მშვიდობით, ყოვლისმომცველო მსახიობო!

ზოგს ბიძინა ტკივა, ზოგს რამაზი. მერე რა, რომ ქართველი ხალხი ტაშს უადგილო ადგილას უკრავს (პანაშვიდიდან გამოსული ბიძინა ივანიშვილი რამდენიმემ ისეთი ტაშით გააცილა, მეგონა, გამოსვენება დაიწყო). დღეს ჩემი მუზის კიდევ ერთი ნაწილი მიაბარეს მიწას. რამაზ ჩხიკვაძე სცენაზე ერთადერთხელ და ისიც უკანასკნელად სწორედ დღეს ვნახე.

თეატრში რომ მივედი რატომღაც გაუცხოება ვიგრძენი. ყველა, თითქოს, სადღაც ფიქრებში წასულიყო. კაპელდინერებს ვიცნობ და პირველი მათთან მივედი. საყვარელი ხალხია. ყველა ნამტირალევი სახითა და ჩაწითლებული თვალებით დამიხვდა.

83 წელი ნამდვილად არ არის არც ახალგაზრდა და არც შუახნის ასაკი, ეს უკვე სიბერეა. თუმცა მაინც ვერ ვგრძნობდი, რომ ბატონ რამაზს სიამაყით აცილებდა ხალხი. ალბათ, იმიტომ, რომ მსგავსი სიდიდის მსახიობი თითქმის აღარ დარჩა. “თითქმის” იმიტომ ვამბობ, რომ თავს ვიზღვევ, თორემ მე მაინც მგონია, რომ მსახიობი, რომელიც ერთნაირი წარმატებითა და აღფრთოვანებით ითამაშებდა, როგორც კომიკურ, ისე ტრაგიკულ როლებს, უკვე აღარ არსებობს. ვეღარ გაგაცინებს დღეს, ვეღარ აგატირებს ხვალ. მორჩა.

ბოლო დღეებია (თეატრის) მსახიობთა კატეგორიებად დაყოფა დავიწყე. არა იმის მიხედვით, თუ სად თამაშობენ, არამედ რა შეუძლიათ. ზოგი დრამაშია ძლიერი, ზოგი კომედიაში. ზოგს ორივე გამოსდის. თუ ერთს სამსახიობო პლასტიკა უკეთესი აქვს, მეორეს პლუსი მეტყველებაშია. ზოგს იმპროვიზაციის უნარი აქვს, ზოგიც ძალიან ღრმად იკვლევს როლს და ბოლომდე შესწავლილს მთელი თავისი სისავსით წარუდგენს მაყურებელს. რამაზ ჩხიკვაძე, სცენაზე ყოველი გამოსვლისას, საკუთარი თავით ამტკიცებდა, რომ ყველა ამ თვისების ერთ ადამიანში თავმოყრა შესაძლებელია. ჩემი აზრით, სწორედ ასეთ მსახიობს უნდა ეწოდოს “ყოვლისმომცველი”.

დღეს რუსთაველის თეატრი და ქართველი ერი ყოვლისმომცველ მსახიობს გამოეთხოვა. თუმცა, სამწუხაროდ, მსახიობის ხსოვნას, რომელმაც ყველაზე მეტად ასახელა ქართული თეატრი, ერთი დღე არ დაეთმო და რუსთაველში ამ საღამოს დანიშნული სპექტაკლი არ გადაიდო. იმედი მაქვს, რამაზ ჩხიკვაძის საღამო აუცილებლად შედგება. მსახიობისა, რომლის არსებობას უნდა უმადლოდეს, როგორც რუსთაველის თეატრი, ისე მთელი ქართული თეატრალური სამყარო.

მშვიდობით, ყოვლისმომცველო მსახიობო!

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “მშვიდობით, ყოვლისმომცველო მსახიობო!

  1. გვირილა

    ბიძინაზაცია გვჭირს და რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალებამ ვითომც არაფერი, ისე ჩაირა. გასაგებია, რომ ლოყას ვერ ჩამოიხოკავდა მოსახლეობა, მარა… მარა :|

  2. დემეტრე

    საშინელი მარაზმის მომსწრე გავხდი რამაზ ჩხიკვაძის დასაფლავებაზე,ყველას თვალები სხვაგან გაურბოდა და სასაფლაოს ფონზე იღებდა ხალხი სურათებს ბერა ივანიშვილთან ერთად…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »