Tag Archives: lovestory

"ბოდიში" სოფოს

ამ სურათზე ორივენი მარტო ვართ: მეც და ვარდიც

ამ პოსტის იდეა ფიქროს ფურცლებმა გამიჩინა. ბოლო ხანებში საგრძნობლად გულჩათხრობილი გავხდი და ჩემს გრძნობებს აღარავის ვუზიარებ. ყოველივე ამას კი ჩემი არაადეკვატური ანუ ჩვეული საქციელით ვფარავ და შეუმჩნეველს ვხდი. რატომ? საკუთარი თავისაც არ მესმის. ვხატავ ბოლო ხანებში და, ალბათ, ამიტომაც.

დღეს ჩემს მეგობარსა და სიცოცხლეს, სოფოს, GIPA–ელ მეგობარს, ვაწყენინე. გამოცდა გვქონდა ერთ–ერთ საგანში. ჩემი პრეზენტაცია Odnoklassniki VS Facebook იყო, რომელიც ჩემს ჟურნალისტურ ბლოგზე მიდევს. სოფოს პრეზენტაცია თსუ–ს განახლებას ეხებოდა. ჩემსას რომ მოვრჩი, კაფეში ჩავედი… მოკლედ,  მის პრეზენტაციას არ დავსწრებივარ, არადა გულით უნდოდა. 2 კვირის წინ კიდევ ვაწყენინე სხვა რამეზე და მაშინ დავიწყე ხატვა ნახატისა “ბოდიში”. გუშინ მოვრჩი. ამასობაში შევრიგდით. დღეს ისევ გაცივდა ურთიერთობები და სწორედ დღეს ვაჩუქე “ბოდიში” სოფოს.

ჩემში ცივი სიცარიელეა. უდაბნოში სინაცრეა, ქვიშის ნაცვლად ფერფლი ყრია, რომლის ქვეშაც მგრგვინავი ემოციაა დამარხული. საკმარისია, ფეხით ფერფლი ოდნავ გაქექო, რომ ლავასავით გავარვარებული ცრემლის გეიზერები ამოხეთქავს და ჩემი ბღავილი დააყრუებს ყველაფერს…

ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი. ბევრს თვითგვემის მოყვარული ვგონივარ, მაგრამ მე კი კარგად ვიცი, როდის რას ვიმსახურებ. როცა რამეს ვაშავებ და არავინ მსჯის, მაშინ იძულებული ვარ, საკუთარ თავს სამაგიერო თვითონ გადავუხადო! არც მათრახს ვირტყამ, არც კედლებს ვანგრევ. უბრალოდ, ვზივარ და ვფიქრობ, რაოდენ ცუდი ადამიანი ვარ. უნდა ვიყო მარტო, რომ სიმარტოვემ გამომაშროს, გამაარაადამიანოს და მათთან აღარასოდეს გამაკაროს :|

არადა დღეს სულ სხვა თემაზე უნდა დამეწერა. არა, ტრაგედია და უბედურება ნამდვილად არ მჭირს. არც დიდი ემოციით ვწერ. უბრალოდ, გადავწყვიტე, დღეს ბუნება და მეცნიერება იქით გადავდო და ერთ პოსტში საკუთარ თავზე ვისაუბრო.

დღევანდელ განცდას, რატომღაც, ეს სლაიდშოუ შევუსაბამე, რომელიც YouTube–ზე კარგა ხნის წინ ავტვირთე. სლაიდშოუებ ის კეთება ჩემი ერთ–ერთი ჰობია და მალე ისევ მივუბრუნდები. ზამთრობით მათი მუზა მეხსნება ხოლმე.

დღეს სევდიანი დღეა და ამბავიც სევდიანია, უკვე გაბანძებული სათაურით “Lovestory”.