“ტიფლისი” ანუ ვნახოთ, რა გამოვა

ტიფლისი

ეს ბოლო რამდენიმე დღეა, ხალხი ჩემ გარშემო ახალ ქართულ სერიალზე ალაპარაკდა. “ტიფლისი” ჰქვიან. თავიდან სკეპტიკურად განვეწყვე მის მიმართ, რადგან ამ ქალაქში 30 მეტრსაც ვერ იპოვი, სადაც ადგილს აუთენტურობა ექნება შენარჩუნებული. ბოლოს მაინც ამიტაცა ინტერესმა და ჩავრთე.

სერიალი დეტექტიურია და მე-19 საუკუნის მიწურულის თბილისს ასახავს თავისი ცხოვრებით, წესჩვეულებით, კლასობრივი დაყოფით, კრიმინალით და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, პირველი ორი სერიიდან ასე ირკვევა. სცენარი არ არის გასაოცარი, ნორმალური და ზომიერია. კარგია, რომ სერიების ქრონომეტრაჟი დიდია, მაინც კვირაში ერთხელ გადის.

პროდიუსერი – ბერა, არხი – GDS. ე.ი. ფული აქვთ, რაც კარგია: კაპიკებიანი ბიუჯეტით საქართველოში წარსულზე ფილმს ვერ გადაიღებ. კოსწიუმებს, ინსტრუმენტებსა და დეკორაციებს რომ თავი გავანებოთ, ქალაქის ხედი, რომელსაც, კომუნისტების შემდეგ, ყველა ხელისუფლებამ მეტნაკლებად დედა უტირა, ვირტუალურად უნდა აღადგინო. შემორჩენილ აუთენტურ შენობებზე რაკურსის განსაზღვრაა აუცილებელი, რომ კადრში თანამედროვე რამ არ გამოჩნდეს. არც ზედმეტად ბევრი ახლო ხედი ვარგა, რომ ფილმს მასშტაბურობა არ წაერთვას და პავილიონში გადაღებულს არ დაემსგავსოს.

სცენარი – ჯერჯერობით მხოლოდ ორი სერიაა გამოსული, თუმცა უკვე რაღაცების თქმა შეიძლება. ამბის/სთორილაინის მხრივ ჯერჯერობით დიდად ვერ აღვფრთოვანდი. არადა მოგონილი ამბავია და თუ გინდა, ბომბს გახეთქავ და მთელს თბილისს აწევ ჰაერში, პირდაპირი მნიშვნელობითაც. თან იმდენი რეალური ისტორია არსებობს, რომელთა პროტოტიპებად გამოყენებაც შეიძლება… თუმცა არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს. შეიძლება, სხვანაირი ჩანაფიქრია და ნელ-ნელა უფრო განვითარდება და საინტერესო გახდება. მხოლოდ ვიზუალი დიდხანს ვერ გაქაჩავს, მით უმეტეს, როცა უკვე საკუთარ ტელესივრცეში გამოვცადეთ, რა ეფექტის მოხდენა შეუძლია კარგი სცენარისტების გუნდს.

მსახიობები – საერთო ჯამში კასტი დამაკმაყოფილებელია. დანარჩენები, ბუნებრივია, თანდათან მოემატებიან. ამასობაში რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდება, რომელთაგან ზოგიერთი მართლა ნიჭიერი გამოდგება და მათ როლებსაც მაყურებელი უფრო აიტაცებს. ამ ეტაპზე ჩემი ფავორიტი გამომძიებელი სისოა, რომელსაც გიორგი გიორგანაშვილი თამაშობს. ტიპაჟი, გრიმი, საუბრის მანერა – ყველაფერი მომწონს. მსახიობებიდან ერთი-ორი ზედმეტად თეატრალურად თამაშობს, ზოგი კი ზედმეტად თანამედროვედ. სხვა ფილმში მომეწონებოდა, მაგრამ ისტორიულ სიუჟეტში კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანს.

მეტყველება – ძირითადად, ყველა პერსონაჟი თანამედროვე ენით, გამართული გრამატიკით მეტყველებს, რაც ცოტა არაბუნებრივია. არა, ნამდვილად არ მინდა, “ქეთო და კოტეს” ხმებით ითამაშონ. პირიქით, რამდენი უცხოური ისტორიული ფილმია გადაღებული და ყველგან ასე საუბრობენ, თუმცა ყველა მათგანში მსახიობთა მეტყველებას გარკვეული აუთენტურობა დაჰკრავს. ამიტომ უნდა ჰქონდეს ყველა პერსონაჟს თავისი კილო. მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე საქართველოში გადაადგილებისა და კომუნიკაციის პრობლემა იყო, შესაბამისად ხალხმა კილო კიდევ დიდხანს შეინარჩუნა.

ვიცი, ბევრს დიალოგები არ მოეწონება და ღარიბულად მოეჩვენება. მე ასე არ ვფიქრობ. სერიალში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ოქრომრავალი სიბრძნის ჩაქსოვა საჭიროდ არ მიმაჩნია. მთავარია, სცენარი იყოს კარგი და ის მოიტანს ყველაფერს. მე აქ მოვრჩები და დანარჩენი თქვენთვის მომიდია. ;) გიტოვებთ ორივე სერიის ბმულს.

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »