კუნძული კარანტინი

28 სექტემბრის საღამოს, როდესაც ჯერ კიდევ კურილკის (ასე ვეძახდით სიგარეტის მოსაწევ ზონას) მიდამოებში მდელოზე ვეგდე, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ 24 საათში სულ სხვა – ნაცნობ და უკეთეს მდგომარეობაში ვუყურებდი მზის ჩასვლას. ასეც მოხდა. დავბრუნდი!

დღე 0,5

16 სექტემბერს დანიშნულებისამებრ გამოვცხადდი თბილისის გაწვევის პუნქტში (ზუსტი სახელი არ მახსოვს). იქაურობა  ჩემსავით გამოუცდელ ახალწვეულებს აევსოთ. ყველანი ველოდით. ზოგმა არც იცოდა, რომ სამედიცინო შემოწმების შემდეგ პირდაპირ კარანტინში უკრავდნენ თავს. მე მოსამზადებლად 12 დღე მქონდა, მათ – არც ერთი. პროცესმა  9 საათს გასტანა. მამაჩემი და ირაკლი ქუთაისში წავიდნენ, ტყუილად ჩემთვის მოცდას რა აზრი ჰქონდა. ჩვენ კი ღამის 10 საათზე გადაგვაწყვეს, ამოიკითხეს გვარები და ავტობუსებში გაგვანაწილეს.

მგზავრობისას ორჯერ გავჩერდით: ერთხელ მოსაიმასქნებლად, მეორეჯერ – საჭმელად. სიტუაცია ავტობუსში: ყველა როხროხებს და ხარხარებს “მაიტა ნასოსზე” (რომელიც უკვე დავიზეპირე), მე – ვითომ მძინავს.

ღამის 4-ზე ავტობუსმა ქუთაისიდან გეგუთისკენ გადაუხვია. მივედით. ჩვენი თავისუფლება იმ ღამეს დამთავრდა. გაბრუებული სერჟანტებმა ბატებივით მიგვდენ-მოგვდენეს, ზედმეტი ხმა არ ამოგვაღებინეს, ისე გაგვყვეს ორ ოცეულად (ოცეულში 50 კაცია), დაგვალაგეს 5 რიგად და ყაზარმებში გვიკრეს თავი. 25 დათვლაში ყველას უნდა გაგვეხადა  და დაგვეძინა. ყველამ გავიხადეთ, მაგრამ ეძინა კი ვინმეს?…

ასე დაიწყო ჟურნალისტ-მხატვარ-მომღერალ-ბლოგერის ცხოვრება კუნძულ კარანტინზე.

დღე 1 – დასაწყისი

შიშით გატარებული “ძილი” მხოლოდ 2 საათს გაგრძელდა. 6:00-ზე  ჩვენთვის პირველი “ადგა ჯარი!” გაისმა. ყვლასთვის უკვე ჯარისკაცები ვიყავით და ამიერიდან ყველა იმ წესებს უნდა დავმორჩილებოდით, რაც სამხედრო სამყაროშია. ისევ 5 რიგად მოვეწყვეთ და სერჟანტებმა ტუალეტისკენ მიგვრეკეს. თითოეული რიგი ერთმანეთის მონაცვლეობით შედიოდა. აქვე პირველი წესი: ოფიცრების ტუალეტში არავინ შევიდეს! ტუალეტის ხის კედლები აჭრელებული იყო წარწერებით და წლებით. რომ გენახათ, ბევრს იკაიფებდით. თუმცა მაშინ ამისთვის არ გვეცალა. შემდეგ სასადილოში გადაგვიყვანეს (თითო მაგიდასთან 8-8 კაცი ვსხდებოდით) და სერჟანტები ზოგადი წესების ახსნას შეუდგნენ:

  1. არავითარი ზედმეტი ხმა და ბრძანების შეუსრულებლობა
  2. არავითარი ჩხუბი და ერთმანეთის მიჩმორება
  3. აშავებს ერთი – ისჯება ყველა
  4. სიგარეტის მოწევა – მხოლოდ კურილკაში
  5. ოფიცრების ტუალეტში არავინ შევა
  6. ყველაფერი საერთოა, რადგან ჯარი ჯარია

თითოეულის გარჩევა-გაშინაარსებას არ შევუდგები, ისე კი ვიტყვი, რომ ყველაზე გაუგებარი ჩემთვის ბოლო პუნქტი აღმოჩნდა, რომლის არსსაც ნელ-ნელა მერე ჩავწვდი. შემდეგ საუზმემ მოგვიწია. ფრიად გაოცებული დავრჩი, როცა სუფრაზე ხაჭო, არაჟანი და კარაქი რომ ვიხილე. კიდევ იყო პური, ჩაი და ყველიანი მაკარონი. მერე დილა-საღამოს ქაში დაიწყეს. რა თქმა უნდა, პირი არ დავაკარე. ვერ ვიტან ქაშს. ზოგადად, საჭმელ-სასმელი არ მოგვკლებია. საუზმის შემდეგ წამოგვყარეს, ისევ 5 რიგად დავეწყვეთ (პირველ და მეორე ოცეულებად) და დაიწყო თმის გადაპარსვის არც თუ სასიამოვნო პროცესი. საპარსმა მანქანებმა რამდენჯერმე გაჭედა  და ჩვენს თმაში “ჩაბუქსავდა”. ვერ გეტყვით, რომ სასიამოვნო შეგრძნება იყო. ერთმანეთს თმა მაკრატლითაც ავჭერით, რომ მანქანას საქმე გაადვილებოდა.

მერე დაგვბანეს. ეს იყო ყველაზე უცნაური შეგრძნება, რაც იმ დღეს ვიგრძენი, თუმცა ჯერ სასწავლო ცენტრის მომმარაგებელზე, ბატონ ოლეგიზე მოგიყვებით. ეს ვეშაპივით დიდი და ხვიხვინა კაცი ყველას და ყველაფერს აგინებდა, დაახლოებით ასე: “მაგიშ დედიშ ჩამოჭლაჭნული ჯუჯუმოვტ…”. მეტსახელიც ჰქონდა: “ძუძუ” ან “ყაია, ყაი!” (კაია, კაი). მოკლედ, ოლეგიმ/ძუძუმ დაგვმოძღვრა, რომ ჩვენ პატარა ჭუჭულიკა ბიჭები ვართ და თუ კარგად მოვიქცევით, თან გადაგვყვება, თუ არა და “ჩივ ჯუჯუშ გვთხრიშ ხახაში და კარგიშ ტრაკშ მოგვიტყ…”. თავიდან კი დავიზაფრეთ, მაგრამ მერე მაგრად ვღადაობდით ძუძუს ფრაზეოლოგიაზე. ბატონმა ოლეგიმ დაგვირიგა: 1 ტრუსი, 1 წყვილი ნასკი, 1 კბილის ჯაგრისი,  კბილის პასტა, 4-4 საპარსი საშუალება, 1 წყვილი ჩუსტი, 1 პირსახოცი, 1 საპონი და მისი ჩასადები. ამათგან საპნის ჩასადები, პირსახოცი და ჩუსტები კარანტინის ბოლოს უნდა ჩაგვებარებინა.

დავუბრუნდეთ დაბანის პროცესს: 15-15 კაცად შეგვყარეს. დრო 5 წუთი. წყალი გათბობას ვერ ასწრებს, როცა ნახევრად გახდილს, ნახევრად სველსა და ნახევრად გასაპნულს გიყვირიან “მორჩა ბანაობა!”. მშვენივრად უცნაური შეგრძნება იყო. მეორე ჯერზეც გამიჭირდა, მესამეზე – დავამუღამე. დავიბანე თუ არა, ეგ სხვა საქმეა. მთავარი ხომ დამუღამებააა :)

მერე ისევ ოლეგი. ამჯერად ჯარის ფორმა დაგვირიგა. ჯარის საზაფხულო ფორმა შედგება: მაისურისგან, შარვლისგან, ხებესაგან (გრძელმკლავიანი კურტკისმაგვარი მოსაცმელი, რომელზეც, თუ ჯარი გააგრძელე, წოდებას, გვარს და დროშას მიაკრავ), ქუდისა და ბოტებისაგან. ქუდის მხოლოდ შენობაში მოხდა შეგიძლია. ჯარის ფორმა შენია და უკან არ წაიღებენ. ასე დამრჩა მშვენიერი შავი ბოტები საზამთროდ (ადრე ვეძებდი ეგეთებს და თურმე საამისოდ ჯარი უნდა გამევლო :))

ყველაფერ ამას შუადღისთვის მოვრჩით. მერე დაიწყო, რაც დაიწყო: პლატზე (ადგილი, სადაც ვარჯიშობს, ისჯება და ფიცს დებს ჯარი), თაკარა მზის ქვეშ, “ოცეულო, სმენა!”, “თავისუფლად!”, “მარჯვნისა-კენ!”, “მარცხნისა-კენ!”, “ზურგისა-კენ!”… მერე ბუქნები, მათთვის, ვისაც შეეშალა, მერე ისევ სინქრონული “სმენა!”, რომლის გაგონების დროსაც ზურგსუკან ჩაჭიდებული ხელები ფეხებს მთელი ძალით უნდა მიარტყა და გაიჯგიმო. შედეგებს მოგვიანებით გეტყვით.

3:00-ზე სადილია. ისევ 5 რიგად მოვეწყვეთ, ზურგისაკენ შეგვატრიალეს, “მამაო ჩვენო” წაგვაკითხეს და შევედით. შუადღის ზოგადი მენიუ:

  • ბორში ან ბარდის სუპი
  • ხორციანი კერძი (ქათმის ან საქონლის)
  • სალათი
  • პური
  • კოკა-კოლა ან ვაშლი
  • ფლავი ან ბრინჯის რაიმე სალათი

შემდეგ ისევ ვარჯიში. ყოველ 2 საათში 5-10-წუთიანი შესვენებაა სიგარეტის მოსაწევად, წყლის დასალევად და ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სასტვენის ხმაზე უკლებლივ ყველა თავქუდმოგლეჯილი უნდა გამოიქცეს და მოეწყოს პლატზე. დაგვიანება და “საჩკაობა” ისჯება ბუქნებით, ეს კი, დამერწმუნეთ, ისედაც დასიებული ფეხებისათვის, არც თუ სასიამოვნო საქმეა.

საღამოს 8 საათზე ვახშამია, სადაც ჩაი, კარაქი, პური, პავიდლო ქაში (ან ხორციანი კერძი) უნდა მივირთვათ. მერე ისევ ვარჯიში მზის ჩასვლამდე (თავისი დასჯით) და მერე ძილი. დავწექი თუ არა, საფიქრალი წამოიშალა: მახსენდებოდა, როგორ მპირდებოდა მამაჩემი, რომ ყოველდღე ღობესთან მოვიდოდა და ხელს დამიქნევდა, დედაჩემი, რომელიც მეუბნებოდა, რომ ექიმი მისი ყოფილი თანამშრომელი იყო და შემეძლო, მის კაბინეტში ვმჯდარიყავი. ჩემი ფეხები. ვის გაახსენდი. ვინ მოგაქცია ყურადღება. ისიც კი ვიფიქრე, რომ გეგუთის ნაცვლად, სხვაგან წაგვიყვანეს. მერე ფანტაზია უფრო გამიღვივდა და მეგონა, ჩემებს რაღაც შეემთხვა. ასე ვაება-წამებაში ჩამეძინა.

დღე 2 – შეგუება

ჯარში ყოველი დღე, ძირითადად, ერთმანეთს ჰგავს, რადგანაც შინაგანაწესია ერთნაირი. ყველას ფეხები გვტკიოდა და თითქმის არავის გვეძინა ნორმალურად. იგივე სტანდარტული პროცესი. უკვე ვისწავლეთ სმენასა და თავისუფალზე გადასვლა, მარჯვნივ-მარცხნივ მიტრიალება და ჯერი ადგილზე მწყობრი ნაბიჯით სვლაზე მიდგა. სწორედ ამ დროს ჩვენი ორი ოცეული დაშალეს და ღამით ჩამოსულ მესამე ოცეულთან სიმაღლის და მიხედვით გადააწყვეს.  ამიერიდან, მეორე კი არა, პირველი ოცეული გვერქვა. ამ შემადგენლობით ვიყავით კარანტინის ბოლომდე.

იმ დღეს ადგილზე მწყობრში მოძრაობა ვისწავლეთ და აქ დაიწყო ჩვენი წამებაც. რამდენიმეს სმენაში რიტმის ნასახიც არ აღმოაჩნდა და თვლას ფეხი ვერაფრით აუწყო, არადა უმარტივესია: ერთი…. ერთი…. ერთი, ორი სამი…. ერთი… ერთი…. და ა.შ. დასჯილს ან მუჭებზე აყენებდნენ, ან ჩვენთან ერთად აბუქნავებდნენ. უარეს შემთხვევაში, ჩვენ მის დათვლილზე ვბუქნაობდით. ეს იყო ყველაზე დამანამუსებელი სასჯელი, კაცობას პირდაპირ წელსქვევით რომ ურტყამს :)

აღარ მახსოვს, რამდენჯერ გავაპარე თვალი “ჰორიზონტისკენ” ნაცნობი მანქანის გამოჩენის იმედით. არც ლინკოლნი, არც მაზდა მილენია, არც ექიმის დაძახება. სრულიად რომ არ გავგიჟებულიყავი, გადავწყვიტე, ეს თემა საბოლოოდ დამეხურა და ყურადღება ჩემს იმჟამინდელ ყოფიერებაზე გადავიტანე. ყოფიერება კი არ არსებობს იმ ხალხის გარეშე, რომლებიც შენ გარშემო არსებობენ. იმ საღამოს დაგვირიგეს რვეულები და პასტები და თეორიის ჩაწერა დავიწყეთ. ვისაც გაინტერესებთ, ასე ჟღერს სამხედრო ფიცი:

მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე.

ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები.

ვფიცავ, მკაცრად დავიცვა მხედრული დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი.

ვფიცავ, შევინახო ჩემთვის მონდობილი სამხედრო საიდუმლო, შევასრულო სამხედრო წესდებათა ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება.

ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის.

თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე.

გვფარავდეს ღმერთი! ამინ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ბოლოს სკოლის რომელიღაცა კლასში წერა და, შესაბამისად, ყველაფრის ჩაწერაც ვერ მოასწრო, გამიკვირდა, რა ლამაზი ასოები გამოყავდათ. ბევრი კი განგებ არ იწერდა, მაინც არ გამოგვკითხავენო. ზუსტად ამაზე მეშლებოდა ნერვები. მძულს სიზარმაცე. მერე ადგებიან და ამ ქვეყანას აგინებენ დედას, რომ ძღრენში ცხოვრობენ. თვითონ რა გააკეთეს საიმისოდ, რომ ძღრენიდან ამოსულიყვნენ? მე მაინც მგონია, რომ ადამიანს შრომა ადრე თუ გვიან აუცილებლად უფასდება, რადგან სამყარო გაწონასწორებული სიდიდეა და ყოველ ქმედებას შესაბამისი უკუქმედება მოჰყვება.

11-ზე დაგვაძინეს იმ ღამეს გადავწყვიტე, აღარ მეფიქრა მშობლებზე. იმიტომ, რომ არ გამერეკა.

დღე მესამე – პირველი ნაბიჯები

ჯარში ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. დღე 6:00-ზე იწყება და ტუალეტის წინ ბუქნაობით გრძელდება. თითქმის ყოველდღე ვისჯებოდით ტუალეტიდან დაგვიანებით გამოსულთა ან ლაპარაკის გამო. მერე ოთხიოდ წრეს შემოვუძუნძულებდით პლატის გარშემო და ამასობაში მზეც ამოდიოდა.

მშვენიერი შესახედია, როგორ იბადება ახალი დღე შენ თვალწინ, შენ კი განძრევის უფლებაც არა გაქვს. ერთადერთი, თვალი შეგიძლია, გააყოლო დისკოს, რომელიც ნელ-ნელა ხურდება და ცრემლებად გავსებს.

სხვათა შორის, იმ დღეს პირველად გაგვიყვანეს საზღვრებს გარეთ, გეგუთის ციხის იქით. ყაზარმის ტერიტორიაზე მანქანის სადგომის ასაგებად რკინის რაღაც-რაღაცები უნდა გადმოგვეზიდა. მივადექით ჯართის “დისლოკაციის” ადგილს, დავეჯაჯგურეთ და წამოვიღეთ. რკინის მილები, კიბისმაგვარი რაღაცები ბეჭებით ვზიდეთ. მე მეორე შემხვდა და გზაში ორჯერ ყელი კინაღამ გამომბდღვნა. როგორც იქნა, მოვიტანეთ. იმ დღეს ცოტა უფრო დიდი ხნით დაგვასვენეს, თანაც დამატებით კიდევ ჩამომსვლელებს ელოდებოდნენ, რომ ოთხივე ოცეული (ანუ 200 კაცი) შევკრებილიყავით. შესაბამისად, იმდენი აღარ გვავარჯიშეს.

ფეხები ისე მტკიოდა, ნაავარიები ქათამივით დავდიოდი. მეც ავდექი და, სერჟანტთან შეთანხმებით, ექიმთან შევედი. გავაღე კარი თუ არა, მეთაური… უცებ გავიჯგიმე, რადგან სამხედრო სალამის (ჩესტის) აღება უქუდოდ არ შეიძლება. თავისუფლადო, მანიშნა მეთაურმა, რომელიც დივანზე წამოწოლილიყო და ტელევიზორს უყურებდა. ექიმს ჩემი და ჩემი ფეხების გასაჭირი ვუთხარი, თან გულის სიღრმეში ველოდი, ეგებ მაინც აღმოჩენილიყო დედაჩემის ნაცნობი, მაგრამ არა. არც ფეხებს ეშველა, მითხრა, მიუჩვეველი ხარ და მისით გადაგივლისო. უცებ, მეთაურმა მკითხა, რა გვარის ხარო. ვუპასუხე და იმედიანად შევხედე. გამიღიმა და მითხრა, ბალანჩივაძე, თუ რამე დაგჭირდეს, პირდაპირ ჩემთან მოდიო. ბოლო სამ დღეს ასე ძალიან არაფერი გამხარებია. მერე რა, რომ განსაკუთრებული და სხვისგან გამორჩეული არაფერი მიჭირდა, მაინც მიხაროდა, რომ მეთაურთან მისვლა საჭიროების შემთხვევაში შემეძლო. ბოლოს და ბოლოს, იმედი გამიჩნდა, რომ ჩემებს არაფერი სჭირთ და, ადრე თუ გვიან, მნახავენ.

ერჟანტები

კარანტინის ამბების მოყოლისას, შეუძლებელია, გვერდი აუარო სერჟანტების თემას. აქვე გეტყვით, რომ სერჟანტი რიგითის, ანუ ჩემნაირის, ზემდგომი წოდებაა. ჯერ არის უმცროსი სერჟანტი, შემდეგ სერჟანტი, უფროსი სერჟანტი და ბოლოს ზემდეგი. მერე იწყება ოფიცრის ტიულები. სერჟანტებს აბარიათ ახალბედა ოცეულები, რომელთა მომზადებაზეც პასუხისმგებელნი არიან მეთაურის წინაშე.

ვინაიდან მე საკმაოდ ბებერი ჯარისკაცი აღმოვჩნდი 18-19-წლიანთა გარემოცვაში, მეგონა, სერჟანტები მაინც იქნებოდნენ ჩემი ასაკის. თურმე ჯერ სადა ვარ. 8 სერჟანტიდან სულ 2 თუ იყო ჩემზე უფროსი. გამოდის, რომ ჩემი ძმის ტოლა ხალხს უნდა დავმორჩილებოდი :) სერჟანტები საკმაოდ მომთხოვნნი აღმოჩნდნენ, მაგრამ ზოგიერთის შემთხვევაში ასაკი მაინც თავისას შვებოდა.

სერჟანტისთვის სიტყვის შებრუნება მთელი ოცეულის დასჯის მიზეზი შეიძლება, გახდეს, ასე რომ, თუ რამეს გეტყვის, ენას კბილი უნდა დააჭირო და შეასრულო, თორემ შენთან ერთად 49 კაცი იბუქნავებს. მაგრამ რა უნდა ქნა, როცა სერჟანტი რაღაცა თემაზე ხუმრობს, შენც გაცინებს და როცა მთელი ოცეული ახარხარდება, ბუქნაობას გაწყებინებთ? ვერც ვერაფერი. უბრალოდ, უნდა გაუძლო მის თინეიჯერულ კაპრიზებს და არ უნდა იფიქრო იმაზე, თუ როგორ დაუნაყავ ცხვირს, როცა გარეთ ნახავ. თუმცა ასეთი რამ არც-თუ ხშირად ხდება. მთავარია, თავიდან კარგად და ზრდილობიანად მოიქცე და მერე ყველა გიჯიგრებს. მაგალითად, მიხეილ ჭედია, რომელიც, მგონი, დღე-დღეზე დაასრულებს თავის სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ჯერ კიდევ 19 წლისაა და უკვე ასეულის სერჟანტია. ამ ადამიანით აღფრთოვანებული დავრჩი. მისი ქცევა, თავდაჭერილობა, ზომიერება, პასუხისმგებლობა და საქმის სიყვარული ბევრ უფროსს შეშურდება. იგი არც ზედმეტად გაგაცინებს, რომ თავში აგივარდეს და არც ზედმეტად დაგსჯის, რომ დაიბოღმო. მისთვის მთავარია, საქმე გაკეთდეს და ყოველთვის იმას ცდილობს, რომ ასეულის შეძახილები, სმენაზე გადასვლა და მწყობრში სიარული იყოს ერთიანი და გამართული.

თუკი რომელიმე სერჟანტი ოცეულის ვარჯიშითა და დასჯით თავის გართობას დაიწყებდა, ჭედია არასდროს აკეთებდა ამას. იმხელა სულისკვეთებით შემოგვძახებდა ხოლმე, ერთი ძლიერი ხმა გამაგონეთო, შეუძლებელი იყო, უარი გეთქვა. რამდენიმე წამით თავი ბრძოლის დაწყების წინაც მეგონა. ზომიერება და საქმისადმი თავდადება, აი, რა თვისებები უნდა ჰქონდეს სერჟანტს. ჭედია, თუ ამ პოსტს სადმე გადააწყდები, ფეისბუკი გააკეთე და დამიმეგობრდი ;)

ანტიერექციული ჩაი?

ჩაი ჯარის მენიუს ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. საუზმესა და ვახშამზე მას მივირთმევთ ხოლმე. უკვე მესამე დღე დაიწყო, როცა გავაცნობიერე, რომ ჩემი სექსუალური ფანტაზიებს ერექციისათვის ხელკავი გამოედო და სადღაც გადაკარგულიყვნენ. როგორც აღმოჩნდა, ანალოგიური სხვა ჯარისკაცებმაც შენიშნეს და ბოლოს ისე მოხდა, რომ არავის გვიდგებოდა. პრინციპში, იმდენი კაცის გარემოცვაში რაზე უნდა დაგმართნოდა, მაგრამ ასეთი მასობრივი დაცემის შესახებ აქამდე არ გვსმენოდა. მერე ვიღაცამ თქვა, ეგ იმ ჩაის ბრალია, დილა-საღამოს რომ გვასმევენო. ამის მერე რამდენიმემ ჩაისათვის თავის არიდება დაიწყო, ჩემნაირები კი, რომელთაც ჩაი ძალინ უყვართ, მყარად აგრძელებდნენ ანტიერექციული სითხის მიღებას იმ იმედით, რომ პოტენციაზე არ იმოქმედებდა.

როგორც არ უნდა ყოფილიყო, სიმართლე მაინც ვერ გავარკვიეთ. სერჟანტები იძახდნენ, მაგ ჩაის ჩვენც ვსვამთ, უბრალოდ, თქვენ პირველად რომ მოგიწიათ ასეთ სიტუაციაში მოხვედრა, მაგის ბრალიაო. მე არ ვიცი, რისი ბრალი იყო, მაგრამ კარანტინის დამთავრებიდან მეორე დღეს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ასე რომ, იცოდეთ, თუ ჯარში არც ერთხელ არ აგიდგათ, მაინცდამაინც თქვენს თავს ნუ დააბრალებთ ;)

 Yლე

ამ სიტყვას ჯარში ყველაზე ხშირად გაიგონებთ. ალბათ, ფილტვებიდან ამოსუნთქული ჰაერის 60% მხოლოდ ამ სიტყვას უკავია. იძახის ყველა, ყველაფერზე, ყველა ბრუნვაში და ყოველთვის. ჯარში ნებისმიერი რამ შეიძლება, დაუკავშირო Yლეს. მაგ: “_რა მაგარი ამინდია. _ დამასკდეს Yლეზე!” და ა.შ.

ჯარში ფართოდ განიხილება კაცობის საკითხი და სიგარეტის მორჩენილ ღერებზე დამათხოვრებული ჯარისკაცები (მეცინება ხოლმე ამ სიტყვაზე), ზემოხსენებული სიტყვის გამოყენებით, ბჭობენ (ამაზეც მეცინება), რა არის კაცობა. ჯერ ლაპარაკობენ, მერე “შე Yლეოს” მიაშველებენ ერთმანეთს, მერე თავიანთ დედებს დაიგინებენ (უკვე მერამდენედ) რიგ საკითხებზე და დაძაბული სიტუაციაც ნელ-ნელა იმუხტება. თითქოს, რაღაც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის პრობლემას დაესვა წერტილი. ეს ყველაფერი, დაახლოებით, ქუჩაში უცხო მანქანის გავლას ჰგავს, რომელსაც მეზობლის ძაღლები ყეფა-ყეფით მისდევენ და როცა “გააგდებენ”, თავდაჯერებული უბრუნდებიან თავიანთ ქოხმახებს.

ჯარში შევიტყვე, რომ ვაჟკაცობა, მეტწილად, გატრაკებით იზომება. რაც უფრო ბევრჯერ და ბევრ რამეზე დაიგინები, რომ ვაჟკაცი ხარ, მით უფრო მაღლდება შენი რეპუტაცია. მთავარია, ბევრს “ეკაჩავო”, გაბრაზებული მზერა არ მოიშორო, ბევჯერ დაიგინო და რაც არ გევასება, “Yლეზე მკიდიათი” უკუაგდო. გამოდის, რომ კაცობა, თანამედროვე გაგებით, ბევრი ცუდი სიტყვის თქმაა. სამაგიეროდ, შეგიძლიად, 100 პროცენტით იყოთ დარწმუნებული, რომ სიტყვა “ფალოსის” მნიშვნელობა 100-დან 95-ს არ ეცოდინება. როცა ამას მივხვდი, მე და კიდევ ერთმა “ნასწავლმა კაცმა” (ასე ეძახიან უნივერსტეტდამთავრებულებს) პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ და, ფალოსის, დილდოს, ვაგინის და მსგავსი სიტყვების შინაარსი ვკითხეთ ჯარისკაცებს. შედეგზე ბევრი ვიცინეთ. 203 კაციდან, მიახლოებით, 15-მა თუ იცოდა მიახლოებითი მნიშვნელობა.

…და მე მესმის მათი. რა უნდა ელაპარაკო ისეთ ადამიანს, რომელსაც არც ნორმალური აღზრდა ჰქონია და არც ნორმალური განათლება. იცის “ტYნაური” და არ იცის, ქალს ან კაცს რა სად და რატომ აბია. აქ არც სოფელს აქვს მნიშვნელობა და არც ქალაქს. აქ სურვილის არქონაა, რომელიც აღუზრდელობით ანუ სიზარმაცით მოდის. რომ ვამბობ, რომ სიზარმაცეა ყველაფრის თავი და თავი (კარგი, ხო, ილიამ დამასწრო), მართლა ასე გამოდის. მერე გაიზრდებიან, ისევ იმ ნაგავში იწვებიან, სადაც წვანან და კიდევ ღმერთს შესჩივლებენ და მთავრობას შეაგინებენ, რატომ ვართ ასეო. და შენ რა გააკეთე საიმისოდ, რომ ასე არ ყოფილიყავი? Yვერების ფხანის დროსაც კი შეგეძლო, მეორე ხელით სხვა საქმე გეკეთებინა (მასტურბაციის გარდა, რა თქმა უნდა). ესეც პასუხი მარადიულ კითხვაზე “გვეშველება რამე?”

დისკრიმინაცია

როცა სერჟანტები გვაფრთხილებდნენ, რომ მიკაჩავება ჯარში მიუტევებელ ცოდვად ითვლება, ეტყობა, ნამდვილად არ ფიქრობდნენ უცხოური წარმოშობის ქართველ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ გაუმართლათ და ჯარში მოხვდნენ. იმ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ვგულისხმობ, მარნეულში, ბოლნისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რომ სახლობენ. ჩვენს ასეულში დაახლოებით 20 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო. მათ დიდ ნაწილს არც ენა ესმოდა წესიერად და ვერც სწავლობდნენ. შედეგად, მათ გამოც დავსჯილვართ. ამას კი მოყოლია სიტყვიერი შეურაცხყოფის კორიანტელი და მიკაჩავება შინაარსით, რომ სადაც ხარ, იქაური ენა უნდა იცოდე. მიუხედავად იმისა, რომ მათი გადასაწყვეტია, ისწავლიან თუ არა ქართულს, მაინც მიმაჩნია, რომ სადაც დაიბადე და გაიზარდე, იქაური ენაც უნდა იცოდე, თუნდაც იმიტომ, რომ ასე აღარ მოგექცნენ.

თუმცა, მეორეა, როგორ ექცეოდნენ მათ. ზოგი სერჟანტი ხან “თათარს”, ხან კიდევ “მუსტაფას” ეძახდა, რაც მათთვის იმ დონეზე გამაღიზიანებელი იყო, რომ ერთხელ ერთი დასჯილი აზერბაიჯანელის გვერდით მისიანი გამოვიდა და ისიც მუჭებზე დადგა. მე არ ვიცი, ანალოგიურ სიტუაციაში რომელი ქართველი გააკეთებდა ამას. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ კიდევ დიდხანს გვეჯერება, რომ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ და მადლობა ღმერთს, ჰიტლერი ქართველი არ იყო და არც იმდენი ძალა გვქონდა, თორემ, წარმომიდგენია, რამდენ ნაციას გავანადგურებდით.

მეორეც უნდა ითქვას, რომ დიდი შეგნებით არც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ (იგივე აღზრდა-განათლების პრობლემა), თუმცა რატომღაც მე სულ ვახერხებდი მათთან საერთო ენის გამონახვას და ბევრი არა ან ვერა. ეს იმიტომ, რომ აშკარად ვცდილობდი, დამენახვებინა, რომ ქართველებიდან მათზე ყველა ერთნაირად არ ფიქრობს და არ მიმართავს. ყველაფერში შეიძლება მეტ-ნაკლები წარმატების მიღწევა, მთავარია შეგნება.

ფიცი

ვინაიდან უკვე მეტ-ნაკლები წარმოდგენა შეგიქმენით ჯარისა და კარანტინის შესახებ, ყოველი დღის დეტალურ აღწერას აღარ გავაგრძელებ. ოთხშაბათს მამაჩემი მოვიდა, მეთაურმა კაბინეტში მიხმო და ბევრი ვისაუბრეთ. კვირას ისედაც ახლობლების ნახვის დღე იყო, ტელეფონებიც დაგვირიგეს. მაშინ მთელმა ოჯახმა მნახა. ამანათებიც მივიღეთ. იმ სადილზე ყველა სუფრაზე ოჯახიდან გამოგზავნილი საჭმელ-სასმელი ეწყო და ჯარის მენიუსათვის პირი თითქმის არავის დაუკარებია. რა თქმა უნდა, სერჟანებიც დავპატიჟეთ.

ვისწავლეთ იარაღის (კალაშნიკოვი, AKA 74) არასრული დაშლა-აწყობა და მისი ნაწილები. აქვე გეტყვით, რომ იარაღს ლულაში ხელი არასდროს მოკიდოთ, თორემ, შეიძლება, თითები ზედვე დაგრჩეთ. 28 სექტემბერს, ოფიცრების ზედამხედველობით, ავტომატით 9-9 ტყვია ვისროლეთ, თავისი წესისდამიხედვით. იმავე დღეს გეგუთის ციხის საგუშაოგები დაგვათვალიერებინეს, რომელზეც ზოგიერთ ჩვენგანს სულ რამდენიმე დღეში მოუწევდა პირველი ღამის გათენება. სხვათა შორის, იმ საღამოს 200 ბუქნითა და 10 წრით დაგვსაჯეს, რაც 4 კმ-ს უდრის :)

29 სექტემბერს კი ფიცი დავდეთ. პოლკოვნიკ კახა მორგოშიას წინ ოთხმა ოცეულმა საზეიმო მარშით გაიარა (მცირე ხარვეზებით) და შემდეგ განაწილების მიხედვით მოეწყო. მე, როგორც გადაწყვეტილი მქონდა, თბილისის ნაწილში მოვხვდი. იმ დღეს მამამ ქუთაისში წამიყვანა, იმ დღესვე დავკარგე ჩემი ძვირფასი ორიენტის საათი, რომელიც მორიგეებს ვათხოვე. 1 ოქტომბერს თბილისში ჩამოვედი და ახალ ცხოვრებას შევუდექი, რომელზეც შემდეგ მოგიყვებით.

 

P. S. ამ პოსტს ჩამოსვლის დღიდან ვწერ და მხოლოდ ახლა მოვაბი თავი. კვლავ მიხარია თქვენი ვიზიტი ჩემს ბლოგზე და აწი ისევ ჩავდგები ფორმაში :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

16 thoughts on “კუნძული კარანტინი

  1. მარი

    საბავშვო ბაღი გამახსენდა ახლა, ქაშებითა და სუპებით, + სასჯელი, ვინც არ შეჭამს, ოთახს დაალაგებს… :d :d და ის კიდე, პირველ დღეს, დედამ რომ დამიბარა, როგორც კი დამიძახებ, მაშინვე მოვალ და წაგიყვანო (ისიც მომატყუა, ძიძა ჩემი დაქალია და თუ რამე გაგიჭირდეს, უთხარიო). ჰოდა მეც მეგონა რაღაც ცუდი დაემართა, იმდენს რომ ვეძახდი და დღის ბოლომდე რომ მაინც არ მომაკითხა :(

    მეორე ნაწილს სხვა დროს წავიკითხავ, თორემ დამაგვიანდება “მენეჯმენტის საფუძვლებზე” :p

  2. მეანდერძე

    ყოჩაღ დიდი ხანია ესეთი პოსტი არ წამიკითხავს…..
    ვერ გავიგე 18-19 წლის ბიჭები რა პონტში იყვნენ სერჟანტები…
    სიზარმაცეზე განსაკუთრებით მომეწონა შენი მსჯელობა :დდ

    1. zurriuss Post author

      რა პონტში და სავალდებულოს იხდიდნენ 1-წლიანს, ჰოდა ჯარი გააგრძელეს. ყაზარმულის მსგავსია, რა. სახლში წასვლაც შეგიძლია კვირაში ერთხელ.

  3. სიყვარულოვნა

    გაგიხმეს თავი, ამდენი რამ დაგაწერინა? მთელი დღეა ვკითხყლობ “|

    ჰოდა, გულით შემეცოდე ჯარში :შ ვერც კი წარმოვიდგენდი ეგრე თუ იყო საქმე :დ

Leave a Reply to ლიტერატორი Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.