ოთარ იოსელიანი UNVAILED

tina

ჩვენი საცხოვრებლის აივნიდან ფრიად ფოტოგენური ხედი იშლება.

ამასობაში BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მესამე დღეც გავიდა და სათქმელი, როგორც იქნა, დამიგროვდა. წინა დღეების განმავლობაში ფილმი პრაქტიკულად არ მინახავს და საკუთარ თავზე ვბრაზობდი. მხოლოდ 14-ში მოვახერხე ოთარ იოსელიანის “ზამთრის სიმღერის” ნახვა ერას მოედანზე, ხოლო 15-ში თავად რეჟისორის მასტერკლასს დავესწარით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა, რაც ამ კაცმა დამიტოვა, ფრიად ეგოისტურად ჟღერს: რომ დავბერდები, მეც ასეთი ხომ არ გავხდები?

otar ioseliani

4P-ის ბლოგზე უკვე დაწერილი მქონდა იმ აღტაცების შესახებ, რაც ოთარ იოსელიანმა ჩემში ფესტივალის გახსნის დღეს გამოიწვია. საოცრად აღელვებული ველოდი მასთან კიდევ შეხვედრას, რადგან დარწმუნებული ვიყავი, იმ ტიპის ადამიანებს განეკუთვნება, რომელთაგან ყოველთვის ახალს იგებ, მაგალითად, გელა ჩარკვიანი. ასე დაიმედებულებულები შევედით პრესკონფერენციის დარბაზში.

რეჟისორი თავისთვის ბუზღუნებდა, რომ შეხვედრა დროზე არ იწყებოდა, მერე უცებ ქართულად თქვა, ვისაც ინგლისური არ გესმით, თარჯიმანთან გადაჯექითო. გაოცება რომ შეგვატყო, ისევ ჯიუტად გაიმეორა. გავატარეთ. შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეეხო ფილმის გადაღების მისეულ მიდგომას – ჩემი კოლეგები ფულზე ფიქრობენ. ფულზე არ უნდა იფიქრო, პროდიუსერი უნდა გააღატაკოო. როცა ხალხზე დაუსვეს კითხვა, პასუხი ურთიერთგამომრიცხავი მომეჩვენა – ერთი მხრივ თქვა, ყველა ჩემს კინოს ვერ გაიგებსო და ცოტა მერე დაამატა, თუ ბათუმელმა ხიხომ ვერ გაიგო შენი კინოენა, ე.ი. შენ ვერ ფლობ ამ ენასო. აქ ცოტა დავიძაბე. ასეთ ლაფსუსს არ მოველოდი, შეურაცხმყოფელ ტერმინზე რომ არაფერი ვთქვათ. თურმე ჯერ სად ვარ.

დარბაზში იჯდა ერთი ქალბატონი, რომელიც რეჟისორის საუბრისას მის სიტყვებზე კომენტარებს აკეთებდა. იოსელიანი რამდენჯერმე რუსულად, ცოტა უკმეხად გაეხუმრა. შემდეგ, როცა ფილმების გადაღების შესახებ ქალმა კითხვა დაუსვა, რეჟისორმა რუსულად მიახალა, ფეხის ტრიალს მოეშვი, ქალო და ენა გააჩერეო. გამოვშტერდით. ამასობაში ფეხზე წამოდგა და განაგრძო, შენ არ ხარ ჩემი მაყურებელი, შენნაირები ჩემს ფილმებზე არ დადიან და მე შენთვის ფილმს არასდროს გადავიღებო.  თავი მოვაბრუნე და დარბაზში მჯდარ ნანა ჯანელიძეს მოვკარი თვალი, რომელიც შეცბუნებული ცდილობდა, ენიშნებინა, დაწყნარდიო.

არ ვიცი, ამ ქალთან მანამდეც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თუ არა, მაგრამ ადამიანმა, რომლის ფენომენალურ ნიჭს ქართული კინემატოგრაფიის შედევრები ეკუთვნის, საზოგადოებაში თავს ასეთი საქციელის უფლება რომ მისცა, ძალიან დამწყვიტა გული.

შემდეგ თავის ბოლო ფილმის შესახებ ისაუბრა, რაც ფილმის ახსნას უფრო ჰგავდა. ამასობაში კი მითხრეს, რომ თურმე ოთარ იოსელიანის ასეთი აუტანლობა მისი ჩვეული შტრიხი ყოფილა, მაგრამ საკუთარი შემოქმედების ახსნა-დაღეჭვაც თუ ახასიათებდა, ვეღარ წარმოვიდგინე.

თუმცა იმ დღეს ბატონმა ოთარმა ასევე თქვა, არ დაივიწყო, როდის გააკეთე რაღაც. თუ ის, რაც 20 წლის წინ გააკეთე, კიდევ ვარგა, ე.ი. კარგად გაგიკეთებიაო. კი ბატონო, ასეა, იმ უდიდეს ხელოვნებას დრო ვერაფერს დააკლებს, თუმცა, სამაგიეროდ, კარგად გაჩვენებს, რომ ყველა და ყველაფერი მხოლოდ დროის გარკვეულ პერიოდში, გარკვეული გარემოებების დამთხვევითაა ვარგისი, ღირებული და, გნებავთ, ეპოქალური. მერე ყველანი ვიწყებთ ფუჭებას. 1945 წელს ბრიტანეთმა უარი თქვა პრემიერმინისტრად კვლავ უინსტონ ჩერჩილის არჩევაზე. ადამიანი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ბრიტანეთი ქარცეცხლიდან სახელმოხვეჭილი გამოიყვანა, საკუთარ სამშობლოში არჩევნებში დამარცხდა. იმიტომ, რომ ხალხს აღარ ესაჭიროებოდა მეომარი მეთაური, მაშინ იქამდე არნახული ერა იწყებოდა, რომლისთვისაც ჩერჩილი უკვე მოძველებული იყო. ასეა ყველგან: თუ გაგვიმართლებს, ჩვენგან იმ გადაკვეთებისა და დამთხვევების პერიოდში შექმნილი ნამუშევრებიღა დარჩება, რომლებიც მართლა რაღაცას წარმოადგენენ.

P.S. ნეტავ, რომ დავბერდები, მეც ასეთი ხომ არ გავხდები?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “ოთარ იოსელიანი UNVAILED

  1. Pingback: ოთარ იოსელიანი UNVAILED | Zurriuss.Ge | BIAFF Film Festival

  2. მარი

    ოჰ, გამომივიდა ეგეც ბერგმანი… რაღაც სიმაღლეს რომ მიაღწევენ, მერე ჰგონიათ, რომ ეგეთი გამოხტომები საპატიოდ ეთვლებათ. პროტესტიდ ნიშნად აუდიტორიას დავტოვებდი.
    ჰოდა შენ რატომ გგონია, რომ ეგეთი გახდები? ჯერ მხოლოდ სიბერისკენ გაქვს მიდრეკილება. სიავის ნიშნები ნაკლებად გეტყობა :D

    1. zurriuss Post author

      პროტესტი არ გამჩენია, მოცემულობად აღვიქვი იმ მომენტში.

  3. Pingback: როცა დამარცხება უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვება | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »