Tag Archives: კონკურსი

წუხანდელი ჩაღვრილი ჩაით დანესტიანებულ ლოგინში დაწერილი პოსტი

1459720_255335867947372_850288406_n

რამდენი რამის დაწერა მინდა ახლა… მახსოვს, სადღაც 2008 წლის ერთ-ერთ საღამოს, როცა უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, ავტობუსში ქალი შემოტრიალდა და შარიანი ხმით მისაყვედურა: “აუ, ნუ უსტვენთ, რა!” ხმა არ ამომიღია, მხოლოდ გულში გავიფიქრე, რომ “სტვენ” იყო სწორი ფორმა და არა “უსტვენ”. არა და პიანისიმოზე ვსტვენდი ისე ჩუმად, თან ყველაზე ღვთაებრივ არიას.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სპექტაკლზე ტექსტი დამავიწყდა, სცენის შიში დამჩემდა. ფეხს შევდგამდი თუ არა, თავში ყველაზე ცუდი და უხერხული სიტუაციები მეხატებოდა, თუ როგორ დამცინის მაყურებელი, როგორ ვწითლდები სირცხვილისგან და როგორ მემართება გულის შეტევა. მიკვირს, რომ სტვენისას ასე არასდროს დამმართნია. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის სიახლის თქმა ასეთნაირად უფრო ადვილია, ვიდრე საუკუნეებგამოვლილი სამსახიობო ოსტატობით.

სტვენისას “დაგჭირდებათ” ტუჩები, ენა, კბილები, გულ-მკერდი და მუცელი. ამათზე ჰაერის წნევის მონაცვლეობით მიიღებთ ბგერას, რომელსაც ტვინი ყურის მეშვეობით აკონტროლებს. სასიმღერო ვოკალისგან განსხვავებით, სტვენითი ბგერა ადამიანის სხეულის გარეთ წარმოიქმნება. მას შემდეგ, რაც ტუჩებს გამოსცდება. მღერის დროს კი მუსიკალური ბგერა ჯერ ხორხსა და პირის აპარატში ჟღერს და მერე – გარეთ. ამიტომ იგი სხეულის შიგნიდანაც გვესმის და გარედანაც, რითაც უფრო ადვილია მისი კონტროლი, ყალბი ნოტი რომ არ აიღო. ერთი სიტყვით, სტვენა უფრო რთულია.

ყოველთვის მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი, მაგრამ არასდროს მნდომებია, ვყოფილიყავი ხელოვნური. არ შემიძლია, კარგად ვაკეთო ის, რაც არ მსიამოვნებს, და ხელოვნურობა – არ მსიამოვნებს.

დღეს საღამოს “ბრავოს” ლაივია, ჩემი ლაივი. დიდხანს ველოდი ამ დღეს. ვიღაცებისთვის ეს მეგაშოუა, ზოგისთვის შეჯიბრება, ჩემთვის კი ეს ლამაზი საღამოა, რომელზეც მექნება პატივი, კიდევ ერთხელ დავუსტვინო ორკესტრთან ერთად. ჩემი კონკურენტი ჩემი მეგობარია და, მიუხედავად უხერხულობისა, გულის სიღრმეში მიხარია, რომ ძალიან ძლიერ შემსრულებელს ვეჯიბრები. თან ლობისტიც მაგარი შემხვდა. ანუ ისე არ არის, აბა, გავუღიმეთ კამერას და მერე პაკაა. ვწერთ და ვამხნევებთ ერთმანეთს და ძალიან კარგია ეს.

დღეს, ალბათ, ვიქნები სევდიანი. არ ვიცი, ვნახოთ. სევდაც კარგია ხოლმე, ისევე, როგორც მხიარულება. თქვენ კი, ვისაც “ჩემი კუკარაჩა” გინახავთ და იცით, რომ არც ფეხი მაკლია, არც ხელი, არც, მადლობა ღმერთს, მძიმე ავადმყოფი არ ვარ და არც მასკულტურის ჟანრს ვასრულებ, შეგიძლიათ, დამირეკოთ ნომერზე 0 903 300 301. თუ ფული არ გაქვთ და ა.შ., მაშინ უფასოდ შეგიძლიათ, მომცეთ ხმა ამ ბმულზე.

წავედი ახლა, მივხედო საქმეს … :)

რატომ უნდა დაალაიქოთ

მას შემდეგ, რაც ხელში ფუნჯი ავიღე, ყოველთვის მეშინოდა ხატვის. არასდროს ისე შებოჭილი არ ვარ, როგორც ფუნჯით ხატვის დროს, რადგან მინახავს ათასობით შედევრი, რომელიც შექმნილა ფუნჯით. მინახავს მხატვრები, ხელის რამდენიმე ოსტატური მოსმით უკვე დასრულებულ ნახატს რომ ქმნიდნენ… და, ყოველივე ამის შემდეგ, მე უნდა გამებედა და დამეხატა? რა ვქნა, ძალიან მინდოდა და დავხატე. ახლა იმას მაინც აგიხსნით, რატომ ღირს ჩემი ნახატის დალაიქება და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად ემთხვევა ჩემი “თავის მართლება” ჩემსავე ქმნილს.

Continue reading

დღე II – ზღვა სივრცედ გარდაიქმნა

დღეს ნამდვილად შემიძლია, ვთქვა, რომ კმაყოფილი დავრჩი. თუ აქამდე არ ვიცოდი, რას ვხატავდი და ვერც საბოლოო სახეს ვხედავდი, დღეს კი, როცა ზღვის ადგილას ტონები შევცვალე, სივრცე გამოიკვეთა და ამოვისუნთქე.

Continue reading

ვხატავ ჩემს ოცნებას – დღე I

როგორც მოგახსენეთ, ხატვის კონკურსში ვიღებ მონაწილეობას და, აჰა, პირველი დღის შედეგიც:

რა აუცილებელია, ზღვიდან ვეშაპი ამოხტეს, როცა ამისთვის არსებობს თვითმფრინავი. მზე კი მხოლოდ ფრენბურთის ბურთია, რომლის არომატული წვენიც კოქტეილის ჭიქას ეხლება :) Continue reading

იწყება!

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, ბომბორას პარკში, საქართველოს ლატარიის კომპანიის მიერ ორგანიზებულ მხატვართა კონკურსში ვიღებ მონაწილეობას. უნდა დავხატო ჩემი ბედნიერება. უკვე ესკიზი მზად უნდა მქონდეს, მე კიდე ჯერ ვფიქრობ, ოპერის გარდა, რა არის ჩემთვის ისეთი ბედნიერება, რომლის აფიშირებასაც კარგად მოვახერხებ. ვიფიქრე, ვიფიქრე და რა დასკვნამეც მივედი, დღეს ფოტოებით გაჩვენებთ.

რა მჭირდება თქვენგან:

Like რა თქმა უნდა :)

ერთ კვირაში, როცა ნახტები დაიხატება და ფესიბუკზე აიტვირთება, ერთ-ერთი გამარჯვებული ლაიქებით გამოვლინდება. ძალიან ძალიან ძალიან მინდა გამარჯვება და თქვენი ძალიან ძალიან ძალიან დიდი იმედი მაქვს. 

პრიზებზეც გეტყვით:

I ადგილი – ნახევრადპროფესიონალური ფოტოკამერა

II ადგილი და ფეისბუკის გამარჯვებული – ზეთიანი საღებავებისა და სახატავების კომპლექტი

III ადგილი – iPod Shuffle

P.S. ფეისბუკზე სპამერობას მირჩევნია, აქ ვწერო ჩემი თავგადასავლის შესახებ და აქვე მქონდეს თქვენი აქტივობის იმედი. მადლობა :)