Tag Archives: ბულვარი

ახალი ბათუმი

ბათუმის “ანბანი”

ბათუმი ლამაზი ქალაქია. ლამაზი და კეთილი. პატარა ფერადი სახლებით და იქიდან გადმომდგარი, “უცნაურად” მოლაპარაკე ხალხით.

ბათუმი კულტურული ქალაქია, დრამატული თეატრით, ვიწრო ქუჩებით და გემოვნებით ნაგები ძველი არქიტექტურით.

ბათუმი საჭირო ქალაქია. პორტი, კავშირი მსოფლიოსთან ზღვის მეშვეობით…

ბათუმი პოპულარული ქალაქია. რეფორმებით, რეკონსტრუქციით, რესტავრაციით, მუსიკალური, კინო თუ სხვა ფესტივალებით.

და ბოლოს, ბათუმი ცოტათი უგემოვნო ქალაქია თავისი სილამაზის, კულტურის, საჭიროებისა და პოპულარობის აღრევით. აღრევით და არა შეთავსებით. Continue reading

რატომ არ არის ქუთაისში ზღვა?

რატომ არ არის ქუთაისში ზღვა? აქ ხომ ყველაფერია იმისთვის, რომ კეთილმა ზღვამ გაიხსენოს დინოზავრების ეპოქა და გული მოუბრუნდეს საჩვენოსკენ.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/08/Empire-Of-The-Sun-Soundtrack-Suo-Gan.mp3|titles=Empire Of The Sun Soundtrack – Suo Gan]

ქუთაისში მზე ისე ლამაზად ჩადის, როგორც ზღვის ჰორიზონტს მიღმა.

ღრუბლებიც ზუსტად ისე ფერადდება, როგორც ტალღების თავზე გაწოლილი მლაშე ქარავანი.

აქაც ისეთივე პალმებია, როგორებიც ბათუმის ბულვარში, მაგრამ მის ბოლოს ზღვა იზმორება, აქ კი – მეზობლის ჭიშკარი. არადა, რომ არ იცოდე, რომ ქუთაისში ზღვა ა(ღა)რ არის, ერთი წუთით მოგელანდება კიდეც.

ქუთაისიც ხომ ისეთივე სირისტიანია, როგორც აჭარა… მაგრამ ზღვას მაინც აჭარა ურჩევნია.

ონკანში წყალი აქ დღეგამოშვებით მოდის. რა მოხდება, დანარჩენ დღეებში ზღვამ რომ იდინოს.

ქუთაისში ქარიც ზღვის მხრიდან უბერავს… თუმცა ქარს ზღვა უკვე დიდი ხანია, არ მოუტანია.

აქ ზუსტად ისეთი აივნიანი და ორსართულიანი სახლებია, როგორიც აჭარაში… თუმცა, თუ თვალები არ დახუჭე, აივნიდან ზღვას ვერ დაინახავ.

აქ მთავარი ქუჩაც კი ზღვას გასცქერის… უბრალოდ, ახლა სარემონტო სამუშაოებია და მას დროებით დასახლებული ადგილის ბანერი ჩამოაფარეს.

ახლა კი დაიძინეთ. ტკბილად იძინეთ. ლოყით გამთბარი ბალიში გადააბრუნეთ და სახე გრილ ზედაპირში ჩარგეთ. გჯეროდეთ და ზღვა აუცილებლად მოვა.