Tag Archives: ვერლიბრი

ნაღმების ქალაქი

80

სმარტფონში დაწერილი პოსტი ორ ნაწილად და “ვულნიკურას” თანხლებით

ნაწილი I

რამდენი სახელი აქვს თბილისს? მზის, ვარდების, ბეტონის, ნაგვის ქალაქი, კიდევ? ამ  720 კმ²  ფართობს კიდევ მრავალი “ქალაქის” დატევა შეუძლია, ქალაქი ბიბლიოთეკის, ქალაქი ურთიერთობის, სინათლის ქალაქის. მაგრამ, თუკი ყოველდღე გათელილ გზას გონებაში კიდევ ერთხელ გადავღეჭავთ, მარტივად აღმოვაჩენთ ადგილებს, რომლებმაც მეხსიერება სამუდამოდ მოგვისვირინგეს. მათი ნახვის, გვერდით ჩავლის, შეხების თუ მათზე გაფიქრებისას კი ჩვენში ნაღმებივით იფეთქებს მოგონებები, რომლებიც წამიერად, ზოგჯერ სუნის შეგრძნებამდე სიზუსტითაც კი გვაბრუნებს იმ რეალობაში, რომელიც ერთ დროს ჩვენი იყო.

ნაწილი II

დავდივარ, ბევრს დავდივარ.

ისიც დადის, ბევრს დადის.

ჩვენ დავდივართ, ბევრს დავდივართ.

უკვე ცალ-ცალკე, უკვე სხვადასხვა დროით განზომილებაში, მაგრამ ისევ იქ და ისევ ისე.

ჩვენ განვიცდით ამას.

ჩვენ ვნაღმავთ ქალაქს.

ჩვენ ვფეთქდებით.

ასე უბრალოდ.

ჩვენ ვფეთქდებით.

ასე მოულოდნელად.

ჩვენ ვფეთქდებით.

ასე  გაუმიზნავად.

ჩვენ ყოველდღე ვხოცავთ ერთმანეთს.

გვესაჭიროება განმნაღმველი.