Tag Archives: პასუხისმგებლობა

დედის კალთას, მამის შარვალსა და ბებიის ნიფხავს გამოკერებული ახალგაზრდობის შესახებ

გამარჯობა!

მე ვარ DreaMar და ეს ჩემი პირველი გესთპოსტია. ძალიან მიხარია :) დიდი მადლობა ზურიუსს გამასპინძლებისთვის. მინდა ამ პოსტში დავწერო იმის შესახებ, რაც დიდი ხანია მაწუხებს.

მოკლედ თავიდან დავიწყებ: მახსოვს რომ ვაბარებდი ეროვნულ გამოცდებს ( ზურიუს ეს შენც კარგად გემახსოვრება, ჩვენ ხომ პირველები ვართ ვინც ეროვნულებით ჩააბარა :პ) სასოფლო უნივერსიტეტთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. თითქმის ყველა აბიტურიენტს საგულშემატკივროდ თან ჰყავდა წამოყვანილი მშობლები + ბიძები, დეიდები, ბაბუები, ბებიები და ა.შ. ეს ხალხი საშუალებას არ გვაძლევდა საგამოცდო შენობაში შევსულიყავით, პირდაპირ კარებთან იყვნენ გაჯგიმულები. მერე როგორც იქნა, რუპორით გაკეთებული განცხადების შემდეგ „მშობლებო, გთხოვთ გაიწიოთ და გზა მისცეთ აბიტურიენტებს“, შიგნით შევაღწიეთ. სტუდენტობის პერიოდშიც უამრავი შემთხვევა იყო, როცა შვილების საქმეებს მშობლები აგვარებდნენ. უნივერსიტეტში დეკანატთან განცხადებაც კი გამოაკრეს “ მშობლები არ დაიშვებიან. გთხოვთ მობრძანდეთ მშობლების გარეშე“.


ჩვენთან არავის უკვირს, როცა შვილებს მშობლები ურჩევენ პროფესიას, მათ მაგივრად წყვეტენ სად და რა ფაკულტეტზე უნდა ჩააბარონ, სად იმუშაონ. როცა პირად ცხოვრებაში ერევიან და ურჩევენ საცოლეებსა და საქმროებს, მაშინაც კი ეს სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება. შედეგად კი სახეზე გვაქვს ფრუსტრირებული ადამიანები, რომლებიც მისდევენ ცხოვრების იმ წესს, რომელიც თვითონ არ აურჩევიათ. ხშირად მსმენია გულდაწყვეტით ნათქვამი ფრაზები: “მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ მშობლებმა არ ჩამაბარებინეს…”, “ერთმანეთი გვიყვარდა და ოჯახის შექმნაც გვინდოდა, მაგრამ მშობლებმა შეგვიშალეს ხელი…”. ამა თუ იმ სამუშაო ადგილას ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სრულიად არ აინტერესებთ საკუთარი საქმე. რატომ? ერთერთი შესაძლო პასუხია: იმიტომ რომ საკუთარი სურვილით არ დაუწყიათ იქ მუშაობა. მესმის, რომ მშობლებს კარგი სურთ შვილებისთვის, უნდათ თავი აარიდებინონ შეცდომებს. მაგრამ, იმ ფრაზას ვეთანხმები, რომ “ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს”. დაე მისცენ შვილებს საშუალება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება და საკუთარ თავზე იწვნიონ ამ გადაწყვეტილების შედეგები.

თავისუფალი არჩევანი პირად ცხოვრებაში ბედნიერებისა და წარმატების საწინდარია. ის პირდაპირ კავშირშია პასუხისმგებლობის გრძნობასთან. როცა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, მან იცის, რომ შედეგებზე პასუხიც თვითონ უნდა აგოს, მაგრამ როცა სხვები აკეთებენ მის მაგივრად არჩევანს, პასუხისმგებლობის გრძნობა შედეგებზე მცირდება. მე თუ მკითხავთ, უპასუხისმგებლობა არის ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში, უპასუხსიმგებლო ადამიანებს ნებისმიერ სფეროში შეხვდებით და თან ძალიან ბევრს. პასუხისმგებლობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული პროფესიონალიზმი. უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის საფუძველი სწორედ თავისუფალი არჩევანის არქონა შეიძლება იყოს.

მაინც რატომ ვართ ასე დამოკიდებულები მშობლებზე? პირველ რიგში ეს აღზრდის პრობლემაა: საქართველოში მშოლები ზედმეტად ევლებიან თავს შვილებს, რის გამოც მერე როცა დამოუკიდებელი ცხოვრების დრო მოდის, შვილებს უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა. მშობლები ვერასდროს ეგუებიან იმ აზრს, რომ მათი შვილი უკვე დიდია და თვითონ უნდა მიხედოს თავს. მეორე, ფინანსური მხარდაჭერა შვილებს მშობლებისგან აქვთ. ეს მედიის მაგალითს ჰგავს: ვინც გაფინანსებს, ძალაუნებურად მისი იდეების გამტარებელი ხდები. მესამე, საქართველოში ისეთი რთული სიტუაციაა, რომც გინდოდეს დამოუკიდებლად ცხოვრება, გაგიჭირდება. სამსახურის პოვნაა ძნელი.

მრავლად მყავს ისეთი ნაცნობ–მეგობრები, ვისაც სრულად აკმაყოფილებთ იყვნენ მშობელთა „დიქტატის“ ქვეშ, ისეთებიც მყავს ვისაც ურჩევნია დათმოს კომფორტი დამოუკიდებლობის ნაცვლად. მაგრამ სამწუხაროდ მათი რიცხვი მცირეა. ჩემი აზრით, მოვიდა დრო ახალგაზრდებმა თავად მოუარონ პრობლემებს და უბრალოდ ეყოთ გამბედაობა მშობლებს უთხრან, რომ თავად არიან საკუთარი თავის ბატონ–პატრონნი. დროა მოვცილდეთ დედის კალთას, მამის შარვალსა და ბებიის ნიფხავს.


პ.ს ეს მეც მეხება :)

ოპინიონმეიკერი

2008-ში, როდესაც პირველი ბლოგი გავაკეთე, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემი აზრი ჩემთვის უცნობი ადამიანებისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა. ორი წელი გავიდა ამ ამბიდან და ვხვდები, რომ საკუთარ სურვილებს მკითხველების მოთხოვნას ვუთანხმებ და ისე ვპოსტავ. ეს ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ოპინიონმეიკერად გადავიქეცი.

Continue reading