ვიდრე დედა ჩამოვა

august

ამასწინათ ერთი მეკითხებოდა, რატომ არ ხატავ „ლამაზ“ ნახატებსო. დავიბენი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, რადგან ამაზე არასდროს მიფიქრია. მერე ჩემს გალერეას თვალი გადავავლე და ვნახე, რომ თითქმის არც ერთი ნამუშევარი არ არის „ლამაზი“. იმდენად ვარ გადართული ამბის გადმოცემაზე, რომ მის შელამაზებაზე არ მეფიქრება. ეტყობა, ჟურნალისტურ დანაკლისს ამით ვინაზღაურებ, რადგან პროფესიით აღარ ვმუშაობ.

პირადად მე ხატვისას საკუთარი თავისგან ჯერ ამბავს ვითხოვ და შემდეგ ვფიქრობ მისი გადმოცემის ხერხებზე. ფილმებშიც უპირატესობას ჯერ „სთორის“ ვანიჭებ. როცა მეკითხებიან, რა ფილმი ნახეო, მინდა, შემეძლოს ამბის მოყოლა და არა სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხისა და კადრის აღწერაზე ბლუკუნი.

0100086-copy

იშვიათია, დოკუმენტურ კინოში ამბავი ისე კარგად გადმოსცე, როგორც ეს თეოდორა ანა მიჰაიმ ფილმ „აგვისტოს მოლოდინში“ მოახერხა. ეს ერთი რუმინული მრავალშვილიანი ოჯახის ამბავია. დედა იტალიაში მუშაობს, ხოლო ბავშვები უფროს ქალიშვილს აბარია. ნაცნობი სიტუაციაა, არა? ამ ინტიმური გარემოს „ხელუხლებლად“ გადაღება და ბუნებრივად გადმოცემა კი ცალკე საქმეა, რომელიც რეჟისორისა და გადამღები ჯგუფის დიდ შრომას მოითხოვს. ნდობის მოპოვება ასეთ დროს გადამწყვეტია.

საბედნიეროდ, ბევრი ჩემი თანამემამულისგან განსხვავებით, ჩემს მშობლებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა არ დასჭირვებიათ. თუმცა კარგად მახსოვს, თუ როგორ ელოდებოდა ჩემი უმცროსი ძმა მამას, რომელიც რამდენიმე თვით რუსეთში გაემგზავრა. ეს იყო 2002 წელს. დღეებს ითვლიდა, ვერ ისვენებდა. ერთხელაც კედელზე ბატიფეხურით მინაწერს მოვკარით თვალი: „მამა, ირაკლის ენატრები“.

ქვეყანაში, რომელსაც ჩაუშესკუს აჩრდილი ვერ მოუშორებია, ყოფითი ყოველდღიურობა ძალიან ჰგავს ჩვენსას. საცხოვრებელი ბინები, სერიალებით გამოტენილი ტელევიზორები, ევროპეიზაციისკენ ჩორთით მიმავალი ქვეყანა, ოჯახის თავად დანიშნული 15 წლის გოგონა, სკაიპით აღზრდილი შვილები და ლოდინი. გაუთავებელი ლოდინი აგვისტომდე, ვიდრე დედა ჩამოვა…

ეძღვნება ყველას, ვინც ელოდება

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “ვიდრე დედა ჩამოვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »