
სურათი ცოტათი ძველია, მაგრამ წავა
მგონი, საკმარისად დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე დავწერე, ვისაუბრე. ჩემს “რაღაცნაირ” მოგზაურობებს არ ვგულისხმობ. უბრალოდ, საკუთარი თავის ამბის მოყოლა მაქვს მხედველობაში. ჰოდა დღეს ის პატარა გამონაკლისი იყოს, როცა საკუთარ თავზეც დავწერ, why not
GIPA–ში რომ ვსწავლობ ეს ვთქვი? უი, ჰო… მითქვამს. GePRA–ში რომ ვმუშაობ და პიარსკოლის ბლოგს ვკურირებ, ესეც იცით? ანუ თან ვჟურნალისტობ და თან პიარში ვარ გარეული. ორ სხვადასხვა პროფესიას ვეჭიდები თუ ვეჭიდავები. GePRA ჩემი თავშესაფარია. მართალია, უხელფასოდ ვარ, მაგრამ იქიდან წამოსვლა არ მინდა. კარგად ავეწყვე, თან ბევრიც არ მავალია. რომც დამავალონ, ვერ მოვასწრებ. ჰოდა ქე ვარ ასე
ორიოდ თვის წინ ახალი სამსახური დავიწყე. ჟურნალ “ტაბულას” რედაქცია ეს–ეს არის, დაფუძნდა. მე კულტურის ბლოკში ვარ და თეატრები და მსგავსი რამე–რუმეები მაბარია. ძალიან მიხარია, რომ რაზეც მინდა, იმაზე ვწერ. მართალია, რბენა და დევნა კი მიწევს, მაგრამ ეგ ყოფილა ჟურნალისტის ბედი
ისე, რბენა, ხვეწნა და წერა ვინც არ იცის, იმას ჟურნალისტობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
სწავლა 25–ში განგვიახლდა. ამერიკელი ლექტორი Leah გვიკითხავს. ტიპური ამერიკელია: თავისი საქმის დიდოსტატი, ჯიგარი ტიპი და არც ერთი ენა იცის ინგლისურის გარდა. ლექციაზე დაგვიანება ისჯება კარების ჩაკეტვით და აუდიტორიაში არშეშვებით, ანუ ლექციის გაცდენით, რაც საერთო შეფასების 20 პროცენტს ჩამოაჭრის სტუდენტს. ეს ყველაფერი კი 3 კვირის განმავლობაში უნდა ავიტანოთ. რავიცი, მე კი დავიზაფრე…
ვინაიდან ინგლისურ კურსს გავდივარ, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები დაგვემატნენ. კარგი ტიპები არიან. ნუ მე ნორმალური პარტნიორი შემხვდა და მშვენიერი ურთიერთინტერვიუებიც გამოგვივიდა. ანნა ჰქვია. ჯერჯერობით აქაც კარგად მიდის გაცნობა–დამეგობრების საქმე.
დაკავებული ვარ. ჰოი, რა დღეში ვარ! აქეთ სწავლა და ორი სამსახური თავისი სოციალური მედიის კურირებითა და სტატიებით, იქით დასის აფიშა მაქვს დასახატი. გახსოვთ ალბათ, დასიდან რომ წამოვედი, აფიშებს მაინც მე გავაკეთებ–თქო აღვუთქვი ხალხს და აჰა… “სამანიშვილის დედინაცვალს” ვაკეთებ. რა ვქნა? ხატვაც მიყვარს და არ მინდა, შევეშვა. ჰოდა ვიჩეხები ამდენ საქმეში.
GIPA–დან GePRA–ში, მერე დასში, მერე მეგობრის ბებიის პანაშვიდზე, მერე ისევ GePRA–ში (ბოთეს ბლოკნოტი დამრჩა). ამასობაში “ჯეოსტარელებს” ვურეკავდი ინტერვიუზე. გზაში ფენოვანებს ვყლაპავდი ფრიად გარდარეული სტომაქის დასაწყნარებლად…. აუჰ, რა ამოვქოქე!…
არადა, ამ დროს ადამიანი კარგად დაზეთილი ძრავასავით მუშაობს და უფრო შემოქმედებისუნარიანია, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. მთავარია, არ გადაიწვეს. ჩემი ახლადნაყიდი სათვალე, რომელმაც 3 კვირას ძლივს გაძლო, გუშინ გატყდა და ვზივარ კომპთან თვალებაწითლებული. თან მეყვინთება. 8–ზე უნდა ავდგე, რომ 10–ზე სოლივით ვერჭო ლექციაზე. დღეს ავტობუსმა ნახევარი საათით დააგვიანა მოთრევა და ნერვები მომისპო. არ მიყვარს გინება, მაგრამ დღეს ბორბლებიდან დაწყებული, “გლუშიტელით” დასრულებული (მაყუჩი ქვია ისე), ყველაფერი შევუკურთხე!
მოკლედ ასეა ჩემი ამბავი: ნერვების ხარჯზე ვცოცხლობ. ერთთვიანი დასვენება პატრონს ჩაბარდა. ისევ პატარა ბინაში ვარ, რომელიც არც ერთი აქ მცხოვრებისა არ არის. ოჯახში მატებაა და ახლა ექვსნი ვართ. პაატალა “კუუუუსსსა” შეეძინა ბიძაჩემს
“ჩემს” ოთახში ისევ ქაოსია. ისევ პატარების წივილ–კივილი, ტელევიზორში “სანტა მარია ანტუანეტა ხეორხია ალონსო დე გვადალუპე სანჩეს რივიერა დე ბროსო დე ალესიო პადილა დე პქერუნვაირუაფნაიერჯჰადჯ” გადის და ბებიაჩემიც არც ერთ სერიას არ ტოვებს. მიკვირს, როგორ ამახსოვრდება ამდენი.
აუ, რამდენი დამიწერია. სტოპ!… ესეც გეყოფათ თქვენ. გილოცავთ, ვისაც ბოლომდე წაკითხვა არ დაგეზარათ. ისე მეძინება, დავაფაბლიშებ და გრამატიკული შეცდომების გასწორება თქვენთვის მომიდია, why not