როცა დამარცხება უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვება

ლანა ღოღობერიძე

რამდენიმე წლის წინ გოგი გვახარიამ ერთ-ერთ ლექციაზე ახსენა, რომ თითზე ჩამოსათვლელია საბჭოურ ეპოქაში გადაღებული ფილმები, რომლებშიც საქართველოს მაშინდელ რეალობას ასახავს. იღებდნენ ზღაპრებს, ეპოპეებს, პროპაგანდისტულ რაღაცებს, მაგრამ არა რეალობას. მართლაც, როგორი იყო თბილისი, სად რა იდგა, როგორი ტრანსპორტი დადიოდა, ხალხს რა ეცვა ქუჩაში, სად იყო ე.წ. კაფე და ა.შ. – ამის ამსახველი ბევრი საბჭოური ფილმი გახსენდებათ? მე არა. ლანა ღოღობერიძე იყო ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანი, რომელიც ვიღაცების ნაწარმოებების ეკრანიზაციით კი არა, რეალობის ასახვით იყო დაკავებული. დღეს ბათუმის კინოფესტივალზე მისი ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” აჩვენეს, რამაც თანამედროვე ქართულ კინოზეც დამაფიქრა.

როგორ არ გავდა ლანა ღოღობერიძესთან შეხვედრა ოთარ იოსელიანისას. ორი ერთი თაობის წარმომადგენელი აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობით. ფილმის წარდგენისთანავე, რომელიც თითქმის ცარიელ დარბაზში ხდებოდა, მადლობა გადაგვიხადა, რომ მზიან ბულვარში სეირნობას, კინოთეატრში მოსვლა ვამჯობინეთ. ამის თქმისას იგი იყო სრულიად გულწრფელი, უბრალო და მართლაც საქმეზე ორიენტირებული. საუბრისას მარცხის ფენომენსაც შეეხო (ეს სიტყვა, რამდენადაც ჩემი ბოლოჟამინდელი გამოცდილება მიჩვენებს, ზემოხსენებული მეორე რეჟისორისთვის უცხოა) და თქვა: “დამარცხება ზოგჯერ უფრო მეტია, ვიდრე გამრჯვება… გამარჯვება უფრო ზედაპირულია, ხოლო დამარცხება აუცილებელია იმისთვის, რომ სულიერებამ გაიმარჯვოს.”

რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე

ჩემდა სამარცხვინოდ, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” არ მქონდა ნანახი და, ალბათ, არც არასდროს ვნახავდი, ან, თუ ვნახავდი, ფეისბუკის სკროლვისა და სამსახურის საქმეების პარალელურად, წვეტილ-წყვეტილად ვიცოდვილებდი. და ვერც ვერაფერს გავიგებდი. ასე რომ ძალიან მიხარია, ფილმის პირველად ნახვის ბედნიერება BIAFF-ზე რომ მხვდა.

38 წელი გავიდა ფილმის შექმნიდან და იქ, კომუნისტური რეჟიმის ყვავილობისას წამოჭრილი საკვანძო საკითხები დღესაც ასევე აქტუალურია. მომენტმა, რომელშიც გურადნდა გაბუნიას პერსონაჟი მისგან წასულ ქმარზე მოთქვამს, ხოლო ჟურნალისტთან ამის შესახებ გულღიად საუბარს გაურბის, გამახსენა კომედი შოუს სკეჩი “თათია საავადმყოფოში”. შეყვარებულისგან ნაცემ-დალურჯებული თათია დაქალს მორიგი ჩხუბის ამბებს უყვება, ეს უკანასკნელი გადაჭრით უცხადებს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და პოლიციის გამოძახება სურს. თათია მეგობარს აჩერებს და უხსნის, რომ სამაგიეროდ ძალიან მოსიყვარულე შეყვარებულია და რომ ტაქსის ფულზე ლარიც კი დაუმატა. სოციალური ისტერიკა, რომელზეც დღეს ჯერჯერობით მხოლოდ სკეჩებით სიცილი შეგვიძლია, 40 წელია, ვერ დავძლიეთ.

როგორც შევიტყვე, ფილმის სცენარი სპეციალურად სოფიკო ჭიაურელისთვის იქმნებოდა. ქალისთვის, რომლის უდიდესი ნიჭ(ებ)ი და მეამბოხეობა ზედგამოჭრილი იყო მისი სეხნია პერსონაჟისთვის. ფილმის გმირი სოფიკო არ არის ტიპური ქართველი ცოლი. იგი ჟურნალისტად მუშაობს, შინაგანად ცოცხალია, სხვა დიასახლისებივით საკუთარ ბედში ჩამყაყებული არ არის და, რაც მთავარია, ვნებიანია! 70-იანების თბილისის სარკე, სადაც აქა-იქ უკვე ჩანს ის ძალდაუტანებელი, სრულიად ბუნებრივი, ადეკვატური და თანაც გაცნობიერებული დაუმორჩილებლობა იმ რეჟიმის მიმართ, რომელიც არაბუნებრიობას ქადაგებს.

არაბუნებრიობის ქადაგება, უფრო სწორედ, ბუნებრივის დამახინჯებული სახით პროპაგანდა ჯერჯერობით ჩვენი პოლიტიკურ-რელიგიურ-სოციალური წყობილების მოუშუშებელი სენია, მაგრამ დღესაც, თანამედროვე თაობაშიც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მათთან ჭიდილი და, მით უმეტეს, მარცხი არ აშინებთ. რადგან დამარცხება ზოგჯერ უფრო მეტია, ვიდრე გამრჯვება. მარცხი ხომ წარმატებისკენ მიმავალი გზის შემადგენელი კომპონენტია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »