ოლივერ!

სპექტაკლის აფიშა

20 ივნისს საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიანი მიუზიკლის, “ოლივერ!”, პრემიერაზე ვიყავი. იგი რუსთაველის თატრში შედგა და ანშლაგით ჩაიარა. ვიქტორიანული ეპოქის ინგლისი, უსამართლო კლასობრივი ყოფა-ცხოვრება და მასში სხვებივით მოყოლილი ოლივერ ტვისტი, რომლისთვისაც ყველაზე მაღალი და დაბალი საზოგადოებრივი წრეების ცხოვრება ერთმანეთში იხლართება. ჩრლზ დიკენსის ცნობილი რომანის, “ოლივერ ტვისტის” მუსიკალური ვერსიის ორიგინალი ბრიტანელ კომპოზიტორსა და ლიბრეტისტს, ლაიონელ ბერნს ეკუთვნის, რომელმაც “ოლივერ!” 1960 წელს შექმნა. რუსთაველში კი იგი რეჟისორმა დავით საყვარელიძემ ამავე თეატრის დასთან, ოპერის მომღერლებისა და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით დადგა.

პროექტში ჩართული იყო საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელმაც სპეციალურად მიუზიკლის მთავარი გმირებისათვის შესარჩევი კონკურსი “ვინ არის ოლივერი?” ჩაატარა. შედეგად მივიღეთ ყველაზე ხალხმრავალი და ფართომასშტაბიანი მუსიკალური სპექტაკლი, რაც კი საქართველოში დადგმულა (ყოველ შემთხვევაში, მე სხვა არ მახსენდება). შესაბამისად, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თეატრში მაყურებელთა ტევა არ იყო. აქედან გამომდინარე, წარმოდგენა ცოტათი ხმაურიანი მომეჩვენა, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

აქვე ვიტყვი, რომ საბავშვო მიუზიკლებიდან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაინც “მუსიკის ჰანგებია” (რამდენიმე წლის წინ ისიც დაიდგა მუსიკისა და დრამის თეატრში). იგი სავსეა, ასე ვთქვათ, კეთილი და ჰარმონიული მელოდიით. “ოლივერის” შემთხვევაში საქმე გვაქვს შედარებით უფრო თანამედროვე სტილის მუსიკასთან, რომელშიც უფრო ჭარბობს XX საუკუნისათვის დამახასიათებელი მუსიკალური თემები.

მიუზიკლის დასრულებისთანავე დარბაზი აჟიოტაჟმა და კმაყოფილების გამომხატველმა შეძახილებმა აავსო. ეს კარგია, თუმცა ემოციებს მიღმა არის რამდენიმე დეტალი, რომელთაგან ზოგიერთს “პრობლემაც” შეიძლება, ეწოდოს.

ბევრი შემსრულებელი, ვეებერთელა დეკორაციები და ყველაზე ძვირადღირებული მიუზიკლი

პირველია ის, რომ წარმოდგენა “ხმაურიანია”, რაც ერთი მხრივ, ტექნიკური ხარვეზებიდან, მეორე მხრივ კი შემსრულებელთა სხვადასხვა დონის მუსიკალური მომზადებითა და ვოკალური შესაძლებლობებითAა განპირობებული. ტექნიკური ხარვეზები შედარებით ადვილად მოგვარებადია – უკეთესი ხარისხის აპარატურა, რომელიც რიგ შემთხვევებში არ გვიმტყუნებს და არ იხრიალებს.

უფრო რთულია მსახიობთა მუსიკალური მომზადების საკითხი. როცა შენ წინაშე ერთ დროულად კარგად და შედარებით ცუდად მომღერალი მსახიობები დგანან, როცა ხედავ, თუ როგორ ადვილად მღერის ერთი და როგორ უჭირს მეორეს, საერთო შთაბეჭდილება გინელდება და, ასე ვთქვათ, ვეღარ “კაიფობ”. იძულებული ხდები მსახიობის მხოლოდ არტისტული ნაწილით ისიამოვნო, რაც შედეგის ნახევარია. ყოველივე ეს კი ქმნის პრობლემას, რასაც მომღერალ მსახიობთა არარსებობა ჰქვია.

დღესდღეობით ქართული თეატრების დასებში ძნელად თუ მოიძებნებიან მსახიობები, რომლებსაც თუნდაც დამაკმაყოფილებელ დონეზე მღერა შეუძლიათ. ერთ-ერთი ბოლო, რომელიც მახსენდება, რობერტ სტურუას “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებლებია” (კომპოზიტორი გია ყანჩელი). მსახიობთა უმეტესობა ჩინებულად თამაშობს, მაგრამ მუსიკალურ ნაწილი თითქმის ჩავარდნილია, რადგან ზოგს სმენა ღალატობს, ზოგს – ხმა. ამათ საპირწონედ მოვიყვან სპექტაკლ “მოხუც ჯამბაზებს”, სადაც კარგად ჩანს ძველი სკოლის წარმომადგენელი არტისტების მრავალმხრივი ნიჭი და შესაძლებლობა (მათ შორის, მუსიკალურიც). დღეს კი თეატრალური ხელოვნების სწავლებისას, მუსიკა, რატომღაც, სათანადო დონეზე არ მოითხოვება და თუ მოითხოვება, მაშინ რატომ ვერ ვხედავთ შედეგს? სამწუხაროდ, დრამატულ თეატრებში იშვიათია მუსიკალური სპექტაკლები ან მომენტები, სადაც მსახიობებს საკუთარი ხმით მღერა უწევთ, მაგრამ იმ გამონაკლის შემთხვევებშიც კი, როცა, ბოლოსდაბოლოს, მონოლოგს სიმღერა ცვლის, მსახიობის ცოდვილობაც მაშინ იწყება.

აქედან გამომდინარე, გვრჩება მხოლოდ ორი ტიპის თეარის მსახიობები: მუსკომედისა და ოპერის. შესაბამისად, თუ გვინდა, ვიხილოთ სედარებით უკეთესი ხარისხის მუსიკალური სპექტაკლები, მათში მუსიკისა და დრამის მსახიობებმა უნდა ითამაშონ… ან ოპერის მომღერლებმა.

კიდევ რატომ იყო “ოლივერი” ხმაურიანი? იმიტომ, რომ ორკესტრი ხმაურობდა, თუმცა ეს პრობლემა ახალი არაა. ახლი მხოლოდ დირიჟორია, ირაკლი ჩოლოყაშვილი, რომელიც, სხვების მსგავსად, ვერ ახერხებს ორკესტრის ბოლომდე დამორჩილებას, და, საერთოდ, ორკესტრი ცალკე სასაუბრო თემაა.

ნიკა ნოზაძე ოლივერის როლში

რაც შეეხება თავად ოლივერს, მე იგი ნიკა ნოზაძის შესრულებით ვნახე და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რამდენად გამოვა მისგან არტისტი, ვერ ვიტყვი, თუმცა ამ როლისთვის ბავშვური გულწრფელობაც საკმარისია. შეგნებულად არ ვამახვილებ ყურადღებას აპტარა ლაფსუსებსე, რომლებიც გამოუცდელობისა და ნერვიულობის შედეგია.

საერთო ჯამში, “ოლივერი” შედგა. ერთი მხრივ, კარგი რეჟისურის (ორიგინალს ვგულისხმობ), კარგი მუსიკისა და დეკორაციების, ხოლო, მეორე მხრივ, კარიგ შემსრულებლების წყალობით. რაც მთავარია, მაყურებელს მოეწონა. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის “დაჯდება”, “დაივარცხნება” და “გაშალაშინდება” სპექტაკლი, რომ იმაზე უკეთესი გახდეს, ვიდრე ვიხილეთ.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “ოლივერ!

  1. მარი

    მილიონი საბავშვო მიუზიკლია და მაინცდამაინც ამ დიკენსს ეცნენ.. :\ თუმცა აქაური დადგმული არც “პატარა უფლისწული” მომეწონებოდა ალბათ და “მუსიკის ჰანგების” ნახვაც არ მეღირსა. :p

    1. zurriuss Post author

      “მუსიკის ჰანგებში” ისეთი მიკროფონები აქვთ, აგერ-ეგერ თუ გაიგონებ მელოდიას.

  2. გიორგი კირკიტაძე

    კარგია რომ შეეხეთ ამ მიუზიკლს . . ნენსიზე (ბუკა პაჭკორია) რა აზრი დაგრჩათ? შესარჩევ ტურებში აზრი ორათ გაიყო….. საინტერესოა 3-4 თვეში რა შეცვალა…

  3. mari

    ძლივს მოვაგენი ამ პოსტს.
    მოკლედ, გუშინ ვნახე ოლივერი და იცინოდა, კი არა და, მგონი მაინც კაი ქნეს რომ დადგეს :) უბრალოდ, სიმღერის ხმა საერთოდ არ ისმოდა, ცალკეულ სიტყვებს ძლივს ვარჩევდი. საბოლოო ჯამში მაინც მომეწონა. ივარჯიშონ მიუზიკლებზე და ოდესმე დაიხვეწებიან ალბათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »