პლასიდო დომინგოს ფენომენი

მსოფლიო ოპერის პაპის ბათუმში ვიზიტით კრის დე ბურგისა და სოფო ნიჟარაძის ეპოქა დასრულდა. ამიერიდან ტელევიზორში დომინგოს კონცერტის ფრაგმენტები გაიჟღერებს. ვისაც ოპერა და, განსაკუთრებით, დომინგო უყვარს, ვულოცავ (საკუთარი თავის ჩათვლით). დანარჩენებს კი გაძლებას ვუსურვებ. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას: ბათუმის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ხელოვანის ვიზიტია.

რეალურად რა მოგვიტანა ამ ღონისძიებამ?

  • სანდოობა (ბათუმი და საქართველო მუსიკალური სამყაროს თვალში უფრო სანდო გახდა)
  • პოტენციური სტუმრები (ცნობილი სახეები/ტურისტები)
  • გარანტირებული სეზონი ბათუმს
  • ბედნიერი სააკაშვილი
  • მოხიბლული და ნასიამოვნები 2000 მაყურებელი
  • მოხიბლული და ნასიამოვნები საინფორმაციო გამოშვებების მაყურებლები
  • მოხიბლული და ნასიამოვნები პლასიდო დომინგო

სანამ გავაგრძელებ, აქვე ორი განმარტება:

  1. დომინგოს პლასიდო (Plácido) ჰქვია და არა პლაჩიდო. იტალიელი რომ ყოფილიყო, მაშინ “ჩ” იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან ესპანელია, იქაური გრამატიკის მიხედვით, c-ს შემდეგ თუ i ან e  მოდის, იკითხება ს-დ.
  2. 2011 წლის 21 იანვარს ტენორი 70 წლის ხდება და სიმღერას თავს ანებებს. ასე რომ, თუკი დომინგომ დაპირება შეასრულა და საქართველოში კიდევ ჩამოვიდა, დიდი შანსია, არ იმღეროს.

არამომღერალი დომინგო ვის რაში სჭირდებაო, იკითხავთ. ან არ იკითხავთ და მე მაინც გიპასუხებთ. ამ ადამიანს მუსიკისა და არა მხოლოდ მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირები აქვს. ტენორი, რომელიც ხავერდოვანი ხმით დღესაც კი სიამოვნებას აფრქვევს, უამრავი მნიშვნელოვანი და საოცნებო  ჯილდოს მფლობელია. დირიჟორობდა მსოფლიოს წამყვან ორკესტრებს, არის ვაშინგტონისა და ლოს-ანჯელესის საოპერო თეატრების მოქმედი დირექტორი. ამასთან ერთად, იგი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერიც გახლავთ.

2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის გამარჯვება ტენორმა აფრიკაში, თავის გუნდთან ერთად იზემია. თავადაც სისტემატურად თამაშობს ფეხბურთს

მომხიბვლელ ჯენტლმენს, რომელიც ულამაზესად მღერის, უკრავს, დირიჟორობს, თამაშობს, ცეკვავს და ქალების გულის დაპყრობაც არ ავიწყდება, უძვირფასესი რამ ხვდა ცხოვრებაში: გამოცდილება! დაიწყო ბარიტონით და 4 წელი ძირითადად სარსუელებს მღეროდა. 1961 წელს კი პლასიდო ტენორად დაიბადა. იმ დროიდან მოყოლებული ნიჭიერი, იშვიათი ჟღერადობის მქონე და საოცრად არტისტული მომღერლის კარიერა აღმასვლის გზას დაადგა. მისმა ზემოხსენებულმა ნიჭებმა ერთიორად გაზარდა ხელოვანის წონა მუსიკალურ სამყაროში. როცა დირიჟორი ხარ, იცი ყველა ინსტრუმენტისა და სოლისტის პარტია, არა მხოლოდ მღერი მუსიკას, არამედ ფლობ მას.

დიდი აღიარების მიუხედავად, დომინგოს, როგორც დირიჟორად მაინც არ მოიხსენიებენ. ზოგს ნაკლები დონის პროფესიონალად მიაჩნია, ზოგს კი მისი ხმა ურჩევნია

ოპერის ისტორიაში პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამდენი ემღეროს. 128 ოპერითა და განსახიერებული 131 როლით დომინგომ რეკორდი მოხსნა. ბისზე გამოსვლებით კი, პავაროტის შემდეგ, მეორე ადგილზეა. ნამღერი აქვს ყველა ძირითადი იტალიური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და რუსული ოპერები მათსავე ენაზე. უმღერია მე-20 საუკუნის აბსოლუტურად ყველა უძლიერეს მომღერალთან, ვინც კი მოესწრო. ოცნებობდა, ემღერა ლეგენდარულ მარია კალასთანაც, მაგრამ იმ დროისათვის სოპრანო სცენიდან უკვე წასული იყო. გასაოცარი არტისტიზმისა და როლის შესწავლა-გაანალიზების  დიდი ნიჭის წყალობით კი დომინგო რეჟისორების კუმირად იქცა.

ფილმი "ტრავიატა", რეჟ. ფრანკო ძეფირელი (1982 წ.)

დომინგოს ტემბრის სიმდიდრესა და ძლევამოსილებაზე ბევრი თქმულა. მისი ხმის თავგადავალი ეპიკურია: ბარიტონული ჟღერადობის ინსტრუმენტი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოეცვა ტენორის დიაპაზონიც და საკმაოდ გამძლე, რომ ჟღერადობა სრულად შეენარჩუნებინა. ამას დავუმატოთ მსახიობური ნიჭი, თავბრუდამხვევი მომხიბვლელობა, ქარიზმა და ფენომენიც სახეზეა:

ასე მხოლოდ დომინგოს შეუძლია. თუკი ჩავთვლით, რომ პავაროტი მხოლოდ მღერის თავის პერსონაჟს, მაშინ დომინგო ქმნის მას. ასეთი ტრიუმფით მოაღწია მომღერალმა დღემდე, თუმცა ნამდვილი ზეიმი 90-იანი წლებიდან მინელდა. 50-ს მიტანებული ტენორის ხმამ ძალიან ნელა, მაგრამ სტაბილურად იწყო ბარიტონის რეგისტრში დაბრუნება. აქვე გამოვლინდა დომინგოს ახალი “ნიჭი”, რომელსაც, პირობითად, მაღალი ბგერების “მოპარვის” ოსტატობა ვუწოდოთ. ვოკალურ ხარვეზებსა და გამწყდარ ნოტებს იგი სამსახიობო ოსტატობით ისე გულმოდგინედ ავსებდა, რომ გამოუცდელთათვის დეფექტი შეუმჩნეველი რჩებოდა.

სამი ტენორი, სამი მეტოქე, სამი მეგობარი

დროთა განმავლობაში პრობლემად ქცეული მაღალი ნოტები რამდენიმე ტონით დაწეულმა არიებმა ჩაანაცვლა, რამაც მომღერალს საშუალება მისცა, ტენორის პარტიები კვლავ ემღერა. საერთოდ, საოპერო მომღერლები იშვიათად აღიარებენ, რომ რომელიმე ნოტის აღება არ შეუძლიათ და ხშირად ამბობენ, რომ ესა თუ ის როლი მათი ხმისათვის შეუფერებელია. თუმცა ასაკი მაინც ყველაფერს ააშკარავებს და 2010 წელი დომინგოსათვის აღიარების წლად იქცა. მეტროპოლიტენ ოპერაში შესრულებული “სიმონ ბოკანეგრათი” და ტელეფილმ “რიგოლეტოთი” მომღერალი ყველას გამოუტყდა, რომ იგი კვლავ ბარიტონი გახდა.

სწორედ "რიგოლეტოს" გადაღებებზე "შეაბა" სააკაშვილმა დიდი ტენორი და საქართველოში ვიზიტზე დაითანხმა

როგორც უნდა იყოს, ბათუმის კონცერტზე დომინგომ მეგრულ ნანას გაცილებით უკეთ აუღო ალღო, ვიდრე სცენაზე მდგარმა ქალმა მომღერლებმა. მეგრულ ნანას 70 წელს მიტანებული პლასიდოს ხავერდოვანი ტემბრი გაცილებით უკეთ მოუხდა, ვიდრე 4  ქალის ბოლო ხმაზე “კივილი”.

ეს უკვე გამოცდილებაა, დიდი და სამაგალითო გამოცდილება. არ ვამტყუნებ ბათუმის სცენაზე მდგარ არც ერთ მომღერალს. ისინი ნამდვილად ძლიერი და უნიჭიერესი ხელოვანები არიან. უბრალოდ, სხვას ყველა ერთად აღებულზე ასჯერ უფრო გაუმართლა და შეუფასებელი განძი – გამოცდილება დააგროვა. სწორედ იგია პლასიდო დომინგოს ფენომენი.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

15 thoughts on “პლასიდო დომინგოს ფენომენი

    1. zurriuss Post author

      ეჰ, ვერა მარ. მაგრამ დომინგოს უმაგისოდაც ვიცნობ :green:

  1. AnnA

    ვაფანატებ დომინგოზე!!

    მეგრულ ნანაზე მისი შესრულებით ხომ საერთოდ “დაუეცი” :)

    ამ დროს ამბობენ ხოლმე, ის – ის არის. სხვა ყველა – დანარჩენია.

    ძალიან კარგი პოსტია :)

  2. კოსტა

    შენს ხელში მეც შემიყვარდა აი ბუნჩულა კაცი :D კაი პოსტი იყო, ჟღერადი :D

  3. ანდან

    რანაირი კომენტებია…
    ისა მეგრელები მეგრულს სახელწიფო ენად გამოცხადებას კიდევ აპირებენ? თან დომინგომ იმღერა მათ ენაზე და უფრო მეტი საფუძველი ექნებათ…

        1. zurriuss Post author

          მართალია, მაგრამ ეგრე ზვიადისტებიც კი არსებობენ :)

    1. zurriuss Post author

      დომინგოს ბიოგრაფიის მოყოლა დამეზარა. საინტერესო და დატვირთული ცხოვრება აქვს და ყველა ეგენი რომ მოვყვე, წიგნი გამოვა :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.