Tag Archives: ბათუმის კინოფესტივალი

არ უყურო, უზრდელობაა!

screen-shot-2015-06-29-at-11-56-48-am

როცა “ველურ გულში” მონიკა და ხუანი ერთმანეთს კოცნიდნენ და დედას ვეკითხებოდი, რას შვებიან-მეთქი, მპასუხობდა, ახრჩობსო. სულ მაინტერესებდა, ქალი რატომ ახრჩობინებდა კაცს თავს.

ბავშვობის კინოსამყაროდან მხოლოდ რამდენიმე ფრაზა შემომრჩა: “ჯეკი ჩანი”, “ბაევიკი”, “კრიოსნი ატეცი” და “არ უყურო, უზრდელობაა!” საოცარი ისტორიაა, ვერაფერს იტყვი. მე გავიზარდე ტრადიციულ ქუთაისურ ოჯახში, რომელშიც უფროსები არ გვიხსნიან სიშიშვლის არსს, მხოლოდ გვიკრძალავენ. შესაბამისად, სანამ დამოუკიდებელი ცხოვრება არ დავიწყე, ფილმებში მალულად ნანახი სიშიშვლე ჩემთვის უფრო პორნოგრაფიასთან ასოცირდებოდა. ასეთი “ბაგაჟით” გადმოვბარგდი თბილისში. Continue reading

ეპოქა, რომელსაც ვერ გავცდით

Dzma

“ღამეა, ბნელა, მივდივარ ნელა, თუ გინდა, დამეწიო, წამოდი ჩქარა.” © დედაჩემი

90-იანები. სიბნელის ხანა, რომელმაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, გაანულა, დღესაც აგრძელებს ქართველი რეჟისორების ინსპირირებას. ოღონ შთაგონება რამდენად ჰქვია იმას, რომ თითქმის ყოველ წელიწადს ახალი ფილმი ცხვება ქუჩაში ჩაცხრილულ ადამიანებზე ან კაიფში გაპარულ ახალგაზრდებზე, არ ვიცი. 90-იანების თემატიკა უკვე იმ გაკვეთილს ჰგავს, სკოლაში ოროსანმაც რომ იცის. ის ის იყო, მორიგ მარაზმზე გულის ასარევად მოვემზადე, რომ ფილმმა “ძმამ” გამაოცა. Continue reading

როცა დამარცხება უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვება

ლანა ღოღობერიძე

რამდენიმე წლის წინ გოგი გვახარიამ ერთ-ერთ ლექციაზე ახსენა, რომ თითზე ჩამოსათვლელია საბჭოურ ეპოქაში გადაღებული ფილმები, რომლებშიც საქართველოს მაშინდელ რეალობას ასახავს. იღებდნენ ზღაპრებს, ეპოპეებს, პროპაგანდისტულ რაღაცებს, მაგრამ არა რეალობას. მართლაც, როგორი იყო თბილისი, სად რა იდგა, როგორი ტრანსპორტი დადიოდა, ხალხს რა ეცვა ქუჩაში, სად იყო ე.წ. კაფე და ა.შ. – ამის ამსახველი ბევრი საბჭოური ფილმი გახსენდებათ? მე არა. ლანა ღოღობერიძე იყო ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანი, რომელიც ვიღაცების ნაწარმოებების ეკრანიზაციით კი არა, რეალობის ასახვით იყო დაკავებული. დღეს ბათუმის კინოფესტივალზე მისი ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” აჩვენეს, რამაც თანამედროვე ქართულ კინოზეც დამაფიქრა.

Continue reading

ოთარ იოსელიანი UNVAILED

tina

ჩვენი საცხოვრებლის აივნიდან ფრიად ფოტოგენური ხედი იშლება.

ამასობაში BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მესამე დღეც გავიდა და სათქმელი, როგორც იქნა, დამიგროვდა. წინა დღეების განმავლობაში ფილმი პრაქტიკულად არ მინახავს და საკუთარ თავზე ვბრაზობდი. მხოლოდ 14-ში მოვახერხე ოთარ იოსელიანის “ზამთრის სიმღერის” ნახვა ერას მოედანზე, ხოლო 15-ში თავად რეჟისორის მასტერკლასს დავესწარით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა, რაც ამ კაცმა დამიტოვა, ფრიად ეგოისტურად ჟღერს: რომ დავბერდები, მეც ასეთი ხომ არ გავხდები?

Continue reading

“პატარძლები” ანუ ქალთა სახეები თანამედროვე ქართულ კინოში

brides

როცა თანამედროვე ქართულ კინოს ვაკვირდები, მგონია, რომ ხელახლა ვსწავლობთ ფილმების გადაღებას. პრინციპში, რა გასაკვირია: ტერიტორიულმა და სამოქალაქო ომმა გაანულა ყველაფერი – ქვეყნის არსებობიდან საზოგადოების ცნობიერებამდე. 90-იან წლებში გადაღებული თითებზე ჩამოსათვლელი ფილმებიდან თითქმის ყველა რაღაცნაირად თავმოუბმელია. ზოგს სცენარის დამუშავება აკლია, ზოგში აზრი არ იკითხება, უმეტესობა ქუჩის თემატიკას ვერ გაცდა და ა.შ.

როცა ქვეყანაში ვითარება ასე თუ ისე დალაგდა, კინოსაც მაშინვე დაეტყო. ბოლოდროინდელი ქართული ფილმებიდან “მანდარინები” ყველაზე მეტად მომეწონა: დალაგებული სცენარი, კარგად გადმოცემული ამბავი, სწორი აქცენტები, კარგად შესრულებული როლები, ლამაზი კადრები. მიხარია, რომ საზოგადოებაში ქართული კინოსადმი ინტერესი და მოლოდინი დიდია. ამას კინოდარბაზში შესვლისთანავე ამჩნევ. მეც ასეთი შეგრძნებით მივადექი ჩემს სკამს ბათუმის კინოფესტივალზე “პატარძლების” სანახავად. Continue reading

Volti e Fantasmi

the best offer

ფილმის დასრულებისთანავე გადავწყვიტე, დავხატო ნახატი, “ცისფერთვალება სირინოზი”. პასტელით მოხაზული ქალთევზა ზღვის პირას ზის… ქალთევზა ზღვის პირას იჯდა. მლაშე წყლით გაჟღენთილ თმას თლილი თითებით უკან ისწორებდა. ზღვის მრუმე ზედაპირი ცას უჰორიზონტოდ ერთვოდა. სისულელეა იმაზე მკითხაობა, რაზე ფიქრობდა ქალთევზა მაშინ. მისი ფიქრები მისივე ხმასავით მჭახე და აუტანელია. თუ არ უნდა, ვერც ვერასდროს გაიგებ მისი ბგერების ჰარმონიას. Continue reading

Shine On You, Crazy 60’s

სიდ ბარეტი - 60-იანი წლების ალტერნატიული მუსიკალური  ლეგენდა.

სიდ ბარეტი – 60-იანი წლების ალტერნატიული მუსიკის ლეგენდა.

რაც უფრო მეტად ვუსმენ 60-იანების როკს, მით მეტი ასოციაცია მიჩნდება ბახთან. მგონი, იმ დროის ყველა დიდი როკერი ჩუმ-ჩუმად უსმენდა მის სუიტებს და კონცერტებს, რათა საუკუნეების წინ დაწერილ მარადიულ მუსიკაში თავიანთი ეპოქისათვის შესაფერისი რამ აღმოეჩინათ და წამოეღოთ. ცოტა გული მწყდება, რატომ არ ვკითხე ამის შესახებ BIAFF-ზე ბათუმში ჩამოსულ ჯო ბოიდს, რომელიც თავის დროზე ახლადშექმნილ Pink Floyd-სა და ჯიმი ჰენდრიქსს პროდიუსერობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბარს უფრო ინტიმური გარემო უნდოდა, გარისკვა მაინც შეიძლებოდა…

ჯო ბოიდი - ადამიანი, რომელმაც პროდიუსინგი გაუწია ახლადშექმნილ Pink Foyd-ს და იზრუნა მათ პირველ ჩანაწერებზე.

ჯო ბოიდი – ადამიანი, რომელმაც პროდიუსინგი გაუწია ახლადშექმნილ Pink Foyd-ს და იზრუნა მათ პირველ ჩანაწერებზე.

როგორც არ უნდა იყოს, მე მაინც მგონია და მეგონება, რომ 60-იანი წლების მუსიკალური რევოლუციონერები ბახს უსმენდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რევოლუცია ასეთი ნაყოფიერი არ იქნებოდა. Continue reading

ისტორიული ქალაქი, რომელშიც ისტორიულ ფილმს ვერ გადაიღებ

Все_ушли_(02)

ყველაფერი შარშანდელი “თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიდან” დაიწყო, როცა სერგო ფარაჯანოვის შვილის, გიორგი ფარაჯანოვის ფილმ “ყველა წავიდას” ვუყურე. ფილმი ძველი თბილისის მოგონებებზეა, სადაც რეალობა და მისტიკა თანაბრადაა შეზავებული. ფილმით დიდად არ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ ახლა მის განხილვას აქ არ დავიწყებ. მე სულ სხვა რამემ დამწყვიტა გული: 1500-წლოვანი ქალაქის ვერც ერთ უბანში წესიერ ძველ ფილმს ისე ვერ გადაიღებ, რომ ირგვლივ უცვლელი გარემო იყოს. Continue reading

როცა საკუთარი საქმე ძალიან გიყვარს

interview

ერთ-ერთი, რასაც ვერც BIAFF-ზე და ვერც ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, ფილმის პროდიუსერობა იქნებოდა. თუკი კინოსთან ან თეატრთან შეხებაზე მიოცნებია, არასდროს მინატრია კამერის ან კულისებს მიღმა ყოფნა, ყოველთვის მსახიობობა მინდოდა. ბათუმში ფესტივალის ფარგლებში მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ვორქშოფები ტარდებოდა და ლიტერატორმაც მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. ფილმის პროდიუსერობა მე შემომთავაზა. ვინ უნდა გადაგვეღო? დელფინების მომთვინიერებელი… კარგი აზრია! Continue reading

მე-5 სეზონი

la_cinquieme_saison_port-folio

ადამიანებს აღარ გვჯერა, რომ ბუნებას სული გააჩნია. ეს უკვე აბსურდია, დიდი ხნის წინ გადაწყვეტილ-დამტკიცებული. ახლა ჩვენ აღარ გვესმის ხეების, მთების, წყლის, იმ ყველაფრის, რაც ჩვენ გარშემოა და, ალბათ, ამიტომ აღარ გვესმის ერთმანეთის.

 

la_cinquieme_saison_photo_2-f5a13

ქალაქში, როცა სიმწვანეს პლასტმასის დეკორატიული მცენარის როლი აკისრია, ვერასდროს შეიგრძნობ ბუნების ძახილს და, შესაბამისად, ვერც ვერასდროს გაიგებ, რეალურად რამხელა საფრთხის წინაშე ხარ.

Cinquième-saison-3

ფილმში მოქმედმა პირებმა „შესცოდეს“, რადგან ჩვეულ ადათ-წესებს უღალატეს. სასჯელმაც არ დააყოვნა. მდინარის მოტანილი მკვდარი თევზები, გადამხმარი ხეები, ჩამკვდარი სკები, ზაფხულში მოსული თოვლი. წელიწადის დროებმა აზრი დაკარგა, ისევე, როგორც ადამიანებმა – იმედი. ხოლო როგორ ვიქცევით უიმედობის დროს? უფრო სწორედ, რად ვიქცევით უიმედობის დროს? რა თქმა უნდა, ბრბოდ, რომელიც გამოსავალს მსხვერპლშეწირვაში ხედავს.

la_cinquieme_saison_photo_1-24061

„მე-5 სეზონი“ ჩვენი აწყმოს (და, შესაძლოა, მომავლის) ალეგორიაა გადმოცემული, რომელსაც ადამიანები ვქმნით. ჩვენ ვიზრდებით, ვვითარდებით, თითქოს უფრო მეტს ვსწავლობთ და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ საკუთარ თავს. სწორედ ამ დროს დგება ავბედითი მე-5 სეზონი, როცა უკვე აღარაფერს აღარ აქვს აზრი. რამეთუ აღარაფერი აღარ არსებობს. სირაქლემების ფეხებით გათელილი წარსულის გარდა…