Tag Archives: მეჩეთი

სტამბული – ყველაფრის ქალაქი (ნაწილი I)

11160205_10206340776456166_1060702036_n

„კაცია ადამიანში“ წერია: „რიტორიკაში სწერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო,“ ჰოდა მეც ასე მოვყვები. იყო ერთი საღამო, როცა ჩემს მეგობარ თამუნას (ლიტერატორი) შევხვდი ვენდისში და სულ რაღაც 15 წუთში მიმაღებინა ის გადაწყვეტილება, რასაც აქამდე გავურბოდი, ვერ ვრისკავდი თუ, არ ვიცი, რატომ ვერ ვიღებდი. დღეს ვხვდები, თუ როგორ გამზარდა ერთმა კვირამ სრულიად უცხო გარემოში. 26 წლის ასაკში მე ეს შევძელი და გავიხედე ქვეყნის გარეთ.

ჩემი ხნის ხალხს დღეს ათეულობით ქვეყანა აქვთ მოვლილი და ამ პოსტის პათოსში გასაკვირს, ალბათ, ვერ დამეთანხმებიან, მაგრამ მე ხომ ვიცი, რამხელა ცვლილება მოახდინა ამ ყველაფერმა ჩემში. ბაქოში ორნახევარი დღით ჩარბენა აზრზე მოსვლა იყო, რადგან წესიერად უცხოეთის ნახვა და შეგრძნება ვერ მოვასწარი, სტამბულმა კი რეალურად დამანახა, რომ, გამაოგნებელი დემოკრატიის ქვეყნის გარდა (როგორ ფიდელ კასტროსეულად ჟღერს ისე), სხვა სახელმწიფოებიც არსებობს.

ბილეთები უკვე შეძენილი მქონდა, როცა ახლობლებს მოვუყევი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ (ან რა მოყოლა უნდოდა, მაგრამ როცა პირველად უნდა ახვიდე თვითმფრინავის ტრაპზე, აბა, რას იზამ). მეკითხებოდნენ, რამე ხდება, რამეს ესწრები  თუ რატომ მიდიხარო? მეც ვპასუხობდი, არაფერი, უბრალოდ, გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის პატივი მეცა-მეთქი. ასე გამოვუწერე საკუთარ თავს სტამბული. შესავლის დასასრული.

11195368_10206340777976204_1983825761_n

თვითმფრინავის ბორტზე ასვლისას ფიქრომ და ვასასიმ, სტაჟიანმა ბოსფორდალეულებმა, „მიჯიგრეს“ და ილუმინატორის მხარეს დამსვეს, გამოცადოს ბიჭმა ფრენის სიამოვნებაო. აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, ცას იმდენი ფოტო ვუღე, ლამის გავძვერი ფანჯარაში. მერე ყველაფერი ღრუბლებით დაიფარა და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ გოქჩენის აეროპორტში არ დავეშვით. წვიმს, სტამბულში ვარ, მაგრამ ნამდვილი სტამბული ეს არ არის.

11198452_10206340779136233_1966526488_n

დილა: ეკლებივით განფენილი მინარეთებიდან მოლების გადაძახილი, გაღებული მაღაზიებისა და კაფეების ქოთქოთით გაკმენდილი ორიოდ საათით შემოპარული სიჩუმე, ქუჩების კუთხეში დაწურული ფორთოხლისა და ბროწეულის ცოცხალზე ცოცხალი წვენი, ვიტრინებიდან მომზირალი ათასნაირი თაფლიან-თხილიან-კარამელიანი ტკბილეული, ჩაის გამოყვანილ ჭიქებში კოვზების წკარუნი.

11212392_10206340751975554_122483412_n

შუადღე:  სრული ქაოსი, დიდსა თუ ვიწრო ქუჩებში აკორდეონებზე აჟღერებული „კატიუშა“ და „ბელა ჩაო,“ შეძახილები, გიდების აფრიალებულ დროშებს გაყოლილი ტურისტული ფარა, გულჰანეს ბაღის ტიტები, დონდურმა ნაყინით ჟონგლიორი გამყიდველები და გრძელი რიგები მუზეუმებთან.

11198766_10206340755455641_343443411_n

საღამო: ფილმები, კონცერტები, ღონისძიებები, ისტიკლალის წითელი, ჟღარუნა, ტურისტებით გატენილი ტრამვაის ზარი, აია სოფიასა და მეჩეთების გუმბათებზე წაქცეული მზე, გალათას ხიდიდან ბოსფორში ასობით ანკესიდან გადატყორცნილი სატყუარა, მტრედები, ყვავები, თოლიები.

11180209_10206340751255536_1146558173_n

ღამე: ყურთამდე გაღიმებული ოფიციანტები იაფი მენიუებით ხელში, ჩილიმების ბოლი, ერთმანეთში არეული ყველა სახის ხმაურიანი მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, ხმები, ხილი, სანელებლები, სუვენიერები, თავშლები, ჩანთები, ფერები და გართობა გათენებამდე.

ეს არის ნამდვილი სტამბული, ყველაფრის ქალაქი.

ფოტოკოლაჟი: ტალახის საოცრება

ამ გადარბენის ჟამს დავრწმუნდი, რაოდენ ყოვლისშემძლეა ბლოგის Draft–ი :)

დღევანდელი თემა ისევ ფოტოკოლაჟია. გადავქექე ალბომები და ახლა აფრიკაში გადავინაცვლოთ, მალის რესპუბლიკაში. ეს ჯენის მეჩეთია, რომელიც ქალაქ ჯენეში დაახლოებით მე-13 საუკუნეში აიგო. თვითონ ჯენე ქრისტეშობამდე მესმე საუკუნიდან არსებობს და კონტინენტის ამ რეგიონის უძველესი ქალაქია. მთავარი მახასიათებელი, რის გამოც ჯენეს ნაგებობა უნიკალურად ითვლება, არის მასალა – ტალახი. დიახ, მთელი შენობა მხოლოდ მოზელილი ტალახისგანაა შექმნილი, რის გამოც ჯენის მეჩეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალახის ნაგებობაა. მეტიც, ჯენეს ყველა ნაგებობა, ყველა სახლი, ტალახისგანაა შექმნილი.

ტალახის არქიტექტურა ჯენეს მკვიდრთათვის შორეული წარსულიდანაა ცნობილი და თაობებს გადაეცემა. პრინციპი უცვლელია: მზეზე გამომშრალ ტალახის აგურებს ერთმანეთზე ალაგებენ და ტალახითვე ლესავენ. კედლებს ყოველ წელს შეაკეთებენ, რათა წვიმის სეზონისაგან დაზიანებული ადგილები ამოავსონ. რაც შეეხება ტალახს, იგი მხოლოდ მიწისა და წყლის ნაზავი არ არის. მასში შერეულია როგორც თივა, ისე ნაკელიც.

ჯენეს მეჩეთის მშენებლობა მეცამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ნაგებობა რამდენჯერმე დაინგრა და ხელახლა აიგო, რისი ძირითადი მიზეზიც წვიმა გახდა. ვინაიდან აფრიკაში ეს არც თუ ხშირი მოვლენაა,  ჯენეს მეჩეთი მხოლოდ რამდენჯერმე განახლდა. მისი დღევანდელი სახე 1907 წელს შეიქმნა. 1988 წლიდან მეჩეთი UNESCO-ს სიაშია შესული.

ძველი მეჩეთის ნანგრევები

პირველი წყაროების მიხედვით, როცა სულთანი კუნბურუ გახდა მუსულმანი, მან საკუთარი სასახლე დაანგრევინა და მის ადგილას აღნიშნული მეჩეთი აგებინა. 1834–1836 წლებში სეკუ ამადუმ, ფულელმა ლიდერმა და ჯიჰადის ერთ–ერთმა ინიციატორმა, ახალი, უფრო განიერი მეჩეთი ააშენებინა, რომელიც წინა ნაგებობიდან სამხრეთით იდგა. ამ უკანასკნელს არ ჰქონდა ის კოშკები, რომლებიც მანამდე არსებულ მეჩეთს გააჩნდა.

ჯენეს დიდი მეჩეთი, აქაური არქიტექტურის თანახმად, მზეზე გამშრალი ტალახის აგურებითაა აშენებული და ტალახითვე გალესილი. შენობის ფუძე 75-მეტრიანი კვადრატია და ტალახის ერთგვარ პლატფორმაზე დგას. მეჩეთის სიმაღლე 3 მეტრია და შიგ 6 კიბეა. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. გარეთა კედლები ერთმანეთს პერპენდიკულარულად არ ეხება, რაც შენობას ტრაპეციის ფორმას აძლევს. მთავარი სალოცავი  3 მეტრის სისქის კედელი, იგივე ქიბლა, აღმოსავლეთით, მექასკენ არის მიმართული. მლოცველთა დარბაზი მართკუთხოვანი ფორმისაა, 26/50 მეტრზე. ტაძრის სქელი კედლები დღის სინათლეზე გამოყოფილ სითბოს შთანთქავენ. საღამოთი კი ნაგებობის სახურავზე ამოჭრილ 104 ხვრელს თიხის ხუფს ხსნიან და იქიდან ამოსული სითბო ტაძარში ტემპერატურას დაბლა წევს.

წვიმისაგან დაზიანებულ მეჩეთს კედლებში დატანებული პალმის ფიცრების დახმარებით არემონტებენ.  ეს ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ტაძარი კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს. მთავარი კი მზე, მარჯვე ხელები და ჯენეს ტრადიციული ტალახია. Continue reading