ისევ ქუთაისში ვარ. ვხატავ ახალ ნახატს. ისევ დიდ ფურცელს შევეჭიდე. ტფუი, ტფუი!… კარგად გამომივიდეს
წინა პოსტში ქუთაისის შელამაზებული სინამდვილე დაგანახეთ. ახლა კი, მოდით, ვნახოთ, რასა იქმს ქუთაისის ერთ დროს ცნობილი “ტორპედოს” სტადიონი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში თითქმის დილეტანტი ვარ და მეკარეობას ვერ გავცდი (თუმცა ეს უკანასკნელი ძალიან მომწონს), მაინც გადავწყვიტე, ამჯერად ამ სფეროს შევხებოდი.
გავიდა დრო და ქუთაისში ფეხბურთი ნელ–ნელა ქრება. 5 წლის წინ ამის წარმოდგენა ისევე შეუძლებელი იყო, როგორც ჩემი ამ სფეროთი დაინტერესებისა. მაგრამ, ხომ ხედავთ, ყველაფერი იცვლება. თუკი ადრე ქუთაისი დუღდა როგორც ქართული, ისე მსოფლიო ფეხბურთის შემყურე, დღესდღეობით ყველა პოლიტიკაზეა გადართული, ან არაფრისმაქნისობს. აღარაფერს ვამბობ უცხოეთში წასულებზე, რომელთა რიცხვიც მოუთოკავად იზრდება. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ კუბას არ დავემგვანებით, სადაც აშშ–ში გაქცეული 2 მილიონი არჩენს თავისუფლების კუნძულზე გამოკეტილ 5 მილიონს. იმათ კიდე რა ენაღვლებათ, 7 მილიონი მაინც არიან. ჩვენ კი, რუსული ჭყლეტის შემდეგ, კიდევ უფრო შევმცირდით და გავარაფრისმაქნისნდით (…და მე ვარ ჟურნალისტი? რეებს ვბოდავ?
). “ფეღბურთი კი არა, სახლი მენგრევა თავზე”– ხშირად გაიგონებთ ბირჟაზე (თუ ნაბირჟალზე) ჩამომსხდარი, ხელებდამაზუთიანებული ქუთაისელი შუა ხნის მამაკაცებისაგან. არადა, იყო დრო, როცა “ტორპედოს” სტადიონზე ბილეთის ასაღებად ერთმანეთს ტანსაცმელს ახევდნენ. სტადიონის წინ გზა იკეტებოდა, ვინაიდან მანქანათა სიმრავლეს ვეღარ უძლებდა. ამ დროს მეც მოვესწარი. სკოლა ზუსტად სტადიონის გვერდითაა და, იქიდან მომავალი, უამრავი ავტომობილის ლაბირინთში დავრბოდი იმის იმედით, რომ დავიკარგებოდი, მაგრამ ვაი, რომ იქაურობა ზეპირად ვიცოდი…
Continue reading →