Tag Archives: სასაფლაო

ცოცხალი მეგობრების სასაფლაო

jewish

ბოლო დროს, რაც უფრო მეტი ვინმე მცნობს ან პირადად მიცნობს, უფრო მეტად მეუხერხულება პირადი პოსტების წერა. რა მაგარი იყო 5-6 წლის წინ, როცა ყველა მხოლოდ ზურიუსად მიცნობდა და არც ჩემი კომპეტენტური აზრი ჭირდებოდათ და არც პროფესიული დახმარება. მაგრამ, ბლინ, (ჯერ კიდევ) ყველანი ადამიანები ვართ, ჰოდა მკიდია.

მე ცოცხალი მეგობრების სასაფლაო მაქვს, რომელიც წარმოსახვაში დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც ებრაელი ხალხის გენოციდის მემორიალი ბერლინში. ისე გამოვიდა, რომ მათ მოკვდინებაში უმეტესი წილი მე მიმიძღვის. სხვანაირად, ხომ არ დავკარგავდი? ჩემი ცოცხალი მეგობრების სასაფლაო ფეისბუკში მდებარეობს. იმ მხარეს, რომელიც ან სულ გამქრალია ან ნელ-ნელა ქრება ჩემი სიახლეების ველიდან და საბედისწერო წამით გაჩერებული დროის მოგონებები აყრია მტვრად.

ყველა განსხვავებული მიზეზით გარდაიცვალა. რამდენიმეს თითქმის იდენტური დიაგნოზი ჰქონდა, თუმცა ინდივიდუალური განვითარება ახლდა. ზოგი დიდხანს იტანჯა, ზოგსაც უწვალებლად დაელია სული. სამაგიეროდ, მე დღემდე ვიტანჯები, რადგან სხეულის მოკვეთილი ნაწილები ბოლომდე არაფრით მიხორცდება. კარგი, ჰო, არ ვაძლევ შეხორცების უფლებას. სინდისი არ მიშვებს. მინდა, ყრუ ტკივილად მაინც ჩამესმოდეს ჩემი შეცდომები, რომ ეგებ სამომავლოდ მაინც გამომადგეს. ისეც ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. საერთოდ, ძალიან იშვიათდაა ყველაფერი მხოლოდ ერთი მხარის ბრალი, მაგრამ მე ჩემსაზე ვაგებ პასუხს. 3 წლის წინაც ასე ვფიქრობდი თურმე:

  • როცა დაღვრემილი წამოიძახებ “რა დავაშავე!”, საკუთარმა ხმამ იქვე უნდა მოგაძახოს “სჯობს, ჩამოთვალო, რა არ დააშავე.”

ზოგი მეუბნება, რომ, რასაც ვაკეთებ მაზოხიზმია და უაზრობა. ამაზე ყოველთვის მეღიმება და კითხვას რიტორიკულად ვუბრუნებ: “აბა, რა ვქნა?” :) მეტად ასე აღარ მოვიქცე? ბლინ, მაგდენსაც რომ ვერ ხვდებოდეს ჩემი ტვინი, სინდისის ქენჯანც არ შეაწუხებდა. ყველაზე კრეატიული რჩევების მომცემი ხალხი! ან ვინ იცის, კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში რას აქვს აზრი? არამგნია, ვინმეს სწორი პასუხი ჰქონდეს.

ასე და ამგვარად, ამოვიჩრი იღლიაში მოგონებების ფუთას და ჩემი ცოცხალი მეგობრების საფლავებს ჩამოვუვლი  ხოლმე. აი, ერთი მათგანი სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახებულა. მშვენიერია. საქორწილო მოგზაურობაშიც წასულან. ერთიც შეყვარებულია. მიყვარს შეყვარებული ხალხი, საინტერესო სანახავია. ერთსაც ხელოვნებაში ახალი სუნთქვა გახსნია და კარგ რაღაცებს აკეთებს.

ვიცი, რომ ყველაზე ლამაზი სასაფლაო მე მაქვს. იმიტომ, რომ ცოცხალი ადამიანებითაა დასახლებული.

დიდუბის პანთეონი Vol. 1

დადგა ის აუტანელი დრო, როცა დღესაც და ღამესაც ერთი ფერი აქვთ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ შვილივით გამოზრდილ ბლოგზე წერა ასე შემეზარებოდა. ხან დრო მიშლის ხელს, ხან ხასიათი. თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემში თავგადაკლული ბლოგერი მალე გაიღვიძებს. ახლა კი საქმე.

დიდუბის სასაფლაოზე უკვე 800 ადამიანი განისვენებს. თითქმის ყველა მათგანი ცნობილი პიროვნებაა ან მე არ მეცნობა. თითქმის არც ერთის საფლავი არ ჰგავს ერთმანეთს. ყველა თავისებურად განსხვავებული და მათში განსვენებულთა ისტორიის ნაწილის მატარებელია. ქართველებს გვიყვარს პომპეზური საფლავები, თუმცა აქ ეს აკვიატება ვერ დავინახე. ჩემი აზრით, ყველა თუ არა, უმეტესი ნაწილი მაინც გემოვნებითაა შექმნილი და გარდაცვლილთა მოღვაწეობის სფეროს ელემენტებით გაჯერებული.

ზურაბ ჟვანია

Continue reading

აბა, თითო ჭიქა, ახა, ყველამ გარეიღეთ, დეილოცეთ

…ამ აღდომა დღეს, ახა, გოუმარჯოს იმგენს იქანე, საცხა არიან, არ ვიცი მე. მარა არაა მაგი ჩემი საქმე. ჩემი საქმე არი აგერ, ა, ჭიქა მიკავია ხელში და კაცურად ვადღეგძელებ და გაანათლოს ღმერთმა. რაფერი კაი იყო აქანე ყველა, იმფერი კაი იქნებიენ იქანეც, მე ამისი მწამს, ჩემო კარგებო და დებო და ძმებო… თქვენ შამეგევლეთ იმათი დალოცვით მე! (სტილი დაცულია).

მიყვარს, მიყვარს აღდგომა ქუთაისში. სასაცილო კია, მაგრამ როცა ამ ყველაფერს საკუთარი ყურით უსმენ და მონაწილე ხარ, ძნელია, არ შეგიყვარდეს და არ დაგამახსოვრდეს :)

გავიხსნილე. ცოტ-ცოტა ყველაფერი ვჭამე. ვეცდები, პასკა რაც შეიძლება დიდხანს გამოვიზოგო.

ქართული სასაფლაო: ტრადიცია, მოდა და დრო

ქუთაისში ეს ყველაფერი ალმოდოვარის “დაბრუნების” დასაწყისს ჰგავს რაღაცით (წინადადებაც სინტაქსურად ასე დავაწყვე). საიქიოს საელჩოში, სადაც დრო გაჩერებულია, წარმავალთა კვალი ჩნდება. დაჟანგულ, ჩუქურთმებიან ღობეებს ხეხვის ჟღრიალი გაუდით, ერთი წლის გაუღებელ პაწაწინა კარებს კი – ჭრიალი. საფლავთა ქვებს შორის ამოჩრილი სარეველები, რომლებიც თვეობით ხარობდნენ და პოზიციების გამაგრებაზე ფიქრობდნენ, ახლა ერთ კუთხეში საცოდავად მიუყრიათ. ქვაზე ამოკაწრული გარდაცვლილთა პორტრეტები, რომელთა დაბნეულ-გამოლეული გამოხედვაც ბუნებას მტვრის სქელი ფენით დაუფარავს, ახლა ისეა გაკრიალებული, როგორც იმ უბედურ დღეს. საიქიოს საელჩო, დემოგრაფიული მუზეუმი თუ ქვაზე მხატვრობის გალერეა მალე ყოველწლიურ დღესასწაულს უმასპინძლებს.

Continue reading

“აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!”

…ახლა უკვე მეცინება ამ ჩანახატზე, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც დამედო

451863190_7051adbfc1_o12 საათისთვის ჩამორეკა ეკლესიის ციცქნა, წკრიალა ზარებმა. მრევლი სანთლებითა და გალობით მიიკვლევდა გზას უკუნეთ სიბნელეში, რათა სააღდგომო ლიტანიობა შეესრულებინა. დაბალჭერიან ბაზილიკაში ჩახუთული ჰაერი იდგა. ყველა შეძლებისდაგვარად, მაგრამ რწმენით ახერხებდა საზეიმო წირვა-ლოცვის მოსმენას. შემდეგ იყო ქადაგება. გადაღლილი მოძღვარი მთელი შემართებით ლოცავდა და შეახსენებდა მრევლს, რომ უფლის მიერ მოვლენილი ზეციური ცეცხლი კიდევ ერთი შანსია კაცობრიობის თვითგამოსარკვევად. “დღეს სიხარულის დღეა და სასაფლაოებზე არ გავდივართ. აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!”…
მეექვსეკლასელი ბიჭი დილის 6 საათისთვის დაბრუნდა შინ. სახლის კარი არ დაუკეტავთ. ჩუმად შეაბიჯა საწოლ ოთახში, თუმცა სააღდგომო ეიფორია არ ასევენებდა. ეგონა, ძილი არ მიეკარებოდა, მაგრამ დაწოლისთანავე “გაითიშა”. 10 საათისთვის შეშინებული წამოხდა ფიქრით _ ხომ არ დამტოვესო, მაგრამ მალევე დამშვიდდა. ჯერ არ წასულან.
ქუთაისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ვერ მოეშალა ძველი წამზერიობა და ამიტომ სასაფლაოებზე, ორშაბათის ნაცვლად, კვირა დილას გადიოდა. ბიჭიც იქითკენ მიიჩქაროდა. ოღონდ მას საკუთარი ინტერესი გააჩნდა: თიხის კვერცხი.
გაწვიმებულიყო. უმზეო დილა ღრუბლის ვუალის მიღმა მალავდა სასიხარულო განწყობილებას. მასაც უხაროდა, მაგრამ რაღაც, ხასიათზე ვერ იყო. სასაფლაოები, როგორც მოელოდა, ხალხით იყო სავსე. ყველანი უთავბოლოდ ირეოდნენ აპრილის წვიმით გაბრუებულ ქვიტირში. გაუნძრევლად წოლისგან გადაღლილი განსვენებულები მოუთმენლად მოელოდნენ ნიადაგის ზედაპირზე კვერცხის გადაგორების ხმის გაგონებას. ცუდი ის იყო, რომ ზოგი “სააღდგომო სტუმარი” თავიანთი ნათესავების გადავიწყებულ საფლავებს ძლივს აგნებდა… მაგრამ აქ შეკრებილი უბრალო მოკვდავები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ “კვერცხთამსხვრეველი ტერმინატორი” გამოეცხადათ! მას შემდეგ, რაც ნათესავთა “მინისასახლეები” მოინახულა, ჩასუქებული ლოყებღაჟღაჟა ბიჭი დასახული ამოცანის მეორე ეტაპზე გადავიდა: რაც შეიძლება, მეტი კვერცხის შეგროვება, რათა სახლი რეზერვუარი დროზე არ ამოეწუროს. მას ხომ ასე ძალიან უყვარს სააღდგომო კვერცხი. ამისთვის ხომ მთელ 47 დღეს იმარხულა! Continue reading