თამთა ცხვიტავა – ახალი ვარსკვლავი ქართულ სცენაზე

როცა პიაფს ვუსმენ, ყოველთვის მეფიქრება, რომ მის ხმას ანალოგი არასდროს ეყოლება. მართალიცაა, ასეთი გენია საუკუნეში ერთხელ გამოჩნდება ხოლმე. რამდენიმე დღის წინ თამთა ცხვიტავას პირველ დიდ კონცერტზე ვიყავი და აღარ მახსოვს, რამდენჯერ ვიფიქრე, რომ პიაფი მკვდრეთით აღდგა.

თამთა სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე და რომ არა მისი რეტრო ხმა, ალბათ, ამდენს მასზე არც დავწერდი. მართლაც, მისი ხმის ტემბრი, მღერის სტილი და რეპერტუარი საშუალებას მაძლევს, ვისაუბრო თამთაზე, როგორც უკვე შემდგარ მომღერალზე. მოკლედ რომ ვთქვათ, თამთა სულით რეტროა, მაგრამ ისეთი, რომელიც ძალიან ადვილად ერწყმის მონათესავე მუსიკალურ ჟანრებს. ეს მართლაც დიდი ნიჭის დამსახურებაა. როდესაც სამეფო უბნის თეატრში მოწვეულ ქართველ ვარსკვლავებს თვალი გადავავლე, წამიერად დავფიქრდი, როგორია შენი კონკურენტის აღმასვლის დასწრება. მერე მივხვდი, რომ კონკურენცია ქართულ შოუბიზნესში თითქმის არ არსებოს. თუ რატომ არა, ეს ცალკე დიდი თემაა.

როგორც შევატყვე, ქართველმა ვარსკვლავებმა თამთა ჩემთსავით ამ ღონისძიებაზე გაიცნეს. როცა მის ალბომზე ავტოგრაფის რიგში ვიდექი, ნატო მეტონიძის მსგავსად, სხვა ცნობილი სახეებიც გამოეცნაურნენ.

თამთას გაუმართლა, რომ “ბრავო რეკორდსის” კონკია აღმოჩნდა, რაშიც ზაზა შენგელიას უნდა უმადლოდეს. მეორე მხრივ, თვითონ ამ კომპანიას სჭირდებოდა ე.წ. რეკორდ ლეიბლი, რომელიც ვიღაც უთუოდ გახდებოდა. ჰოდა რატომ უნდა ეძიო არსებულ ვარსკვლავებში, როცა უამრავი, შეიძლება გაცილებით უფრო ნიჭიერი ხელოვანია საზოგადოებაში, რომელსაც ჯერ ვერ ხედავ? თამთაც ასეთი გადაწყვეტის შედეგია. საამისოდ ღმერთმა მას დიდი ნიჭი უწყალობა.

იგი მართლაც ჰგავს პიაფს. სიტყვა “მგვანებაში” ბევრი, რატომღაც, ასლს გულისხმობს. თამთა ცხვიტავა ვერასდროს იქნება ედიტ პიაფის ასლი, მაგრამ, ხმით, სტილითა და მუსიკალური აქცენტებით იგი სწორედ რომ ჰგავს ამ ერთ-ერთ უდიდეს ხელოვანს და ეს ძალიან კარგია. კარგია კიდევ ის, რომ თამთა არ იზღუდება მხოლოდ ერთი სტილის რეპერტუარით, რომლის დადასტურებაც მისი პირველი ალბომია. “დასაწყისი” – ასე ჰქვია. სახელი, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად მხატვრულად ჟღერს, სწორად გადმოსცემს მესიჯს: ეს არის თამთას ძალების პირველი მოსინჯვა დიდ სცენაზე და მან ახლავე უნდა აჩვენოს ყველა ის ჟანრი, რომელსაც მღერის.

თამთა ცხვიტავა ავტოგრაფს მიტოვებს მის პირველ ალბომზე. ეს არის ე.წ. სრული ალბომი, რომელშიც შესულია მომღერლის ბიოგრაფიაცა და სიმღერის ტექსტებიც. ბონუსად ალბომს ერთ-ერთი სიმღერის, "გინდა დაიჯერეს" კარაოკე ვერსიაც მოყვება.

ვინაიდან პირველი ალბომი გაცნობით ხასიათს ატარებს, გამართლებულად მიმაჩნია, თუკი ინდივიდუალური მსმენელი მის მხოლოდ რამდენიმე სიმღერას აიტაცებს. ეს იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ ვახსენე, ისინი სხვადასხვა ჟანრისაა. მაგალითად, მე “როცა არავინ”-ს “იას უთხარით ტურფასა”-სთან ერთად ვერ მოვუსმენ, თუმცა ორივე ძალიან გემოვნებიანად დამუშავებული სიმღერაა. აქედან გამომდინარე, შემდეგში თამთასგან უკვე ჟანრობრივად დახარისხებულ ალბომებს ველოდები. ქართველი მსმენელისათვისაც, ალბათ, ასე სჯობს: როცა ალბომს ყიდულობ, რა თქმა უნდა, გირჩევნია, შიგ შენი საყვარელი ჟანრის სიმღერა უფრო მეტი იყოს.

ქართველ მსმენელზე გამახსენდა: ნამდვილად არა მგონია, თამთა მასაში პოლულარული გახდეს, რადგან, ქართველი მსმენელის ზოგადი მუსიკალური გემოვნება, სამწუხაროდ, ამის საბაბს არ იძლევა. თუმცა, კარგი პიარისა და მარკეტინგის წყალობით, მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა აქაც შესაძლებელია. პირადად მე თამთას ყველა ალბომს შევიძენ, რადგან, როგორც ხვდებით, მსურს, კარგად დავაკვირდე ამ მომღერალს, რომლის ხმის მნიშვნელობაც სცდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს.

ახლა კი ფრაგმენტი თამთა ცხვიტავას კონცერტიდან

http://www.youtube.com/watch?v=YynruxQtJV4&feature=youtu.be

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “თამთა ცხვიტავა – ახალი ვარსკვლავი ქართულ სცენაზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.