Tag Archives: პირადი

სამადლობელი პოსტი

ტოლედო

ტოლედო

ძალიან არ მიყვარს, ჰიპერმოტივირებულ სტატუსებს რომ წერენ ფეისბუკზე ან ამავე პათოსის პოსტებს რომ გამოაცხობენ ბლოგზე და, იმედი მაქვს, ეს ნაწერიც გაუძლებს ჩემს კრიტიკას.

ესპანური მოგზაურობა დამთავრდა. 4-ის ნაცვლად, ვნახე 6 ქალაქი (მალაგასა და ტოლედოში შერბენა მოვასწარი), დავხარჯე გათვალისწინებულზე მეტი და, შედეგად, საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი ვარ. ახლაც მახენდება, როცა 2 დღის წინ, მადრიდში, ატოჩას გამზირზე ბარგს მეტროსკენ მივარიხინებდი, საკუთარ თავს მეორე პირში ვეუბნებოდი, შენ ყოფილხარ, ვინც ყოფილხარ – მეთქი. ისეთი მაგარი ხარ, ყველაფერი ასე მოხერხებულად რომ შეძელი, რომ ამიერიდან სხვაზე შემყურე აღარ გახდები-მეთქი. Continue reading

მალე, ორჰან ფამუქის სტამბოლში

სტამბოლი, ისტიკლალის ქუჩა

სტამბოლი, ისტიკლალის ტრამვაი

“ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ნეტავ რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაინცდამაინც მწოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებას? სამართლიანია, თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც.”

ორჰან ფამუქი

აქ რაიმე აზიური მუსიკა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, იქნება ბახი. სევდიანი კვნესა, რომელიც სტამბოლში თითქოს სულ არ იგრძნობა, მაგრამ, ფამუქის წიგნის გადაკითხვის შემდეგ, გამახსენდა, რომ ტურისტულ სიჭრელეში სევდიანად ჩალაქავებული რაღაც გამოჩნდა. რაღაც, რასაც მაშინ თვალი შეგნებულად ავარიდე.

სულ მალე სტამბოლს მეორედ ვნახავ. მინდა, ისევ ისეთი ფერადი, ჭრელი და გამხარებელი დამხვდეს, როგორც შარშან ამ დროს, ტიტების ყვავილობისას. Continue reading

ცოცხალი მეგობრების სასაფლაო

jewish

ბოლო დროს, რაც უფრო მეტი ვინმე მცნობს ან პირადად მიცნობს, უფრო მეტად მეუხერხულება პირადი პოსტების წერა. რა მაგარი იყო 5-6 წლის წინ, როცა ყველა მხოლოდ ზურიუსად მიცნობდა და არც ჩემი კომპეტენტური აზრი ჭირდებოდათ და არც პროფესიული დახმარება. მაგრამ, ბლინ, (ჯერ კიდევ) ყველანი ადამიანები ვართ, ჰოდა მკიდია.

მე ცოცხალი მეგობრების სასაფლაო მაქვს, რომელიც წარმოსახვაში დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც ებრაელი ხალხის გენოციდის მემორიალი ბერლინში. ისე გამოვიდა, რომ მათ მოკვდინებაში უმეტესი წილი მე მიმიძღვის. სხვანაირად, ხომ არ დავკარგავდი? ჩემი ცოცხალი მეგობრების სასაფლაო ფეისბუკში მდებარეობს. იმ მხარეს, რომელიც ან სულ გამქრალია ან ნელ-ნელა ქრება ჩემი სიახლეების ველიდან და საბედისწერო წამით გაჩერებული დროის მოგონებები აყრია მტვრად.

ყველა განსხვავებული მიზეზით გარდაიცვალა. რამდენიმეს თითქმის იდენტური დიაგნოზი ჰქონდა, თუმცა ინდივიდუალური განვითარება ახლდა. ზოგი დიდხანს იტანჯა, ზოგსაც უწვალებლად დაელია სული. სამაგიეროდ, მე დღემდე ვიტანჯები, რადგან სხეულის მოკვეთილი ნაწილები ბოლომდე არაფრით მიხორცდება. კარგი, ჰო, არ ვაძლევ შეხორცების უფლებას. სინდისი არ მიშვებს. მინდა, ყრუ ტკივილად მაინც ჩამესმოდეს ჩემი შეცდომები, რომ ეგებ სამომავლოდ მაინც გამომადგეს. ისეც ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. საერთოდ, ძალიან იშვიათდაა ყველაფერი მხოლოდ ერთი მხარის ბრალი, მაგრამ მე ჩემსაზე ვაგებ პასუხს. 3 წლის წინაც ასე ვფიქრობდი თურმე:

  • როცა დაღვრემილი წამოიძახებ “რა დავაშავე!”, საკუთარმა ხმამ იქვე უნდა მოგაძახოს “სჯობს, ჩამოთვალო, რა არ დააშავე.”

ზოგი მეუბნება, რომ, რასაც ვაკეთებ მაზოხიზმია და უაზრობა. ამაზე ყოველთვის მეღიმება და კითხვას რიტორიკულად ვუბრუნებ: “აბა, რა ვქნა?” :) მეტად ასე აღარ მოვიქცე? ბლინ, მაგდენსაც რომ ვერ ხვდებოდეს ჩემი ტვინი, სინდისის ქენჯანც არ შეაწუხებდა. ყველაზე კრეატიული რჩევების მომცემი ხალხი! ან ვინ იცის, კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში რას აქვს აზრი? არამგნია, ვინმეს სწორი პასუხი ჰქონდეს.

ასე და ამგვარად, ამოვიჩრი იღლიაში მოგონებების ფუთას და ჩემი ცოცხალი მეგობრების საფლავებს ჩამოვუვლი  ხოლმე. აი, ერთი მათგანი სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახებულა. მშვენიერია. საქორწილო მოგზაურობაშიც წასულან. ერთიც შეყვარებულია. მიყვარს შეყვარებული ხალხი, საინტერესო სანახავია. ერთსაც ხელოვნებაში ახალი სუნთქვა გახსნია და კარგ რაღაცებს აკეთებს.

ვიცი, რომ ყველაზე ლამაზი სასაფლაო მე მაქვს. იმიტომ, რომ ცოცხალი ადამიანებითაა დასახლებული.

რატომ ღირს ბრიტანეთის ვიზა ასეთი ძვირი?

London, Oxford Circus

-Good evening, Sir. Could you tell me the right direction to the Downing Street? – ღამის 4 საათზე ვეკითხები რომელიღაც შენობის დაცვას სადღაც ვესტმინსტერის უბანში.

– It’s over there, – მპასუხობს მკვირცხლად, – Follow this road till The Parliament and turn far left.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას და პრემიერმინისტრის აპარტამენტებისკენ მივემართები. თან ვფიქრობ, იმ კაცს ამდენი ახსნა როგორ არ დაეზარა. მივაღწიე. არ მეგონა, დაცვა ასე თუ ჩარაზავდა იმ ერთ ციცქნა ქუჩას. გადავწყვიტე, რომ ეს ღირსშესანიშნაობაც ვნახე და ღამის ლონდონში ხეტიალი განვაგრძე.

ჯერ კიდევ ბრიტანეთში ყოფნისას ვფიქრობდი, რატომ არიან ისინი ასეთი თავაზიანები და ჩვენ – არა. არადა დღემდე ქართული სტუმართმოყვარეობისა და დახვედრის ინსტიტუტით მოგვაქვს თავი. Continue reading

ფილმი, რომელსაც მშობლებს ვაყურებინებდი

მე-5 კლასელი მე

მე-5 კლასელი მე

“სიძულვილი უძირო თასია, რომელშიც დაუსრულებლად შემიძლია, ვასხა.”

ევრიპიდე, “მედეა.”

მას შემდეგ, რაც კაენმა ადამიანთა მოდგმის 25% ქვის ერთი (ან რამდენიმე) მოქნევით ამოწყვიტა, ძალადობა კაცობრიობის ჰობია. მე კი ზურა ვარ, ბულინგის მსხვერპლი. სკოლაში იმ დროს ვსწავლობდი, როცა მოდაში “ბაბოჩკის” ტრიალი და კაი ბიჭობა იყო, ხოლო სწავლა – “გრეხი.” მახსოვს, ერთხელ დერეფანში მივდიოდი, როცა ვიღაცამ დამიძახა. მივიხედე და სახეში დაჭმუჭნილი ქაღალდებისგან გაკეთებული ვეებერთელა გუნდა მომხვდა. კლასში სახეახეული შევედი.

Continue reading

ბავშვობის კიდევ ერთი კომპლექსი

door

ბავშვობა ის ზღაპარია, რომელიც ბოლომდე არ გახსოვს, მაგრამ გულის სიღრმეში დანამდვილებით გჯერა, რომ მაშინ დევები და ფერიები მართლა არსებობდნენ. ისე, ბავშვობა ნარკოტიკი რომ ყოფილიყო, წარმომიდგენია, რამდენი მომხმარებელი ეყოლებოდა.

Continue reading

სტამბული – ყველაფრის ქალაქი (ნაწილი I)

11160205_10206340776456166_1060702036_n

„კაცია ადამიანში“ წერია: „რიტორიკაში სწერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო,“ ჰოდა მეც ასე მოვყვები. იყო ერთი საღამო, როცა ჩემს მეგობარ თამუნას (ლიტერატორი) შევხვდი ვენდისში და სულ რაღაც 15 წუთში მიმაღებინა ის გადაწყვეტილება, რასაც აქამდე გავურბოდი, ვერ ვრისკავდი თუ, არ ვიცი, რატომ ვერ ვიღებდი. დღეს ვხვდები, თუ როგორ გამზარდა ერთმა კვირამ სრულიად უცხო გარემოში. 26 წლის ასაკში მე ეს შევძელი და გავიხედე ქვეყნის გარეთ.

ჩემი ხნის ხალხს დღეს ათეულობით ქვეყანა აქვთ მოვლილი და ამ პოსტის პათოსში გასაკვირს, ალბათ, ვერ დამეთანხმებიან, მაგრამ მე ხომ ვიცი, რამხელა ცვლილება მოახდინა ამ ყველაფერმა ჩემში. ბაქოში ორნახევარი დღით ჩარბენა აზრზე მოსვლა იყო, რადგან წესიერად უცხოეთის ნახვა და შეგრძნება ვერ მოვასწარი, სტამბულმა კი რეალურად დამანახა, რომ, გამაოგნებელი დემოკრატიის ქვეყნის გარდა (როგორ ფიდელ კასტროსეულად ჟღერს ისე), სხვა სახელმწიფოებიც არსებობს.

ბილეთები უკვე შეძენილი მქონდა, როცა ახლობლებს მოვუყევი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ (ან რა მოყოლა უნდოდა, მაგრამ როცა პირველად უნდა ახვიდე თვითმფრინავის ტრაპზე, აბა, რას იზამ). მეკითხებოდნენ, რამე ხდება, რამეს ესწრები  თუ რატომ მიდიხარო? მეც ვპასუხობდი, არაფერი, უბრალოდ, გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის პატივი მეცა-მეთქი. ასე გამოვუწერე საკუთარ თავს სტამბული. შესავლის დასასრული.

11195368_10206340777976204_1983825761_n

თვითმფრინავის ბორტზე ასვლისას ფიქრომ და ვასასიმ, სტაჟიანმა ბოსფორდალეულებმა, „მიჯიგრეს“ და ილუმინატორის მხარეს დამსვეს, გამოცადოს ბიჭმა ფრენის სიამოვნებაო. აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, ცას იმდენი ფოტო ვუღე, ლამის გავძვერი ფანჯარაში. მერე ყველაფერი ღრუბლებით დაიფარა და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ გოქჩენის აეროპორტში არ დავეშვით. წვიმს, სტამბულში ვარ, მაგრამ ნამდვილი სტამბული ეს არ არის.

11198452_10206340779136233_1966526488_n

დილა: ეკლებივით განფენილი მინარეთებიდან მოლების გადაძახილი, გაღებული მაღაზიებისა და კაფეების ქოთქოთით გაკმენდილი ორიოდ საათით შემოპარული სიჩუმე, ქუჩების კუთხეში დაწურული ფორთოხლისა და ბროწეულის ცოცხალზე ცოცხალი წვენი, ვიტრინებიდან მომზირალი ათასნაირი თაფლიან-თხილიან-კარამელიანი ტკბილეული, ჩაის გამოყვანილ ჭიქებში კოვზების წკარუნი.

11212392_10206340751975554_122483412_n

შუადღე:  სრული ქაოსი, დიდსა თუ ვიწრო ქუჩებში აკორდეონებზე აჟღერებული „კატიუშა“ და „ბელა ჩაო,“ შეძახილები, გიდების აფრიალებულ დროშებს გაყოლილი ტურისტული ფარა, გულჰანეს ბაღის ტიტები, დონდურმა ნაყინით ჟონგლიორი გამყიდველები და გრძელი რიგები მუზეუმებთან.

11198766_10206340755455641_343443411_n

საღამო: ფილმები, კონცერტები, ღონისძიებები, ისტიკლალის წითელი, ჟღარუნა, ტურისტებით გატენილი ტრამვაის ზარი, აია სოფიასა და მეჩეთების გუმბათებზე წაქცეული მზე, გალათას ხიდიდან ბოსფორში ასობით ანკესიდან გადატყორცნილი სატყუარა, მტრედები, ყვავები, თოლიები.

11180209_10206340751255536_1146558173_n

ღამე: ყურთამდე გაღიმებული ოფიციანტები იაფი მენიუებით ხელში, ჩილიმების ბოლი, ერთმანეთში არეული ყველა სახის ხმაურიანი მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, ხმები, ხილი, სანელებლები, სუვენიერები, თავშლები, ჩანთები, ფერები და გართობა გათენებამდე.

ეს არის ნამდვილი სტამბული, ყველაფრის ქალაქი.

All In One SEO Pack

Kolibri's Freedom

  • ჩემს ნახატებს კედლებზე არასდროს ვკიდებ, ყოველთვის ცალკე მაქვს შენახული. უკვირთ, როცა იგებენ, რომ ვხატავ კიდეც. არადა ხატვა 1 წლიდან დავიწყე. ცხოვრებაში ლამაზი ნახატი, მგონი, არასდროს დამიხატავს.
  • მეგობრები არ არსებობენ. არსებობენ მედუზები, რომლებსაც, თუკი არსებულ რეალობას შეუცვლი, ხელში ისე ჩაგადნებიან, თითქოს არც უარსებიათ.
  • არის მდუმარე ფეისბუკ პროფაილები, რომელთაც საფლავებივით ჩამოვუვლი და დავხედავ ხოლმე. მინდა, გადავეჩვიო.
  • თუკი ერთ ადამიანს მეორეზე აზრს ჰკითხავ, დაუჯერე, მაგრამ ნურასდროს იქნები დარწმუნებული, რომ შენთანაც ისეთივე იქნება, როგორიც მასთან.
  • არის 4 ქალი და 3 კაცი, ვისიც მეშინია. აქედან 2 ჩემი მშობელია.
  • ადამიანს ყველაზე მეტად პირის წკლაპუნს ვერ ვპატიობ. ხანდახან ვერც საკუთარ თავს.
  • ბათუმის Piazza Hotel-ში ძალიან პატარა ნომრები, მაგრამ ისეთი გემრიელი მაგარი მატრასები აქვთ, რომ სიამოვნებისგან შეიძლება, ძილი გაგიტყდეთ. სასაუზმედ მთელი მოედნის გადაკვეთა გიწევთ, რადგან Piazza Tower-შია, მესამე სართულზე, კაფე ბრიოშეში. მაგრამ ძალიან მაგარია: საკვებიც, ინტერიერიც და ხედიც.
  • ახალი ფირსაკრავი კარგი დინამიკებით და აკვარიუმი – ორი რამ, რასაც აუცილებლად ვიყიდი, როცა ახალ სახლში გადავალ, რაც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ზეა დამოკიდებული.
  • მინდა, სტვენით შესრულებული საოპერო არიების ალბომი ჩავწერო. ეგებ, მიხრწნილების ასაკში მაინც დამიფასდეს.

ძილინებისა! დანარჩენი და ღრმააზროვანი პოსტები მერე. ;)

წუხანდელი ჩაღვრილი ჩაით დანესტიანებულ ლოგინში დაწერილი პოსტი

1459720_255335867947372_850288406_n

რამდენი რამის დაწერა მინდა ახლა… მახსოვს, სადღაც 2008 წლის ერთ-ერთ საღამოს, როცა უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, ავტობუსში ქალი შემოტრიალდა და შარიანი ხმით მისაყვედურა: “აუ, ნუ უსტვენთ, რა!” ხმა არ ამომიღია, მხოლოდ გულში გავიფიქრე, რომ “სტვენ” იყო სწორი ფორმა და არა “უსტვენ”. არა და პიანისიმოზე ვსტვენდი ისე ჩუმად, თან ყველაზე ღვთაებრივ არიას.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სპექტაკლზე ტექსტი დამავიწყდა, სცენის შიში დამჩემდა. ფეხს შევდგამდი თუ არა, თავში ყველაზე ცუდი და უხერხული სიტუაციები მეხატებოდა, თუ როგორ დამცინის მაყურებელი, როგორ ვწითლდები სირცხვილისგან და როგორ მემართება გულის შეტევა. მიკვირს, რომ სტვენისას ასე არასდროს დამმართნია. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის სიახლის თქმა ასეთნაირად უფრო ადვილია, ვიდრე საუკუნეებგამოვლილი სამსახიობო ოსტატობით.

სტვენისას “დაგჭირდებათ” ტუჩები, ენა, კბილები, გულ-მკერდი და მუცელი. ამათზე ჰაერის წნევის მონაცვლეობით მიიღებთ ბგერას, რომელსაც ტვინი ყურის მეშვეობით აკონტროლებს. სასიმღერო ვოკალისგან განსხვავებით, სტვენითი ბგერა ადამიანის სხეულის გარეთ წარმოიქმნება. მას შემდეგ, რაც ტუჩებს გამოსცდება. მღერის დროს კი მუსიკალური ბგერა ჯერ ხორხსა და პირის აპარატში ჟღერს და მერე – გარეთ. ამიტომ იგი სხეულის შიგნიდანაც გვესმის და გარედანაც, რითაც უფრო ადვილია მისი კონტროლი, ყალბი ნოტი რომ არ აიღო. ერთი სიტყვით, სტვენა უფრო რთულია.

ყოველთვის მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი, მაგრამ არასდროს მნდომებია, ვყოფილიყავი ხელოვნური. არ შემიძლია, კარგად ვაკეთო ის, რაც არ მსიამოვნებს, და ხელოვნურობა – არ მსიამოვნებს.

დღეს საღამოს “ბრავოს” ლაივია, ჩემი ლაივი. დიდხანს ველოდი ამ დღეს. ვიღაცებისთვის ეს მეგაშოუა, ზოგისთვის შეჯიბრება, ჩემთვის კი ეს ლამაზი საღამოა, რომელზეც მექნება პატივი, კიდევ ერთხელ დავუსტვინო ორკესტრთან ერთად. ჩემი კონკურენტი ჩემი მეგობარია და, მიუხედავად უხერხულობისა, გულის სიღრმეში მიხარია, რომ ძალიან ძლიერ შემსრულებელს ვეჯიბრები. თან ლობისტიც მაგარი შემხვდა. ანუ ისე არ არის, აბა, გავუღიმეთ კამერას და მერე პაკაა. ვწერთ და ვამხნევებთ ერთმანეთს და ძალიან კარგია ეს.

დღეს, ალბათ, ვიქნები სევდიანი. არ ვიცი, ვნახოთ. სევდაც კარგია ხოლმე, ისევე, როგორც მხიარულება. თქვენ კი, ვისაც “ჩემი კუკარაჩა” გინახავთ და იცით, რომ არც ფეხი მაკლია, არც ხელი, არც, მადლობა ღმერთს, მძიმე ავადმყოფი არ ვარ და არც მასკულტურის ჟანრს ვასრულებ, შეგიძლიათ, დამირეკოთ ნომერზე 0 903 300 301. თუ ფული არ გაქვთ და ა.შ., მაშინ უფასოდ შეგიძლიათ, მომცეთ ხმა ამ ბმულზე.

წავედი ახლა, მივხედო საქმეს … :)

Coming Back To Life

DSCN4592

თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ამ ბლოგზე ბოლო ჩანაწერი გამოვაქვეყნე. გასული წლის ოქტომბერში ბლოგი ტექნიკური მიზეზებით გაითიშა. მან გამოტოვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები: ბათუმის გიტარის ფესტივალი, “ნიჭიერის” სამთვიანი პერიპეტიები, გამოფენები, პერფორმანსები, დღესასწაულები, დაბადების დღე… მაგრამ პაუზა დასრულდა და მე ისევ აქ ვარ. :) Continue reading