ნოსტალგია: ბევრი, ცოტა თუ ზომიერი?

იმდენი ქნა, იმდენი ქნა, ვიკიპედიაშიც მაძებნინა და აი, შედეგიც: “ნოსტალგია არის მელანქოლიური შეგრძნება “ეჰ, რა კარგი დრო იყო”-ს მსგავსი”. მეტიც, იმავე სიტყვის ქართულად აკრეფისას გუგლში მესამე ადგილზე ვარ. დავიჯერო, მთელს ქართულ ინტერნეტსივრცეში ჩემზე ნოსტალგიოფილი და ნოსტალგიოპათი არ მოიძებნება? ან, საერთოდ, რამდენად სასარგებლოა ნოსტალგია? რაში გვადგება?

ქუთაისში ჩემი ჩამოსვლა ყოველთვის ნოსტალგიაში მაგდებს:

  • მზე – გაზაფხული და ეზოში სირბილი
  • წვიმა – სკოლის გაკვეთილების სწავლა ფანჯრის რაფაზე
  • თოვლი – ჩემ მიერ აღმართული თოვლის ბაბუები
  • ჩემი ოთახი – სტვენა-წარმოდგენები
  • ქუჩები – მარტოობა

კიდევ კარგი, გაგრაში არ ვარ, თორემ ნოსტალგია, ალბათ, ბოლოს მომიღებდა. გაზივით მიმაგუდავდა ერთ ადგილას. დღეს კი დემის რუსოსი ამეკვიატა და ვერ ვიშორებ. სიმართლე გითხრათ, ეს სიმღერა პირველად “პა-სეანსის” შოუში მოვისმინე. მაშინ კი სიცილით გავსკდი, მაგრამ დღეს სულ სხვა რამეები გამახსენა, რასთან აქამდე არც დამიკავშირებია.

როცა “რაინდის ამბავს” კიდევ ერთხელ ვუყურე, ჯერ თავდაპირველად ნანახი მომაგონდა: ტელევიზორი, ვიდეოკასეტა, გადახვევ-გადმოხვევა… მერე ერთი კითხვა ამეკვიატა, რომელიც ახლაც მაწუხებს: “რატომ?” რატომ უნდა კვდებოდეს ასეთი, არა, მაინცდამაინც ეს ადამიანი და არა მუამარ კადაფი? მაინცდამაინც მილიარდელი შობელძაღლი უნდა იყო, რომ დიდხანს და უდარდელად იცხოვრო? არასდროს გამიფანატებია ჰიტ ლეჯერზე, უბრალოდ, გული მტკივა, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი, სიმპათიური ადამიანები ქუდს იხურავენ და სამარეში მიდიან!

ამას დაემატა “დეკემბრის ბიჭები“, რომლის ნახევარიც რამდენიმე თვის წინ ვნახე და ყურება დღეს დავასრულე. ჯერ პირველი ნახევარის ნოსტალგია მომაწვა, მერე – ბავშვობის, მერე კი იმ შეგრძნების, რომელიც, წესით, 50 წლის შემდეგ უნდა მეწვიოს – მოხუცებულობის. 72 წლის რომ ვიქნები და სახეჩამომჭკნარი, სულ სხვანაირ ტანსაცმელში გამოწყობილი, რომ მოვიგონებ თუნდაც იმ მომენტს, როცა ახლა ამას ვწერ. ალბათ, გავხსნი დიდი ხნის წინ ჩამოტვირთულ ვეებერთელა ზიპ ფაილს, ამ პოსტს ამოვქექავ და ცრემლმორეული წავიკითხავ. ახლაც ვიტირებდი, მაგრამ არ მეტირება, ვაჰ!

საერთოდ, მგონია, რომ ნოსტალგია ყველა ადამიანის “სუსტი წერტილია”. ეგ არის გასაღები, რომელიც ყველაზე გულქვასაც მოალბობს და ფარხმალს დააყრევინებს. შედეგად, მელანქოლია, სითბო, სიკეთის შეგრძნება, ოცნებებში გადაკარგვა… ანუ ბევრი პოზიტივი.

მაგრამ თუ ეს ყველაფერი რეალობისაგან გვაშორებს, თავგზას გვიბნევს და საკუთარ თავთან მარტო გვტოვებს, ჩვენს ეპოქაში ასე დიდხანს ვერ იქნება. თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დრო აჩქარებულია და სიახლეებს, საათობით კი არა, წუთობით იგებ. რაც უნდა იყოს, სულ სოფელში რომ ცხოვრობდე და, ტელევიზორის გარდა, ინფორმაციის წყარო არ გქონდეს, მაინც ახალი ამბებით გაჟღენთილი ხარ. ჰოდა, რა დროს ნოსტალგიაა, როცა შეუძლია, გამოგთიშოს ან მოგადუნოს და რეალობა ხელში შემოგადნეს?

მე, უბრალოდ, ვერ ვხვდები, სად უნდა გაევლოს ზღვარი. გასაგებია, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა, მაგრამ როგორ უნდა განსაზღვრო ნოსტალგიის ზედმეტი დოზა? სად არის ეგ “ოქროს შუალედი” აქ ამ შემთხვევაში? ან გადავიქცევით თუ არა ზომბებად, რომ არა თბილი მოგონებებისაგან გამოწვეული მელანქოლია? არ ვიცი, არ ვიცი…

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “ნოსტალგია: ბევრი, ცოტა თუ ზომიერი?

  1. მარი

    ვერ განსაზღვრავ დოზას. თუ ამჩნევ რომ ხელს გიშლის, უნდა დააიგნორო და თავისუფალი დროისათვის გადადო. მე მეგობრები საერთოდ მიკრძალავენ წარსულ დროში ლაპარაკს. ეშინიათ საკუთარ მეხსიერებაში არ დავიკარგო. :d

  2. ketusi

    ხო,ნოსტალგია კარგი რამწეა,მაგრამ მართლაც,ზომიერებაა საჭირო,რომ მხოლოდ მცირე ხნით მოგონებებში გადავარდე.აი ნოსტალგია თუ დიდ ხანს გაგყვა,და ზღვარს ვერ ავლებ–ესეიგი იმდენად არის ადამიანი ამდროინდელი ცხოვრებით უკმაყოფილო,რომ ისევ წარსულში დავბრუნებას ცდილობს,(ნაცვლად იმისა, რომ მომავალი გაიუმჯობესოს)–ეს კი უკვე დეპრესიის ნიშანია.

    1. zurriuss Post author

      ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ რომ დავუკვირდი, მივხვდი, რომ ამ ცხოვრებითაც კმაყოფილი ვარ. უბრალოდ, ნოსტალგია მიყვარს. ისიც მიყვარს, რომ ვიცი, როგორ თბილად მოვიგონებ თუნდაც ამ მომენტს – აი, ეგ რაღა ჯანდაბაა, ვეღAრ ვხვდები :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.