Tag Archives: ომი

აგვისტოს სამარცხვინო ჯაჭვი

მახსოვს, როცა აგისტოს ომი ჩაცხრა (უფრო სწორედ, გაირკვა, რომ დანარჩენ საქართველოს აღარ ააოხრებდნენ), მამამ ქუთაისში დაგვაბრუნა. სოფელ ობჩაში ვიყავით გახიზნულები. თითქოს, იქ უფრო დაცულები ვიქნებოდით. ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ, სოლიდარობის ნიშნად, ყველას ცოცხალი ჯაჭვი უნდა გაგვეკეთებინა.

ჩემიანებთან ერთად გავედი ქუჩაში, ჭავჭავაძის გამზირზე და იქ შეკრებილი ხალხის გვერდით დავდექი. რაღაცნაირად (თუმცა, რაღა რაღაცნაირად) დათრგუნული და პატრიოტული გრძნობებით სავსემ ჩავკიდე ხელი გვერდით მდგომებს და ასე ვიდექი ცოტა ხანს, სანამ გონს არ მოვეგე. აქეთ-იქით ვიხედები და ვატყობ, რომ ადამიანებს სახეზე რაღაცნაირად სიტუაციათან შეუსაბამო გამომეტყველება აქვთ. გაუთავებელი ღლიცინი, გადაძახილები და გაუაზრებლობა იმისა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იყო…

კარგა ხნის მერე გავაანალიზე, რომ იქ შეკრებილი ადამიანების უმრავლესობას ან მართლა არ ჰქონდა გააზრებული დგომის მიზეზი, ან, უბრალოდ, ეთაკილებოდათ პატრიოტიზმი, მებრძოლებისა და დაღუპულებისთვის სოლიდარობა და ქვეყნისათვის თუნდაც მორალური მხარდაჭერა. ახლაც მახსოვს, როგორ დაუყვებოდნენ გოგო-ბიჭები ცოცხალ ჯაჭვს და ომახიანად გასძახოდნენ “რუსეთს რა?” ან “რუსეთის კუბო დავ — დგი!”. ამ ყველაფერს კი ისე გასძახოდნენ, თავი ქორწილში მეგონა. ყველაზე ცუდად კი ის დღე იმიტომ დამამახსოვრდა, რომ იმ მოსკანდირე გუნდს მეც შევუერთდი…

ხასიათის სიმტკიცის არქონა, საკუთარი პოზიციის გაუაზრებლობა, საჭირო დროს საკუთარი ხელისუფლების მიმართ სიყალბის განცდა – ყველაფერი ეს მერე და მერე გავაანალიზე. მივხვდი, რომ, როცა სამშობლოს დაჭირდა, პატრიოტად ვერ ვივარგე. უფრო სწორედ, ჩემი პატრიოტიზმი რამდენიმე იაფფასიან გამოხდომაზე გავცვალე. ასე დამემართა მე, ასე დაემართა ბევრს…

ამასობაში 8 წელი გავიდა. იბადებიან ისინი, რომელთათვისაც აგვისტო უფროსებისგან მოყოლილი ამბავია. მე კი მას შემდეგ მაწუხებს კითხვა: დღეს რომ სამშობლოს დასჭირდეს, უფრო სოლიდარულ, ღირსეულ და გააზრებულ ცოცხალ ჯაჭვს გავაკეთებთ, თუ ისევ ტყუილში ვაცხოვრებთ ერთმანეთს?

პ.ს. იმ პერიოდში, როცა ობჩაში ვაფარებდით თავს, სოფლის თავზე ვერტმფრენმა გადაიფრინა. არ ვიცოდით, რომელი მხარის იყო. რაღაცებს ხელი დავავლეთ და ტყისკენ გაქცევა დავაპირეთ. მამიდაჩემის რეპლიკა არ ამომდის თავიდან: “ფოტოები, ფოტოების წაღება არ დაგავიწყდეთ, ომის დროს ასე იქცევიან.”

გაგრა – ისეთი, როგორიც მახსოვს

გუშინწინ დედაჩემის ბიძის (ჩემი ბაბუის) ნეშტი გადმოვასვენეთ გაგრიდან თბილისში. თითქოს, არარსებული სამყაროდან დაბრუნდა. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, წესიერად გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. არადა, კარგად არც არაფერი მახსოვს, როგორ იყო ბუთხუზი ბაბუა. სულ რამდენიმე მომენტი შემომრჩა მეხსიერებაში, გაგრაში, როცა მისით მაშინებდნენ, თუკი ვიცელქებდი და თბილისში, როგორ ატრიალებდა ღიმილით ძეწკვს ჩემ თვალწინ და მე მიხაროდა… Continue reading