წვიმა – ინდივიდუალური სიყვარულის მუსიკა

3510606924_62ec4c9498_bქუთაისში ვარ. წვიმს. ამდენი ცის გოდება ივლისის თვეში? პირველად ვხედავ. აირია ყველაფერი. ადრე ივლისი, ჩემი და იულიუს კეისრის თვე, სულ მზიანი, მცხუნვარე და ენერგიული იყო. ახლა კი, გარეთ გაიხედავ და გგონია, რომ ზახფულამდე კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი. რა ხდება? საქართველო დიდი ბრიტანეთის ამინდზე გადადის?
მგონი, მეც წვიმაზე მომიწევს დაწერა. ოღონდ მოკლედ დავწერ, რატომ მიყვარს წვიმა.
ჯერ იმიტომ, რომ, სიჩუმის შემდეგ, ყველაზე დიდებული მუსკაა. მერეც იმიტომ, რომ წვიმა ზაფხულში – ეს უცნაური შეგრძნებების “წვიმაა”. გრძნობები კი ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც წვიმის თითოეული წვეთი. წვიმა სიცივეშიც მიყვარს, ოღონდ თუ კლასიკურად მაცვია. ასეთ დროს ქუჩაში სეირნობას არაფერი სჯობს. ზაფხულში, როცა წვიმს, მაშინ ის მსიამოვნებს, სეირნობისას მიწიდან აყოლილი წვეთები რომ მეშხეფება შიშველ ფეხებზე :) სახლში მიხვალ და სულ ტალახიანი გაქვს. მაგრამ მერე რა? ახლა ხომ ზაფხულია… :)
წვიმის დროს რომ კითხვა და ძილი “ნეტარებათა ათეულში” უნდა შეიტანონ, ეს ცხადზე უცხადესია.
დაბოლოს, კიდევ რატომ მიყვარს წვიმა. ამის გამო ==>

გია ყანჩელმა დაწერა, წვიმის კომპოზიტორმა. მის შემოქმედებაში თითქმის ყველა ნაწარმოები ცოტათი “წვეთავს”. აქაც ასეა. თითქოს შავ უსასრულობას ზაფხულის მოთბო-მოვერცხლისფრო წვეთებით აწვიმს. აწვიმს მბზინვარე მწვანე და ოქროსფერ წკრიალა კვადრატებს, რომლებიც ერთმანეთში რომბისებურად არიან ჩასმულნი და ტრიალებენ. კიდევ ერთი კვადრატი, რომელშიც დანარჩენი ორია მოთავსებული, მინისაა. სულ ცენტრში კი წითელი, ფოთლისფერი, თბილი გრძნობა “დევს”. წვიმის წვეთები მასაც ხვდება, რომელიც კარამელისფრად ორთქლდება და შესაბამის მელოდიას გამოსცემს. მოუსმინეთ და თქვენც იგრძნობთ ამას. ეს წვიმაა, ინდივიდუალური სიყვარულის მუსიკა :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks