Tag Archives: სრიალი

ბაკურიანი ჩლუნგებისთვის

ვის რაში გაინტერესებთ, მაგრამ თუ მაინც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ამ პოსტს ბაკურიანიდან ვწერ. სპონტანური გარდაწყვეტილების შედეგად, აზრზე ვერც მოვედი, ისე აღმოვჩნდი აქ. საერთოდ, მიყვარს დაუგეგმავი გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს მაშინ, როცა ინიციატივა ჩემგან მოდის. ნუ მოკლედ… ვეცდები, დღევანდელი პოსტი თეზისებად ჩამოვაყალიბო.

მაშ ასე, ჩემსავით ჩლუნგებო, ვინც თხილამურებზე ჯერ არ მდგარხართ:


  1. ბაკურიანში წასვლისას არ დაგავიწყდეთ თოვლის წამოღება. აქაც კი არის, მაგრამ გირჩევთ, თქვენი საყოფი მაინც წამოიღოთ. რა იცით, როდის ამოვა მზე და სიმწრით ნაცოდვილარ ფიფქებს როდის გაადნობს.
  2. წინასწარ შეემზადეთ იმისთვის, რომ დღეში 1 საათი თხილამურებზე სრიალის სწავლა 35-40 ლარი დაგიჯდებათ.
  3. თუ ტალახის მოჭარბებული რაოდენობა და მასში თავდავიწყებით მოსრიალე ბორანები გაგაკვირვებთ, ნუ გაკვირდებით. რა ხეირი რო ;)
  4. სასრიალო მდელოზე რომ არ აილეწოთ, ახლავე დაიმახსოვრეთ სიტყვა “სამკუთხედი”. თქვენი მასწავლებელი ყველაზე ხშირად ამ სიტყვას გაგიმეორებთ.
  5. სასრიალოს თავზე ამყვან საბაგიროს თუ რაღაცას ნუ გაუთამამდებით. მთავარია, სწორი “პოზა” დაუმუღამოთ და თხილამურები არ გაგექცეთ… თორე ისეთ შპაკატს მოხევთ, ცხვირს გატახუნებინებთ და გუთანივით გახნევინებთ თოვლს. ანუ, რაც მე გუშინ დამემართა. თვითკამასუტრას ახალი და აქამდე უცნობი პოზები გამაკეთებინა… (მაინც გამექცა ენა :P)
  6. თუკი საბაგიროზე ასვლისას (ჩვეულებრივად მისრიალებთ წელში გასწორებული, ფეხებს შორის რკინის მილი გაქვთ ამოდებული, რომელიც ტროსზეა ჩამოკიდებული. მას აყავხართ) თხილამურები მაინც ვერ დაიმორჩილეთ და შპაკატისათვის ხართ განწირული, მილს ხელი გაუშვით და თოვლში გაწექით. თქვენს უკან თქვენი მასწავლებელი მოვა და ის წამოგაყენებთ. თუ მასწავლებელი არ აგიყვანიათ, მეყოლეთ ვარდივით :P
  7. არაფერ ზემოთ ნათქვამისა არ შეგეშინდეთ. არც იმის გაგიტყდეთ, რომ ხოლმე-ხოლმე დაეცემით. დაიმახსოვრეთ: კარგი მოთხილამურე ისაა, ვინც თავის დროზე ბევრჯერ დაცემულაო (ავტ. შენიშვნა). შეირგეთ ის, რაც გამოგდით, ნუ იჩქარებთ, ნუ გადაირევით და მეორე დღეს უფრო სიამოვნებით ისრიალებთ ;)

პატარა თვითგამოცდილება: გუშინ, პირველ დღეს, საშინლად დავიღალე. ისე, რომ ვერც კი დავიძინე წესიერად. დღეს კი მოსალოდნელზე გაცილებით უკეთ ვისრიალე, სულ ორჯერ და ისიც მსუბუქად დავეცი და შედარებით ნორმალურადაც დავეშვი დაღმართზე. თხილამურებით სრიალისაგან პირველად მივიღე სიამოვნება. ძველით ახალ წელს აქ შევხვდები და 2 დღეში ისევ ქუთაისში წავალ.

აბა ჰე და აბა ჰო, ბედნიერი ახალი წელიო :)