Tag Archives: წვერის პარსვა

ფიქრები წვერის პარსვისას

shave

  • სარკეში არეკლილი მე კედლის იქითა მხარეს მართლა რომ არსებობდეს, როგორი იქნებოდა? თუ პარალელური სამყარო არსებობს, მაშინ სარკე მათ შორის გამოჭრილი სარკმელია. დედამიწის ანალოგს ეძებთ კოსმოსში? შექმენით დედამიწისხელა სარკის ბურთი და მიიღებთ მას.
  • მომენტებში წარმომიდგება, როგორ ჩაივლის აბაზანასთან ჩემი შვილიშვილი, მე კი მას დავუძახებ, ყელს მოვიღერებ და ვკითხავ: “შემათვალიერე ერთი შენებურად, სადმე ხომ არ დამჩა?” :)
  • ოპერის აჩრდილის არია “Music of The Night” უნდა ვიმღერო და აუცილებლად უნდა ჩავწერო. საკმაოდ რთული რამეა: თან საოპერო ხმას მოითხოვს, თან არასაოპერო შესრულების მანერას. ამიტომაც ბევრი ან არაკლასიკურად მღერის ან ძუნწად თამაშობს და აქცენტს ხმაზე აკეთებს. თუ ორივეს მოვახერხებ, ძალიან მაგარი იქნება.
  • ხანდახან წარმოვიდგენ, რომ სააბაზანო, სადაც ახლა სახეს ვიშალაშინებ, ერთ-ერთ უძვირფასეს სასტუმროს ეკუთვნის, მე კი ცნობილი ვარ და ყალბ კომპლიმენტებზე უფრო ყალბად ვიღიმები.
  • წვერის პარსვისას “სამართებელს” თმის ზრდის საწინააღმდეგოდ თითქმის არასდროს ვუსვამ. არ მიყვარს ბავშვის ტრაკივით აპრიალებული სახე. ამის დრო იყო უკვე და გავიდა, ხელოვნურად ბუნების კანონის შეცვლას კი თითქმის არასდროს მოუტანია დადებითი შედეგი.
  • ერთი წლის წინ ამხელა წვერს ვინ გაპატიებდა, ზურიკ! მართალია, ოფიცერი პოსტზე ვერ დაგაყენებდა, სამაგიეროდ ისე დაგსჯიდა, კარგა ხანს გემახსოვრებოდა. საამურია ჯარი. ოღონდ, როცა მოხდილი გაქვს :) საერთოდ, საამურია ყველაფერი, რაც გადაიტანე და რამაც გაგაძლიერა.

პ.ს. დღეს მოცარტის 257-ე დაბადების დღეა. ნეტა, ის რაზე ფიქრობდა წვერის პარსვის დროს? რიტორიკული შეკითხვაა :D