Tag Archives: მოგზაურობა

 ვსაუბრობთ ჭეშმარიტ ნერხაზე

Me in Nerja ნერხა

17 აგვისტოს, გრანადით გაჟღენთილ-გაბედნიერებული, ნერხას გზას დავადექი. თან ვფიქრობდი, კიდევ რამ უნდა გამაოცოს-მეთქი. სულ ცოტა ხანში, გამოჩნდა კამკამა ლურჯი ზღვა და მერეღა გამახსენდა, რომ საბანაოდ ნამდვილ ხმელთაშუა ზღვაზე მივდივარ!

ნერხა ისეთი პატარა ქალაქია, ერთ დღეში ფეხით შემოივლით. ვინაიდან და რადგანაც, იგი მალაგასავით პოპულარული არ არის, ფასებიც დაბალია. თუკი იქაურ ჰოსტელში ყველაზე იაფიანი 2 ღამის ფასი 74 ევრო იყო, აქ 48-ად გამოვედი. მართალია, ესეც ძვირია, მაგრამ ამ სეზონზე, როცა ისედაც ყველა ზღვისკენ გარბის, საკმაოდ ნორმალური ფასია. ჰოსტელს, რომელშიც დავბინავდი, Easy Nerja Hostel ჰქვია და გრანდის ქუჩის 29 ნომერში მდებარეობს (აქაც გრანადა!).  Continue reading

ვსაუბრობთ ჭეშმარიტ გრანადაზე

Granada Alhambra

ჭეშმარიტი გრანადა მდებარეობს ანდალუზიაში, სამხრეთ ესპანეთში, მადრიდიდან ავტობუსით 5 საათის სავალზე (18-25 ევრო. გააჩნია, დღის რომელ მონაკვეთში მიდიხარ). გზად ფაქტობრივად სტეპებია, რომლებზეც თითქოს ძალითაა აღმოცენებული სახლები და მცენარეები. სამაგიეროდ, ინფრასტრუქტურა მოწოდების სიმაღლეზეა, ავტობუსში კი კონდიციონერია (ჩვენ რომ ჯერ კიდევ გვიკვირს).

ავტობუსის სადგურიდან (რომელიც ცენტრამდე საკმაოდ შორსაა), ჰოსტელამდე ფეხით ვიარე. სიცხეში, ბარგით. კი დავიღალე, მაგრამ, როგორც წინა პოსტში ვთქვი, თუ გინდათ, ქალაქი კარგად დაიმახსოვროთ და მისი ცხოვრება მალე შეიგრძნოთ, ასე უნდა მოიქცეთ (მთლად ჩემსავით კილომეტრებს ნუ ივლით ტვირთაკიდებული ჯორივით, მაგრამ მაინც).

პლასა ნუევა

პლასა ნუევა

პირველი შთაბეჭდილება

ფეხით სიარულისას გრძნობ, როგორ იცვლება შენ ფეხქვეშ საფარი და როგორ გადადიხარ იაფი სამეწარმეო ბლოკებით დაფარული ტროტუარიდან მარმარილოს მასიურ ფილებზე. ეს უკვე ნამდვილი გრანადაა, რომელიც იმდენად თვითმყოფადია, რომ მადრიდისგან მიღებული შთაბეჭდილებები ზუსტად 15 წუთში გამიქარწყლა. Continue reading

რატომ გვჯობნიან ისინი?

istanbul-film-festivali-programi-aciklandi-10-gun-221-film-121282-1

ადრე რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, რომ სტამბოლი ყველაფერის ქალაქია. დღესდღეობით კი გეტყვით, რომ სტამბოლი ყველას ქალქია. როგორც წინა პოსტში დავწერე, მას მრავალსახიანი ღმერთი მფარველობს და ყველას იმ იპოსტასით დახვდება, რასაც იქ ეძებს. სტამბოლის კინოფესტივალზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა განსხვავებაა ჩვენ და მათ შორის. მოდით, მივყვეთ პუნქტებად და გამოვარკვიოთ, რატომ გვჯობიან ისინი. გზადაგზა ქაოტურად ჩაგიყრით სტამბოლის ქუჩის ფოტოებს, რომლებიც, ტრადიციულად, ჩემი ტელეფონით გადავიღე.

Continue reading

არ ესროლოთ, გადმფრენი ფრინველია!

raptor

ვინაიდან და რადგანაც წელს საკულტო 27 წლის იუბილე მაქვს, გადვწყვიტე, რომ ცხოვრებაში ცვლილების დროა. ამ წელს პირველად:

  • წავედი საზღვარგარეთ
  • ვიმგზავრე თვითმფრინავით
  • გავსინჯე სიგარეტი
  • ვიმგზავრე ავტოსტოპით
  • წავედი გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად

აქედან უმეტესობა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ იმსახურებს. ვინ უნდა გააკვირვო თვითმფრინავით, ავტოსტოპით ან სიგარეტით… მაგრამ ბევრს გითვალთვალიათ, როგორ გადმოსერავს მწვერვალებს ფრინველთა ზღვა? იცით, როგორ უნდა გაარჩიოთ ცაში მოლივლივე ფრინველები ერთმანეთისგან? გინახავთ, როგორ დასრიალებს წყლის ზედაპირზე თევზიჭაია პაწაწკინტელა ალკუნი? სასაცილოა, მაგრამ საქართველოში მათ 10-ჯერ მეტი უცხოელი აკვირდება, ვიდრე ქართველი ორნითოლოგი. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს რომ იყოს, რა უჭირს.

Continue reading

სტამბული – ყველაფრის ქალაქი (ნაწილი I)

11160205_10206340776456166_1060702036_n

„კაცია ადამიანში“ წერია: „რიტორიკაში სწერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო,“ ჰოდა მეც ასე მოვყვები. იყო ერთი საღამო, როცა ჩემს მეგობარ თამუნას (ლიტერატორი) შევხვდი ვენდისში და სულ რაღაც 15 წუთში მიმაღებინა ის გადაწყვეტილება, რასაც აქამდე გავურბოდი, ვერ ვრისკავდი თუ, არ ვიცი, რატომ ვერ ვიღებდი. დღეს ვხვდები, თუ როგორ გამზარდა ერთმა კვირამ სრულიად უცხო გარემოში. 26 წლის ასაკში მე ეს შევძელი და გავიხედე ქვეყნის გარეთ.

ჩემი ხნის ხალხს დღეს ათეულობით ქვეყანა აქვთ მოვლილი და ამ პოსტის პათოსში გასაკვირს, ალბათ, ვერ დამეთანხმებიან, მაგრამ მე ხომ ვიცი, რამხელა ცვლილება მოახდინა ამ ყველაფერმა ჩემში. ბაქოში ორნახევარი დღით ჩარბენა აზრზე მოსვლა იყო, რადგან წესიერად უცხოეთის ნახვა და შეგრძნება ვერ მოვასწარი, სტამბულმა კი რეალურად დამანახა, რომ, გამაოგნებელი დემოკრატიის ქვეყნის გარდა (როგორ ფიდელ კასტროსეულად ჟღერს ისე), სხვა სახელმწიფოებიც არსებობს.

ბილეთები უკვე შეძენილი მქონდა, როცა ახლობლებს მოვუყევი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ (ან რა მოყოლა უნდოდა, მაგრამ როცა პირველად უნდა ახვიდე თვითმფრინავის ტრაპზე, აბა, რას იზამ). მეკითხებოდნენ, რამე ხდება, რამეს ესწრები  თუ რატომ მიდიხარო? მეც ვპასუხობდი, არაფერი, უბრალოდ, გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის პატივი მეცა-მეთქი. ასე გამოვუწერე საკუთარ თავს სტამბული. შესავლის დასასრული.

11195368_10206340777976204_1983825761_n

თვითმფრინავის ბორტზე ასვლისას ფიქრომ და ვასასიმ, სტაჟიანმა ბოსფორდალეულებმა, „მიჯიგრეს“ და ილუმინატორის მხარეს დამსვეს, გამოცადოს ბიჭმა ფრენის სიამოვნებაო. აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, ცას იმდენი ფოტო ვუღე, ლამის გავძვერი ფანჯარაში. მერე ყველაფერი ღრუბლებით დაიფარა და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ გოქჩენის აეროპორტში არ დავეშვით. წვიმს, სტამბულში ვარ, მაგრამ ნამდვილი სტამბული ეს არ არის.

11198452_10206340779136233_1966526488_n

დილა: ეკლებივით განფენილი მინარეთებიდან მოლების გადაძახილი, გაღებული მაღაზიებისა და კაფეების ქოთქოთით გაკმენდილი ორიოდ საათით შემოპარული სიჩუმე, ქუჩების კუთხეში დაწურული ფორთოხლისა და ბროწეულის ცოცხალზე ცოცხალი წვენი, ვიტრინებიდან მომზირალი ათასნაირი თაფლიან-თხილიან-კარამელიანი ტკბილეული, ჩაის გამოყვანილ ჭიქებში კოვზების წკარუნი.

11212392_10206340751975554_122483412_n

შუადღე:  სრული ქაოსი, დიდსა თუ ვიწრო ქუჩებში აკორდეონებზე აჟღერებული „კატიუშა“ და „ბელა ჩაო,“ შეძახილები, გიდების აფრიალებულ დროშებს გაყოლილი ტურისტული ფარა, გულჰანეს ბაღის ტიტები, დონდურმა ნაყინით ჟონგლიორი გამყიდველები და გრძელი რიგები მუზეუმებთან.

11198766_10206340755455641_343443411_n

საღამო: ფილმები, კონცერტები, ღონისძიებები, ისტიკლალის წითელი, ჟღარუნა, ტურისტებით გატენილი ტრამვაის ზარი, აია სოფიასა და მეჩეთების გუმბათებზე წაქცეული მზე, გალათას ხიდიდან ბოსფორში ასობით ანკესიდან გადატყორცნილი სატყუარა, მტრედები, ყვავები, თოლიები.

11180209_10206340751255536_1146558173_n

ღამე: ყურთამდე გაღიმებული ოფიციანტები იაფი მენიუებით ხელში, ჩილიმების ბოლი, ერთმანეთში არეული ყველა სახის ხმაურიანი მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, ხმები, ხილი, სანელებლები, სუვენიერები, თავშლები, ჩანთები, ფერები და გართობა გათენებამდე.

ეს არის ნამდვილი სტამბული, ყველაფრის ქალაქი.

უუუთავგადასავლესობის ძიებაში (ფოტოკოლაჟი)

დავიღალე? არაჰ, ეგრე ადვილად არ/ვერ ვიღლები. ზაფხული მოვა თუ არა, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ. არც კუნთები მაყრია და არც არანაირ სპორტში მივლია. უბრალოდ, არ ვიღლები. იყო დრო, როცა ფეხის განძრევა მეზარებოდა და დამჯდარი/დაწოლილი ვჭამდი. აი, ეს დრო იყო:

Continue reading

სპონტანური სიღნაღი

დღეს 11-ის ნახევარზე ავდექი. ცოტათი ფეხის კუნთები მტკივა, მაგრამ ეგ არაფერია. გუშინ დავბრუნდი სპონტანურად დაგეგმილ–განხორციელებული მოგზაურობიდან. პარასკევს საღამო ხანს თევზმა მომისკაიპა, წავდეთო. 1–2 გადარეკვის შემდეგ მზად ვიყავი, გავყოლოდი თუნდაც ქვეყნის დასალიერში.

არ მიყვარდა შემოდგომა, რადგან სიცივე გაფუჭებული ბავშვივით ნელ–ნელა კეკლუცობიდან შეურაცხყოფაზე გადადის და სახეში გილაწუნებს. არ მიყვარდა იმიტომაც, რომ დღე დღეს არ ჰგავს და ღამე – ღამეს. თუმცა ამ შაბათ–კვირამ ჩემი შეხედულება საგრძნობლად შეცვალა. Continue reading