ძველით ახალი წლის პოსტი

harry potterსულ სხვა შეგრძნებაა, როცა თითქმის მიტოვებულ კომპიუტერს მიუჯდები, ობმოდებულ ბრაუზერს გახსნი, ისიც უცებ რომ გაგიხსენებს და შენს ნებასურვილზე რომ დაიქოქება. დიახ, ქუთაისში ვარ. მინდა, ძველით ახალ წელს მაინც შევხვდე ჩემს სახლში. შევხვდე, რა, უჩემოდაც მოვა და წავა. უბრალოდ, რასაცმინდაიმასვაკეთებ ხასიათზე ვარ და ასე ვინებე.

ბოლო დროს ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს (განსაკუთრებით დიტოს ბლოგის კითხვისას), რატომ აღარ ვინტერესდები სოციალური თემებით და რატომ აღარ ვწერ მასზე. საერთოდ, რატომ აღარ ვწერ ადრინდელივით ხშირად?

  • იმიტომ, რომ, ზოგადად, ნაკლებს ვწერ და ეს თავისთავად აჩლუნგებს ტვინს
  • იმიტომ, რომ სამსახური საფიქრალს მისხვაფერებს
  • იმიტომ, რომ მეზარება
  • იმიტომ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალს სიღრმისეულად არ ვადევნებ (არ ვიცი, ეს რამე შუაშია თუ არა, მაგრამ მაინც)
  • იმიტომ, რომ სათქმელს ხელოვნებით გადმოვცემ (ეს კი შუაშია)

ასეა, ბოლო დროს პრობლემაზე წერას მირჩევნია, ემოცია ნახატებში გადავიტანო. საერთოდ, მხატვრობა, მგონი, ყველაზე ჩუმი ხელოვნებაა. ახლა სწორედ ამ სიჩუმისკენ ვისწრაფი, რომ როგორმე მისით ავივსო. სიჩუმე ყველაზე ცოტაა, რაც დაბადებიდან თან დამყვა.

სამსახურის გარდა მხოლოდ ორი რამით ვარსებობ: მუსიკით და ხატვით. დანარჩენი ყველაფერი ამათგან აღებული პატარ-პატარა შესვენებებია.

მგონი, ისიც უნდა ვაღიარო, რომ განსაკუთრებული წელი მეწყება, რადგან ასეთი უცხო შეგრძნებით ახალ წლებს აქამდე არასდროს შევხვედრივარ. მაშინაც კი, როცა შუაგულ ახალ წელს ჯარში პოსტზე ვიდექი, ბავშვივით მიხაროდა, დღეს კი სერიოზული და ოდნავ სევდიანი ვკრეფ ამ პოსტს რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში, რომელიც ამ წელს აუცილებლად იქნება.

ხვალ ბათუმში მივდივარ. უკვე გადავხარშე ემოციები და მშღალად ვიტყვი – ძალიან მიხარია.

ბათუმში:

  • დავაკვირდები ზამთრის ზღვას
  • აუცილებლად და დიდი დოზით ვეწვევი “პრეს კაფეს”
  • აუცილებლად გავაკეთებ ჩანახატებს
  • აუცილებლად გადავიღებ ფოტოებს, ვიდეოებსაც
  • ვისეირნებ ცარიელ ბულვარში
  • თუ იქნება, აუცილებლად ვისეირნებ ველოსიპედითაც
  • მოვინახულებ კინოთეატრ “აპოლოს”

და, რა თქმა უნდა

  • ვნახავ ლუკას და მის მეგობრებს და ერთად დავუყვებით ზემოხსენებულ პუნქტებს

ყოველთვის მიზიდავდა სპონტანური გადაწყვეტილებები. ბათუმიც ასეთია. გუშინ ამ დროს თბილისში ლოგინზე ვიწექი და ვფიქრობდი, რომ ხვალ ამ დროს ქუთაისში ვიქნებოდი. დღეს ამდროს კი ვფიქრობ, რომ ხვალ ამ დროს ბათუმში ვიქნები და ვიქნები ბედნიერი.

დაბოლოს, ადამიანი ძირითადად ყოველთვის ბედნიერია, ისევე, როგორც ყოველთვის უბედური. გააჩნია, რას როგორ შეხედავს. ასე რომ, ძველით ახალ წელს გილოცავთ და გისურვებთ, ყველაფერს უფრო ხშირად საუკეთესო მხრიდან შეხედოთ. ასე აჯობებს ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

7 thoughts on “ძველით ახალი წლის პოსტი

  1. mari

    მაგარია, როცა ახალ წელს შეგიძლია საკუთარ ნებაზე ითარეშო ქალაქიდან ქალაქში
    თოლიები მომიკითხე :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »