ს ა დ დავიკარგე

ასე და ამგვარად, ნებსით თუ უნებლიედ, ახალი სამსახური შევითავსე, სახელად ს ა დ. ჩვენი სერჟანტისვის რომ გეკითხათ, “სად” ასე იშიფრებოდა “საიდან ამდენი და*ლეებული”. პრინციპში, მართალიც იყო: როცა კარანტიში მყოფი 203 კაციდან ათიოდემ თუ იცოდა, სად მოხვდა და “სად” რას ნიშნავდა. როგორც უნდა იყოს, მე ისევ აქ ვარ და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა ჩემში: ჭურში ვზივარ :)

სანამ ამ პრობლემურ თუ სასიამოვნო  ამბავზე ჩამოვკრავდე ენის წვერს, ახალ სამსახურზე მოგიყვებით ერთ-ორ სიყვას. უკვე მივეჩვიე, რომ ყოველ 3 დღეში ერთხელ, დილის 10:00-დან მეორე დილის 10:00-მდე მე ჩვეულებრივი ზურა ბალანჩივაძე აღარ ვარ და ოფიცრის ბრძანებებს რიგით ჯარისკაცად ვემორჩილები. სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შენობაში 3 დღეში ერთხელ ვმორიგეობ. ცვლაში ცხრანი ვართ და 3 პოსტზე ვნაწილდებით 2-2 საათით. სამუშაო დღეებში საქმე ბევრია: თანამშრომლების შესვლა-გამოსვლის გაკონტროლება, მისალმება, ასევე მაღალი თანამდებობის პირთა გადაადგილების მეთვალყურეობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი ნაწილია.

მომეთხოვება მაქსიმალურად ბევრი თანამშრომლის სახეზე დამახსოვრება, რაციით გადაცემის სწავლა, აგრეთვე სამინისტროს თანამშრომელთა მანქანების ცნობა. ბოლო საკითხმა თავიდან ფრიად შემაშინა, რადგან ავომობილებში ჩაინიკი ვარ, მაგრამ როგორღაც ვახერხებ ავტომობილის ცნობასაც, მისთვის დაყენებაში მიხმარებასაც, მერე უკან გამოქცევას და საჭირო პირებისათვის სამხედრო სალამის (ჩესტის) აღებას.

როცა დაღამდება და სამინისტროც დაიცლება, სერჟანტები დროში გაწერილ მორიგეობის სიას ადგენენ, რომლის წყალობითაც შეკოწიწებული 5-6 საათი მძინავს ხოლმე. ჩემი ფხიზელი ძილის გადამკიდე, მალე ვეგები გონს და ხანდახან სირბილით და ხტუნვა-ხტუნვით გავრბივარ პოსტზე. ჯერ არ აცივებულა და, ალბათ, ამიტომ ვარ ასე ენერგიული. პოსტზე მორიგეობისას მისი მარტო დატოვება დაუშვებელია, ძილზე აღარაფერს ვამბობ. ღამღამობით ოფიცერი ფრთხილად შემოიპარება და გვამოწმებს ხოლმე. თუ ვინმე უბედური ჩაძინებული დაინახა, ცხრავეს ფეხზე გაგვათენებინებს. მადლობა ღმერთს, ჯერ ყველაფერი რიგზეა.

რატომ მიხარია? არ ვიცი, ალბათ, ახალი ეტაპის დაწყების გამო. დავიღალე? არა, ჯერ არა. არც ვიცი, როდის დავიღლები და არც სამსახურის დასრულებაზე ვფიქრობ. ზოგი ყოველი ცვლის დამთავრებას ზარზეიმით ხვდება, მე კი არ ვიმჩნევ, რომ წინ კიდევ 11 შეკრული თვე მიდევს. ყველაფერი, ალბათ, მაინც იმ გარემოცვის ბრალია, რომელშიც მოვხვდი. ყველა კარგი და კეთილია, სახალისო და საინტერესო პიროვნებები არიან და, რაც მთავარია, მათთან ყოფნა მიხარია. აუტანლები რომ ყოფილიყვნენ, მათთან გატარებული ყოველი დღე გაძლების ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ გამიმართლა. ერთი მაწუხებს მხოლოდ: მე ახალი ვარ, ისინი  კი ნახევარ წელიწადში დაამთავრებენ და მათ გარეშე მერე, ალბათ, ცოტა გამიჭირდება. რამდენმესთან უკვე სერიოზული მეგობრობა გადავწყვიტე. რა გამოვა, არ ვიცი, მაგრამ ვნახოთ, საით წაგვიყვანს ინტერესები.

არასამხედრო ცხოვრებას ჯერ ისევ ვეწყობი და თავს კიდევ კუნძულიდან ჩამოსულად ვგრძნობ ხოლმე. თანაც, არეული ძილის გამო, მეც არეული ვარ. ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე ახალ ფეისბუკს და ამბებს ყურმოკვრით ვიგებ. ბლოგზე წერაც მეზარება და არ ვიცი, როდის მოვიყვან საკუთარ თავს მწყობრში. ვხატავ. როცა მარო ვარ, უფრო მეტს. მეგობრებთან შეხვედრა მიხარებს ხოლმე გულს. ერთი “სასტავიდან” მეორეში გადავინაცვლებ და ა.შ. მერე სამსახურშიც მივდივარ და ჯერჯერობით რაღაც გამომდის, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყობი და დასაქოქია. ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება ჯერ კიდევ ქაოსია.

რაღაც არაჩემნაირად ვწერ ამ პოსტს. ესეც იმიტომ, რომ ღამის 2 საათია და მეძინება. ამ დროს პოსტზე მღვიძავს ხოლმე და ბოლთას ვცემ, აქ კი თვალს ძლივს ვახელ. წასვლის წინ მინდა, პირობა დავდო, რომ (ასე მაინც ვაიძულებ თავს) ბლოგზე ხშირად და საინტერესოდ დავწერ. საინტერესოობის დეფიციტი ზუსტად რომ არ მაქვს. აბა ჰე და აბა ჰო :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “ს ა დ დავიკარგე

  1. მარი

    გადასარევი რამეა ჭურში ჯდომა, როცა ბევრი საქმე გაქვს და არ გინდა ხელი რამემ შეგიშალოს. მაგრამ მერე გამოგრჩება ყველაფერი და უფრო ძნელი იქნება აზრზე მოსვლა.

    მეგონა შენს ბლოგს უკვე ჭინკები და მოჩვენებები დაეპატრონნენ და ამ დროს გამოჩნდა რიდერში ახალი შეტყობინება :d

  2. Natalia

    აგვისტოს ომის დროს, ღუდუშაურში იყვნენ სად-ელები. ერთ-ერთმა თითი დაიდო მკერდზე, სადაც ეს ‘სად’ ეწერა და გვკითხა –
    ეს იცით რას ნიშნავს?
    ჩვენ თავი გავაქნიეთ და –
    ‘სააკაშვილი არასდროს დაიჩოქებს’-ო : ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.