რატომ არ დავთმობდი იმ 5 წელიწადს

ზუსტად 99 წლის წინ, 1912 წლის 15 აპრილს, მსოფლიო “ტიტანიკის” კატასტროფამ შეძრა. იმ დროისათვის ყველაზე დიდი და ძვირფასი გემი თავის პირველ რეისზე აისბერგს შეეჯახა და ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა. კატასტროფას, 2200 მგზავრიდან, 1500 ემსხვერპლა.

შაბათი დილა გათენდა. მეხუთეკლასელმა ფრიადოსანმა ჩვეულებისამებრ 8-ზე გაიღვიძა, ბევრი არ უკოტრიალია, ფეხზე წამოხტა, ზოლებიანი მოკლემკლავიანი მაისური ჩაიცვა (ეღირსა თბილი ამინდები!) და ტელევიზორის ოთახისკენ გაემართა. გადმოალაგა სქელი, დახვეული ფურცლები, ძველი უხმარი შპალერი, სახაზავ-ფანქრები და ვიდეომაგნიტოფონში ისევ ის კასეტა შეაცურა.

იფიქრებთ, ეს სასიყვარულო სცენა განსაკუთრებით რომანტიკულად ეჩვენებოდა, არადა სულ არ აინტერესებდა, ვინ ვის კოცნიდა. ერთადერთი, რაც მას გამუდმებით და განუზომლად იზიდავდა, გემი იყო. საგანი, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს ენახა და არც ოდესმე დაინტერესებულა მისით…

ეს "ტიტანიკია" ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში. 268 მეტრის სიგრძის, 28 მეტრის სიგანის და სუფთა წონით 24 900 ტონის გიგანტის აგება მაშინდელ ვალუტაზე 7 500 000 დოლარი დაჯდა, რაც დღევანდელი კურსით 400 000 000 დოლარს შეადგენდა.

ეს პირველი კლასის სასადილო დარბაზია. ფუფუნება, მოოქროვილი ჩუქურთმები, საუცხოოდ მორთული ინტერიერი და თავაზიანი პერსონალი "ტიტანიკს" იდეალურ ადგილად აქცევდა არა მხოლოდ მდიდართათვის, დაბალი ფენის წარმომადგენელთათვისაც. "ტიტანიკი" პირველი ლაინერი იყო, რომელსაც ჰქონდა საცურაო აუზი და თურქული აბანო. იქ შეგეძლოთ, რეგულარულად გევლოთ ტრენაჟორებზეც და დალაქთანაც.

ეს მესამე კლასის მოსაწევი ოთახია. მიუხედავად ფენათა მკაცრი დიფერენციაციისა, "ტიტანიკზე" მოხვედირლთა უმრავლესობა თავს უბედნიერესად გრძნობდა, რადგანაც გაუმართლა და ფეხი შედგა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ლაინერის გემბანზე. წინ ამერიკა ელოდათ, ასრულებული ოცნებების ქვეყანა.

“ტიტანიკის” ხილვის შემდეგ ერთი ოცნება გაუჩნდა: კიდევ ენახა იგი. ენახა გაზეთებში, ენციკლოპედიებში, დოკუმენტურ ფილმებიში, სათამაშოებში, სიზმრებში მაინც. ყოველდღე, როგორც კი გაკვეთილებს მორჩებოდა, თავისი საფიქრალის ერთადერთ “დოკუმენტურ” წყაროს, კასეტას მიუბრუნდებოდა და დეტალურად იხატავდა გემის ყველა ნაწილს, რისი გარჩევაც შეეძლო. ამდენი დაპაუზებით ფირიც ნელ-ნელა იცრიცებოდა და გამოსახულებაც ფუჭდებოდა, მაგრამ ეს არ აღელვებდა. იმდენი მოახერხა, რომ მამამისს მეორე, უკეთესი ხარისხის კასეტა აყიდინა ფრიადებზე ნასწავლი გაკვეთილების სანაცვლოდ…

ეს უზარმაზარი ხომალდი ამ ოთახიდან იმართებოდა. "ტიტანიკს" ორი საჭე ჰქონდა. აქედან ერთს გაშლილ სივრცეში მოძრაობისათვის იყენებდა, მეორეს - პორტებში შესასვლელად. გემმა გეზი საუთჰემფტონიდან 10 აპრილს აიღო და ირლანდიის გავლით ატლანტის ოკეანე უნდა გადაეკვეთა. დაუვიწყარი მოგზაურობა ნიუ-იორკში დასრულდებოდა. კომპანია White Star Line, რომელსაც "ჩაუძირავი ტიტანიკი" ეკუთვნოდა, განუზომელ სახელს მოიხვეჭდა.

გემისკაპიტანი ედუარდ ჯონ სმიტი (მარცხნივ მსხდომი) ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად. სწორედ მისი ბრძანებით უმატა გემმა სვლას, რათა რეკორდულ დროში, 5 დღის ვადაში ჩასულიყო დანიშნულების ადგილამდე. სანამ "ტიტანიკი" სიჩქარეს კრეფდა, პარალელურად იგი დაუმორჩილებელიც ხდებოდა. ქვანახშირზე მომუშავე მექანიზმი ძნელი სამართავია და თუ საჭიროებამ მოითხოვა, მის მანევრირებას დიდი დრო დასჭირდება. 14 აპრილის ღამეს ყველაფერი ეს დამტკიცდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო.

დაახლოებით 12-ის ნახევარი იყო, როცა სამეთვალყურეო ანძაზე აისბერგი შენიშნეს. გემი პირდაპირ მისკენ მიდიოდა. ოფიცერმა უილიამ მერდოკმა ბრძანება გასცა: "საჭე მარცნივ, გემი სრული სვლით უკან!" შემდეგ ბრძანება შეცვალა და გემმაც მოხვევა დაიწყო, თუმცა "ტიტანიკი" იმდენად ძნელად მანევრირებადი და იმდენად დიდი ინერციით მიმავალი იყო, რომ აისბერგს გვერდი ვერ აუარა და აისბერგს მარჯვენა მხიდან დაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილი კონსერვის ქილასავით გაიჭრა. "ტიტანიკის" არქიტექტორმა ტომას ენდრიუსმა, რომელიც ასევე ბორტზე იმყოფებოდა, უკვე 20 წუთში დადო დასკვნა, რომ "ჩაუძირავი ლაინერი" საათნახევარში დაიღუპებოდა. გემის 16 წყალგაუმტარი დანაყოფიდან 6 დაზიანდა და წყლით გავსება დაიწყო. "ტიტანიკს" შეეძლო, გადარჩენილიყო ნებისმიერი 5 ასეთი წყალგამყოფის დაზიანების შემთხვევაში, მაგრამ 6-ს ვერ გაუძლებდა.

მშობლებს უკვე დასანახად ეზიზღებოდათ “ტიტანიკი”. ბავშვს ავადმყოფს ეძახდნენ. როცა სხვები ომობანას თამაშობდნენ, ის სახლში იჯდა და აისბერგით დაზიანებულ გემის ნაწილებს წითელი ფანქრით ნიშნავდა. სათამაშოდ როგორ არ გადიოდა, მაგრამ იყო მომენტები, როცა სახლში ყოფნა და გემის კვლევა-ძიება ყველაფერს ერჩივნა. ამასობაში რუსულად დუბლირებული ფილმი ისე გადაღეჭა (ორიგინალები არ იშოვებოდა), რომ უკლებლივ ყველა სიტყვა და რეპლიკა ზეპირად იცოდა. იწყებოდა ასე: “Парамоунт Пикчерс” и “20-й Вке Фокс” представляют… “ТИТАНИК”. ფილმის ყურებისას რეპლიკებს რამდენიმე წამით ადრე იძახდა და ამით სხვასაც აწონებდა თავს (არადა, სხვას კარგა ხანია, ყელში ჰქონდა ამოსული) და თავის მეხსიერებასაც ამოწმებდა…

გემზე 2200 მგზავრი და მხოლოდ 20 მაშველი ნავი იყო, რაც ნიშნავდა, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, დაღუპვას მგზავრთა ნახევარი გადაურჩებოდა. ნავებში პირველ ჯერზე ჩასხდომის პრივილეგია, როგორც წესი, პირველი კლასის ქალებსა და ბავშვებს ერგოთ. შემდეგ მათ მოყვებოდა მეორე კლასის წარმომადგენლები და, თუკი ადგილი დარჩებოდა, მესამეც.

სასიგნალო ფოიერვერკებით "ტიტანიკი" ცდილობდა, ახლომახლო მიმავალი გემებისათვის რაიმე ნიშანი მიეცა. უკაბელო რადიოგადამცემი ახალი გამოგონილი იყო და მორზეს ანბანით გაგზავნილი სიგნალი "SOS" ჯერ კიდევ მოულოდნელობად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, სარადარო კაბინაში მომუშავე პერსონალი ბოლო წუთებამდე ცდილობდა სხვებისთვის ხმის მიწვდენას.

მას უყვარდა დიდი შენობები – “ტიტანიკის” კორპუსს აგონებდა. დიდ და დახლართულ დერეფნებს ეტრფოდა – “ტიტანიკისას” ამგვანებდა. როცა პატარა ძმას საბავშვო ბაღში ტოვებდა, უკან, ჯვარედინ დერეფნებში გამოსვლისას, თვალებს “ტიტანიკში” გზააბნეული მგზავრივით აცეცებდა. უყვარდა სპორტული ლიცეუმიც, რომელშიც მამიდამისი ასწავლიდა და იქაურ ცენტრალურ კიბეს გემის ხით მოპირკეთებულ თაღიან ანალოგს ადარებდა (რა თქმა უნდა, სკოლის კიბე ათასჯერ უფრო უბრალო იყო, მაგრამ ნაკლს ბიჭის მდიდარი ფანტაზია ფარავდა)…

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/04/Titanic-James-Horner-01-Never-An-Absolution.mp3|titles=Titanic – James Horner – 01 – Never An Absolution]

მოხდა ისე, რომ ოფიცრებმა, რომელთაც ნავები ებარათ, გემიდან თავის დაღწევის მიზნით, ნავები ბოლომდე არ გაავსეს. შედეგად, ნავებში, რომლებიც 60 კაცს იტევდნენ, თხუთმეტიოდე მგზავრი თუ აღმოჩნდებოდა. თუმცა ყველა ასე არ იქცეოდა. ოფიცერმა უილიამ მორდოკმა ბოლომდე იბრძოლა, რომ ნავები, რაც შეიძლება მეტი ხალხით გაევსოთ და მეტი სიცოცხლე ეხსნათ.

როცა გემის ნახევარი წყალში აღმოჩნდა, მის უკანა ნაწილი მთლიანად ჰაერში აიწია და 45-გრადუსიან კუთხეზე დადგა. ამხელა დატვირთვას კორპუსმა დიდხანს ვეღარ გაუძლო და სულ მალე გემი ორად გაიხლიჩა. წინა ნაწილი ბოლომდე წყლით გაივსო და მოტეხილ უკანა ნახევარს ოკეანის სიღრმისკენ ექაჩებოდა. გემის კუდი ისევ აიწია და წყლის ზედაპირზე მართი კუთხით გასწორდა. შემდეგ წყლით გაივსო და ღამის 1 საათისთვის ოკეანის ზედაპირიდან სამუდამოდ გაუჩინარდა. გადარჩენილები ყვებოდნენ, რომ მსგავსი გრუხუნი ცხოვრებაში არ გაეგონათ. ეს ნახატიც მათი გადმოცემის მიხედვით დაიხატა.

ბიჭი ვერ გიპასუხებდათ, თუ რატომ შეეძლო პირველი კლასით მგზავრ მდიდარ გოგონას, სიცოცხლე გაეწირა ვიღაც მდაბიოს გამო. სამაგიეროდ, სხაპასხუპით მოგიყვებოდათ, რომ “ტიტანიკის” ჩაძირვას მის არქიტექტორს ვერ დავაბრალებთ, რადგან მან იმ დროისათვის საუკეთესოთა შორის საუკეთესო გემი ააგო. მეტიც, აისბერგი პირდაპირ ცხვირზე რომ დაჯახებოდა, ვერც ვერაფერს დააკლებდა. რა ვუყოთ, რომ არც ტომა ენდრიუსს გაუმართლა და არც მის ქმნილებას. იმ დროისათვის ლითონის ფილების შედუღება გამოგონილი არ იყო და მათ გემის კორპუსზე ლითონის გავარვარებული ლურსმნებით ახრახნიდნენ. რკინაც დღევანდელივით მაღალ დონეზე ვერ მუშავდებოდა, რაც დაბალ ტემპერატურაზე მის მდგრადობას ამცირებდა და მტვრევადს ხდიდა. იგი იმასაც გეტყოდათ, რომ აისბერგთან შეჯახებისას რკინის ფილები კონსერვის ქილასავით გაიჭრა და გასკდა, რამაც ლაინერის პირველ მოგზაურობას სამუდამოდ შეუცვალა მიმართულება…

15 აპრილს გავრცელებულმა ტრაგიკულმა ამბავმა ყველა შეძრა. იყო ტირილი, სამძიმარი, საჩივრები კომპანიის წინააღმდეგ... ყველაზე შემზარავი მაინც იმედგაცრუება იყო, რომელსაც ვეღარაფერი შეცვლიდა.

 

ნავები, რომლებშიც გადარჩენილი მგზავრები ისხდნენ, გემმა "კარპატიამ" აიყვანა. იგი ერთადერთი გემი იყო, რომელიც "ტიტანიკს" გამოეხმაურა, თუმცა შორს იმყოფებოდა და ჩაძირვიდან დაახლოებით საათნახევარში გამოჩნდა. გემის ჩაძირვის შემდეგ მხოლოდ ერთი ნავი დაბრუნდა უკან წყალში დარჩენილთა გადასარჩენად. წყლიდან 6 გადარჩენილიღა ამოიყვანეს.

ამ ამბებიდან 8 წელი გავიდა. ბიჭი გაიზარდა, შეიცვალა და როცა “ტიტანიკომანიას” მოაგონებდნენ, საკუთარ თავს ეკითხებოდა: ნუთუ, ყოველივე ეს მართლა არსებობდა და მართლა მისი ცხოვრების ნაწილი იყო? ან რატომ დასჭირდა ამ ყველაფერს 5 წელი? და ბოლოს, შეიძლება თუ არა, ეწოდოს ამ ყველაფერს დროის კარგვა?

ამ კითხვებზე პასუხი მან დღესაც არ იცის, სამაგიეროდ ახსოვს მძაფრი, აქამდე არარსებული შეგრძნებები, რომელთაც თავის დროზე ისე აღაფრთოვანეს, რომ წლების შემდეგ ვეებერთელა გამოსათხოვარი მიუძღვნა. იგი არ დათმობდა იმ 5 წელიწადს და არც ოდესმე დათმობს. პირიქით, იამაყებს, რომ ჯერ კიდევ 8 წლისას უკვე გააჩნდა რეალური მიზანი, რომელსაც, ასე თუ ისე, მიაღწია და ამ პროცესში სხვა ბევრი რამეც თავისთავად ისწავლა…

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/04/Titanic-Back-To-Titanic-07-Nearer-My-God-To-Thee.mp3|titles=Titanic – Back To Titanic – 07 – Nearer My God To Thee]

 

იქ, უკუნეთ სიბნელეში, ფაიფურის თეფშები ახლაც ისე კოხტად ყრია, როგორც 99 წლის წინ.

 

"ტიტანიკი" ატლანტის ოკეანის ფსკერზე, 3 კილომეტრის სიღრმეზე განისვენებს. ჟანგსა და მიკროორგანიზმებს ისე დაუფარავთ, რომ, ამბობენ, 2013 წლისათვის გემი საერთოდ გაქრება.

ამ ხარიხის დახმარებით 99 წლის წინ ოფიცერი უილიამ მერდოკი მგზავრებით დატვირთულ მაშველ ნავებს წყალში უშვებდა.

 

საათიანი კიბის ადგილას, სადაც დიდი დარბაზი მდებარეობდა, დღეს ცარიელი ორმოა, თუმცა ჭაღი მაინც თავის ადგილას კიდა.

ორკესტრის წევრები კი გემის ჩაძირვამდე უკრავდნენ...

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

19 thoughts on “რატომ არ დავთმობდი იმ 5 წელიწადს

  1. vasasi

    მე კიდევ იცი რაზე ვოცნებობდი ბავშვობაში?

    ტიტანიკი ამომეტანა ზღვის ფსკერიდან და ტვინი წავუღე ყველას, რატომ არ შეიძლება, რომ ამოიტანონ-მეთქი..

    ისე, რატომ არ შეიძლება, რომ ამოიტანონ?

    1. Zura Balanchivadze

      ჩემი ოცნებაც ეგ იყო!!! ნუ მე თუ არ ამოვიტანდი, სხვას რომ მაინც ექნა ეგ კეთილი საქმე. იყო მაგის ვარიანტიც, რომ ჰაერით გაებერათ და ამოეტანათ, მაგრამ გემი ფაქტობრივად დაშლილია, თან შლამშია ჩამარხული და იქიდან ამოქაჩვას ვერ გაუძლებს. ნაწილ-ნაწილ რომ დაჭრა და ამოიტანო, მილიარდები დაჯდება. მერე კიდე ზოგიერთი აყვირდება, ამას რას შვებითო და, რაღაც მომენტში, მართალიც იქნება…

      1. vasasi

        უი, ეგ არ ვიცოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, გული ძალიან მწყდება, რომ ისე განადგურდება, ვეღარავინ იხილავს.. :(

        ისე, ფილმი არ მაქვს ნანახი.. :დ

        ტიტანიკის მსგავსი სევდიანი ისტორიები სულ რაღაცნაირად მწყვეტს ხოლმე გულს.

  2. Mari

    ეს ფილმი სულ ორჯერ მაქვს ნანახი, რამდენიმეწლიანი შუალედით. პირველად რომ ვნახე, 1 კვირა შოკში ვიყავი და მეორედ დავასკვენი, რომ ღორობაა ამხელა გემის აშენება, თავისი მთელი ამბებით.

    1. Zura Balanchivadze

      დარწმუნებული ხარ, რომ მაგაზე მეტი ღორობა არც მანამდე მომხდარა და არც მის მერე?

  3. Natalia

    მეც მაქვს ერთი ეგეთი ფილმი, რომელიც დიდი ხანი თან მსდევდა და ეხლაც მახსენებს ხოლმე თავს : )) ის შეგრძნებები ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ასეთი ფილმი მაქვს. აი, მარტო შენი რომ არის, ბავშვობის სიყვარული, რომელიც სულ გექნება თავში.

    რა საინტერესო ფოტოებია და კარგად არის დაწერილი, ფაქტიურად ორი ისტორია მიყვება ერთმანეთს : )

  4. Pingback: “ტიტანიკის” ამოჭრილი სცენები – სულ სხვა ფილმია! | Zurriuss.Ge

  5. Glexisbichi

    გემის ამოტანა ჩემი დიდი ოცნებაც იყო და ყველაზე მეტად ბოლოს გაუჩინარებულმა გულის ფორმის ლურჯმა (ვგიჟდებოდი ამ ფერზე და ახლაც) ყელსაკიდმა დამწყვიტა გული. როცა მეგონა რო ყველაფერი გამოვიტირე, ბოლო მომენტში თავი ევღარ შევიკავე და ისევ მოვაღე პირი. პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ ვერც ახლა ვუყურებ ემოციის გარეშე ამ ფილმს

  6. Devi

    ამ ზაფხულს ვიყავი Southampton-ში, ტიტანიკის მემორიალი ვნახე <3

  7. natia gujabidze

    რა კარგი პოსტია^^ რატომღაც შენ ბლოგს არ ვკითხულობდი :D და ახლა შემოვიხედე და ძალიან მომეწონა :))

  8. დათოოოოოო

    საღოლ ძმაო მაგარი პოსტია… დამბურძგლაააა… და გემის ამოტანა ჩემი ოცნებაც იყო

  9. ლიტერატორი

    უი რამდენი გიწვალია ამ პოსტზე :d კარგია ყოჩაღ, მეც მიყვარს ისტორიაც და ფილმიც.

    და მაგის ნახვა ჩემი აკვალანგისტური ოცნებაა, ისე ამოქაჩონ ეს ნარჩენები და მუზეუმი გააკეთონ :green: :green: მარა რად გინდა მერე მაინც ვიძირებით ყველა :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.