ქალწული მეფე

გეცნობათ ეს გამოხედვა, თვალების ეს მოხაზულობა? ეს ქალწულის თვალებია. ყველაზე ძლევამოსილი ქალწულისა, რომელიც ისტორიას ინგლისზე დაქორწინებული დედოფლის სახელით შემორჩა.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/02/Theme1.mp3|titles=Theme1]

იცანით, არა? მისი უდიდებულესობა ელიზაბეთ I, დედოფალი ინგლისისა, რეგენტი ირლანდიისა, უზენაესი მმართველი ინგლისის ეკლესიისა, იგივე კეთილი დედოფალი ბესი.

იყო მეფე და ატარო გვირგვინი, ეს სანახავად გაცილებით დიდებულია, ვიდრე მისი ატანა

ამ პორტრეტის შექმნისას ეპანეთის “არმადა” უკვე განადგურებულია, ინგლისი ზღვების მბრძანებელია, დედოფალი კი 54 წლისაა. მარცხენა მხარეს დამარცხებული “არმადაა” გამოსახული, ხოლო გლობუსზე დადებული მარჯვენა ხელი ელიზაბეთის მსოფლიო ძლიერების აღმნიშვნელია. ინგლისს ოქროს ხანა უდგას. აქედან მოყოლებული, I მსოფლიო ომამდე, იგი ზღვების მბრძანებელია და სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს მოთამაშეთა შორის. ამ წარმატებისა და დიდების გარანტი კი XVI საუკუნეში, არც მეტი, არც ნაკლები, ქალწული გახდა.

იმ დროს, როცა ქალს სცენაზე გამოსვლისათვის გარდაუვალი სასჯელი ელოდა, პოლიტიკურ თეატრში სწორედ სუსტი სქესის წარმომადგენელი თამაშობდა. თამაშობდა კაცის როლს, რადგან ორად გაყოფილ ინგლისს ნაზი თითებით ვერ გადააკერებდი ერთმანეთს. ზოგისთვის ელიზაბეთი სატანის მოციქული იყო, ზოგისთვის – ზეცითმოვლენილი ღვთაება, ჟამთაღმწერლები მის მმართველობას “ოქროს ხანად” მოიხსენიებენ, სხვები კი ჰერმაფროდიტს ეძახიან. როგორც არ უნდა იყოს, ამ ღვთაებრივმა ურჩხულმა ჩაიდინა საოცარი რამ: რომის პაპის მიერ დაწყევლილი, ქაოსით მოცული და გარეგანი საფრთხეებით ალყაშემორტყმული ქვეყანა მტერთათვის თავზარდამცემ ციტადელად აქცია. ციტადელად, რომლის შიგნით ყვაოდა პოეზია, მუსიკა, მხატვრობა. ვითარდებოდა მეცნიერება და პოლიტიკური აზროვნება.

ჰენრი VIII

მას ყოველთვის წყალობდა ბედი. სხვაგვარად ვერც მამას გადაურჩებოდა და ვერც უფროს დას. დედამისი, ენ ბოლეინი, ჰენრი VIII-მ სწორედ იმიტომ მოაკვლევინა, რომ ვაჟი ვერ გაუჩინა, “სისხლიანმა” მერიმ კი სულ წყება-წყებად ამოხოცა პროტესტანტები, როცა მისი უმცროსი დაც მათი მხარდამჭერი იყო. მეტიც, ელიზაბეთი ტაუერშიც ჩაასმევინა პროტესტანტთა აჯანყებასთან კავშირის ეჭვის საფუძველზე. ამასთან ერთად, ელიზაბეთს დიდი ხნის განმავლობაში კანონიერ მემკვიდრედარ მოიხსენიებდნენ. ხოლო, როცა 10 წლის განმავლობაში ინგლისმა სამი მონარქი გამოიცვალა (ჯერ ჰენრი, მერე “საწყალი” ედუარდი და 1558 წელს მერი გარდაიცვალა), ტახტს მერის ქვრივი, ესპანეთის კათოლიკური ზესახელმწიფოს მონარქი ფილიპე II დაეპატრონებოდა. სხვა არჩევანი, პრაქტიკულად, არ არსებობდა. ელიზაბეთი!

დედოფალ ელიზაბეთ I-ის კორონაცია უესტმინსტერის სააბატოში 1559 წლის 15 იანვარს შედგა. მისი ყარყუმის მოსასხამზე ტიუდორთა ვარდის ემბლემებია გამოსახული.

ჰარტფილდში, ბაღში სეირნობდა, როცა მაცნეებმა მის წინ მუხლი მოიყარეს და დედოფალ მერის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. “A domino factum est et mirabile en acordes nostres” (“ასეთი იყო ნება ღვთისა”) – უთხრეს და ლონდონისაკენ წამოიყვანეს. უესტმინსტერის სააბატოში მას ათასობით ლორდი და უბრალო მოქალაქე მოაცილებდა. ღვთისმსახურება ლათინურ და ინგლისურ ენაზე აღევლინა, რათა ერთნაირად მისაღები ყოფილიყო როგორც კათოლიკე, ისე პროტესტანტი მრევლისთვის. ელიზაბეთს მირონი კათოლიკ ეპისკოპოსმა შვიდჯერ სცხო: ბეჭებზე, მკერდზე, ხელებზე და შუბლზე. ეს იყო დიდი ზეიმი, განსაკუთრებით პროტესტანტთათვის, რადგან ამიერიდან მათ მფარველი გამოუჩნდათ.

მიუხედავად გამოუცდელობისა და მტრულად განწყობილი გარემოცვისა, ახალგაზრდა დედოფალს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. იგი უყვარდა ხალხს. გამჭრიახი და განათლებული ელიზაბეთი თავისუფლად საუბრობდა ლათინურ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე, იცოდა ბერძნულიცა და პორტუგალიურიც. სტუმრად მყოფ ელჩებს დედოფალი თავიანთ მშობლიურ ენაზე ესაუბრებოდა, რითაც, ერთდროულად, კეთილგანაწყობდა და აცვიფრებდა მათ.

ამ საოცრად ქარიზმატულ ქალს კიდევ ერთი დიდი პლუსი ჰქონდა: მოდა. როგორც ვიცით, ელიზაბეთმა გადაწყვიტა, ქალწულად დარჩენილიყო (მისი ფრაზა “მე დაქორწინებული ვარ ინგლისზე”) და ეს საკუთარ ჩაცმულობაზეც ასახა. დედოფალს ეცვა ყველაზე ლამაზად, მოხდენილად და ექსტრავაგანტურად. რამდენიმე ასეული სამკაული, ათეულობით კაბა და მარაოები მის გარდერობებს ავსებდა. ელიზაბეთი ოქროსფერ, თვლებით მორთულ პარიკს ატარებდა, თმა კი დაბალზე ჰქონდა შეჭრილი. სახეზე, მკერდსა და ხელებზე ფერუმარილს ისმევდა. გულამდე ამოჭრილი და წელში გამოყვანილი კაბები გაშლილი ქვედაბოლოთი მთავრდებოდა. საყელო ძალიან დიდი, აბრეშუმისგან ნაქსოვი და რამდენიმე შრის მქონე იყო, რათა მხრებზე კარგად მოდგომოდა. კაბებს უძვირფასესი აბრეშუმისგან ქსოვდნენ და ყოველგვარი ძვირფასი თვლით რთავდნენ, შესაბამისად, თითოეული ასეთი სამოსი ათასობით ძვირფას ქვას შეიცავდა. ელიზაბეთი შავ და თეთრ კაბებს ანიჭებდა უპირატესობას, რადგან ეს ორი ასკეტური ფერი მის ქალწულებრივ პატიოსნებას უსვამდა ხაზს. ერთი სიტყვით, დედოფლისათვის რომ შეგეხედათ, ადამიანს კი არა, მარმარილოს უძვირფასეს ქანდაკებას დაინახავდით. ელიზაბეთი ამკვიდრებდა საკუთარ მოდას და, ამასთან ერთად, არავის ჰქონდა უფლება, მასზე ლამაზად გამოპრანჭულიყო. უყვარდა პოზიორობა, რაზეც მისი ათეულობით დახვეწილი პორტრეტი მიუთითებს. თითქმის ყოველ მათგანზე იგი სხვა კაბითაა დახატული.

ტახტზე ახლად ასულ ელიზაბეთს ორი გადამტერებული ეკლესია და შიდაომებით დაღლილი ინგლისი დახვდა. პირველი საკითხის გადაჭრა მან კათოლიკეებისა და პროტესტანტების გულის მოგებით გადაწყვიტა და არც ერთი არ გახადა დომინანტი, არამედ თვითონ გამოაცხადა თავი ეკლესიის მმართველად. პირველად ისტორიაში ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენელი ქალი გახდა. ეს გადაწყვეტილება ერთდროულად გასაკვირიც იყო, შოკისმომგვრელიც და სწორიც. ამით ელიზაბეთი, გარკვეულწილად, თავის თავზე კისრულობდა პასუხისმგებლობას ორივე ეკლესიის წინაშე, რითაც დროს იგებდა, რომ შინაურ მტრებს გასწორებოდა. ამაში კი სერ ფრენსის უოლსინგემი, ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი ჯაშუში დაეხმარა.

სად იყო ჯეიმს ბონდი, როცა უოლსინგემი ინგლისის საიდუმლო საქმეების ცენტრში ტრიალებდა. 1579 წლიდან იგი დედოფლის დაცვას ხელმძღვანელობს, ასევე სამეფო ჯაშუშური ქსელის შეფია. სწორედ მისი წყალობით გაიშიფრა მერი სტიუარტის საიდუმლო მიწერ-მოწერა ესპანეთის მეფე ფილიპე II-სთან, რითაც ინგლისის სამეფო ტახტს დიდი უბედურება ასცდა. ამის შემდეგ იყო “დიდ არმადასთან” ბრძოლა, რომელშიც უოლსინგემს ასევე დიდი წვლილი მიუძღვის. აქვე თავი გამოიჩინეს მეზღვაურმა ფრენსის დრეიკმა და რობერტ დადლიმ, ერთ დროს დედოფლის დიდმა სიყვარულმა…

რობერტ დადლი, ლეისისტერის პირველი გრაფი

დადლის უკვე ჰყავდა ოჯახი, როცა პრინცესა ელიზაბეთი გაიცნო. სანამ სამეფო გვრიგვინის სიმძიმეს იტვირთავდა, ელიზაფეთი მთელ დღეებს მასთან ერთად ატარება. ორივეს ცხენზე ჯირითი უყვარდა მთელს ჰარტფილდში დააჭენებდნენ. 1559 წლისთვის, როცა ელიზაბეთი მონარქად ეკურთხა, ნათელი გახდა, რომ თუ ქალწული დედოფალი დაოჯახებულ კაცთან დარჩებოდა, ეს კიდევ უფრო შეარყევდა ინგლისის რეპუტაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ბევრი ურჩევდა, თავი გაენებებინა ამ გატაცებისათვის, რომელსაც შეეძლო იგი დაეღუპა. ელიზაბეთი კი უძვირფასესი სამეფო საჩუქრებით ანებივრებდა გრაფს. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ ათასგვარ წვრილმანზე, მაშინ ქალი წყობიდან გამოდიოდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა დადლის. ეს იყო ნამდვილი შეყვარებულების ურთიერთობა, რომელსაც, ადრე თუ გვიან, დასრულება ეწერა. ელიზაბეთი უნდა გათხოვილიყო.

დედოფლად გახდომისთანავე ელიზაბეთის სასახლე ხელის მთხოვნელთა საჩუქრებმა აავსეს. ვინ აღარ ეძლეოდა: ანჟუს ჰერცოგით დაწყებული, რუსეთის მეფე ივანე მრისხანეთი დამთავრებული. დედოფალმა მათ ყველას, ხან პირდაპირ, ხან გადაკვრით, ცალ-ცალკე უარი შეუთვალა. თავდაპირველად გარემოცვამ ამ ფაქტს ირონიით შეხედა და ახალბედა დედოფლის ახირებად ჩათვალა, მაგრამ როცა წლები გავიდა ელიზაბეთი კვლავ უარზე იდგა, პასუხიც მოსთხოვა. მან კი განაცხადა, რომ ქალწულად აპირებს დარჩენას და რომ განგებამ ინგლისზე დააქორწინა.

 

ელიზაბეთ I-ის ეს ნახატი 1620 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგაა შესრულებული. ეს დრო ინგლისის ტახტისათვის ბრძოლის პერიოდია. 70 წელს მიტანებული დედოფლის მარცხენა მხრიდან სიკვდილი იმზირება, მისი გვირგვინი პატარა ანგელოზებს უჭირავთ.

წლები მართლაც გავიდა და ნათელი გახა, რომ ოქროს ხანის ინგლისს, სადაც ყვავის მეცნიერება, მუსიკა და შექსპირის დრამატურგია, ადრე თუ გვიან, დასასრული ელოდა. ეს იმიტომ, რომ ელიზაბეთი ტიუდორთა გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. მისი სიცოცხლის ბოლო პორტრეტებზე სახე საგრძნობლად მობერებულია, კანი ჩამომჭკნარი და სახე – ავადმყოფური შესახედაობის. ასაკთან ერთად, ეს იმ საცხმაც განაპირობა, რომელსაც ელიზაბეთი ყოველთვის იყენებდა. მასში შემავალი თუთია კანს ფიტავდა და აავადებდა. მიუხედავად ამისა, 1603 წლამდე დედოფლის ჯანმრთელობა მტკიცე იყო. მისი მეგობრები და ძლიერი პარტნიორები, რომლებიც გარს ეხვივნენ და ამხნევებდნენ, ნელ-ნელა შემოეცალნენ. ელიზაბეთი მარტო დარჩა. მარტის თვეში იგი ავად გახდა, როგორც საისტორიო წყაროები იტყობინებიან, “უკურნებელი მელანქოლიით”. 24 მარტს გლოვის დღე დადგა, დედოფალი გარდაიცვალა.

 

უესტმინსტერის სააბატოში დედოფალი ელიზაბეთ I მისი ნახევარდის, დედოფალ მერი I-ის გვერდითაა დაკრძალული. საფლავზე ლათინურად წერია: "პარტნიორები ტახტზე და საფლავში, აქ განისვენებს ორი და, ელიზაბეთი და მერი, მომავალი აღდგომის იმედით"

ისტორიკოსთა თქმით, როდესაც დედოფლის გამოსახულებიანი კუბო უესტმინსტერის სააბატოში მიასვენეს, გარშემო შეკრებილ უზღვავ ხალხს ენითაღუწერელი გმინვა აღმოხდა. ადამიანი, რომელმაც ბევრ ერთად აღებულ მონარქზე მეტი გააკეთა, იყო ქალწული მეფე. ალბათ, მთელი მისი ძლევამოსილება თუნდაც ამ მსხვერპლად ღირდა. მისი მმართველობის შემდეგ ინგლისის ტახტისათვის რამდენიმე რევოლუცია მოხდება, ჩარლზ I-ს თავს მოჰკვეთენ, ძმები კრომველები პარლამენტის უფლებებს გააძლიერებენ, მაგრამ ეს უკვე მამაკაცის ძლიერი ხელია, რომელიც მამაკაცსავე აბია და არა – მამაკაცის ძლიერი ხელი, რომელიც მანამდე ქალწულ მეფეს ება.

 

 

 

 

 

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

30 thoughts on “ქალწული მეფე

    1. zurriuss Post author

      მადლობა, 1 თვის წვალებას უკვალოდ არ ჩაუვლია :)

      1. Natalia

        ჯობია უბრალოდ შეიფერო, მაგრამ აგიხსნი თუ გინდა :D იმიტომ რომ, მიყვარს ასეთი პოსტები – ინფორმაციული, თან საინტერესოდ დაწერილი და ისტორიული მშრალი ფაქტებით რომ არ არის მხოლოდ გაჯერებული. თან, სულ რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი ელიზაბეტზე და ვიკიპედიაში გადავხედე კიდეც. კიდევ დავამატო რამე? :D

  1. ბადრი

    ძალიან ზედაპირულია, ძალიან ცალმხრივი.ღრმა ანალიზი აკლია, ბევრი რამ საკამათოა. ცოტა ღრმად რომ ჩაჰყოლოდი, მაშინ ნახავდი რომ არც ქალწულია ქალწული და არც ქალწულის ხელში ინგლისი ისეთი ძლიერი როგორიც შენ დახატე.

    1. zurriuss Post author

      აბსოლუტურად გეთანხმები. მეც მინდოდა, უფრო მეტი დამეწერა, რადგან თითქმის თითოეულ წინადადებას მოეძებნება მისი წყარო და ალტერნატიული შეხედულება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის არა პორტრეტული ნარკვევი, არამედ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ამ ფიგურის მიმართ, საჭიროდ ჩავთვალე, მოკლედ მომეთხრო ჩემთვის საინტერესო ამბები.
      სამწუხაროდ, დიდი პოსტების კითხვა ძალიან ცოტას თუ უყვარს.

      1. ბადრი

        და სუბიექტური აზრი რას გვეუბნება? რომ ელისაბედი ქალწული იყო? (ნეტარ არიან მორწმუნენი). რომ თუ არა ბუნების ჭირვეულობა, ინგლისი დაამარცხებდა ესპანეთს? (მასე იაპონიაც იხსნა ქარიშხალმა მონღოლთა აგრესიისგან, მაგრამ იაპონელებს ეყოთ სინდის-ნამუსი და არ დაიბრალეს მონღოლთა დამარცხება).

        1. zurriuss Post author

          მე იქ არ ვყოფილვარ და სანთელი არ მჭერია, ასე რომ, ვამბობ იმას, როგორც შემორჩა ისტორიას – ეგ ერთი.
          ქარიშხალმა და ბრანდერებმა რომ იხსნა ინგლისი, ქულა ესპანეთს დაეწერებოდა? :)
          იაპონია-მონღოლეთის ამბებში გენდობი და ველი შენს პოსტს :)

          1. ბადრი

            ინგლისის ისტორიას? ისტორიას ისიც შემორჩა ჰერმაფროდიტი იყოო, მაგრამ ეგ შენს “ქალწულის თვალების” ისტორიაში არ ჯდება და ამიტომ მოისვრი არა?
            ეხლა არმადაზე. ლა მანშის სრუტეში პირველ ბრძოლაში ინგლისელებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ეგ იმიტომ რომ ესპანელებს ბრძოლის სწორი ტაქტიკა ჰქონდათ შერჩეული. ეს ქულა ნამდვილად ესპანელებს დაეწერათ მოგწონს ეს თუ არა. მხოლოდ მას შემდეგ რაც ქარიშხალმა ესპანელთა მწყობრი დაარღვია შეძლეს ინგლისელებმა პირველი წარმატების მიღწევა. ეს ქულა ქარიშხალს და არა ინგლისელებს. თუმცა ისტორიის შენეულ ხედვაში არც ეს ჯდება და ამასაც მოისვრი ალბათ.
            ეხლა იაპონიაზე. “კამიკაძე” იცი რაც არის არა? “ღვთიური ქარი”. ასე ერქვა ტაიფუნს რომელმაც ჩაძირა მონღოლი ხუბილაი ხანის ფლოტი და გადაარჩინა იაპონია. არ ყოფილიყო ეს ორი ქარიშხალი და შებრუნდებოდა ისტორიის ჩარხი.
            პ.ს. ისტორია საკმაოდ ზუსტი მეცნიერებაა და სუბიექტურ ხედვებს ვერ იტანს. ისტორიაში ყოველ რატომს აქვს თავისი იმიტომ. სიმპატიები ეს უკვე მერე ჩნდება.

            1. zurriuss Post author

              თუ კარგად დააკვირდები, მე ნახსენები მაქვს, რომ ზოგიერთები მას ჰერმაფროდიტად მოიხსენიებენ – ეს ისე, დაკვირვებულობისათვის. რაც შეეხება ესპანელთა ტაქტიკას, არმადა ისეთი ვეებერთელა და აუღებელი იყო, ქარიშხალიც რომ მოერია, პირადად მე – მიკვირს. ერთადერთი მინუსი, რაც მათ ჰქონდათ, ნაკლები მანევრირება იყო. მე არაფერს მოვისვრი, რადგანაც ჩემი მოსროლა-შენახვით არაფერი წყდება. იმედია, ამაზე არ მეკამათები :)
              შენი კომენტარის ბოლო ნაწილზე გეთანხმები. ეგრეა. მე ელიზაბეთი ჰაერზე არ შემყვარებია (ბევრს რომ ჩე გევარა უყვარს ეგრე). უბრალოდ, მე არ მიმაჩნია ჩემი პოსტი რაიმეს განმსაზღვრელად და ა’პრიორად, რომ ამდენ დავას იმსახურებდეს. როგორ წარმოგიდგენია, 600 სიტყვაში ელიზაბეთის მთელი ბიოგრაფია ჩამეტია თავისი შიდა საქმეებით და საგარეო პოლიტიკით? ჰოდა პრეტენზია არც არაფერზე მაქვს და ნურც შენ მოიშლი ნერვებს :)
              თუმცა დიდი მადლობა, რომ ასე დაგაინტერესა ამ თემამ.

  2. ფაიფურის ანგელოზი

    ძლიერი ქალი რომელმაც ინგლისისადმი ერთულებით საქმროებს განუცხადა i’m not ur Elizabeth.ფილმში სადაც დედოფლის როლს ქეით ბლანშეთი თამაშობს,დედოფალი ლესტერის გრაფს კარგ სიტყვებს ეუბნება “შენ ცოცხალს დაგტოვებ რადგან რამდნეჯერაც დაგინახავ გამახსენდეს რომ უფსკრულის წინ ვიდექი”.
    ძალიან კარგი პოსტია.

    1. zurriuss Post author

      ფილმზე გამახსენდა: რეჟისურული თვალსაზრისით, მეორე პირველთან ვერ მივა. თუმცა მეორეში ძალიან მაგარი ფერებია.

  3. მოხეტიალე

    თავიდან მეგონა ფაქტების და თარიღების რახარუხი იქნებოდა, მაგრამ საერთო ჯამში კარგად იკითხება.
    ბევრი გიწვალია, ხოდა დაგიფასდება იმედია. ლაიქი ჩემგან ;)

    1. zurriuss Post author

      ჰო. ყველაზე რთული მაგ თარიღების ჰარმონიულად განფენაა :)

  4. Sophie שרה Golden – ფრიგიდების მტერი

    პოსტია კარგია, როგორც ყოველთვის, მაგრამ ქალწულის თვალები რა ჯანდაბაა. არასოდეს მევასებოდა მე ეს ქალი: ფრიგიდული, გაყინული, მახინჯი და ბოროტი (გაბოროტებული იქნებოდა, აბა რა).
    ეს არ იყო, მარია სტიუარტი რომ მოაკვლევინა?
    ეს მედია რა დღეში გვაგდებს, ქეით ბლანშეტს რომ არ ეთამაშა ამის როლი, კაციშვილს მაგასთან მიკარების სურვილიც არ გაუჩნდებოდა, როგორც ცხოვრებაში არ გაუჩნდათ, პრინციპში :პ

    1. zurriuss Post author

      წარმომიდგენია შენი რეაქცია, ეგ რომ დრიუს ეთამაშა :d
      ისე, ელიზაბეთი ჯერ კიდევ მაშინ დამევასა, როცა სკოლაში ისტორიის წიგნში ვნახე. მერე იყო ფილმი, მერე – ენციკლოპედიები და ა.შ. :)

        1. zurriuss Post author

          მეც პატივს ვცემ შენს აზრსა და გემოვნებას :* :*

  5. Pingback: ინტრიგებშეწირული მარიამი « faifuris angelozi

  6. ფაიფურის ანგელოზი

    შენი პორსტი იმდენად მომეწონა რომ გავბედე და საპასუხო პოსტად ელისაბეთის მეტოქე ქალზე მარიამ სტიუარტზე დავწერე.ალბათ დამეთანხმები რომ ეს ორი ქალი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია)
    http://faifurisangelozi.wordpress.com/category/uncategory/

  7. ფაიფურის ანგელოზი

    შენი პოსტი იმდენად მომეწონა რომ გავბედე და საპასუხო პოსტად ელისაბეთის მეტოქე ქალზე მარიამ სტიუარტზე დავწერე.ალბათ დამეთანხმები რომ ეს ორი ქალი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია)
    http://faifurisangelozi.wordpress.com/category/uncategory/

  8. Mekostar

    ძალაუფლებამ რომელმაც იგი დიდებითა და ძლევამოსილებით შემოსა ვერ გახადა ბედნიერი როგორც ქალი… საინტერესოზე ბევრად მეტია ეს პოსტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.