რამდენიმე ყლუპი უცნობი თბილისი

“ასეთ სიცხეში, როდესაც ადამიანი კარგავს საკუთარ ჩრდილს, არც თუ ისე ბევრს აწუხებს ქალაქში დარჩენის სურვილი,” – გვეუბნება ერთი ძველი ქართული ფილმი, რომელიც სათამაშოებზეა. და მაინც, ვისაც ქალაქში, უფრო სწორედ, დედაქალაქში, გიწევთ დარჩენა, გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ აქაც გადასარევად დაისვენებთ: ამ პოსტში თბილისის რამდენიმე ისეთ დეტალზე გიამბობთ, რომელიც თითქოს კარგად ნაცნობ ქალაქს ხელახლა აღმოგაჩენინებთ. გუშინ, ამ სიცხეში, არ დავიზარე და ფეხით კიდევ ერთხელ შემოვიარე ყველაზე ცნობილი უბნების უცნობი ადგილები. დავხარჯე ზუსტად საათნახევარი და ბორჯომის ორი ცალი ახალი ლამაზი ქილა. ვიწყებთ თავისუფლების მოედნიდან. მომყევით.

თავისუფლების მოედანი

აბა, რა ვიცით ამ ადგილზე? ის, რომ თავისუფლების მოედანს ადრე ლენინის სახელი ერქვა. კიდევ? მე-19 საუკუნეში ეს პასკევიჩ-ერევნელის მოედნის სახელით იყო ცნობილი და აქ იდგა კავკასიაში პირველი საოპერო თეატრი, რომელიც, ბიზნესმენ გავრილ თამამშევის სახსრებითა და კავკასიის მთავარმართებელ მიხეილ ვორონცოვის იდეით, 1851 წელს აშენდა. არქიტექტორი გახლდათ ჯოვანი სკუდიერი, რომლის მიერ აგებული მშრალი ხიდიც ისევ მყარად დგას. პირველი ოპერის თეატრი ისეთი ლამაზი ყოფილა, რომ მასზე თვით ტფილისში ჩამოსული დიუმაც აღფრთოვანებული წერდა. სამწუხაროდ, გახსნიდან ოციოდ წელიწადში, თეატრი ხანძარმა გაანადგურა და დაგვრჩა მხოლოდ მოგონება. არა, კიდევ შემოგვრჩა რაღაც. ნახეთ შემდეგი ფოტო. :)

გრიფონი

შეგიმჩნევიათ ალბათ თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს წინ მდგარი გრიფონების ქანდაკებები. სწორედ ისინი (სულ ოთხი, ორი დაიკარგა) იცავდნენ პირველი ოპერის შესასვლელს. გასაბჭოების შემდეგ, როცა ქარვასლად გადაკეთებული ოპერის თეატრის შენობა სულ დაანგრიეს, გრიფონები სხვადასხვა ადგილას გადაიტანეს. საბოლოოდ ორმა მათგანმა მოაღწია, რომლებიც სამიოდ წლის წინ მერიამ შეაკეთა და თავიანთ სიმბოლურ ადგილს დაუბრუნა. მეტი თბილისის გრიფონებზე გაიგეთ აქ.

ნიკო ნიკოლაძის სახლი

სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, თბილისის ხმოსანი (საკრებულოს წევრი) და ფოთის მერი ნიკო ნიკოლაძე. ის, ფაქტი რომ თბილისში სასმელი წყალი წავკისიდან შემოიყვანეს და ფუნიკულორი შუა გზაზე მასიურ ბურჯებზე რომ დგას, სწორედ მისი გენიალური გააზრების დამსახურებაა და ყველაფერ დანარჩენზე აღარ შევჩერდები, ძალიან შორს წაგვიყვანს. გაუყევით გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას და მარჯვენა მხარეს დაინახავთ ამ დიდი ადამიანის საგვარეულო სახლს. ჩვენ კი გავაგრძელოთ…

ენაგამოყოფილი სახლი

გალაკტიონისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში დგას ეს მეტად უცნაური, ენებგადმოგდებული სახლი. ბევრი ისტორია მსმენია ამაზე. თითქოს, აქ და მის მოპირდაპირე, ასევე უცნაურ სახლში ცხოვრობდნენ ერთმანეთზე გადაკიდებული ვაჭრები. მეორე სახლის (რომელსაც განგებ არ ვდებ, თქვენ თვითონ ნახავთ) მეპატრონემ ფასადზე ეშმაკის თავები გამოსახა მეზობლის შესაშინებლად, რაზეც მან გამოყოფილი ენებით უპასუხა… :)

მიხეილ კალანტაროვის სახლი

მაჩაბლისა და ასათიანის კვეთაზე კი უმშვენიერეს, არაბულ სტილში გადაწყვეტილ სახლს შეამჩნევთ, რამაც შეიძლება, ჩვენი ოპერის თეატრი მოგაგონოთ და არც თუ უსაფუძვლოდ. 1908 წელს აშენებული ეს მშვენიერება მეწარმე მიხეილ კალანტაროვს ეკუთვნოდა, რომლის ცოლსაც ოპერა ისე ჰყვარებია, მეუღლისთვის უთხოვია, მის მსგავს სახლში ვიცხოვროთო. შედეგად, დაგვრჩა ულამაზესი შენობა, რომლის რესტავრირებული სადარბაზო მრავალ ფერსა და ჩუქურთმას მოუცავს. აუცილებლად სთხოვეთ ვინმეს, შიდა კარიც გაგიღოთ და ჩუმად კიბის უჯრედიც დაათვალიერეთ. იქაურობის ფოტო განგებ არ ჩავდე, ადგილზე განიცადეთ ყველაფერი. ;)

კუთხის სახლი ასათიანზე

კვლავ ასათიანს ჩავუყვეთ და დადიანის კუთხეში ეს მოჩუქურთმებულაივნიანი სახლი შეგხვდებათ. სწორედ მის ადგილას გადიოდა შუასაუკუნეების ტფილისის გალავანი, რომლის ერთ მხარეს იყო კალა უბანი, მეორე მხარეს კი სოლოლაკი ააშენეს. მეტიც, ეს სახლი თავადაა გალავანი, რადგანაც მისი ერთ-ერთი კოშკის ნანგრევზეა დაფუძნებული. ასე რომ, როცა ასათიანიდან მოდიხართ და ამ სახლს ჩაუვლით, წარმოიდგინეთ, რომ შუა საუკუნეების თბილისში შედიხართ.

კორნელი ტატიშჩევის სახლი

სამწუხაროდ, ყველა სახლს არ გაუმართლა. კომუნიზმისა და 90-იანების წყალობით, უმეტესობა სავალალო მდგომარეობაშია და კარგავს უძვირფასეს მოხატულობას. თვალი შეავლეთ ამ სახლს, რომელიც არქიტექტორმა კორნელი ტატიშჩევმა თავისთვის დააპროექტა და დარწმუნდებით, რომ არც ერთი ასეთი ნაგებობა არაა გასაწირი. ტატიშჩევისვე აშენებულია რუსთაველის თეატრი და კიდევ რამდენიმე ულამაზესი სახლი თბილისში.

ბეთლემის ქუჩა კიბე

კიდევ უფრო ქვემოთ ბეთლემის უბანს მივადგებით, რომელსაც კიბე აუყვება. ეს ერთადერთი კიბეა თბილისში, რომელსაც ქუჩის სტატუსი აქვს – ეს ბეთლემის აღმართი. ავუყვეთ, და დანარჩენს იქ გეტყვით.

თბილისის ათეშგა

ბეთლემის აღმართს ულამაზეს გადმოსახედთან გავყავართ (თქვენ გიტოვებთ ამას), რომლიდანაც ეშვება გომის ქუჩა. აქვე შეჩერდით და დაინახავთ ქვა-აგურის უცნაურ ნაგებობას. ეს ათეშგაა, მე-8 საუკუნეში აგებული არაბთა ცეცხლთაყვანისცემის ტაძარი. დიახ, საქართველომ მუსულმანობამდელ ტაძრებსაც “უმასპინძლა”. მომდევნო ხანებში ეს მეჩეთად გადაკეთდა და დღეს ქალაქის ერთ-ერთი მიმალული ღირსშესანიშნაობაა. გადმოცემის თანახმად, მაზდეანები აქ ცეცხლს ტკბილი ვაშლის რტოებისგან ანთებდნენ, რათა კვამლი უფრო მომაჯადოებელი ყოფილიყო. მის გვერდით, აჟურულ შენობაში კი ფილმი “მზე შემოდგომისაა” გადაღებული. დავეშვით ქვემოთ…

რონალდინიო თბილისის კედელზე

ნამდვილად არ ვიცი, როგორ და რატომ აღმოჩნდა რონალდინიო გომის ქუჩის ერთ-ერთი სახლის კედელზე, მაგრამ ფაქტია, ძალიან მოუხდა აქაურ სიჭრელეს.

გალერია 27

ვიცი, ბევრს მოგხვედრიათ თვალში ეს შენობა, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც უცხოელი სტუმრები ყოფილან აქ. ჰოდა, დროა საკუთარი თვალითაც ნახოთ თბილისური ვიტრაჟი: როგორც კი გომის ქუჩიდან ბეთლემისაზე გადახვალთ, მარცხენა მხარეს დაეშვით და აუცილებლად ნახეთ გალერია 27-ად წოდებული ეს ლამაზი სახლი.

დარეჯანის სასახლე

მტკვრის მეორე მხარესაც გადავიდეთ და რიყეზე გადმოყუდებულ დარეჯანის სასახლეზეც გეტყვით ორიოდ სიტყვას. გალავნის გარეშე იგი იმდენად პატარაა, რომ სასახლედ მოხსენიება შეუფერებელია, მაგრამ ოდითგანვე ასე ერქვა მას. ეს ერთადერი სასახლეა, რომელიც თბილისს შემორჩა. საქმე ის გახლავთ, ერეკლეს მეორე ცოლი, დარეჯანი, ცალკე რეზიდენციაში, სწორედ აქ ცხოვრობდა. როცა თბილისს აღა-მაჰმად-ხანის ჯარი შემოესია და მიწასთან ასწორებდა, შაჰს სცოდნია დარეჯანის პრო-სპარსული ორიენტაციის შესახებ და თურმე სწორედ ამიტომ არ დაუნგრევია იგი.

გავიხედოთ მარჯვნივ…

წარწერები მეტეხის ტაძრის კედლებზე

თუკი მეტეხის ტაძარს კარგად დააკვირდებით, მასზე უამრავ წარწერას შენიშნავთ. უმეტესობა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისშია გაკეთებული, როცა მეტეხის ეკლესია საპყრობილეთა კომპლექსის ნაწილი გახდა. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას დანგრეული მეტეხის ციხის (სულ თბილისს სამი ძირითადი ციხე იცავდა: ნარიყალას, თაბორის და მეტეხის) ადგილას, რუსეთის იმპერიის დროს, საპყრობილე ააგეს. სწორედ იმდროინდელი მინაწერებია. თუმცა ყველაზე ძველი წარწერა მეტეხზე თავად ერეკლეს ეკუთვნის, როცა 1747 წელს მან მეტეხიდან მტერი განდევნა:
“მეფე ირაკლიმ ეს ციხე მტერსა წაართვა ძალადო,
აღიღო შუბი ქრისტესი, წინ წარიმძღვარა ფარადო…”

დაიღალეთ, ხომ? მეც საკმაოდ. თბილისი დეტალების ქალაქია და ყველა მათგანი მაშინ ცოცხლდება, როცა მათი ისტორია იცი. ასე რომ, თუკი დეტალებს გაყვებით, სულ სხვა თბილისს აღმოაჩენთ. ახლა კი, აქტიური კვლევა-ძიების შემდეგ, ბარემ აქტიურადაც დავისვენოთ.

გეზი ბოტანიკური ბაღისკენ

სხვათა შორის, სულაც არ არის ლეგენდა, რომ თავდაპირველად, როცა ეს საბაგირო გახსნეს, მის ორ გონდოლას გამჭვირვალე იატაკი ჰქონდა და სულ კივილ-წივილი ისმოდა. არადა, რას გაასწორებდა, ერთი ცალი მაინც რომ დაეტოვებინათ, თბილისს ჩიტივით გადახედავდი… მოკლედ, როგორც არის, საბაგიროს ბოლოში ზიპლაინია, რომელიც ბოტანიკურ ბაღზე გადადის. ჰოდა, ჩემთვის პირველად და ექსკლუზიურად, გავიშხუილე ულამაზესი სიმწვანეების თავზე. დამიჯერეთ, ერთხელ მაინც უნდა სცადოთ. ;)

ესეც ასე. კარგი იყო!

თბილისი სავსეა უცნობი ადგილებით და მათთან ერთად, საინტერესო თავგადასავლებით. მთავარია, აღმოაჩინო ისინი და სულაც არა აქვს მნიშვნელობა, ზაფხულს სად გაატარებ. ;)

 

 

 

 

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “რამდენიმე ყლუპი უცნობი თბილისი

  1. მიშო

    მადლობა ზუურ გამჭვურვალე იატაკიანი გონდოლა მახსოვს, მხოლოდ მას ველოდებოდი ხოლმე, იმ წამის წასული რომ ყიფილიყო მაინც. თუ სწორად მახსოვს პირველი ან მე-5 გონდოლა იყო ის დალოცვილ. სამწუხაროა რომ აღარ არის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.