რამდენიმე ამბავი ფალსიფიკაციაზე

შენიშვნა: ქვემოთ მოყვანილი ამბები ნამდვილი და საკუთარ თავზე გამოცდილია

ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონება არაყით დაღუპული ნაცნობებია, რომელთა მიზეზზეც ჩვენთან ხშირად საუბრობდნენ. მესმოდა წყევლა იმ ადამიანთა მისამართით, ვინც “ის დასაწვავი არაყი” გამოხადა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ არაყი ყურძნისგან იხდებოდა, თუმცა ვერაფრით გამეგო, რა შუაში იყო თაგვის საწამლავი. ახლა კი მესმის, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ ფალსიფიცირებულ არაყში თაგვის საწამლავს ურევდნენ.

ამის მერე იყო სოდიანი წყალი, რომელსაც ხან “ბორჯომად” ასაღებდნენ, ხან “საირმედ”. ისიც მახსოვს, ბაზრობაზე ცუდ ყველში კარგ ნაჭრებს დებდნენ და მყიდველებს მათ ასინჯებდნენ. ასე რომ სიყალბეს ჩვენს ქვეყანაში მძლავრი ფესვები აქვს. მეც მისი ნაწილი ვარ, რაგან იმ თაობას განვეკუთვნები, ბაზრობაზე ნაყიდი ნაიკით, ადიდასით და ლივაისით (ლევისს რომ ვეძახით) რომ ვიმოსებოდი. ვატარებდი ნაიკის 10-ლარიან მაისურს და არც ვუფიქრდებოდი, რომ იმავე  “10-ლარიან” ტანსაცმელს ბექჰემი ან რომელიმე სხვა სპორტსმენი უკეთებდა რეკლამას. ან ეგ რა საკითხავი იყო, როცა მთელი ჩემი სამეზობლოს ბიჭებს ასეთივე მაისურები ეცვათ და ერთად ვხარობდით, რომ ბექჰემივით მაგრები ვართ.

ერთხელ ჩემი ნათესავი ფალსიფიცირებულმა იოგურტმა მოწამლა. სიყალბის სიცუდე პირველად მაშინ გავაცნობიერე. ოჯახში იმდენჯერ გალანძღეს იმ იოგურტის გამომშვები, რომ დიდი ხნის განმავლობაში ყველა იოგურტი ფალსიფიცირებული მეგონა და პირს არ ვაკარებდი. ზოგჯერ ძალიან მომინდებოდა, მაგრამ როცა მოსალოდნელი შედეგი მახსენდებოდა (გაუთავებელი პირღებინება, გადასხმები), სურვილიც მიქრებოდა.

როცა უკვე იმხელა გავხდი, რომ ბაზრობაზე მარტო მიშვებდნენ, ყოველთვის მოსალოდნელზე მეტს ვხარჯავდი, რადგან მერჩივნა, ოჯახში ყოფილიყო ერთი ქილა ჭურჭლის სარეცხი საშუალება (ტანსაცმლის არჩევა მაშინ ჩემი პრეროგატივა არ იყო), რომელიც ცხიმს მართლა აშორებს, ვიდრე ორი და უვარგისი. ამის გამო ხშირად მეჩხუბებოდნენ, რომ ეკონომიური არ ვარ და ძვირიან “ფეირის” ვყიდულობ. ბოლოს მაინც მე ვიმარჯვებდი, რადგან შედეგი სახეზე იყო.

უკვე როცა ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, რამდენჯერმე მომიხდა ფალსიფიკაციის თემის გაშუქება და მივხვდი, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არა თუ არ აინტერესებს, მაგრადაც ჰკიდია ეს საკითხი და ყველაფერს ისევ ფასი განსაზღვრავს. ფასი, რომელმაც ჩემი ოჯახის ნაცნობები დახოცა, რომლის გამოც რამდენიმე ადგილზე გაკერილი მაისური მეცვა და რომლის შემწეობითაც იოგურტს 5 წლის განმავლობაში დასანახად ვერ ვიტანდი.

 ამასობაში გავბლოგერდი კიდეც და ვიდეოპოსტების კეთებაც დავიწყე სხვადასხვა თემაზე. ბუნებრივია, შევეხე ფალსიფიკაციასაც. თავიდან ცოტა საშარო საქმე მეგონა, მაგრამ  ჯერჯერობით არავინ დამმუქრებია. გამიხარდა, რომ ფეისბუკზე შეიქმნა ანტიფალსიფიკაციის გვერდი და ჩემს ვიდეოებსაც რომ მოვკარი თვალი. ეგეც რომ არ იყოს, ამ ფორმით რაღაცნაირად ვცდილობ, დავამტკიცო, რომ მთავარი ფასი კი არა, ხარისხია. სხვათა შორის, სანამ ფალსიფიცირებული ცემენტის ამბავი პოპულარული გახდებოდა,  არ მეგონა, საამშენებლო საშუალებების გაყალბებაც თუ შესაძლებელი იყო.

 პ.ს. აქამდე იმიტომ არ ვწერდი, რომ ახალ სახლში ინტერნეტი არ მქონდა და მთელ დღეებს ვხატავდი. 16-ში კარანტინში მივდივარ და ოქტომბრიდან ისევ მწყობრში ვიქნები ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “რამდენიმე ამბავი ფალსიფიკაციაზე

  1. მეანდერძე

    ყოჩაღ შემართებისთვის, მართლა კაი გამოვიდა…

    ცუდ ყველში კარგ ნაჭრებს დებდნენ თუ პირიქით, თუ გადატანითი მნიშვნელობით გულისხმობდი – ეს ვერ გავიგე მარტო

    “საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არა თუ არ აინტერესებს, მაგრადაც ჰკიდია”- მარტო ეს საკითხი რო ეკიდოს… :green:

  2. jessie

    ყოჩაღ!! ბრავო :)

    ჩვენთან მაინც ურჩევნიათ იაფი იყიდონ ვიდრე ძვირი და ხარისხიანი, თუმცა ბევრია იმის მაგალითიც, როდესაც ხარისხიანს ყიდულობ და მაინც ფალსიფიცირებული აღმოჩნდება ხოლმე, გი9ნდ არაყი იყოს და გინდ იოგურტი :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »