ამასობაში ხმალთევზამაც დაამთქნარა

ამასობაში ხმალთევზამაც დაამთქნარა და გვერდი იცვალა. მე კი დამრჩა ფეხზე გადადებული ფეხი, ზედ ყველის ნაჭერივით მოთავსებული ლეპტოპი ზედვე განკრეფილი თითის ფალანგებით და ცოტაოდენი დრო. როცა ხმალთევზები იძინებენ, ოკეანეში რამეგაყრილ თევზთა რაოდენობა საგრძნობლად კლებულობს. მხოლოდ თითოოროლა გოიმი თუ წამოეგება რომელიმე ანკესს.

პატარა ჭყავის, რაღაც აწუხებს. მგონი, ისევ გაციებულია. სახლში, რომლის მოცულობასაც მივეკუთვნები, დღესდღეობით  7 კაცია. ერთი პატარა, ერთი ჩვილი, ორი ზრდასრული, ორიც ასაკოვანი და ერთი მე. მე ხომ ბედი არ მაქვს, ყოველთვის ერთი ვარ. ხანდახან ძალიან მომინდება ხოლმე, ორი ვიყო და, “დაი პიაწ!”-ის შეძახებისას, ხელები საკუთარ ხელისგულებს ჩამოვკრა, მაგრამ სარკე ცუდად შეინჯღრეევა და მეც ვ-ერთ-დები.

ოროთახნახევრიან ბინაში მრავალსულიანი ოჯახის დე-ფაქტო წევრობაც ისევე გასწავლის რაღაც ღირებულს, როგორც უვარგისი კონცერტის ბილეთში ფულის გადაყრა. შედეგად, ჩამომიყალიბდა საკმაოდ გამძლე “მე აქ არა ვარ” სინდრომი, რომელსაც ყაყანისა და აურზაურის პიკში ავამოქმედებ ხოლმე. ჯერჯერობით საიმედოდ მუშაობს. ღმერთმა არ ქნას, გამიფუჭდეს, თორემ მე-5 სართულიდან პერპენდიკულარულად რა იფრენს.

მაგგარი თავქარიანი ნაროდია ეს ხმალთევზები. როდის რა წამოუვლით, ვერ გაიგებ.

ამასობაში ჯიპა-ში არჩევნებისათვის ემზადებიან. ყოველწლიურად ჩემს ზემოთ სართულზე მსწავლები (კალკი “მცხოვრები”-სგან) სახელმწიფო მართვის სტუდენტები იმიტირებულ არჩევნებს აწყობენ. ეს პროცესი რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულია, შესაბამისად, დღეში მინიმუმ ათჯერ თუ შეგეხვეწეს, ესა და ეს ნომერი შემოხაზეო, არ გაგიკვირდეს: ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

კანდიდატი ყოველთვის ორია. ყოველთვის თავისივე ორგანიზატორებით. ორივე მათგანი კეთილდღეობას, არსებულის გაუმჯობესებასა და უკეთეს მომავალს გვპირდება. რეალურად კი აწყობენ შეხვედრებს, აქციებს, აკრავენ პლაკატებს სწორი თუ არასწორი სლოგანებით. ყველაფერი კი მხარდამჭერთა გულის მოსაგებად კეთდება. ჩვენი, როგორც თავისუფალი ამომრჩეველის ვალია, დანიშნულ დღეს სასურველ ანუ საუკეთესო კანდიდატს მივცეთ ხმა. სიტუაციას ღორმუცელურ-ქართული გაგებით თუ შევხედავთ, ნათელია: ვინც მეტად გაგართობს, მას დაუჭერ მხარს. ჰოდა კანდიდატებიც ზრუნავენ, რომ ცნობილ სტუმრებთან შეხვედრისას, სუფრას არც ტორტი აკლდეს და არც სამარხვო საკვები. სულ დამავიწყდა, საარჩენვო კომიტეტიც გვყავს და ჯისკო ჰქვია. ეგენი, რა თქმა უნდა, ნეიტრალურები არიან და მხოლოდ “მოდი არჩევნებზე!”-თი შემოიფარგლებიან.

ჩონჩხიც რომ ამბობს, ჩემი პატრონი მაგარი თახსირი ვინმეაო (არ იყო სასაცილო, ხო?)

ცუდია, რომ ორშაბათს ეს ყველაფერი დასრულდება. მომენატრება უფასო ლობიანები და საინტერესო ადამიანებთან საუბარი. დღეს ერთ ჯგუფს რეზი არველაძე ჰყავდა მოწვეული და ნაძვის ხე მოართვევინეს, მეორეებმა კი ზაზა იაკაშვილი და ლელა მებურიშვილი არჩიეს. ისე მოხდა, რომ ამათთან მოვხვდი. შეხვედრა და კითხვა-პასუხი არაფორმალური და “ჯიგრული” იყო, ამიტომ ძალიან  საინტერესო გამოვიდა. მერე რეზის სანახავადაც გადავირბინე, მაგრამ გვიანი იყო. მოკლედ, მომენატრება ეს ყველაფერი და გაისამდე რა გაძლებს.

ნაძვის ხესთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაწამაწიაა: ცოცხალის ყიდვა გვინდა ქოთნით და კარგი ვერ ავირჩიეთ. თან ნორმალური ზომის, ანუ ჩემზე ცოტათი დაბალი, ძვირი ღირს (200 ლარი). ალბათ, ფულს ავაგროვებთ და 23-მდე რამეს მოვაბამთ თავს. 25-ში კი კარნავალი გვაქვს და ოპერაშიც უნდა გავიდე, რომ ჩემი პირველი გაქირავებული თუ გამოქირავებული კოსტიუმი მოვირგო, მაგრამ ამაზე დაწერის დროც მოვა. ამასობაში ხმალთევზამ კიდევ დაამთქნარა და მეც წავედი.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “ამასობაში ხმალთევზამაც დაამთქნარა

  1. შეილა

    აუ, მე ნაძვის ხეს არ ვაღიარებ და კარნავალზეც არ მოვდივარ, მაგრამ წინასწარ ვტკბები ზუ შენი ფოტოებით
    :***

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »