ურიელ აკოსტა

"ურიელ აკოსტა" – უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე

ყველა თეატრს გააჩნია  თავისი სპექტაკლი – სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც უკვდავია და უცვლელი სახით უნდა დარჩეს.

Teatri.Ge

“ურიელ აკოსტა” ჩვენი თაობის იმ სპექტაკლებს განეკუთვნება, რომლებიც ლეგენდის ხარისხშია აყვანილი. მარაჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში იგი დასაბამიდანვე, უკვე 80 წელზე მეტია, არსებობს. თავდაპირველად მას უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდნენ. მეორე დიდი ტანდემი 1972 წელს შედგა, როცა მთავარი როლები კოტე მახარაძემ და სოფიკო ჭიაურელმა მოირგეს.

"ურიელ აკოსტა" – კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი

დღეს “ურიელ აკოსტას” უკვე მეოთხე თაობა ასრულებს. 2006 წელს, სოფიკო ჭიაურელის მიერ აღდგენილ სპექტაკლში , ნიკა თავაძემ და ნატა მურვანიძემ ითამაშეს. პირველად ხდება, რომ მთავარი გმირები რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთის მეუღლეები არიან. პირველსა და მეორე შემთხვევაში, ორივე წყვილმა სწორედ “ურიელ აკოსტას” შემდეგ ოჯახები დაანგრია.

"ურიელ აკოსტა" – ნიკა თავაძე და ნატა მურვანიძე

“ურიელ აკოსტა” წარსული დროის, წარსულ მსახიობთა და წარსული ყაიდის სპექტაკლია. ძველქართული ენა, ძველი, ჰეროიკული სასცენო პლასტიკა, მუსიკა–უვერტიურა. ყოველივე ეს სპექტაკლს საოპერო ჟანრთან აახლოებს. “ურიელ აკოსტას”  თითოეული სცენა უცვლელი სახითაა შემონახული. შეიცვალა დრო, შეიცვალნენ მსახიობები.

დღეს ახალი თაობა ცდილობს, გადმოცეს კარლ გუცკოვის მიერ შექმნილი და კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ნაწარმოების სული.  ებრაელთა მიერ შეჩვენებული ფილოსოფოსის, ურიელ აკოსტას როლს ნიკა თავაძე ასრულებს. იგი, ერთი მხრივ, ებრძვის ზედმეტად ტრადიციულ ღვთისმსახურებას, მეორე მხრივ, თავდავიწყებით უყვარს ივდითი – ებრაელი მღვდელთმთავრის, დე სილვას ძმისწული. ივდითი, რომელსაც ნატა მურვანიძე თამაშობს, ულამაზესი იუდეველი ქალია და მდიდარ ბენ–იოხაიზე ძალით ათხოვებენ.

სპექტაკლის პირველი მოქმედება და პირველი რეპლიკები ჩემთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მეცინებოდა. ამაში, ალბათ, მე ნაკლები დანაშაული მიმიძღვის, ვინაიდან ყოველდღიურობაა ასეთი. დღეს ვერც ერთ სპექტაკლში ვერ შეხვდებით თავქარიან მონოლოგებს, ძველქართულ ენასა და სტატიკურ ჰეროიკულ სცენებს (რაც ძალიან კარგია სურათის გადასაღებად). თუმცა შემდეგ უკვე გავითავისე სპექტაკლი და მსახიობებზე გადავერთე.

ამ ფოტოში ნატა მურვანიძე დოდო ჭიჭინაძეს მივამსგავსე

ესეც ნიკა თავაძე – სპექტაკლის კულმინაციურ მომენტში

ნატა მურვანიძე შესანიშნავად ასრულებს ივდის. ძნელია, უცვლელად ითამაშო ის როლი, რომელსაც 80 წელი გაშორებს. ძნელია, XXI საუკუნეში XX საუკუნის ტექნიკით განასახიერო ივდითი და, ამასთან ერთად, არ იყო ყალბი. იგივე ითქმის ნიკა თავაძეზეც. თავდაპირველად ცოტა მშრალი მომეჩვენა მისი შესრულება, მაგრამ მეორე მოქმედებიდან ჩემ თვალწინ ნამდვილი ურიელ აკოსტა იდგა.

გამაოცა ლეო ანთაძის სამსახობო ოსტატობამ, რომელიც უხუცეს ბენ-აკიბას ასახიერებს. მის ასაკში ასე დახვეწილად, მრავალფეროვნად და ასე დამაჯერებლად თამაში მართლაც იშვიათია. ბენ-აკიბა იყო ერთადერთი ეპიზოდური ფიგურა, რომელიც მხოლოდ დადებით და გულწრფელ ემოციებს აღძრავდა. მომეწონნენ დიმიტრი ტატიშვილი, დავით დვალიშვილიცა და გიორგი ჩუგუნაშვილიც.  სამივე მათგანი ქმნიდა დამაჯერებლობის ეფექტს და ცდილობდა, სრულად გადმოეცა ძველი ეპოქის სული.

ჩემი აზრით, ასეთი სპექტაკლების მთავარი პრობლემა დღესდღეობით დამაჯერებლობაა. დღეს რომ მაყურებელს ვერთერის ან რომეოს მონოლოგი ისე პათეტიკურად წაუკითხო, როგორც ერთი საუკუკნის წინ, ძნელად დაგიჯერებს, თუკი ამ საქმის დიდი ოსტატი არ ხარ. სწორედ ამ საქმის დიდი ცოდნა გეხმარება, რომ ჯერ შენ დაიჯერო და მერე სხვა დაარწმუნო შენს სიტყვებსა და ქცევებში.

სამწუხაროდ, ამას ვერ ან არ ახერხებდნენ სცენაზე მდარი ახალგაზრდა მსახიობები, რომლებიც მასობრივ სცენებში მონაწილეობდნენ. მეჩვენებოდა, რომ ისინი ღადაობდნენ სპექტაკლზე, რაც, დამეთანხმებით, გაუმართლებელია. ამასთან ერთად, კულისებიდან ისმოდა დეკორაციის ხმაური, რაც ერთგვარს აკუსტიკურ სიბინძურეს ქმნიდა. თვითონ სპექტაკლის დეკორაციას რაც შეეხება, ხელის შევლება არ აწყენდა. ოცხელის ნახატების მიხედვით აწყობილ სცენას დღეს უდიერად მოპყრობის კვალი ატყვია, რაც ძალიან არ მომწონს.

თუ ასე გარისკეს და ერთ–ერთი უძლიერესი სპექტაკლი უცვლელად აღადგინეს, ბარემ ბოლომდე მოუარონ ამ სამუზეუმო ექსპონატს.

მიუხედავად ყველაფრისა, “ურიელ აკოსტამ” ძალიან დადებითად განმაწყო. ჩემ თვალწინ გათამაშდა ყველაფერი ისე, როგორც ეს ერთი საუკუნის წინ ხდებოდა. მე ვიგრძენი ძველი თეატრალური ტრადიციების სული. სწორედ აიიტომ ღირს “ურიელ აკოსტას” ნახვა, რომ იმოგზაუროთ ქართული თეატრის ისტორიაში.

როდესა სპექტაკლი დასრულდა, მსახიობებმა  “ურიელ აკოსტას” ძველ შემსრულებელთა პორტრეტებს სთავი დაუკრეს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

7 thoughts on “ურიელ აკოსტა

  1. Dv0rsky

    პეტრე ოცხელი ძალიან მომწონს – მოდერნისტებში ერთ-ერთი უნიჭიერესია

  2. Sophie 'Sunny' Golden

    ძალიან ძალიან ადრე ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდა ივდითის როლს და როგორც ამბობენ, აი, ის იყო უმაღლესი დონის სპექტაკლი და საერთოდ, სულ სხვა სამყარო.

    ისტორიულად, ურიელ აკოსტა ერთერთ “რევოლუციონერად” ითვლებოდა, რომელმაც რელიგიის/დოგმების წინააღმდეგ გაილაშქრა. ეჭვი მაქვს, კომუნისტების ფავორიტ სპექტაკლადაც ამიტომ იქცა ;)

    1. zurriuss Post author

      კი სოფ, დასასრული ნამდვილად კომუნისტური აქვს ;)

  3. CinnamonGirl

    სამწუხაროდ ეს სპექტაკლი ჯერ არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის თანამედროვე თეატრალურ ცხოვრებაში მარჯანიშვილი ყველას მირჩევნია…

    ხოდა იქით კვირაში, თუ იქნება, ავდგები და წავალ…

    ბოლოს რაც ვნახე, ისევ მარჯანიშვილში იყო ანტიგონე. ძალიან, ძალიან მომეწონა.

    1. zurriuss Post author

      მე “რუსთაველი” მირჩევნია. უფრო დისციპლინირებულია და იმიტომ ;)

  4. kevana

    კარგი პოსტია :)

    გეთანხმები დამაჯერებლობის პრობლემაზე : ) ეგ ნიჭს და ცოდნას მოითხოვს :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.