ტურისტთა სახეები ქართულ რეალობაში ანუ Tbilisi Free Walking Tours

პარასკევი, დილა, 9:30.

თავქუდმოგლეჯილი მივრბივარ ვაგზლის მეტროს გრძელ დერეფანში, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ მატარებელზე დავაგვიანებ. უფრო სწორედ, ვერ შევაღწევ, რადგან რამდენიმე ასეული კაცი უკვე ბაქანზე იცდის და ლამის რელსებზე ხტება. პარასკევობით 10:00 საათზე ჯეპრაში თათბირი გვაქვს და ჩემი დასწრებაც სავალდებულოა. 12-ის ნახევარზე ოფისიდან გამოვრბივარ, რომელიმე ტრანსპორტს შევახტები და თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერისკენ მივიჩქარი. დიახ, აგერ უკვე ცხრა თვეა, Tbilisi Free Walking Tours-ის გიდი ვარ და ამ პოსტში გესაუბრებით ტურისტთა სახეებზე ქართულ რეალობაში.

Free walking tour-ების ანუ უფასო სასიარულო ტურების მეთოდი მთელს მსოფლიოში აპრობირებულია. აქ არ არსებობს არანაირი გადასახადი, რადგან ტური არის სრულიად უფასო და მხოლოდ და მხოლოდ დამყარებულია პოზიტიურ კომუნიკაციაზე, რომელსაც მოყვება ე.წ. “ჩაი”, “ფეხის ქირა” თუ “თიფი”. ერთი სიტყვით, ვისაც რამდენი უნდა, იმდენს ტოვებს.

Tbilisi Free Walking Tours

როგორ დაიწყო ყველაფერი

ერთ გაგანია აგვისტოს დღეს ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა ლეონსიომ შემომთავაზა, მოდი, სცადე, გაერთობი და ბევრ ადამიანსაც გაიცნობო. ეს იყო სექტემბერში. მას მერე გამოვიარე თბილი შემოდგომა ტურისტთა ნაკადებით, ყინულოვანი ზამთრით, როცა ზოგჯერ სულ ტყუილად მივსულვარ, მიყურყუტია სიცივეში და არავინ გამოჩენილა (სხვათა შორის, იმ მომენტებში ჯარის პერიოდი მახსენდებოდა), არეული გაზაფხულით და ნანატრი ზაფხულით.

რას მოიცავს ტური

ამ ეტაპზე გვაქვს ორი მარშრუტი. ერთი ყოველდღიურია. ვიწყებთ პუშკინის სკვერიდან, გადავდივართ ძველ თბილისში და ბოლოს ვასრულებთ აბანოთუბანში. ხანგრძლოვობა 2,5 – 3 საათი. თუ ფოტოგრაფები გვახლავს, 4 საათამდეც გრძელდება ხოლმე. :d მეორე ტურს ჰქვია Back Streets of Tbilisi და მხოლოდ კვირა დღესაა. ვიწყებთ “ფაბრიკიდან”, გავივლით მე-19 საუკუნის ქუჩებს, ახალ ტიფლისს და ვასრულებთ გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან. ხანგრძლივობა – იგივე.

Tbilisi Free Walking Tours

რა დროს მოდიან ტურისტები

მოკლედ, ყველაზე დიდი ნაკადი ივნისის შუა/ბოლო რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდეა და ერთ ტურზე მონაწილეთა რიცხვი 30-მდეც ადის. ნოემბერი და თებერვალი მკვდარი თვეებია, დეკემბერ-იანვარში მთის კურორტებისთვის ჩამოდიან ხოლმე, ხოლო გაზაფხულიდან თხილამურებით სრიალიც აინტერესებთ და ბარის დათვალიერებაც.

Tbilisi Free Walking Tours

ძირითადად ვინ ჩამოდის

ვინაიდან ტურის ძირითადი ენა ინგლისურია, მონაწილეთა უმეტესობაც ამ ენაზე საუბრობს. ზოგი ჯგუფებად მოდის, ზოგიც წყვილში ან თითო-თითოდ. ჯგუფებად მოიდან ხოლმე ცხელ-ცხელი ისრაელიდან, ინდოეთიდან და ევროპის ცივ-ცივი ქვეყნებიდან. აღმოსავლეთ ევროპელებს, როგორც ჩანს, მარტო უფრო უსწორდებათ. 40-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულები მყოლია უკვე, ავსტრალიელების,, ტაილანდელების, ახალზელანდიელებისა და ფილიპინელების ჩათვლით. აფრიკელი ორი თუ სამი მახსენდება მხოლოდ.

Tbilisi Free Walking Tours

რუსები და რუსულად მოსაუბრენი

ეს ცალკე სექტაა. მათ რუსულად ვუტარებთ ტურს და, სხვათა შორის, ენის გახსენების მშვენიერი საშუალებაა. უფროსი თაობის ნაწილი ხშირად გაწყვეტინებს, გეჩრება, თითქოს ცდილობს, გაჩვენოს, რომ მასაც გაეგება ამ ყველაფრის, რადგან სავეტსკი საიუზი გვაერთიანებდა. უნდა ხოლმე, თავის ჭკუაზე გატაროს. ახალგაზრდების უმეტესობა ძალიან თვინიერია. უფროსებისგან განსხვავებით, სახეზე ეჭვი არ ახატიათ, იღიმიან, იცინიან და საუბარშიც მოგყვებიან. უკრაინელებს ვუყვარვართ, ბელორუსებს მოვწონვართ, ხოლო რუსებს უკვირთ, როცა ვეუბნები, რომ ჩვენ მათთან ჩასვლა პრაქტიკულად არ შეგვიძლია და მათ აქ ვიზა სულ არ სჭრდებათ. აღნიშნავენ კიდეც, это несправедливо-ო.

Tbilisi Free Walking Tours

ვინ როგორ ტოვებს თიფებს

აქ წინასწარ ვერაფერს ვერასდროს იტყვი და განსაზღვრავ, მაგრამ უკვე დაახლოებით ვიცი, სტანდარტულად ვინ რისი დამტოვებელია. მაგალითად, მშობლების ასაკის ებრაელები ტოვებენ ხოლმე გემრიელად. სამი ან ოთხი კაცი 100 ლარს ჩამოდის. ასევე იქცევიან არაბებიც და სკანდინავიელებიც, ანუ ისინი, ვისთანაც ვალუტა ჩვენსაზე გაცილებით მყარია. მეორე ფლანგზე მოდიან დანარჩენი ევროპელები და აზიელები, რომლებიც საშუალოდ კაცზე 20 ლარს გამოდიან, კიდე უფრო ცოტას უნდა ელოდო აღმოსავლეთ ევროპელებისგან – კაცზე 10 ლარი და ბოლოს – რუსულად მოსაუბრეები. ხან 10 ლარი, ხან 5 ლარი, ხანაც “მადლობა”. მინახავს, მაგალითად, როგორ უყიდია სამ რუსს 70 ლარის ჩურჩხელა და ჯამში 5 ლარი დაუტოვებიათ. მაგრამ რას ვიზამთ. ასეც ხდება. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა საერთოდ ერთი ცალი რუსი ტურისტი წამიყვანია და მხოლოდ მას მოუცია 50 ლარი. მოკლედ, წინასწარ მაინც ვერაფერს განსაზღვრავ, ისევე, როგორც იმას, თუ რამდენი ადამიანი მოვა ტურზე.

Tbilisi Free Walking Tours

ძირითადად რას გვეკითხებიან

სწორედ ასეთ დროს ვხვდები, რამდენად ვიცნობ ან არ ვიცნობ საკუთარ ქვეყანას. ხშირად ინტერესდებიან, თუ რატომ გვაქვს ასეთი ჩხლართი საგზაო სისტემა და რატომაა ასე ცოტა ზებრა გზაზე. ამ დროს ნახევრად ხუმრობით ვეუბნები, რომ ველურობით იტალიას გავუსწარით. :) :(

უკითხავთ, თუ რა არის ქვეყნის ძირითადი შემოსავალი და ჩამომითვლია ღვინო, თხილი, კაზინოები… ძალიან იშვიათად თუ დამცდება, რომ ხალხის დიდი ნაწილი ევროპაშია გახეკილი ოჯახების სარჩენად. :) :(

უკითხავთ, რატომ იყო საქართველო ისტორიულად სულ ომების ქარცეცხლში და, ჩემდა გასაკვირად, ყველა ხვდება, როცა აბრეშუმის გზას ვახსენებ.

უკითხავთ ბინების ფასი ძველ თბილისში და რომ მითქვამს, გაოცებულან.

Tbilisi Free Walking Tours

დაბოლოს, რისი მრცხვენია ყველაზე მეტად

მრცხვენია, როცა, უსაფრთხო გარემოზე საუბრისას, ვიღაცა გამტყვრალი ლოთი მომადგება და სისულელეებით ტვინს მიტენის.

მრცხვენია, როცა, ქართველების კეთილგანწყობაზე საუბრისას, ვიღაცები შუა ქუჩაში დედის ყველაფერს აფარებენ ერთმანეთს თავზე. ქართული გინების გაგებას ენის ცოდნა არ ჭირდება.

მრცხვენია, როცა ეთნიკურ ჰარმონიაზე ვსაუბრობ და ამ დროს რომელიღაც ტურისტს პატარა ბოშა გოგო ფეხზე შემოეხვევა და ცოცხალი თავით არ უშვებს.

მრცხვენია, როცა, მშვიდობის ხიდზე გადასვლისას, მეკითხებიან “იმ ორი მილის” შესახებ. მიწევს მოტყუება, რომ მალე დაასრულებენ და ერთი იქნება საგამოფენო დარბაზი, ხოლო მეორე კი – საკონცერტო. არადა, ჩვენც ხომ ვიცით, მთავრობას როგორ აღელვებს ეგ თემა.

მოკლედ, ასე. ვიცი, გადაგღალეთ, სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ აქ დავამთავრებ და გისურვებთ, კიდევ ბევრი იყოს ტურისტთა სახეები ქართულ რეალობაში.

პ.ს. ვისაც ძალ-ღონე კიდევ შეგრჩათ, ეს გახლავთ ჩვენი შეფასების ბმული და, თუკი ჩვენს ტურზე გამოისეირნებთ, აქ 1-2 ტკბილი სიტყვის დაწერა ჩვენც წაგვადგება და ქვეყანასაც. <3

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »