როცა ფილმების წასაკითხად იცლი

Biaff 2015

დაახლოებით 5 წლის წინ იმ ადამიანების მშურდა, რომლებიც კითხვას კიდევ ახერხებდნენ. დღეს უკვე მათიც მშურს, ვინც ფილმებს ერთი ამოსუნთქვით უყურებს. განა როგორ შეიძლება, აკეთებდე რამეს და 5-5 წუთის ინტერვალით არ გახედო ფეისბუკს? იქ თუ რამე გამოგრჩა, ხომ დაგექცა ყველაფერი თავზე? ამ წინადადებას 5 წლის წინ ირონიული კონტექსტით დავწერდი, მაგრამ დღეს რეალობაა. დღეს ფეისბუკი, ამ სიტყვის კრებითი მნიშვნელობით, გვირღვევს ჩვენი ცხოვრების უწინდელ რიტმს. გვირღვევს და არა ვარღვევთ, რადგან ფეისბუკი უკვე ნარკოტიკია, რომელიც, დღიდან მისი შეყვარებისა, ისე მოგვექცევა, როგორც უნდა. ფილმები კი ტელეგადაცემებში ჩაჩხერილ სარეკლამო ჭრებს დაემსგავსა.

ასე და ამგვარად, როგორც ბიბლიოთეკები გადაგვარდა, მალე, ალბათ, ანალოგიური მოელით კინოთეატრებსაც. იმიტომ, რომ ერთ საკითხზე კონცენტრაციის უნარს ვკარგავთ. ეს ყველაფერი კი დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს. გამოჩნდებიან ფსიქოლოგები, რომლებიც სწორედ ამ კუთხით იმუშავებენ, დაიწერება ძალიან ჩქარა კითხვადი წიგნები, სავსე რჩევებით, თუ როგორ ვიყოთ კონცენტრირებულნი, ამასობაში ვიღაც ამაზე ფილმს გადაიღებს და კაცობრიობაც თვალს გაუსწორბებს რეალობას, რომ რეალობას მხოლოდ ერთ თვალს გაუსწორებს, მეორით ფეისბუკს ამოწმებს.

ამ ყველაფერ ზემოთქმულის მიზეზია, რომ შარშანდელ BIAFF-ზე ნაჩვენები ფილმის ნახვას, რომლის ყურებისასაც კინოთეატრში დაღლილობისგან ჩამეძინა, წელს, სახლში, 3 დღის განმავლობაში ვუყურებდი. როგორც შარშანწინ, ისე შარშანაც ნური ბილგე ჯეილანის ფილმი დარჩენილი მქონდა უნახავი და სახლის პირობებში ჩავუჯექი. აქვე რჩევა: თუ გინდათ, ადრეული შემოდგომის პაპანაქებაში შეგცივდეთ, ან ტარკოვსკის “სოლარისს” უყურეთ, ან ნური ბილგე ჯეილანის “ზამთრის ძილს.” უფრო სწორედ, წაიკითხეთ, წაიკითხეთ ფილმები.

ფილმის ყურება შეიძლება მაშინ, თუკი იგი ბლოკბასტერია და, ვიზუალური ეფექტის გარდა, არაფერზე აქვს პრეტენზია. საავტორო ფილმებს კი წაკითხვა უნდა, რომლის დრო, საუბედუროდ, ხშირად არ მაქვს. როგორც წიგნისთვის შინაგანად უნდა “გეცალოს”, ანალოგიურია საავტორო კინოც: აქცენტები, ტექსტები, დეტალები, ქვეტექსტები, ფერები… ყველაფერ ამისთვის მე 13-დან 20 სექტემბრის ჩათვლით მოვიცლი, როცა ბათუმში ხალხის ნაკლებობა და მინავლებული ქაოსი ყველაზე მეტად დამეხმარება ფილმების აღქმაში. თან, ამ დროს, ზღვაც უფრო სუფთაა.

ჩემთვის, როგორც ათას რამეში გაჩხერილი ბლოგერისთვის, BIAFF – ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალი მთელი წლის კინოსაზრდოა, რომელსაც წლიდან წლამდე თუნდაც იმიტომ ველი, რომ მრავალფეროვნებას არ ჩამოვრჩე. ვისაც ჩემი მდგომარეობა გესმით და ორიოდ დღითაც გცალიათ, მომავალ შეხვედრამდე კინოთეატრ “აპოლოში”. :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »