
სიგარებს ან შოკოლადის "ტრუბოჩკებს" არ ჰგვანან? :P
დღეს ბლოგების თვალიერებას მივყავი ხელი. წავიკითხავდი 2 აბზაცს, შემდეგ ნახევარ საათს არაფერზე ვფიქრობდი. კიდევ 2-3 აბზაცი და კიდევ იდიოტურად ჯდომა არაფერზე ფიქრთან ერთად. მაღაზიაში ჩასვლისას კი კიბეზე ჭეშმარიტებამ გამინათა გონება: კითხვის ნიჭი არ მქონია.
თვალი რომ გადავავლე ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ სულ ასეთ მდგომარეობაში ვარ. ჯერ იყო და სკოლის პერიოდში, თითქმის, სულ დედაჩემს ვაკითხებდი ყველაფერს და მე მოსმენით ვიმახსოვრებდი (მეხსიერება კი ისეთი მქონდა, ახლა იმის მეათედი რომ მომცა, 10 დღეში ჯიგრულ სამსახურს გავჩითავდი). მე-9 კლასიდან დაიწყო ჩემი წამება. უი, კითხვა. უი, წასაკითხი. აუ, რამხელაა!… და ა.შ. არადა, მეუბნებოდნენ და მიჩიჩინებდნენ: “ზურიკო, იკითხე! ზურიკო, გაგიჭირდება მერე და ინანებ!… “მე კი ფეხზე მეკიდა ეს ყველაფერი და სულ ვხატავდი, ვთამაშობდი ან დავბოდიალებდი აქეთ-იქით. არადა, რა მენაღვლებოდა? ფრიადოსანი მაინც ხომ ვიყავი.
პირველი წიგნი მე-5 კლასში წავიკითხე და სახელი ახლაც მახსოვს: “მზის ბაჭიების ქვეყანაში”. ფრიად მშვენიერი ზღაპარი იყო ჭორფლის წარმოშობის შესახებ
შემდეგ დავაპირე თედო რაზიკაშვილის რაღაც არწივთან დაკავშირებული წიგნის წაკითხვა. სკოლის ბიბლიოთეკიდან გამომატანეს თავიანთი ნება-სურვილით: შენ ხუთოსანი და ნაკითხი ბიჭი ხარ და ეს მოგეწონებაო. 2 წელი გავიდა მას შემდეგ და მე-7 კლასში დავუბრუნე ბიბლიოთეკას, რა თქმა უნდა, წაუკითხავი. გაუკვირდათ კიდევაც: ჩვენ დაკარგული გვეგონაო.
წიგნების კითხვის ყველაზე დიდი ჯაჭვი აბიტურიენტობის პერიოდიდან დავიწყე. ამ დროს, ყველამ ვიცით, რამდენის წაკითხვა და სწავლა გვიწევს. აღმოჩნდა, რომ ჰაგიოგრაფია ძალიან მიყვარდა. თანაც, იმდენად, რომ მხატვრული ლიტერატურის წასაკითხ დროს გამოვძებნიდი ხოლმე. ჰოდა “პაგანინის განკიცხვამ” ისე შემიყოლია, რომ თვენახევარში დავამთავრე. არადა, 1 კვირაშიც მშვენივრად წაიკითხავდა კითხვის მოყვარული. ისე, ძალიან, ძალიან კარგი წიგნია!
ახლა კი, გავკადნიერდები და ჩემ მიერ წაკითხული წიგნების სიას გამოვაქვეყნებ და თავად იმსჯელეთ ჩემზე. თუმცა აქვე დავძენ, რომ არც მთლად იდიოტი ვარ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ეგვიპტის ისტორიაზე ვკითხულობდი ენციკლოპედიებს. ბავშვობის დაუზარებლობის პერიოდი ამ საოცარი ქვეყნის “აღმოჩენას” შევწირე და კიდევ გავაგრძელებ. ახლა კი დაპირებული სია (ქრონოლოგია არეულია):
“პაგანინის განკიცხვა”
“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”
“პარმის სავანე”
“პარფიუმერი”
“კრძალვით და ცახცახით”
“კატილინას წინააღმდეგ”
“ედიტ პიაფი”
“გიორგი სააკაძე”
“ალექსანდრე მაკედონელი”
“მარტოობის 100 წელი”
“მარგარიტა გოტიე”
“რემბრანტი”
“მეფე ლირი”
“სამი მეგობარი”
კიდევ ერთი რაღაც ალბერ კამიუს დაწერილი, მაგრამ სახელი არ მახსოვს, იმიტომ, რომ ვერ გავიგე.
გარშემო უამრავი ნაკითხი და კითხვისგან ტვინგამსკდარი მეგობარი დამტრიალებს. მეც ვარ, რა. თქვენც კარგად იცით, როგორც ვარ: თუ რამე მომწონს _ ვაღმერთებ, რაც არ მომწონს _ ვამხობ. ვარ გადარეულად გადარეული და საზიზღრად მწუხარე. არ ვიცი ზღვარი და “ოქროს შუალედი”. დამიანებთან ურთიერთობაში ბევრჯერ მიმიქარავს და შემიცოდავს. წიგნებს ვყიდულობ უამრავს, მაგრამ კითხვა მეზარება. კრემისფერი შურით მშურს ნაკითხი და განათლებუი ადამიანებისა.
მეუბნებოდნენ მშობლები და ნათესავები: “ზურიკო, იკითხე, თორემ ინანებ!” როგორ ფიქრობთ, ვნანობ?…
P.S. ბიბლიოთეკაში ჯდომის და იქ კითხვის ნერვები კი ჭეშმარიტად არ მაქვს. მანდ ყველაფერს გავაკეთებ წიგნების წაკითხვის გარდა!