებთ, როგორ ჩურჩულებენ მარმარილოს ძველი შადრევნები, რა ფერი აქვს ანდალუზიურ მზის ჩასვლას და როგორია უდაბნოში გაშენებული წალკოტი, ნახეთ ალჰამბრა. ამაზე დიდ საოცრებას ცოტას ნახავთ სიცოცხლის განმავლობაში.

კაფე La Reinia Monica (დედოფალი მონიკა)

კაფე La Reinia Monica (დედოფალი მონიკა)

საკვები

გრანადა მადრიდზე იაფია, მაგრამ ტურისტული ქუჩები და ადგილები მაინც ძვირია. ისვე, როგორც ყველაგან, თვალშისაცემ ადგილას გახსნილ ულამაზეს კაფეებში ფასები ორჯერ მეტია, ვიდრე ნაკლებად ცნობილ კუთხეებში. ასე წანწალ-წანწალში აღმოვაჩინე კაფე რეინა მონიკა, რომელშიც ნებისმიერი რაოდენობის საჭმელს (ფურშეტივით ალაგია) მიირთმევთ 10 ევროდ დესერტისა და 250 გრამი ლუდის ჩათვლით!

საკრამონტე, გრანადა

საკრამონტე, გრანადა

ფოტოგრაფებო!

გაამზადეთ ლინზები, ბატარეები, ფირები, ყველაფერი: არ არსებობს, რომელიმე მხარეს გაიხედოთ და რამე განსაკუთრებული არ დაინახოთ! საკრამონტეზე, ყოველი ქუჩის ყოველ მეტრში რაღაც ისეთს იპოვით, რომ ჭკუიდან გადაგიყვანთ. და ასე გრძელდება დაუსრულებლად. დაიკარგებით და იქნებით ბედნიერი, რომ გზას ვერ აგნებთ.

ფლამენკოს სიგიჟე

ფლამენკოს სიგიჟე

ფლამენკო

ამის არნახვა იგივეა, რაც ქართული ცეკვის არცოდნა. საკრამონტეს გორაკზე ბევრი გამოქვაბულია, რომლიდანაც ყოველ საღამოს ფლამენკოს განწირული ხმები და რიტმს აყოლილი ტაშის ხმა გამოდის. პირადად მე ვიყავი Venta El Gallo-ში და სრულიად შოკირებული ვარ. გაიმეტეთ 20-25 ევრო და ნახეთ ეს სიგიჟე, სპაზმი, რომელიც მოცეკვავეებს პერიოდულად მართებათ, მთელს სხეულში დაუვლით და ფეხებს ისე აბაკუნებენ, ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელია.

ასეთია მთელი საკრამონტე

ასეთია მთელი საკრამონტე

რაც მთავარია: ხალხი არის კეთილი, თავაზიანი, ორი სიტყვა უთხარი ესპანურად და ვეღარ გამორთავ :)) ინგლისური ცოტამ იცის, მაგრამ მაინც გააგებინებთ ერთმანეთს. ქუჩაში გაუღიმებ, გაგიღიმებენ და buenos dias-ს არ მოგაკლებენ, თუ მოუბოდიშებ, მადლობას გადაგიხდიან და კარგ დღეს გისურვებენ. ამ ზრდილობიან და ტემპერამენტიან ხალხს არც საგზაო მოძრაობის წესები ეშლება: სულ პატარა, 2 მეტრის სიგანის ქუჩაზეც კი (და ასეთი გრანადაში უამრავია), ჯერ ჩემთვის მოპედსაც კი არ გადაუჭრია გზა. ბედნიერები არიან და ხასიათზეც ეტყობათ. ღვარძლი და შური არც ერთი ერთეული ადამიანის საქციელში არ შემიმჩნევია.

ასე რომ, როცა გრანადას ეწვევით, კარგად დაფიქრდებით, რატომ ვართ წილხვედრელები ჩვენ და არა ესენი, როცა ამათ ასეთი რამეები აქვთ და ჩვენ – არა. ვიცი ჩვენი ფასეულობებიც და მიყვარს კიდეც, მაგრამ ეს პატარა ერის კომპლექსები (თანაც ორივე: ქართველთმადიდებელი და საკუთარ ერზე ზიზღით მოსაუბრე) გვაუბედურებს და გვართმევს ყველაზე ძვირფასს – დროს, რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ და ჩვენში დაგროვილი ენერგია, წუწუნს, ბოღმას და ზიზღს კი არა, ნამდვილ საქმეს მოვახმაროთ.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »