Tag Archives: აჭარა

არ ესროლოთ, გადმფრენი ფრინველია!

raptor

ვინაიდან და რადგანაც წელს საკულტო 27 წლის იუბილე მაქვს, გადვწყვიტე, რომ ცხოვრებაში ცვლილების დროა. ამ წელს პირველად:

  • წავედი საზღვარგარეთ
  • ვიმგზავრე თვითმფრინავით
  • გავსინჯე სიგარეტი
  • ვიმგზავრე ავტოსტოპით
  • წავედი გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად

აქედან უმეტესობა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ იმსახურებს. ვინ უნდა გააკვირვო თვითმფრინავით, ავტოსტოპით ან სიგარეტით… მაგრამ ბევრს გითვალთვალიათ, როგორ გადმოსერავს მწვერვალებს ფრინველთა ზღვა? იცით, როგორ უნდა გაარჩიოთ ცაში მოლივლივე ფრინველები ერთმანეთისგან? გინახავთ, როგორ დასრიალებს წყლის ზედაპირზე თევზიჭაია პაწაწკინტელა ალკუნი? სასაცილოა, მაგრამ საქართველოში მათ 10-ჯერ მეტი უცხოელი აკვირდება, ვიდრე ქართველი ორნითოლოგი. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს რომ იყოს, რა უჭირს.

Continue reading

რატომ არ არის ქუთაისში ზღვა?

რატომ არ არის ქუთაისში ზღვა? აქ ხომ ყველაფერია იმისთვის, რომ კეთილმა ზღვამ გაიხსენოს დინოზავრების ეპოქა და გული მოუბრუნდეს საჩვენოსკენ.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/08/Empire-Of-The-Sun-Soundtrack-Suo-Gan.mp3|titles=Empire Of The Sun Soundtrack – Suo Gan]

ქუთაისში მზე ისე ლამაზად ჩადის, როგორც ზღვის ჰორიზონტს მიღმა.

ღრუბლებიც ზუსტად ისე ფერადდება, როგორც ტალღების თავზე გაწოლილი მლაშე ქარავანი.

აქაც ისეთივე პალმებია, როგორებიც ბათუმის ბულვარში, მაგრამ მის ბოლოს ზღვა იზმორება, აქ კი – მეზობლის ჭიშკარი. არადა, რომ არ იცოდე, რომ ქუთაისში ზღვა ა(ღა)რ არის, ერთი წუთით მოგელანდება კიდეც.

ქუთაისიც ხომ ისეთივე სირისტიანია, როგორც აჭარა… მაგრამ ზღვას მაინც აჭარა ურჩევნია.

ონკანში წყალი აქ დღეგამოშვებით მოდის. რა მოხდება, დანარჩენ დღეებში ზღვამ რომ იდინოს.

ქუთაისში ქარიც ზღვის მხრიდან უბერავს… თუმცა ქარს ზღვა უკვე დიდი ხანია, არ მოუტანია.

აქ ზუსტად ისეთი აივნიანი და ორსართულიანი სახლებია, როგორიც აჭარაში… თუმცა, თუ თვალები არ დახუჭე, აივნიდან ზღვას ვერ დაინახავ.

აქ მთავარი ქუჩაც კი ზღვას გასცქერის… უბრალოდ, ახლა სარემონტო სამუშაოებია და მას დროებით დასახლებული ადგილის ბანერი ჩამოაფარეს.

ახლა კი დაიძინეთ. ტკბილად იძინეთ. ლოყით გამთბარი ბალიში გადააბრუნეთ და სახე გრილ ზედაპირში ჩარგეთ. გჯეროდეთ და ზღვა აუცილებლად მოვა.