რას მოჰყავს ახალი წელი?

ჩემი საშობაო კოლექცია, რომლის შეგროვება ახლახან დავიწყე.

მაშინ, როცა 2016-მა წელმა, გლობალურად თუ ადგილობრივად, ძალიან გვაწვალა და გული დაგვწყვიტა, მაშინ, როცა პლანეტა იმდენ ვარსკვლავს დაემშვიდობა, რომ სათვალავიც აგვერია, მაშინ, როცა კიდევ ვერ გაგვირკვევია (და, ალბათ, ბევრს არც აინტერესებს), რატომ აღვნიშნავთ შობას შვიდ იანვარს და ვმღერით “ოცდახუთსა დეკემბერსა”-ს, გვრჩება რაღაც მისტიკური, ზოგისთვის – მექანიკური. წლის ბოლოს ყველანი ერთად ვრესტარტდებით და ვიმედოვნებთ, რომ კომპიუტერი ამჯერად მაინც იმუშავებს. 

 

ახლა რომ ვფიქრობ, ყველაზე მეტი, ალბათ, ამ წელს ვნახე და ვისწავლე. სიხარული და შიში, წარმატება და მარცხი ისე სწრაფად ცვლიდა ერთმანეთს, მეგონა, მრავალსართულიანი შენობიდან მკრეს ხელი და, ფრენისას (თუ ვარდნისას), ყველა ფანჯარაში შეხედვა მოვასწარი.

წელს ვნახე ხუთი ქვეყანაც, რამდენიმე საათით ფინანსური კრიზისის ზღვარზეც აღმოვჩენილვარ და სწორედ მაშინ დავფიქრებულვარ იმ ადამიანებზე, ვინც ახალ წელს ცარიელი ჯიბით ხვდება. რამდენად სასიხარულოა, როცა გარშემო ყველაფერი ანათებს, უამრავი ფერადი და სახალისო რამ იყიდება, შენ კი ამ ყველაფერის მხოლოდ ყურება გერგება.

მანამდე ვოცნებობდი, ქვეყანაში შობა-ახალი წლის მინისტრი ვყოფილიყავი და ყველა ქალაქი ულამაზესად მომერთო სადღესასწაულოდ. იმ კონკრეტულ დღეს კი დავფიქრდი, რამდენად გაახარებდა ეს იმ ადამიანებს, რომელთაც სახლში საამისოდ ძალიან ცოტა რამ აქვთ? რამდენად სასიამოვნოა ათასფერად განათებული დეკორაციები მათთვის, ვისაც ელემენტარული აკლია. რამდენად შეიძლება, ფულით იყიდო განწყობა და რას მოჰყავს ახალი წელი?

450 ნათურით განათებული ნაძვის ხე.

ეს ნაძვის ხე შარშან ვიყიდე და ამ ყველაფრის მორთვაშიც, ორი წლის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი გადავიხადე. მიხარია და მომწონს, რომ ჩემი შრომით ეს სილამაზე შევქმენი, მაგრამ რეალურად რა არის ეს? მავთულზე დახვეული ლასტმასის ფოჩები, რომლებსაც პლასტმასისვე ფანტელი აყრია. შუშისა და პლასტმასის ბურთები და მავთულხლართებზე აცმული ფერადი ნათურები. ეს არის საახალწლო ან საშობაო განწყობა?

არა, იმედი.

იმედი იმისა, რომ, დიდი რესტარტის შემდეგ, ყველაფერი დღევანდელზე ცოტა უკეთესად მაინც იქნება. სანამ ჯერ მეც არ დამვიწყებია, საკუთარ თავსაც გავუმეორებ და თქვენც გეტყვით, რომ ნებისმიერი განათება, საშობაო ფილმები, კორპორატიული თუ ქვეყნის მასშტაბით ნათამაშები “სიქრით სანტა” და მორთული ნაძვისხე ერთი დიდი ტყუილია, თუკი, შობა-ახალ წელს უკეთესის იმედით არ ხვდები. თავისთავად, ხელი თუ არ გაანძრიე, მარტო იმედი ვერ გიშველის, მაგრამ, თუ ამ დღესასწაულების აღნიშნვა გსურს, ნუ დაგავიწყდება, რომ მათი დედააზრი და ძალა, ჯინგლ ბელსი კი არა, უკეთესი მომავლის იმედია. :)

წლევანდელ ახალ წელს, 6 წლის შემდეგ, კვლავ ბათუმში ვხვდები და იმედი მაქვს, ისეთივე ბედნიერი ვიქნები, როგორც მაშინ.

მე მჯერა, რომ ბედნიერება უბრალოებიდან იწყება. ყოველ შემთხვევაში, შობა-ახალი წელი, რასაც ჩვენ აღვნიშნავთ, ათასწლეულების წინ, ასე უბრალოდ, შინაური ცხოველების ბაგადან დაიწყო. ყველაზე ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ და საჩუქრად ჩემი შობა-ახალი წლის მუსიკას დაგიტოვებთ. ამაზე დიდი ვირტუალური განძი არ გამაჩნია. <3

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »