ნოსტალგიური არომატი

tic-tac

ჩემს მკითხველებს გემახსოვრებათ, რომ ნოსტალგიური ყნოსვა მაქვს ანუ შეიძლება, სრულიად უდროოდ ისეთი რაღაცის სუნი მეცეს, რაც იმ მომენტში იქ არ არის. ასე დამემართა, როცა გაციებული ცხვირით შუა ზამთარში გარგრის არომატი „ვიყნოსე“ და როცა გვიან გაზაფხულზე, თავისუფლების მოედანზე სეირნობისას, სკოლის დაფაზე საწერი წარცის სუნი „მეცა“. ჰოდა ამასწინათ, მაღაზიაში შესულს, ცხვირმა ტიკ-ტაკი გამახსენა…

2001 წელი, უკვე შეფოთლილი გაზაფხული, მე-7 კლასი, „ემალირებული“ თეთრი მერხები, ბოლომოღეჭილი პასტები, ფანქრები და საშლელები, „ბალანჩივაძე, დაფასთან!“, ბრაზილიური სერიალები, სერიალების განხილვა, „ჯეირანი“ სიგარეტის კოლოფების თავსახურებზე, ტიკ-ტაკი…

  • ტიკ-ტაკი გაქვთ?
  • ჩვენ ყველაფერი გვაქვს.
  • მომეცით, აბა.
  • მანდ ნუ ეძებთ, იქით გვაქვს, – მეუბნება გამყიდველი და შოკოლადების სექციისკენ მიმითითებს.

მივაგენი. გვერდით გავწიე ტკბილი არომატის მქონე ტიკ-ტაკები და მენთოლის ავიღე. ეს მოუნდა ჩემს ცხვირს და რა მექნა? ჰო, ცხვირს, რადგან გემოს აღქმა ნაწილობრივ ცხვირის მეშვეობით ხდება. ამიტომაა, მწარე წამლის დალევისას ბავშვებს ცხვირზე ხელს რომ უჭერენ.

წამალზე გამახსენდა, როცა სერიალ „ჰაუსზე“ ვიყავი შემჯდარი და ჰიუ ლორის პერსონაჟისთვის მიბაძვას ვცდილობდი, „ვიკოდინის“ როლს ტიკ-ტაკი ასრულებდა. იმ პერიოდში ვიყიდე სამი პიჯაკი და ერთიც ხელჯოხი – აფთიაქში. რა ვიცი, შეიძლება, 10 წლის მერე, ტიკ-ტაკის გასინჯვისას ექიმი ჰაუსიც გამახსენდეს.

ამასწინათ მეგობარს ვუყვებოდი, ბოლო რამდენიმე დღეა, ტიკ-ტაკიან ბავშვობაზე მეფიქრება-მეთქი. მან მიპასუხა, ფეხზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ ნარკოზიდან რომ გამოვედი, დედაჩემმა მკითხა, რა მოგიტანო, რას შეჭამო. ტიკ-ტაკსო.

ნოსტალგიურ ყნოსვაზე გამახსენდა: მხოლოდ ჩემი ცხვირი არ უბერავს. უფრო სწორედ, ჩემი გარემო ფაქტორების გარეშე იხსენებს რაღაცებს. აი თქვენ კი სცადეთ, ცხვირით შეისუნთქოთ წყალი  და მაშინვე გაგახსენდებათ, ბოლოს როდის ქენით ასე. ან კიდევ პიტნის „კაპლის“ ფლაკონს დაყნოსეთ, ან სხვა მონატრებული არომატი გაიხსენეთ და მოძებნეთ, მაგალითად, მენთოლის ტიკ-ტაკი, და იგრძნობთ, როგორ იხსნება ნოსტალგიური პორტალი…

ტიკ-ტაკის ტიკ-ტაკში კი აგერ უკვე 26-მა წელმა განვლო.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “ნოსტალგიური არომატი

  1. მარი

    მე უფრო სმენით მემართება ეგრე. მაგრამ ერთხელ ვარსკვლავიანი მალამოები რომ იყო, მაგის სუნზეც გამახსენდა ისეთი რამეები, რაც ისედაც არ დამვიწყებია, მაგრამ ყნოსვა და სმენა უკეთესად ინახავენ დეტალებს, ვიდრე მეხსიერება ინახავს მხოლოდ მშრალ ფაქტებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »