Tag Archives: რედისონი

Earth Hour უკვე საქართველოში!

60 წუთი დედამიწისათვის – "დედამიწის საათის" ლოგო

ჰმ… აქედან უნდა დამეწყო. ვინც ჩემს პოსტებს ხშირად ეცნობით, გეცოდინებათ, რომ გლობალური დათბობის საფრთხეზე ხშირად ვწერ. ერთ-ერთი ამის ხელისშემშლელი ფართომასშტაბიანი პროექტი არის Earth Hour დაფუძნდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ. როგორც წინა პოსტში ვთქვი, ყოველივე ეს ამცირებს ენერგიის გამოყოფას და, შესაბამისად, დედამიწის კლიმატიც რაღაც პროცენტით ნაკლებად შეიცვლება უარესობისაკენ. პირველად ეს ღონისძიება სიდნეიში ჩატარდა 2007 წელს, 2010-ში კი უკვე 121 სახელმწიფო იღებს მასში მონაწილეობას. რაც ყველაზე ძალიან მიხარია, საქართველოც ერთვება ამ წამოწყებაში!

დღეს, 27 მარტს, საღამოს 8–ის ნახევრიდან 9–ის ნახევრამდე უკვე საქართველოშიც ჩაქრება ნაგებობები და ამით ჩვენი ქვეყანა შეუერთდება Earth Hour 2010-ს. როგორც საინფორმაციო სააგენტო  GHN.Ge წერს, აღნიშნულ დროს გამოირთვება თბილისის სატელევიზიო ანძის გარე ელექტროგანათება და თბილისის ძველი მერიის შენობა. მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიის ახალი შენობის ჩაქრობაზეც. ინიციატივას ასევე შეუერთდნენ სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” (ალბათ, ეგენი ოთახებში სინათლეს თუ ჩააქრობენ) და “ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკი” (HSBC Bank Georgia) – ამ ბანკის შესახებაც არაფერი ვიცი.

დღეს მოვისმინე მოსაზრებები, რომ საქართველო იმდენ ხანს იყო უკუნეთში, რომ დედამიწის წინაშე მინიმუმ 10 წლის ვალი აქვს მოხდილიო, მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა. მთავარია, დადგე მათ გვერდით და ერთ საქმეში მიიღო წვლილი. მერე რა, რომ მათზე მეტი გამოცდილება გაქვს (აი, რით ვჯობივართ ევროპას და ამერიკას!). შენც ადექი, გაიხსენე და გაუზიარე უშუქობისდროინდელი შთაბეჭდილებები სხვებს :)

Continue reading