რემბრანტი – სელფებით მოყოლილი ამბავი

რემბრანტი, ფერთაშეხამების გენიოსი, ავტოპორტრეტების დიდი მოყვარული იყო. მის მიერ შესრულებულ 100-მდე ტილოსა თუ ლითოგრაფიაზე მხატვრის ყოველდღიური განცდებია გამოსახული.

მას შემდეგ, რაც მხატვარმა საკუთარი თავი წყლით სავსე თასში თუ გაპრიალებული ლითონის სარკეში დაინახა და საკუთარი მე-ს პირველი შტრიხები მოხაზა, სელფი ერთ-ერთ მის გატაცებად იქცა. მერე რა, რომ ეს სიტყვა სულ რაღაც 3 წლის წინ გაჩნდა, ქმედებები საუკუნეებს ითვლის. ავტოპორტრეტს ხატავდა ყველა: და ვინჩიდან პიკასომდე, ასევე მანამდეც და მათ შემდეგაც. თუმცა არ მეგულება დიდი მხატვარი, ვისაც საკუთარი თავი ამდენჯერ დაეხატოს. მეტყვით, მაშინ ფრიდა კალო  რას შვებოდაო, მაგრამ არასწორი იქნებით: ფრიდასთვის ავტოპორტრეტი სათქმელის ფორმა იყო, რომელსაც საკუთარი თავიდან გამომდინარე აზოგადებდა, ხოლო რემბრანტის ავტოპორტრეტები მისი უზარმაზარი შემოქმედების ერთ-ერთი ნაწილია. თუმცა კი ტექნიკურად ორივე სელფია, მაგრამ მაინც, სად იყო ფრიდა, როცა რემბრანტი სელფებს ქმნიდა. :)

 ვეცდები, პოტრეტები ქრონოლოგიურად დავალაგო:

რემბრანტი, 1628

1628 წლით დათარიღებულ ამ სურათზე რემბრანტ ვან რეინი სულ რაღაც 22 წლისაა და დამწყებ მხატვრად ითვლება. ტილოზე მთავარი აქცენტი სწორედ მის საქმეზეა გადატანილი და არა მხატვარზე. იმავე პერიოდში შექმნილი მორიგი ტილო კი ახალგაზრდა რემბრანტის სახეს გვიჩვენებს.

რემბრანტი 1628

სწორედ სახის ამ სახასიათო ნაკვთებით იცნობთ მის ყველა ავტოპორტრეტს. საინტერესოა, როგორ ვერ იცნეს მისი ფუნჯის მოსმა, ფერები და გამომეტყველება, როცა 2008 წელს რემბრანტის კიდევ ერთი პორტრეტი აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ მისი აუთენტურობა მალევე დაადასტურა. ესეც  1628 წლის ნამუშევარია.

რემბრანტი, 1628

შემდეგი ორი ტილო 1629 წელსაა შესრულებული. უფრო მეტი სიმკვეთრით, რეალიზმითა და დახვეწილი ტექნიკით.

რემბრანტი 1629რემბრანტი 1629

აქ უკვე 1630 წელია, რემბრანტი 24 წლისაა.

რემბრანტი 1630

1632 წელი. რემბრანტს პორტრეტების ოსტატად იცნობენ, ჰოლანდიელ წარჩინებულებს სურთ, მათი ტილოები ახალგაზრდა რემბრანტმა შექმნას.

რემბრანტი 1632

1634 წელი, რემბრანტი უკვე სახელგანთქმული და ყველაზე პოპულარული მხატვარია, ცხოვრობს ამსტერდამში და ცოლად წარჩინებულ სასკია ვან ეილენბიურხს ირთავს.

რემბრანტი 1634

1635 წელს შესრულებული ეს ავტოპორტრეტი რემბრანტის ოჯახურ იდილიას ასახავს. ხელში შამპანურის ბოკალი უჭირავს და კალთაში სასკია უზის.

რემბრანტი და სასკია 1635

ცნობილია, რომ რემბრანტი ამ დროს აგროვებდა ყველა ნივთს, რაც ძვირფასად მიაჩნდა: ვაჭრებისგან ყიდულობდა აღმოსავლურ ხალიჩებს, ზღვის კუს ბაკნებს. მისი სახლში ეკიდა შუასაუკუნეებისდროინდელი აბჯარ-მუზარადი და იარაღი, ეგზოტიკური ცხოველების ტყავები და საკრავები. 1635 წელს შექმნილი პორტრეტიც ამას ადასტურებს.

რემბრანტი 1635

მას უყვარდა პოზირება. ავტოპორტრეტების ხატვა ერთგვარი თერაპია იყო მისნაირი გულჩათხრობილი ადამიანისთვის. ჩვენ მიერ გადაღებული სელფებიც ძირითადად ხომ თვითგამოხატვისა და მარტოობის განცდებს უკავშირდება. რემბრანტის “ფოტოაპარატი” მისი თვალები იყო, ფოტოფილტრი – საღებავები, ფუნჯები და ნიჭი, “ფოტოფირებს” კი ევროპის მუზეუმებში ვნახულობთ.

1640 წელი. ვინ დახატავდა რემბრანტს რემბრანტზე უკეთ? ამ პერიოდში ისინი დღევანდელ რემბრანტის სახლმუზეუმად ცნობილ შენობაში ცხოვრობენ, ამსტერდამის ებრაულ უბანში. სწორედ იქაური ატმოსფეროს გავლენით შექმნა მხატვარმა ბიბლიური სცენების სერია.

რემბრანტი 1640

კიდევ ერთი ავტოპორტრეტი იმავე პერიოდიდან, როცა მხატვრობას ფული მოჰქონდა, რემბრანტიც ანიავებდა და ბედნიერება უსასრულო ჩანდა. 1641 წელს ტიტუსი შეეძინათ, რამაც რემბრანტი ძლიერ გაახარა, თუმცა მალე სასკია დაავადდა 1642 წელს გარდაიცვალა…

საყვარელ ადამიანთან განშორების გამო რემბრანტისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ჯერ კიდევ ავადმყოფი სასკიას პორტრეტებშივე ჩანს ის სევდა, რასაც მხატვარი განიცდის. სევდა და მოსალოდნელის შიში.

დეპრესიამ განვლო, თუმცა ხატვის სტილზე სამუდამოდ აისახა: 1652 წელს შესრულებული ავტოპორტრეტიდან 46 წლის რემბრანტი გვიმზერს. განათება და ფერთა გამა თითქოს უცვლელია, თუმცა გამოხედვა და ფუნჯის მონასმები უხეშია. ეს სიუხეშე მომავალ წლებში სულ უფრო მკვეთრი გახდება.

რემბრანტი 1652

1654 წელს რემბრანტმა ჰენდრიკიე სოფელისზე იქორწინა, რომელიც მის სახლში მუშაობდა. ეს ავტოპორტრეტი კი ერთი წლის შემდეგ დახატა.

რემბრანტი 1655

1657 წელს რემბრანტი ფინანსურმა კრიზისმა აიძულა, სახლი გაეყიდა და, ოჯახთან ერთად, ნიუვ დოლენშტრატიდან როზენგრახტში გადასულიყო.

რემბრანტი 1657

1659 წლიდან ჰენდრიკიე ცდილობს, გაუძღვეს ოჯახის საქმეებს. მომდევნო წლიდან, ტიტუსთან ერთად, ისინი ცდილობენ, რემბრანტის ნახატები გაყიდონ და კლიენტები მოუზიდონ.

რემბრანტი 1659

რემბრანტი 1660 წელს.

რემბრანტი 1660

სასკიასა და ტიტუსის დახმარებით რემბრანტმა სული მოითქვა, თუმცა მის შემოქმედებას და ხატვის ახალ სტილს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

რემბრანტი 1660

1660 წელს შესრულებული კიდევ ერთი ავტოპორტრეტი. რემბრანტი საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში მარგინალურ, “ჩამოწერილ” მხატვრად აღიქმება. ამ პერიოდის ყველა ავტოპორტრეტი ამ განცდას მოუცავს.

რემბრანტი 1660

1662 წელს ქალაქის მუნიციპალიტეტმა მას ერთგვარი “მეორე შანსი” მისცა, რათა ძველი დიდება დაებრუნებია. რემბრანტს “კლავდიუს ცივილიუსის შეთქმულება” უნდა დაეხატა, რომელშიც გადმოცემულ გმირულ სულისკვეთბას საზოგადოება უნდა აღეფრთოვანებინა. რემბრანტმა კი სრული რეალიზმი დაუხატა, რითაც დამკვეთები ისე გაანაწყენა, დაუსრულებელი ტილოც კი დაუწუნეს.

ამავე წლით დათარიღებულ ავტოპორტრეტში რემბრანტი ანტიკური ეპოქის მხატვრის – ზევქსისის როლშია, ტილოსაც ასე ჰქვია: “მოცინარი ზევქსისი”.

რემბრანტი 1662

რემბრანტის უბედურება ამით არ დასრულებულა: 1663 წელს ჰენდრიკიე გარდაიცვალა, ვაჟისა და მეორე ცოლისგან დარჩენილი ქალიშვილის ამარა დატოვებული მოხუცი მხატვარი ცდილობდა, ფარ-ხმალი არ დაეყარა. ბედისწერამ აქაც უმტყუნა: 1668 წელს ტიტუსი გარდაიცვალა. ეს ტილო, რომელიც 1669 წლით თარიღდება, რემბრანტ ვან რეინის ერთ-ერთი უკანასკნელი ავტოპორტრეტია. ცხოვრებით დაღლილი გენიოსის, რომელსაც განგებამ, ფერთა საიდუმლოს შემეცნების სანაცვლოდ, არაერთხელ აქცია ზურგი.

რემბრანტი 1669

რემბრანტ ვან რეინი, კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი, 1669 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია ამსტერდამში, ვესტერკერკის ტაძარში ჰენდრიკიესთან ერთად. საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. გენიოსისგან ბევრი შედევრი და სელფებით მოყოლილი ამბავი დარჩა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »